"ქართუსაც" რომ შეუჩერდება მუშაობა და მის ფონდებსაც, მერე მიხვდება, რას გამოჰკრა ხელი" - გზაპრესი

"ქართუსაც" რომ შეუჩერდება მუშაობა და მის ფონდებსაც, მერე მიხვდება, რას გამოჰკრა ხელი"

რას უნდა ველოდოთ ჯოზეფ ბორელის ვიზიტისგან, რეალურად რა მდგომარეობა გვაქვს 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ (ასევე, ოპოზიციამ), რათა წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი საფრთხის ქვეშ არ დადგეს და როგორია პრეზიდენტის როლი ამ ყველაფერში? - ამ საკითხებზე კომენტარი საპარლამენტო ჯგუფ "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს ვთხოვეთ.

- ბორელის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ჩვენთვის სტატუსის მოცემა სურთ, ოღონდ ცოტა მაინც უნდა გავანძრიოთ ხელი და ხელისუფლებამ მავნებლობები შეწყვიტოს. არასერიოზულია იმაზე საუბარი - ბორელი იმიტომ ჩამოვიდა, რომ გვითხრას, სტატუსი არ იქნებაო: ამის სათქმელად არ ჩამოდიან ქვეყანაში, ამის თქმას რამენაირად სხვა არხებით მოახერხებდნენ.

უნიკალური ვითარება შეიქმნა, - აქეთ გვეხვეწებიან და ესენი კიდევ, მხოლოდ პირად ინტერესებზე ფიქრობენ. არაფერი შეიცვლება არც ოქტომბრამდე და არც დეკემბრისთვის. დარჩება შეუსრულებელი ან ნაწილობრივ შესრულებული 12-დან 8 რეკომენდაცია. ახლა უკვე ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტაზეა დამოკიდებული, მოგვცემენ თუ არა ავანსად, რეკომენდაციების შეუსრულებლად, დათქმით, რომ მომავალში მთავრობა (იმედია - არა "ქართული ოცნების") დაადგება სწორ გზას. საერთაშორისო უნიკალური ვითარებიდან გამომდინარე, სტატუსის მონიჭების შანსი უფრო მეტია, ვიდრე უარის თქმის. ვნახოთ.

უნდა შევეცადოთ, როგორც ოპოზიცია, ასევე მთელი საზოგადოება, რომ ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა. მხოლოდ ზეწოლით არის ეს შესაძლებელი და, ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ესეც საქმეა. ისეთი ცვლილებები, როგორებიც ივანიშვილის რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში ცოტათი მაინც შეუშლის ხელს, მათი მხრიდან ნებაყოფლობით რომ არ მოხდება, ეს უკვე ბევრჯერ ვნახეთ. თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, ივანიშვილს სანქციები არ ასცდება. "ქართუსაც" შეუჩერდება მუშაობა და მის ფონდებსაც. მერე მიხვდება, რას გამოჰკრა ხელი.

- რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის როლს (ევროპულ ვიზიტებს) ამ ინტეგრაციის პროცესში, ამაზე რას იტყვით?

- ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრების გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება, თანაც მაშინ, როცა ამისთვის საკმარისი ხმები არა აქვს მმართველ პარტიას პარლამენტში, არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები დამატებითი არგუმენტი შეიძლება გახდეს სტატუსის მიღების საქმეში. ამასთან, "ქართული ოცნება" იმპიჩმენტს იწყებს, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვიაო და ამის პარალელურად, თავად უტიფრად და ცინიკურად დაარღვიეს კონსტიტუცია - პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენისთვის არ შეუწყვიტეს საპარლამენტო უფლებამოსილება დავით სერგეენკოს. შალვა ნათელაშვილის მიერ სხდომების გაცდენა ისჯება და სერგეენკოს მიერ - არა? ლევან ვარშალომიძისა და სხვა ათამდე ოპოზიციონერისთვის ამავე მიზეზით დეპუტატის მანდატის ჩამორთმევა კონსტიტუციის დაცვაა და სერგეენკოსთვის - არა?

"სერგეენკოსთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება არის თანამიმდევრული და ვფიქრობ, თანაგუნდელის მიმართ გამოხატავს პატივისცემას", - აი, ეს არის "ქართული ოცნების" არგუმენტი - კლანური, ქურდული ტრადიციების სულისკვეთებით გამსჭვალული. ჩვენიანია და მასზე კანონი არ მოქმედებს, არ გვაინტერესებს ხალხი და კონსტიტუციაო... ისე, აგენტების კანონს მხარი რომ არ დაუჭირა და ერთკვირიან გმირად მოგვევლინა ბატონი სერგეენკო, ახლა როგორ გაამართლებს იმ ფაქტს, რომ უკანონოდ ზის პარლამენტში? არ აპატიებს "ოცნება" მორალურ უპირატესობაში ვინმეს ყოფნას. სინამდვილეში, დასაჯეს და "ქართული ოცნების" ხმოსნობა მიუსაჯეს. "პარლამენტის ტყვე" - რას არ იხილავ კაცი!.. როცა კანონი არაფრად მიგაჩნია, ყველაზე სამართლიანი იქნება ძალის გამოყენებით რომ გამოგყაროს ხალხმა იმ შენობიდან. კონსტიტუციის დარღვევისკენ მოვუწოდებ, არა? რომელი კონსტიტუციის, სათქვენოდ რომ მოირგეთ, იმას გულისხმობთ?! როგორც იტყვიან, რაღაცას გაიჩალიჩებენ ესენი!

გიორგი მეფარიძე