ჩვენი დროის გმირი მავთულხლართებით გაყოფილი სამშობლოდან - გზაპრესი

ჩვენი დროის გმირი მავთულხლართებით გაყოფილი სამშობლოდან

ყველა დროს თავის გმირები ჰყავს - ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო თავდადების მაგალითებს გვიჩვენებენ, მთავარია, დანახვა შევძლოთ. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები 87 წლის ეთერ (ვალია) ვანიშვილი გახლავთ. 12 სექტემბერს, საზოგადოებრივმა და შემოქმედებითმა გაერთიანებამ "ეროვნული იმპერატივი", ვალია ბებო ილია ჭავჭავაჭის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.

გიორგი სავანელი, "ეროვნული იმპერატივის" თანადამფუძნებელი, რეჟისორი, დრამატურგი:

- მეათე წელია, რაც საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება "ეროვნული იმპერატივი" ახორციელებს პროექტს - "დღე, როცა ვერ მოკლეს ილია". ბოლო 7 წელია, ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოების განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, ადამიანებს ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიით ვაჯილდოებთ. როდესაც ეს გაერთიანება დავაარსეთ, ჩვენი მიზანი იყო კულტურული აქტივობების საშუალებით საზოგადოებაში ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე გვეზრუნა. დაფუძნების დღეებში ვფიქრობდით, რა უნდა ყოფილიყო ჩვენი მთავარი ორიენტირი და გასაკვირი არავისთვის იქნება, რომ ილია ჭავჭავაძემდე ბუნებრივად მივედით. ამ ადამიანის ნააზრევში, მის შემოქმედებაში არის ყველა მთავარი ფორმულა და პოსტულატი, რომელიც ეროვნული სახელმწიფოს შენებას სჭირდება. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე - 12 სექტემბერი გახდა ჩვენი ორგანიზაციის ცენტრალური და უცვლელი აქტივობის თარიღი.

ილია ჭავჭავაძის ეროვნულ პრემიას, საზოგადოების განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის წელს მეშვიდე ლაურეატი ჰყავდა. ლაურეატს ყოველ წელს, ავტორიტეტული ადამიანებისგან შემდგარი, ჩვენი ორგანიზაციის სარეკომენდაციო საბჭო ირჩევს. წელს ეს ადამიანი გახლდათ სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთერ (ვალია) ვანიშვილი, დათა პაპას ქვრივი - ადამიანი, რომელიც მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობს, არ ტოვებს საკუთარ სახლს და მიწას, რომელიც ოკუპანტმა შუაზე გაუყო. მისი საკარმიდამო მიწა და სახლი სხვადასხვა მხარეს დარჩა. სახლი მოექცა მავთულხლართებს მიღმა. ვალია ბებოს, ისევე როგორც მისი მეუღლის, დათა ვანიშვილის ცხოვრების პრინციპია, სანამ ცოცხალი იქნება, საკუთარი სახლი ოკუპანტს ხელში არ ჩაუგდოს. ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ოკუპაციის შედეგად არ გადმოვიდა მავთულხლართებს აქეთ, დარჩა საკუთარ სახლში და მიწას ინარჩუნებს.

- როდესაც დაუკავშირდით და თქვენი ჩანაფიქრი გაანდეთ, რა გითხრათ, როგორი ემოცია ჰქონდა?

- მიუხედავად იმისა, რომ მას სხვადასხვა ჯგუფი და ადამიანები აკითხავენ, ეხმარებიან, მისი თავდადება ჩვენი მხრიდან სხვაგვარი ფორმითაც რომ აღინიშნა, ამით გაიხარა. პირველივე სატელეფონო საუბრის დროს ხანგრძლივად გვესაუბრა თავის შემართებაზე. იქ ჩასულებს კი გვითხრა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის მეუღლეს, დათა პაპას გარდაცვალების შემდეგ გადასცა ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის. უხაროდა, ჯილდო მეც მექნება, ოღონდ სიცოცხლეშიო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ასაკშია, რატომ არის იქ, რას ნიშნავს მისი იქ ყოფნა, საკუთარი სახლის არდატოვება, თავიდან ბოლომდე აქვს გააზრებული, გაცნობიერებული. ის არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა დაემორჩილო მტერს. ეს ადამიანი არის ანტისაოკუპაციო ცნობიერების და გზავნილის სიმბოლო.

- ამ ადამიანთან შეხვედრიდან, დიალოგიდან გამორჩეულად რა დაგამახსოვრდათ?

- ის ჩვენი დროის გმირია, რაც უნდა პათეტიკურად იყოს ნათქვამი. ურთულეს პირობებში უწევს ცხოვრება, სასმელი წყლის პრობლემა აქვს, თანასოფლელებთან კომუნიკაციასაც ხშირად ვერ ახერხებს. უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ე.წ. გამშვებ პუნქტს აქეთ ვერ გადმოდის, რადგან იცის, უკან მიბრუნებულს შესაძლოა, სახლში ოკუპანტები დახვდნენ და აღარც კი შეუშვან. მას აქვს პენსიის აღების პრობლემაც. შეგნებულად არ იღებს რუსულ ფულს. მის მხარეს კი შეძენა მხოლოდ რუსულ ფულზეა შესაძლებელი. ვინმე თანასოფლელს უნდა დაუკავშირდეს და სთხოვოს, პირველადი საჭიროების ნივთები მიაწოდოს.

ჩვენი პრემია არის მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ, მაღალი ხარისხის ბრინჯაოსგან დამზადებული ილია ჭავჭავაძის სკულპტურა და სიგელი. პრემიას ფულადი თანხა არ გააჩნია, თავიდანვე პრინციპულად ასე გვქონდა ჩაფიქრებული. წელს, საჭიროებებიდან გამომდინარე, გამონაკლისი დავუშვით. მინდა მადლობა გადავუხადო იძულებით გადაადგილებულ ქალთა ორგანიზაციას "თანხმობა", რომლებმაც ჩვენთან ერთად მატერიალურ დანამატზე იზრუნეს. ვალია ბებოს საჭირო პროდუქტი გადავაწოდეთ მავთულხლართებს მიღმა. ეს მავთულხლართი საკმაოდ განიერია, მის სიღრმეში უნდა შეხვიდე, იქ მდგარ ადამიანს რამე რომ მიაწოდო. ამ ადგილიდან სახლამდე მანძილი 50-60 მეტრი იქნება. იქიდან ყველაფერი მარტოს, ხელით უნდა მიეტანა. ამ ასაკში კიდევ არნახული სიმტკიცე გაგაჩნდეს და მტერს არ ემორჩილებოდე, მართლაც აღფრთოვანებას იმსახურებს.

- ოკუპანტებთან კონტაქტი ხშირად აქვს?

- მის ეზოში ხშირად არიან - ისე დადიან, როგორც საკუთარ მიწაზე, იქვე აქვთ სათვალთვალო ჯიხური, მაგრამ ვალია ბებო ამბობს, რომ რუსების არ ეშინია. მისგან ნათქვამი ეს სიტყვები მართლაც უდიდესი გამხნევებაა და სინდისზე შეგდებაც. 87 წლის ადამიანს ასეთი შემართება თუ აქვს, როგორ შეიძლება, ჩვენ არ გვქონდეს სათანადო რეაქცია იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.

- თქვენ იქ გადაადგილების, ე.წ. საზღვართან დიდი ხნით გაჩერების პრობლემა გქონდათ?

- ჩვენი უსაფრთხოების სამსახური დროს გვიკონტროლებდა. ღონისძიებაზე დამსწრეების ისედაც მცირე რაოდენობა იყო, ვინც თბილისიდან ჩავედით. ყველას არ მიეცა საშუალება მავთულხლართებთან მოსულიყო. ამიტომ ორგანიზაციის, სარეკომენდაციო საბჭოს წევრები და მხოლოდ 2 ჟურნალისტი დაუშვეს. იქ გასაჩერებლად 30 წუთი მოგვცეს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი შეგვახსენეს, რომ ტერიტორია უნდა დაგვეტოვებინა. დამშვიდობებისას ვალია ბებომ გვითხრა: ეს მავთულხლართები მალე აღარ იქნება და მერე ჩემს ეზოში უნდა დაგპატიჟოთო.

- მასთან მისვლის უფლება ოჯახის წევრებსაც არ აქვთ?

- შვილი და 2 შვილიშვილი მისგან 2 სოფლის დაშორებით ცხოვრობენ. მათ აქვთ კომუნიკაცია, მაგრამ გადასვლას ვერ ახერხებენ. მხოლოდ ერთ შვილიშვილს რთავენ ნებას, რომელიც არასრულწლოვანია, მაგრამ ესეც აუცილებლობის შემთხვევაში. დანარჩენებს იქ გადასვლის უფლებას არ აძლევენ და მხოლოდ მავთულხლართებიდან ახერხებენ ურთიერთობას. ერთ დეტალზე მინდა ყურადღება გავამახვილო: დაჯილდოების ცერემონიაც 2 ნაწილად გავყავით. რადგან მავთულხლართებთან, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარების უფლება არ მოგვეცა, ვალია ბებოსთან დამშვიდობების შემდეგ, სოფლის ცენტრში გადავინაცვლეთ, მოვუწოდეთ ადამიანებს გამოსულიყვნენ და ამ ღონისძიებას დასწრებოდნენ, რომ იმ დღეს ჩვენ მათი თანასოფლელი დავაჯილდოეთ. სამწუხაროდ, ადამიანები გვისმენდნენ ეზოებიდან, აივნებიდან, ღია ჭიშკრებიდან, მაგრამ გამოსვლას ვერ ბედავდნენ. ხალხი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს, ეს თვალნათლივ დავინახეთ.

379506461-145527518626360-8162556918565439083-n-copy-1695624454.jpg

- სოფლის ცენტრიდან ვალია ვანიშვილის სახლამდე რა მანძილია?

- კილომეტრ ნახევარი ან ორი კილომეტრი იქნება. ვალიას მეზობლად არის ოკუპანტების მიერ მიტაცებული სახლები, რომლებიც დაცლილია.

დაბოლოს, გეტყვით, რადგან წელს ჩვენი პროექტის 10 წლისთავია, თბილისის მერიის და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში, ეზოში, ღია ცის ქვეშ გვექნება სხვადასხვა ფორმის აქტივობა, იქნება საჯარო ლექციები, თეატრალიზებული და ლიტერატურული კომპოზიციები. დასწრება თავისუფალი იქნება.

გიორგი სავანელთან დამშვიდობების შემდეგ, ვალია ვანიშვილთან დაკავშირება ვცადე. ინტერვიუს იმ ფორმით ჩაწერა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, ვერ შევძელი, მაგრამ გთავაზობთ მის მონოლოგს, სიტყვებად ქცეულ ტკივილს, რომლის მიმართაც გულგრილი ვერაფრით დარჩებით:

- როგორ არ დაგელაპარაკები, სულ მარტო ვარ, ადამიანი მენატრება, ხმის გამცემი... ეჰ! აი, ახლა ჩემს ეზოში ვარ, სკამზე ვზივარ, არემარეს ვუყურებ, სად უნდა წავიდე, ეს მიწა მიყვარს და ვის უნდა დავუტოვო? რუსს? რუსს აქ რა უნდა, რა ესაქმება? ჩვენზე მეტი მიწა აქვს და იქ დაეტიოს.

რომ ვიტირებ, წნევა მიწევს ხოლმე, ახლაც წნევა მქონდა. აქამდე ჩემი პატარა შვილიშვილი დათა იყო აქ, მაგრამ სწავლა დაეწყო და წავიდა. ზოგჯერ არ უშვებენ, ჩუმად ფეხით ამოდის. ერთხელ დაინახეს და ჰკითხეს, საიდან მოხვედიო? მე ვუთხარი, ავად ვარ და მოვიდა-მეთქი, აღარაფერი უთქვამთ, წავიდნენ. დამიბარეს, წინაგარისკენ არ წამოვიდესო.

ახლა ახლები მოვიდნენ, ძველი ჯარისკაცები აღარ ჩანან. ახლებიდან ერთი ოსი ბიჭია.

რომ იცოდე, ყველაფერი მომპარეს: ბარი, ცელი, არმატურა... მოშორებით ცხოვრობენ აქედან. ღამით ძაღლები რომ ჰყეფენ, გამოვდივარ ხოლმე. 4 ძაღლი მყავს, ეგენი იგებენ.

ერთ ჯარისკაცს ვკითხე, არ დაგინახავს, ვინ წაიღო-მეთქი? დავინახე, მაგრამ ვერ გეტყვი. ოსი ბიჭი და კაცი იყვნენო.

2 დღის წინ ახალგაზრდები მოვიდნენ თბილისიდან და ჯილდო გადმომცეს. ისე მეფერებოდნენ, ისეთი სითბო მაჩვენეს, გული ამიჩუყდა. თუ ნახავ, ჩემგან მადლობა უთხარი, გაიხარონ და გამრავლდნენ. საკვები მომიტანეს. ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება, როგორც საკუთარ ბებიას, ისე მომიტანა, ხილიც იყო, კანფეტიც არ დავიწყნიათ, ფულიც მომაწოდეს.

ერთი მეზობელი გერმანიაშია წასული, მეორე თბილისში, მესამე - გორში, აქ გარშემო უპატრონო სახლებია.

ერთი წელია, პენსია არ ამიღია. შვილიშვილმა მითხრა, - ბაბო, ერთხელ ტაქსით წაგიყვან და პანსიას აგაღებინებო. აქამდე ერთი ქალი იღებდა და ახლა მას აღარ მისცეს.

სახლის დატოვების მეშინია. რა ვქნა, უკან რომ დავბრუნდები, შეიძლება არც შემომიშვან და ამათ დავუთმო? ჩემს ეზოში ისე დადიან, როგორც უნდათ. ერთმა მითხრა, ეს ჩვენი სახლიაო. შენი სახლი საიდან არის, აბა, საბუთი მაჩვენე, შენი სახლი რუსეთშია და იქ წადი-მეთქი. ჯოხი მიჭირავს ხელში და გადავრეკავ ხოლმე. მე რუსების არ მეშინია, მაგრად ვუდგავარ.

დათა სანამ მომიკვდებოდა, ერთ დღეს გვერდით დამისვა და მითხრა: ვალია, მე მოვკვდები, შენ იცოცხლე და იცოდე, აქაურობა არ დატოვოო. ერთხელ რუსები ბევრნი მოვიდნენ და გვითხრეს, - წადით აქედანო! დათა ძალიან გაბრაზდა, ამას როგორ მეუბნებითო? გაიწია და შუაში ჩავუდექი. რომ დაერტყა, დაიჭერდნენ და ციხეში წაიყვანდნენ. დათა დარდით მოკვდა, აქაურობის, ამ მიწის დარდით... მეხვეწებოდა, ვალია, არსად წახვიდე, არც შენს ძმებთან, არც - არავისთანო. დაიბარა, - იქ დამმარხეთ, სადაც ჩემი მშობლები და დები არიანო. დანაბარები შევუსრულე, დათას დაკრძალვის დღეს, მთელი თბილისი ხურვალეთში იყო.

ერთხელ აქ თბილისელი ბავშვები იყვნენ, გიმნაზიაში ვსწავლობთო, ძღვენი მომიტანეს, წერილები დამიტოვეს, იმ წერილებს ახლაც ვკითხულობ ხოლმე. 6 წლის ბავშვი მწერს: ბაბო, მგონი მშიერი ხარ და პური არ გაქვსო. ზოგი ნატრობდა, ნეტავ ეს ღობე არ იყოს, მოვიდოდით და დაგეხმარებოდითო.

ჩემი გოგო შემომიყრის ხოლმე ყველაფერს, რაც მჭირდება და მერე იქიდან სახლში ნელ-ნელა თავად ამომაქვს.

ხურვალეთში ავტობუსი რომ მოდის, ეგ დრო იციან რუსებმა და გამოიხედავენ ხოლმე. საღამოს 8 საათზეც შემოვლა აქვთ.

ძნელია შვილო აქ მარტო ყოფნა, ძალიან ძნელია, მაგრამ რა ვქნა? ნატვრა მაქვს, ეს მავთულხლართი მალე აიღონ. არ მინდა, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ამ დღეს ვერ მოვესწრო...

ვუსმენდი ვალია ბებოს, ხმაში ხან სითბო შეეპარებოდა, ხან ბრაზი, უფრო ხშირად - სიმტკიცე... ნეტავ ოკუპანტები რას ფიქრობენ მასზე? მათ თუ ესმით 87 წლის ქალის თავგანწირვა, საკუთარი მიწის და სამშობლოს სიყვარული? ნუთუ ამ ხნის განმავლობაში მისგან ვერაფერი ისწავლეს? ოდნავ მაინც ვერ გაკეთილშობილდნენ? ნუთუ ვერ გააცნობიერეს მოხუცი ქალის სიმართლე და ხის ჯოხი, მათ ავტომატზე ძლიერი რომ არის...

და ჩვენ? ჩვენ ვსწავლობთ რამეს ასეთი ადამიანებისგან?

თამუნა კვინიკაძე