"საღებავისთვის სანთელს მთვარის შუქზე ათეთრებდნენ, მისი ფაზების გათვალისწინებით" - გზაპრესი

"საღებავისთვის სანთელს მთვარის შუქზე ათეთრებდნენ, მისი ფაზების გათვალისწინებით"

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მხატვარი-დიზაინერი ზვიად ნადირაშვილი რკინისა და ხისგან ვინტაჟური სტილის ნაკეთობებს ქმნის. სტუმრად მისული ჭიშკრიდანვე მისი ნაკეთობების გარემოცვაში მოვხვდი. ინტერვიუს ჩაწერამდე საკუთარი დიზაინით შექმნილი ნივთები დამათვალიერებინა. მრგვალგვერდიანი წიგნების თარო, რკინისა და ხისგან დამზადებული პატარა მაგიდა, სამხედრო თემატიკის კარადა, ორნამენტებიანი სარკეები... კოლექცია დიდი და მრავალმხრივია. იქვე, კედელზე, გაბზარულ ხეზე მოხატული ხატები ეკიდა. ხელოვანმა ამიხსნა, რომ უძველესი სვანური ხატების ასლები თავად მოხატა და დააძველა. ცხადია, ნიჭიერი შემოქმედის ოცნებებზეც ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ზვიადს სამხედრო მანქანის შექმნა სურს. მითხრა, - ჩვენს ქვეყანას, რომელსაც მუდმივად ომი ემუქრება, ძალიან გამოადგებაო.

377111799-200314889730391-7147287580578597573-n-copy-1695624686.jpg

- 15 წელიწადია დიზაინის განხრით ვმუშაობ. უამრავი ნივთი მაქვს შექმნილი. მელომანიც ვარ და ერთხანს გატაცებული ვიყავი გოტიკური მუსიკით. იმხანად უამრავი ნივთი დავამზადე გოტიკის სტილში - სარკეები, "ტრილიაჟი", ოთახის კარი... შემდეგ ჯაზი და ბლუზი ამოვიჩემე, რამაც თავისთავად გადამიყვანა ინდუსტრიულ ვინტაჟზე, დიზაინის ერთ-ერთ მიმართულებაზე, სადაც გამოყენებულია ინდუსტრიული პერიოდის სხვადასხვა საგნის ელემენტები. მაგალითად, ამერიკულ ინდუსტრიაში ქარხნებსა და სხვადასხვა დანიშნულების შენობებს მოქლონებითა და რკინით აკეთებდნენ. ეს საგნები დროთა განმავლობაში რამდენჯერმე დაჟანგულ-გადაღებილი იყო. ინდუსტრიული ვინტაჟის სპეციალისტებს ფერთა სიუხვე მოეწონათ და საგანს ახალი­ სიცოცხლე შესძინეს ან ვიღაცამ იპოვა ძველი ავტომანქანა ჯიპის წინა ბამპერი, გაასუფთავა, საწერ მაგიდას წინიდან მიუყენა და გამოიყვანა უცხო, ლამაზი ნივთი. ერთმა კი ძველად რელსებზე მოსიარულე ურიკას შეხედა, თქვა, ეს არ არის გადასაგდებიო, გაასუფთავა და შინ დადგა... მეც ამ მიმდინარეობას მივყევი და შევქმენი ყავის მაგიდა, წიგნების თაროები. ინდუსტრიული ვინტაჟის შექმნის პროცესი რთულია და დიდ დროს მოითხოვს. რკინის დამუშავების პროცესი საინტერესოა და ხელოვნებასთან არის გაიგივებული. ვიღებ დაჟანგულ ლითონს და ვღებავ. სადაც მინდა საღებავი ასძვრეს, სპეციალურ სითხეს ვუსვამ. რკინის რესტავრაციისთვის ჟანგის მოსაცილებლად არსებობს ქიმიური და მექანიკური მეთოდები. დაუშვებელია მისი დამუშავება სახეხი ხით, უნდა დამუშავდეს ლითონისკბილებიანი ჯაგრისით.

მოგვიანებით ჩემს შემოქმედებაში კიდევ ერთი თემატიკა შემოიჭრა - "მილიტარი დიზაინი". რადგან ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ვარ, დამებადა იდეა, ეს შინაგანი მდგომარეობა დიზაინშიც ამესახა. სამხედრო თემატიკის არაერთი ნივთი მაქვს შექმნილი. საინტერესოა კარადა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდს მოგაგონებთ. ძველი სტილის სამხედრო მანქანებს ბევრი დეტალი ქანჩ-ჭანჭიკებით ჰქონდა დამაგრებული. ამ კარადასაც ქანჩ-ჭანჭიკები და ანჯამები გავუკეთე. ასეთი ნაკეთობების შესაქმნელად ძველ მასალას ზოგჯერ ვპოულობ, ზოგჯერ ვყიდულობ, ხან ახალს ისე ვაძველებ. ძალიან მინდა სამხედრო ავტომანქანა "ბაგის" გაკეთება. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველო პასიურ საომარ მდგომარეობაშია. ღმერთმა ნუ ქნას და, აქტიურ საომარ მდგომარეობაში თუ გადავედით, ასეთი ტიპის მანქანები ძალიან გამოგვადგება.

377111250-1011325250093152-2726450632019759268-n-copy-1695624699.jpg

- ეს ცოდნა თავად შეიძინეთ თუ ვინმემ გასწავლათ?

- მთავარი იყო სურვილი, მერე ზოგ რამეს ჩემით მივხვდი, ზოგიც ინტერნეტიდან ვისწავლე. შეუძლებელი არაფერია, თუ დაინტერესება და ენთუზიაზმი გაქვს... ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. ერთხელ მასწავლებელმა სკოლაში მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენაზე ჩემი ნახატებიც გაიტანა, გამოფენის შემდეგ კი არც ერთი აღარ დამიბრუნა. თითქმის ყველა ბავშვობის ნახატი დავკარგე. შემდეგ ტექნიკურ კოლეჯში ჩავაბარე არქიტექტურის განხრით. მეორე კურსზე აფხაზეთში ომი დაიწყო და სპეცდანიშნულების ბატალიონში ჩავირიცხე, დაბრუნებულმა კი სწავლა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე რესტავრაციის განხრით გავაგრძელე. მეორე კურსზე უკვე ვხელმძღვანელობდი წმინდა ნინოს მონასტრის სარესტავრაციო ჯგუფს. სამ წელიწადს ვიმუშავეთ ტაძარში, თუმცა ყველა ფრესკის რესტავრირება ვერ მოვახერხეთ.

აკადემიაში სწავლის დროს აღმოვაჩინე,­ რომ არ არსებობდა წიგნი, რომლითაც სტუდენტი მხატვრობის ტექნოლოგიას შეისწავლიდა. ორ წელიწადში მოვახერხე­ მასალების შეკრება და დავწერე წიგნი "ძველი და თანამედროვე მხატვრობის ტექნოლოგია". წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. პირველში საუბარია საღებავების ქიმიურ შემადგენლობებზე. ყველა მხატვარს არ ევალება მისი მოლეკულურ დონეზე ცოდნა, მაგრამ პრაქტიკაში მეტად საჭირო და აუცილებელია; წიგნის მეორე ნაწილი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეხება - როგორ უნდა მოამზადოს მხატვარმა ტილო, დაგრუნტოს, გალაქოს... საუბარია ძველი მხატვრობების ტექნოლოგიებსა და ენკაუსტიკაზეც. ძველად საღებავებს სანთლისგან ამზადებდნენ. ყველაზე გამძლე სანთლის საღებავი გახლდათ. საღებავის დასამზადებლად სანთელს მთვარის შუქზე ათეთრებდნენ, მისი ფაზების გათვალისწინებით. ენკაუსტიკური მხატვრობა მისტიკურ პროცესებთან იყო დაკავშირებული.

ბერძნული წყაროების მიხედვით, სანთლისგან საღებავის დამზადების ტექნოლოგია ასეთი იყო: სანთლის ყველაზე ზედა ფენის ანათალს 30 დღე-ღამე მთვარის ფაზების გათვალისწინებით ამუშავებდნენ და სანთელი თეთრდებოდა. შემდეგ ურევდნენ მცენარის ფისში და მიღებულ მასას მცენარის პიგმენტს ამატებდნენ. პალიტრას ცხელ ღუმელზე დებდნენ და ქაფქაფა საღებავით ძალიან სწრაფად იწყებდნენ მოხატვას. საბოლოოდ, ნახატს გამოწვავდნენ.

გასული საუკუნის 50-იან წლებში ეგვიპტეში, ალექსანდრიასთან ახლოს, არქეოლოგიური გათხრებისას ფაიუმის ოაზ­ისში იპოვეს ბერძნებისა და ეგვიპტელების სამარხები, სადაც სარკოფაგები სანთლის საღებავით იყო მოხატული. სანთლის მხატვრობამ იქ სასწაული სახეები შემოინახა. საქართველოშიც გვაქვს სანთლით მოხატული რამდენიმე ცნობილი ნამუშევარი და ისინი ეროვნულ მუზეუმშია დაცული - მაგალითად, VIII-IX საუკუნეებში შესრულებული წილკნის ღვთისმშობლის ხატი და სავარაუდოდ, ხელთუქმნელი ხატი. ერთხანს ენკაუსტიკაში მეც ვცადე ბედი და ფაიუმის პორტრეტების ასლებს ვაკეთებდი.

სამხატვრო აკადემიაში არის შუა საუკუნეების ქართული მხატვრობის კვლევის ლაბორატორია, სადაც ვსწავლობდით სხვადასხვა დროის მხატვრობის წესებსა და მეთოდებს. ჩემი ძმაც მხატვარია, ის ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. ბევრი ნახატის ასლი გვაქვს მოხატული: XI საუკუნის სვანური ხატის ასლები - მიქაელ მთავარანგელოზი და წმინდა ბარბარეც ამ მეთოდით გატაცების დროს გავაკეთე. ორივე ნამუშევრის ხე ისევეა გაბზარული, როგორც დედანში.

377108785-668218221928354-2385067024401380189-n-copy-1695624712.jpg

სიღნაღის მუნიციპალიტეტში უამრავი ძველი ტაძარია. სოფელ ანაგაში 120-მდე ტაძარია აღნუსხული. გადავწყვიტე, ასეთ ადგილებში აღმომეჩინა ფრესკები, მომეყვანა სხვა რესტავრატორებიც და ერთად ჩაგვეტარებინა აღდგენითი სამუშაოები. ამ საქმის დაწყება მინდოდა ანაგის პატარა ტაძრიდან, რომელიც XVI საუკუნისთვის დამახასიათებელი უნიკალური მხატვრობით იყო მოხატული. ტაძარზე ამოსული გახლდათ ხეები, სახურავიდან წყალი ჩადიოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ფრესკებს. ტაძრის აღდგენის პროექტიც დავწერეთ, მაგრამ მიზეზთა გამო, ეს საქმე ადგილიდან ვერ დავძარით.

ამჟამად დიზაინზე ვმუშაობ. ვცდილობ, აქაც ის თემები გავიმეორო, რასაც ერთხანს მხატვრობაში ვაკეთებდი. მისტიკურ, არაამქვეყნიურ ფიგურებს სხვადასხვა საგნის დიზაინშიც ვიყენებ. დავამზადე ყავის მაგიდა, რომელსაც ფეხებად ჩემი დახატული არქეტიპების მსგავსი ფიგურები გავუკეთე. მსგავსი დიზაინით მაქვს შექმნილი ლითონისა და ხის წიგნების თაროები, კარადები, ჭიშკრები და ა.შ.

ნელი ვარდიაშვილი