"11 სექტემბრის ტერაქტის მონაწილე მეხანძრე-მაშველის სახლში აღმოვჩნდი და..."
"გზის" მკითხველი უკვე ყოფილ მეხანძრე-მაშველს, ირაკლი დავითიძეს იცნობს. მისი ემოციური ამბები, ადამიანების, შინაური თუ გარეული ცხოველების გადარჩენის ეპიზოდები თქვენთვის არაერთხელ გაგვიზიარებია. თუმცა, 14-წლიანი მუშაობის შემდეგ, ერთ დღესაც, ასობით ათას ადამიანთან ერთად, ისიც ემიგრაციის მძიმე გზას გაუდგა და თავი ამერიკაში ამოყო, სადაც ახალ ცხოვრებას იწყებს...
ამბობს, რომ პროფესიული ბედისწერა არც იქ ტოვებს - ერთ დღეს, სამსახურიდან გამოძახებაზე წასულმა აღმოაჩინა, რომ სახლი, სადაც შეკვეთილი საოჯახო ტექნიკა უნდა მიეტანათ, ამერიკელ მეხანძრე-მაშველს ეკუთვნოდა, რომელმაც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ცეცხლმოკიდებული სავაჭრო ცენტრიდან ადამიანები გამოიყვანა.
- საემიგრაციო ციხეში თითქმის შვიდთვიანი ყოფნის შემდეგ, ამერიკაში ახალი ცხოვრება დავიწყე. აეროპორტში ჩემი შორეული ნათესავი დამხვდა, რომელიც ადრე, ასევე მეხანძრე-მაშველი იყო. ეტყობა, მთელი ტანჯვა სახეზე აღმბეჭდოდა და რომ დამინახა, მითხრა, - შეეცადე ის მძიმე დღეები იმ დაწესებულებაში დატოვო, ახლა უკვე ახალ ცხოვრებას იწყებო. ვაშინგტონში წასვლა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ შემდეგ რაღაცები შეიცვალა და ნიუ-იორკში მომიწია წამოსვლამ. პირველი დღეების გადატანაში ნათესავი ბიჭი დამეხმარა. აქ ახალჩამოსული ადამიანის დახმარებას ყოველთვის ცდილობენ, მაგრამ ისეთი მძიმე ცხოვრებისა და შრომის გრაფიკია, დრო ფაქტობრივად, არა აქვთ. ამიტომ, თავად უნდა შეეცადო ფონს გახვიდე. ქართველი ემიგრანტების თანადგომისა და მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. როდესაც რაღაც დიდ, მსხვილ საქმეს იღებდნენ, რომელსაც სამი ან ოთხი ადამიანი სჭირდებოდა, მეც მეძახდნენ, შემოსავალი რომ მქონოდა. აქ არ შეიძლება ერთი წუთიც კი უქმად გააცდინო. ოღონდ რამე საქმე იყოს და მიდიან, დამატებით მუშაობენ. მახსოვს, ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ ჩემმა პირველმა სამუშაომ, რომელშიც 350 დოლარი გადამიხადეს, როგორ მომქანცა. იმდენხნიანი უქმად ჯდომის შემდეგ თითქოს "მოვწყდი".
- თავშესაფარში ყოფნამ თავისი ქნა, არა?
- დიახ, იქ მყოფებიდან ზოგი ვარჯიშობდა, მაგრამ შინაგანად მე იმდენად დათრგუნვილი ვიყავი, რომ არაფრის თავი არ მქონდა. ვიწყებდი, მაგრამ ვეღარ ვაგრძელებდი... ერთი სიტყვით, ამდენხნიანი მოდუნების შემდეგ, თავდაუზოგავად მუშაობამ თავისი ქნა. გარდა ამისა, საქართველოსთან მუშაობას ვერც კი შევადარებ, აქ ბიჭები დღე-ღამეში საშუალოდ 18 საათს მუშაობენ. ოღონდ, ამ დროში შედის სამსახურში წასვლა-წამოსვლა, საცობები და ა.შ. ამჟამად ტექნიკის სახლში ვმუშაობ და ჩემი სამსახური ჩვენს რეალობაში რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით თბილისიდან გორში რომ ჩახვიდე, იმ მანძილზეა, ოღონდ ტექნიკის შეკვეთების დასარიგებლად ზესტაფონი-ქუთაისში რომ გვიწევდეს ჩასვლა, საღამოს კი ისევ თბილისში ვბრუნდებით. არის შემთხვევები, როდესაც ისე იღლებიან, შინ დაბრუნება, დაუსრულებელ საცობებში დგომა აღარ უღირთ და მანქანაში იძინებენ. მქონია შემთხვევა, როდესაც მხოლოდ 5 საათი მძინებია და მეორე დღეს ისევ სამსახურში წავსულვარ. თუმცა, აქ ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით უსაბუთოებისთვის სამსახური ასარჩევად არ არის. ყველა, ემიგრანტი თუ ადგილობრივი ძალიან ადრე იწყებს ცხოვრებას და ბევრს მუშაობს. ძირითადი სამსახურის შემდეგ, ერთი-ორი საათი კიდევ ცდილობენ სადმე წაიმუშაონ. თითქმის ყველას აქვს ფინანსური ვალდებულება და გარდა ამისა, ცდილობენ, სანამ შეუძლიათ, თანხა გამოიმუშაონ და დააგროვონ.
ტაქსის მძღოლებად უამრავი გოგონა მუშაობს. აქ ამ საქმისთვის სხვანაირი მართვის მოწმობა გჭირდება - საქართველოში ყველას შეუძლია მანქანას ტაქსის ნიშანი გაუკეთოს და ქუჩაში გამოვიდეს, აქ კი ასე არ შეიძლება. რაც დროს გადის, უფრო მეტი ქართველი ჩამოდის. ამას წინათ, ქართული თეატრი იყო ჩამოსული. სამშობლოს მონატრება აქ განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. ერთი დღე მქონდა დასვენება, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ქართველებს, ერთად შეკრებილებს ვნახავდი, შინ რაღა გამაჩერებდა?..
- ვიცი, რომ ამერიკელი მეხანძრე-მაშველი გაიცანი, ვისაც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს "ტყუპის" სახელით ცნობილ სავაჭრო ცენტრში მოუწია მუშაობამ.
- დიახ, ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე იყო... ერთ-ერთ მისამართზე შეკვეთა მივიტანეთ. კარი ასაკოვანმა კაცმა გაგვიღო. როგორც კი სახლში შევედი, კედლებზე, მაგიდაზე, ტექნიკაზე, ყველგან A New York City Fireman Remembers 9/11-ს ფლაერები და ფოტოები ჰქონდა გაკრული. ჩემი დამტვრეული ინგლისურით ვუთხარი, - მეც მეხანძრე-მაშველი ვარ-მეთქი. თვალები გაუბრწყინდა, - საიდან ხარო? საქართველოდან-მეთქი...
რასაკვირველია, პირველად 11 სექტემბრის ტერაქტზე ვკითხე, სახეზე ხელები აიფარა, - ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უმძიმესი დღე იყოო. უკვე ვეტერანია და მითხრა, - პენსიაზე ვარო. გამიმართლა და ჩემს კოლეგებთან ერთად, ადამიანებს დავეხმარე, მაგრამ ყველაფერი ელვის სისწრაფით ინგრეოდა, ხანძარი სწრაფად ვრცელდებოდა და სამწუხაროდ, ყველა ვერ გადავარჩინეთო. ემოციურად მიყვებოდა, რომ ამდენი წლის შემდეგაც სიზმრად ხედავდა იმ ყველაფერს, რაც იქ დახვდათ, რა ვითარებაში მოუწიათ მუშაობამ, ყველა ნაბიჯი რომ სარისკო იყო. არადა, ასეთ დროს თავს კარგავ, საკუთარ სიცოცხლეზე არც კი ფიქრობ. ეს ემოცია ძალზე ნაცნობი გახლდათ ჩემთვის.
ყველა სიტყვა არ მესმოდა, მაგრამ არც იყო საჭირო, თან ისე მიყვებოდა, როგორ შევაწყვეტინებდი? აშკარად ხვდებოდა, გრძნობდა, რომ მისი საუბრის დეტალები არ მესმოდა, მაგრამ თავისი პროფესიის ადამიანთან საუბარს მონატრებული ვერ ჩერდებოდა. დროდადრო თვალები ცრემლებით ევსებოდა, ხელები უკანკალებდა, ცეცხლმოკიდებულ შენობას, უდანაშაულო ბავშვებს და ადამიანებს იხსენებდა, რომლებიც ტერაქტმა შეიწირა.
ჩემი სახით უმცროს კოლეგას რომ შეხვდა, ემოციები მოაწვა. სავაჭრო ცენტრებზე შეტევას 3 ათასამდე ადამიანი შეეწირა, დაღუპულთა შორის კი 400 პოლიციელი და მეხანძრე-მაშველი იყო... ვეუბნებოდი, - მასშტაბები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, მაგრამ მეც უამრავჯერ მიმუშავია ხანძრის პირისპირ-მეთქი და ჩემს ემოციებს ისე ვუზიარებდი, როგორც შემეძლო - ხელებით, ჟესტიკულაციით. ძალიან სწრაფად გავუგეთ ერთმანეთს. ხანდახან რაღაც დეტალებს რომ იხსენებდა, სახეზე ხელებს იფარებდა. იმ საშინელ ფაქტზე უამრავი რამ მაქვს წაკითხული, ნანახი, მოსმენილი. ინგლისურს სრულფასოვნად ვერ ვფლობ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, მასთან ერთად 22 წლის წინანდელი ამბები რომ გამეხსენებინა.
ხანდახან ენის ცოდნა სულაც არ არის საჭირო, ადამიანები ისედაც ვუგებთ ერთმანეთს... კარგა ხნის გულიანი საუბრის შემდეგ, უეცრად გაჩერდა და რა ზომის ტანსაცმელს ატარებო? - მკითხა. იმათ სხვანაირი საზომი აქვთ და ვუთხარი. ერთი წუთით დამელოდეთო, - ოთახში გავიდა, რამდენიმე მედალიონი და მეხანძრე-მაშველის ორი მაისური გამომიტანა, რომელსაც აწერია "არასდროს დაივიწყოთ 9.11". სიტყვები დეტალურად ვერ გავიგე, მაგრამ ჩემი გაგებით ასე მითხრა, - მთელი ცხოვრება თვალისჩინივით შეინახეო. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან მისთვის უძვირფასესი რამ მაჩუქა. მინდოდა, რომ ის მაისური 11 სექტემბერს ჩამეცვა და ისე გავსულიყავი იმ საბედისწერო დღისადმი მიძღვნილ მემორიალთან, რომ იქ დაღუპული ადამიანებისთვის, ჩემი კოლეგებისთვის პატივი მიმეგო, მაგრამ ვერ შევძელი: გავედი, მაგრამ მაისურის გარეშე.
- ვეტერანი მეხანძრე-მაშველი მარტო ცხოვრობდა?
- არა, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. თავად შუახანს გადაცილებული იყო და შინ მოხუცი მამა ჰყავდა, რომელიც ეტლით მოსარგებლეა... მემორიალთან გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართა. გზები გადაკეტილი იყო, ჩართული გახლდათ სამხედრო მუსიკა, გაიხსენეს ტრაგედია, დაღუპულებს პატივი მიაგეს... ყველაფერი თვალწინ დამიდგა. 14 წელი ვიმუშავე სახანძრო სამსახურში. 13 ივნისის ტრაგედიას ჩემი მეწყვილე ზურა მუზაშვილი შეეწირა, რომელმაც 7 ადამიანი გადაარჩინა... ჩემს წამოსვლამდე მოხდა გუდაურის ტრაგედიაც. თუმცა, ნიუ-იორკის ტერაქტის მასშტაბისგან ღმერთმა დაგვიფაროს, ამდენი წლის შემდეგაც ადამიანები ცხარე ცრემლით ტიროდნენ. ემოციური გარემო იყო.
- ამერიკელი ვეტერანის სახლის გადაღება ვერ შეძელი?
- დიახ, ვერ შევძელი და ახლა ვნანობ. მას შემდეგ, რაც ცოტა "გავშინაურდით", შეიძლებოდა მეთხოვა, ფოტოებს გადავუღებ-მეთქი. ისე, ნებართვის გარეშე, ამის გაკეთება არ შეიძლება, იქ სხვანაირი კულტურა და მკაცრი კანონებია. შეიძლება ეჭვი გაჩნდეს და პოლიცია გამოიძახონ.
საქართველოშიც აფასებენ მეხანძრე-მაშველებს, მაგრამ აქ ჩემი პროფესიის, სამხედრო პირებისა და პოლიციის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ჩემი შორეული ნათესავი გოგონა მსახურობს. უამრავი ბენეფიტითა და პრივილეგიით სარგებლობს, ბანკი იქნება თუ სხვა დაწესებულება, ყველგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენენ, პატივისცემით ექცევიან. ადამიანებიც, რიგითი მოქალაქეები, როგორც კი სამკერდე ნიშანს ან სხვა სიმბოლიკას შენიშნავენ, მაშინვე ფეხზე წამოუდგებიან და თავაზიანად ანიშნებენ, რომ პატივს სცემენ - ჩვენი უსაფრთხოება თქვენი დამსახურებააო. ცოტა მშურს კიდეც და ძალიან მინდა საქართველოშიც იგივე დამოკიდებულება ჰქონდეთ ადამიანების მიმართ.
ამერიკას ბევრი რამ აქვს, რაც არ მომწონს, მაგრამ უფრო მეტი აქვს, რასაც ჩემს ქვეყანაში ვისურვებდი: თავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვას. თუ პატიოსნად იმუშავებ, კანონს არ დაარღვევ, შანსს მოგცემენ, უკეთესი ცხოვრების პერსპექტივას გთავაზობენ. ამ ქვეყანამ უსაბუთო, ენის არმცოდნე ადამიანი შემიფარა, სამუშაო მომცა და ჩემნაირი რამდენი მილიონია? დაბოლოს, მინდა მთავარს დავუბრუნდე: ის ხალხი, ვინც ქვეყნისთვის, სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოებისთვის შრომობს და თავს სწირავს, აქ ნამდვილად დაფასებულია.
ლალი პაპასკირი