"მეწყერში ჩამარხვა არავის უნდა..." - გზაპრესი

"მეწყერში ჩამარხვა არავის უნდა..."

იმაზე, რომ კლიმატის ცვლილების კვალდაკვალ, ბუნებრივი კატაკლიზმები გაიზრდებოდა, წლებია მეცნიერები საუბრობენ და კვლევითი ორგანიზაციები სავარაუდო შედეგების ვიზუალურ გრაფიკს ავრცელებენ. მათი მტკიცებით, მთელი ყურადღება პრევენციისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ როგორმე, ყველა მყინვარის "ჯიბეში" ჯებირი, სიგნალიზაცია, მოქმედების გეგმა შეიმუშაონ.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრისას, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მომდევნო 50 წლის განმავლობაში ეკომიგრანტების ტალღები მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა იქნება... ეს მძიმე პროგნოზები რომ უსაფუძვლო არ არის, ბოლო რამდენიმე ხანია, საქართველომ საკუთარ თავზეც გამოცადა - შოვის უმძიმეს ტრაგედიას ერთ თვეში გურიის სტიქია მოყვა, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, ორი მოზარდის.... მომდევნო დღეებში, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ ღვარცოფს, ადიდებულ მდინარეებსა და წყალდიდობას ებრძოდა აჭარა და სამეგრელოც.

მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელი სახლის, სეზონური შემოსავლისა და სარჩო-საბადებლის გარეშე დარჩა. თავადვე ამბობენ, რომ ადამიანური ტრაგედიის ფონზე, ამაზე საუბარი ცოტა უხერხულიც კია, თუმცა აშკარაა, რომ მათ დახმარება სჭირდებათ, როგორც მეწყრით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, ისე მატერიალური, რადგან ათობით მოსახლე სახლის, დენისა და პირველადი ნივთების გარეშე დარჩა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მეწყრით გამოწვეული ზარალი ასე გამოიყურება: დაზიანებულია 26 საცხოვრებელი სახლი. ზიანი მიადგა დაახლოებით 130 ოჯახს. დაზიანებულია 15 ხიდი (მათ შორის, სუფსის დიდი ხიდი) და 5 მილხიდი, ასევე 15 გაბიონი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწყრის შედეგად დაზიანდა 76 საცხოვრებელი სახლი. განსაკუთრებით მძიმე ზარალი მიადგათ სოფლებს - სილაური, ნასაკირალი, კონჭკათი, შრომა, თხინვალი, ნატანები. 155-მდე ოჯახი სხვადასხვა სახის ზიანის პირისპირ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მათ შორის - საცხოვრებელი ფართობის, წართმეული მოსავლის, თხილის, ყანების, ბოსტნეულის, სავარგულების განადგურების გამო.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტშიც დაზიანებულია დაახლოებით 10 ხიდი და 28 მილხიდი. პრობლემებთან გამკლავება უწევთ სოფლებში: ნაგომარი, გურიანთა, შრომა, ოზურგეთი...

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხანჯირში მეშვიდეკლასელ ბიჭს, იურა გუჯაბიძეს გლოვობენ. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე მოვარდნილ მეწყერს შეეწირა. იმ საბედისწერო ღამეს ღვარცოფმა მთლიანად წაიღო ის პატარა სახლი, რომელიც გუჯაბიძეების ეზოში იდგა და სადაც არასრულწლოვანს ეძინა. შვილის შველა ვერ შეძლეს მშობლებმა, რომლებიც იქვე, მეორე სახლში იყვნენ. სასოწარკვეთილები შვილის პოვნაში დახმარებას ითხოვდნენ და საფრთხის მიუხედავად, ბავშვის პოვნას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა, სამაშველო სამსახურმა ბავშვის ცხედარი მხოლოდ რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვა...

ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალთან "გზა" ჰყვება, რომ შემთხვევის ადგილას უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა სამაშველო სამსახურის სპეცტექნიკა, თუმცა ნალექი იმდენად დიდი იყო და შედეგები იმდენად მძიმე, რომ ყველაფერს წუთები წყვეტდა:

- ძალიან წესიერი, მშრომელი ოჯახია. ღმერთმა ყველა დაიფაროს იმისგან, რაც ახლა მათ სჭირთ. უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ამ ბავშვს შეჰყურებდნენ. უსაყვარლესი ბიჭი იყო, სოფელში ყველას უყვარდა... ღამის 11 საათზე მოვარდა მეწყერი. ოჯახში ყველას, მათ შორის ბავშვსაც, ეზოში არსებულ დამხმარე ნაგებობაში, სამზარეულოს მსგავს ოროთახიან სახლში ეძინა. ოჯახის სხვა წევრებმა გამოასწრეს, ბავშვმა კი - ვერ... იმ წუთიდან საწყალი ოჯახი შველას ითხოვდა. შენობა, სადაც ბიჭს ეძინა, მეწყერმა ჩაიტანა... იმ საშინელ ღამეს სამი ხიდი წაიღო წყალმა, მაგრამ მაინც იმედი გვქონდა, რომ პატარა იურა გადარჩებოდა. მთელი სოფელი ვლოცულობდით, რომ ცოცხალი გვეპოვა...

არასრულწლოვანს გლოვობენ ოზურგეთის სოფელ ჯუმათშიც - თორნიკე ჩხარტიშვილი მე-6 კლასის მოსწავლე იყო. ოჯახის ახლობლის თქმით, იმ საბედისწერო ღამეს, მათ სახლთანაც ჩამოწვა მეწყერი, ოჯახი შეეცადა სტიქიისთვის გაესწრო და თავი შემაღლებულზე მცხოვრები მეზობლის სახლისთვის შეეფარებინა:

"მათი სახლიდან მეზობლის სახლამდე, სადაც მიდიოდნენ, ალბათ სულ ასი მეტრია, მაგრამ ხომ იცით, ეს წყეული მეწყერი რა სისწრაფით ვრცელდება - ვერ გაასწრეს... ამბობენ, შეშინებულ მამას ჩახუტებული მოჰყავდა შვილი, რა დროსაც ღვარცოფი მოვარდა, ეტყობა, წაბორძიკდა ის უბედური და სტიქიამ შვილი ხელიდან გამოსტაცა... ყველაზე მეტად მამამისი მეცოდება, იდგა და საკუთარ ხელებს დაჰყურებდაო. მთელი ღამე წვიმდა, თითქოს მართლა კოკით ასხამდნენ წყალს. შუქი და გაზი წავიდა. თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ასეთ ღამეს, ძველად "ეშმაკის ღამეს" ეძახდნენ უფროსები და მართლაც, ასე იყო. ადამიანი ფიზიკურად ვერ გადიოდა გარეთ, რადგან არავინ იცოდა, ვის სად წაიღებდა ის დელგმა, მაგრამ უბედური ოჯახი, მაშველების მოსვლამდე მაინც ცდილობდა შვილის პოვნას. ყველა ეხმარებოდა, შინ რა გაგვაჩერებდა? ფარნებით, რეზინის ჩექმებით და ჯოხებით გავედით. რა გინდა უთხრა ადამიანს ასეთ დროს, რა სიტყვამ უნდა ანუგეშოს?.. ღმერთმა ყველა დაიფაროს იმ ჯოჯოხეთისგან, რაც გამოვიარეთ... ბუნება, კლიმატი შეიცვალაო, - ამბობენ, არადა, მდინარიდან, მთიდან, კლდიდან ქვა-ღორღს ეზიდებიან. ხრეში არ დაუტოვეს სუფსას... ამდენწლიანი შეთანხმება აქვს ჩვენს სახელმწიფოს რაღაც კომპანიასთანო, - იტყვიან და უზარმაზარ სახელწოდებას დაგისახელებენ. შენ კი ისღა დაგრჩენია, ხმა არ ამოიღო: თუ სახელმწიფო აძლევს, შენ ვინ ხარ, ბატონო, რა შეგიძლია, სისტემას ხომ ვერ შეეჭიდები?! ვჩუმდებით, რადგან მოგვბეზრდა ყვირილი, ყაყანი, ჩხუბი... ყველაზე დიდ საფრთხეს თავად ვუქმნით ამ ქვეყანას. ასე ნაწილ-ნაწილ შლიან და გააქვთ აქედან ყველაფერი, რაც სჭირდებათ. ახლა ამბობენ, რამდენიმე ათეული ოჯახი შინ ვეღარ დაბრუნდებაო. ამას თქმა რად უნდა, ხალხი ისეა შეშინებული, ერთ გაფაჩუნებაზე უკვე გამორბიან. თუ რამე არ იღონეს, მართლა საფუძვლიანად არ შეისწავლეს აქაურობა, საფრთხეები, მიზეზები და გამოსავლის ძიება არ დაიწყეს, მეწყერში ჩამარხვა არავის უნდა. მთამ, ბუნებამ სიგნალი მოგვცა და უნდა მოვუსმინოთ, თორემ კიდევ უამრავ ადამიანს წაგვართმევს ან უნდა ავიყაროთ. ახლახან გავიგე, ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი სამანქანო გზა ჩანგრეულა. ეს ნიშნავს, რომ რაღაც მიწისქვეშა ძვრები გრძელდება", - ამბობს 52 წლის ოთარი ბებია.

მანანა გეგენავა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯუმათის მკვიდრი:

- სოფელში რკინის კონსტრუქციით აწყობილი ხიდი იყო. ჩემს ახალგაზრდობაში და მერეც, ბოგირზე რომ დავდგებოდით, მდინარე ისე შორიდან ჩანდა, ვხუმრობდით, - რად უნდოდათ ამ სიმაღლეზე მისი ამოყვანა, მდინარეს აქამდე რა უნდაო? არადა, 8 სექტემბრის წვიმის გამო ისე ადიდდა, მოგლიჯა და ის ბოგირიც წაიღო. მეტიც, მის მიღმა მცხოვრები 50-მდე კომლი გარე სამყაროს მოწყვიტა... ჩემი მეუღლე, რომელიც 84 წლის არის, ამბობდა, - ასეთი წვიმა არასდროს მინახავს. კი არ წვიმდა, თითქმის ორი საათი სათლით ასხამდნენ წყალსო...

გარშემო ყველას გაუნადგურა ნათესები, ბაღ-ბოსტანი, ყანები, თხილნარები წაართვა... ან ის ხიდი როგორ მოგლიჯა, რა ძალით უნდა შეხეთქებოდა მას წყალი ან რამე მასა, რომ ეს მომხდარიყო, ვერ გეტყვით. ყველაფერი შეუძლია სტიქიას... ადგილობრივები, ვისაც სახლ-კარი დაეტბორა, ბავშვები, ქალები, მოხუცები და შშმ პირები ზოგი ნათესავებს შეეხიზნა, ზოგი გურიაში წავიდა, ნაწილი ქობულეთში, სასტუმროებში დააბინავეს. კაცები დარჩნენ, რადგან სახლ-კარს მაინც პატრონი სჭირდება. მეზობლებს სახლიც დაეტბორათ და საქონლის სადგომიც. ჩვენ გვთხოვეს, ცოტა ხანს თქვენთან დავამწყვდევთო.

guria-bavshvi-gujabidze-1695022386.jpg

- ხელისუფლებამ მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინა?

- იმ მოსახლეობას, ვინც მდინარის პირას ცხოვრობდა, ტალახიც შეუვიდა სახლში, ამიტომ ჯერჯერობით, შლამისა და ტალახის გატანაა მთავარი და ამაში ეხმარებიან, მერე რა იქნება, ვნახოთ... რამდენიმე წლის წინაც იყო წყალდიდობა. მართალია, ამ მასშტაბის არა, მაგრამ მაშინაც იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემს მეზობლებს სავარგულები გასტაცა და ის გვიკვირდა. შემდეგ იმ ადგილას, სადაც ღელე ჩამოდის, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ხიდი გააკეთა, მაგრამ ახლა ისიც გაიტაცა...

კიდევ ერთი ადგილობრივის, ლანჩხუთელი 43 წლის თამაზის თქმით, მან ქობულეთიდან რამდენიმე ოჯახი შეიფარა. დაზარალებულებს მეწყერმა სახლის პირველი სართული მთლიანად დაუტბორა. წყალი გამოტუმბეს, მაგრამ ტალახი და შლამი ჯერ ვერ გაიტანეს:

- სამი ოჯახი მყავს შეფარებული, ბავშვები და მოხუცები. კაცები შინ დაბრუნდნენ, იქნებ იქაურობა როგორმე მოვაწესრიგოთო. ჩემი სახლი გადარჩა, დამეწყრილი ზონიდან მოშორებით ვცხოვრობ, შემაღლებულზე, მაგრამ ჩემს ძმას წყალმა ყველაფერი წაართვა. ნალიაში ეყარა თხილი, გასაშრობად, ახალი დარჩეული, მეორე დღეს უნდა მოსულიყო მყიდველი. ახლა იმ ადგილას ნალია კი არა, ერთი მთლიანი მიწის მასაა. სახურავის ნაწილები და კარი მეორე სოფლის გასასვლელში იპოვა მეზობელმა... რამდენიმე დღე შუქისა და გაზის გარეშე ვიყავით. ინტერნეტიც არ გვქონდა. ქვეყანაზე რა ხდებოდა, არაფერი ვიცოდით...

შვილმა დამირეკა თბილისიდან, რას აპირებთ, გზები გადაკეტილაო. მთავრობა გვაფრთხილებდა, სახლიდან არ გამოხვიდეთო. კი ბატონო, დავრჩებოდით შინ, მაგრამ სახლები ჩაიტანა იმ წყეულმა მეწყერმა და რა გარანტია გვქონდა, რომ ჩვენც ასე ერთიანად არ მოგვხვეტავდა? მთელი ღამე და მეორე დღესაც არ გადაუღია. არ დამიტოვა ნათესი, ბოსტანი, საძროხე, საქათმე, ყანა. სამი ნაკვეთი მქონდა, სადაც სიმინდი და ლობიო მქონდა დათესილი. ცოტა რომ მოშრა და სახლიდან გასვლა გავბედეთ, ვიფიქრე, ავაკითხავ-მეთქი, მაგრამ ვერ მივაგენი - აღარც სიმინდია, აღარც ღობე და არც ყანა... იმხელა ტრაგედიის ფონზე, სირცხვილიც კი არის, ბოსტანს და ყანას მისტიროდე, მაგრამ როცა გადარჩები, მერე ეს ოხერტიალი ცხოვრება ყველაფერს ითხოვს, საჭმელსაც, წყალსაც, იმედსაც... რაც მოხდა, იმას არაფერი ეშველება. ახლა მნიშვნელოვანია ზარალი დაითვალონ და ხალხს დაეხმარონ.

ადგილობრივების თქმით, ერთადერთი, ვინც იმ უმძიმეს დღეებში ეიმედებოდათ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.

ზუგდიდელი ნანა ჯიქია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 9 სექტემბრის ღამეს, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მდინარე ჩხოუშიას ნაპირას მცხოვრებ ადამიანებს სახლები უნდა დაეტოვებინათ.

- სული ტკბილია, მაგრამ როგორი დასატოვებელია სახლ-კარი, რომლის გამართვასაც მთელი ცხოვრება შეალიე?.. ეს რომ გვითხრეს, ჩვენი დევნილები წარმოვიდგინე, გარშემო ტყვიები რომ ზუზუნებდა, მაგრამ სახლს მაინც ვერ ტოვებდნენ... როგორია, მოულოდნელად დგები საშინელი რეალობის წინაშე და ყველაფერი უნდა დატოვო, რომ გადარჩე. ადამიანის სიცოცხლე ყველაფერზე ძვირფასია... წყალი ელვის სისწრაფით მატულობდა. მდინარე, რომელიც სხვა დროს ერთი წვრილი ზოლივით მოჩანს, გადაირია, აბობოქრდა და ყველას წალეკვით ემუქრებოდა. მერე გავიგეთ, რომ ჩემი ქუჩის დასაწყისში მცხოვრებ ხალხს შეუვარდა და პირველი სართული დატბორა. სოციალურ ქსელებში დებდნენ ვიდეოებს, როგორ ელაგათ ერთმანეთზე ავეჯი, ტექნიკა, სხვადასხვა ნივთი. რა გავაკეთოთ-მეთქი? - ოჯახის წევრებს ვკითხე. ბავშვები უკვე წაყვანილი ჰყავდათ, კორპუსშიც გვაქვს ბინა და იქ გავუშვით... მეუღლემ მითხრა, ცოტა ხანს დავიცადოთო. ამის თქმა იყო და ორივე შემოსასვლელი კარი გაგლიჯა და მუხლებამდე წყალში აღმოვჩნდით... მაშინვე დავრეკეთ 112-ში და იმ საგიჟეთში ძალიან დროულად მოვიდნენ. პირველ რიგში გვკითხეს, საფრთხე ხომ არავის ემუქრებოდა?.. მუხლებამდე წყალში იდგნენ და ზურგით დაათრევდნენ ჩვენს ავეჯს, თხილს, ზამთრის მარაგს... ერთი საყვედური არ დასცდენიათ. ჩემი შვილისხელა ბიჭები იყვნენ, ცხელი ყავაც კი არ დალიეს - სხვებსაც სჭირდებათ დახმარება, შეიძლება სადმე წყალი იყოს გამოსატუმბი და დროს ვერ დავკარგავთო... მაშინვე ის კადრები დამიდგა თვალწინ, გურიაში, მეწყერში მოყოლილი მოხუცი ქალბატონი ნანგრევებიდან რომ ამოიყვანეს. იმ რამდენიმე საათის განმავლობაში, ყველას მაშველი ეკერა პირზე - ზოგი ტრანსპორტის მისვლას ითხოვდა, ხალხი როგორმე სამშვიდობოს რომ გაეყვანა.

guria-stiqia-bavshvi-1695022375.jpg

გაგვაფრთხილეს, სინოპტიკოსები ისევ წვიმას აანონსებენ და ფრთხილად იყავითო. არადა, სტიქიასთან რას გააწყობ ადამიანი... 50 წელზე მეტია ამ ადგილას ვცხოვრობ და აქამდე იმ მდინარის ხმაც კი არ გამიგონია, მაგრამ იმ ღამეს ბორგავდა, გადარეულივით მოდიოდა, წალეკვას გვიპირებდა. ამდენი ტრაგედია მოხდა და ხელისუფლებამ რაღაც დასკვნები ხომ უნდა გააკეთოს?..

საქართველო მთიანი ქვეყანაა და მდინარეებითაც მდიდარია, რაც ნიშნავს, რომ სიმდიდრესთან ერთად, საფრთხეც დიდია და ამიტომაც უნდა ააშენონ მაღალი რისკის შემცველ მდინარეებზე შემაკავებელი ჯებირები. ამასთან, სოფელ რუხის მოსახლეობა წელიწადზე მეტია ამბობს, რომ სამშენებლო მასალას მდინარის კალაპოტებიდან წესების დარღვევით მოიპოვებენ. ერთია, რა უწერია კომპანიას ხელშეკრულებაში და სხვა არის, თავიანთ ნებაზე რომ ეზიდებიან ყველაფერს და კაციშვილი გამკითხავი არაა.

სეისმოლოგი ზურაბ ჯავახი­შვილი ამბობს, რომ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, ის სოფლები, სადაც მეწყერი ჩამოწვა, საშიშ უბნებად არის მიჩნეული და რუკებზე წითლადაა შემოხაზული:

- უამრავი სპეციალისტი საუბ­რობს, რომ კლიმატის ცვლილების კვალდაკვალ, ბუნებრივი საფრთხეები, წყალდიდობები, მეწყერები, ღვარცოფები იმატებს. მეწყერსაშიში უბნები გურიაშიც რომ არის, ეს ახლა გვაჩვენა ბუნებამ. იქაური რელიეფი მთაგორიანია, ტენიანობა დიდია და შედეგმაც არ დააყოვნა.

როდესაც ტერიტორიები შესწავლილია და მეწყერსაშიში ზონები გვაქვს, უნდა ვიმოქმედოთ. ამის შესახებ ანგარიშები წლების განმავლობაში იწერებოდა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. უამრავი პროექტი ჩატარდა, მილიონები დაიხარჯა, მაგრამ უშედეგოდ. შეტყობინების ხელსაწყოებს ყველგან ვერ დავამონტაჟებთ, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ მნიშვნელოვანია პრევენციაზე მუშაობა. ის ადგილები, შემოხაზული უბნები დეტალურად უნდა შევისწავლოთ. სადაც მეწყერია, იქ სახლი არ უნდა იდგეს, მით უფრო, თუ შესწავლილი გვაქვს. გარდა ამისა, გეოლოგების სამსახურები თავად ამ საფრთხის შემცველ რეგიონებში უნდა იყოს. ადგილობრივმა ბიზნესმენებმა უნდა გაითვალისწინონ მოცემულობა და იმ ადგილებში არ ააშენონ ნაგებობები, სადაც საფრთხეა.

ლალი პაპასკირი