ხელოვანი ჩარჩოს გარეშე - ფარაჯანოვის სამყარო სცენაზე - გზაპრესი

ხელოვანი ჩარჩოს გარეშე - ფარაჯანოვის სამყარო სცენაზე

კოლორიტული, ფერადოვნებითა და მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული სცენარისტი და რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი ის კინოხელოვანი იყო, რომელსაც ალბათ თამამად შეიძლება უწოდო ამოუწურავი. საკმაოდ ფართო ინტერესების წყალობით, რას არ უწოდებენ მას: "მშვენიერების სამყაროს შემქმნელს", "ჯადოქარს", "ქარიზმატულ კინოხელოვანს", "მსოფლიო კინოს ამოუცნობ ფენომენს"...

სერგო ფრაჯანოვს საბჭოთა რეჟიმი პერიოდულად ციხეში სვამდა, ფილმების გადაღების საშუალებას არ აძლებდა. მისი იდეები ყველგან იბლოკებოდა და არაერთი სცენარი განუხორციელებელი დარჩა. სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან საუკუნის გასვლის შემდეგ, პირველად თეატრის სცენაზე, ახმეტელის თეატრში, სპექტაკლი მისი ბოლო კინოსცენარის "აღსარება - მე, სერგო ფარაჯანოვი" - მიხედვით დაიდგა. სცენარი ავტობიოგრაფიულია და ფარაჯანოვის ცხოვრებას ასახავს. მულტიმედია პერფორმანსი ახალი ტიპის წარმოდგენაა, რომელიც მაყურებელს ფარაჯანოვის სამყაროს აცნობს.

ახმეტელის თეატრის ახალი სეზონის პირველი პრემიერა თეატრის ახალ სივრცეში თამაშდება. რეჟისორი - ირაკლი გოგია, მხატვარი - ირენა ოგანჯანოვა, ქორეოგრაფი - კატერინა ნეზვანოვა, რეჟისორის ასისტენტი - გიორგი ყაულაშვილი. სერგო ფარაჯანოვის როლში გიორგი გასვიანია. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ მსახიობები: ჯორჯი დვალიშვილი, ნინო ციმაკურიძე, ბუკა ღლონტი, ელენე ბეჟიაშვილი, ანანო გულედანი და გიორგი ფირანიშვილი.

ირაკლი გოგია, დამდგმელი რეჟისორი, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- ამ სპექტაკლზე ფიქრი ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ დავიწყე. თავდაპირველად დასადგმელად სხვა რეჟისორებს შევთავაზე, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენს მხატვარ ირენა ოგანჯანოვასთან ერთად დავსხედით და კონკრეტული ჩანაფიქრისა და ფორმის განხორციელება დავიწყეთ. თან, ახლა ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეა. მისი შემოქმედება ჩვენი კულტურის ნაწილია, ამიტომ მას ყოველთვის უნდა გავუწიოთ პოპულარიზაცია. ჩვენთვის საინტერესოა თბილისური ამარკორდი და ურთიერთობები, რომლებიც ბევრ ეთნიკურ ჯგუფს აერთიანებდა. თბილისი ყოველთვის კავკასიის ცენტრი და გამორჩეული ქალაქი იყო, სადაც სულ სხვანაირი ადამიანები ცხოვრობდნენ, რაც სამწუხაროდ, დღეს დაიკარგა და მხოლოდ ძველი შენობებიღა შემოგვრჩა. ჰოდა, სპექტაკლში თითქოს იმ ნაგებობებიდან, სასაფლაოებიდან "გამოსული" პერსონაჟები გვიხსნიან და გვიყვებიან, როგორი იყო თბილისი საუკუნის წინ. ფარაჯანოვის გადაუღებელი სცენარები შემდეგში კი განახორციელეს, მაგრამ სცენაზე მისი დადგმა აქამდე არავის უცდია. ჩვენთვის რთული ამოცანა იყო გავქცეოდით მის ფილმებს, მის ესთეტიკას, კოლაჟებს, მაგრამ კოლაჟური აზროვნებით აგვეწყო სხვადასხვაშრიანი სივრცე, რომელშიც მისი პერსონაჟები გაცოცხლდებოდნენ.

3-1695625479.jpg

- ირაკლი, კიდევ რა იგეგმება ახალი სეზონის პირველ მონაკვეთში?

- 6 ოქტომბერს სპექტაკლს "აღსარება - მე, სერგო ფარაჯანოვი" ერევანში საერთაშორისო ფესტივალზე წარმოვადგენთ. რეპერტუარში გვექნება ასევე ახალი სპექტაკლი "გზის დასასრული". ეს თურქი დრამატურგის, თუნერ ჯუჯენოღლუს პიესაა და მას მე ვდგამ. პრემიერა 12 ოქტომბერს სტამბოლში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გვექნება, შემდეგ კი უკვე თბილისში წარმოვადგენთ. იანვარში ახმეტელის თეატრში ახალ სპექტაკლზე მუშაობას დაიწყებს ახალგაზრდა ლიეტუველი რეჟისორი, მოლაპარაკება გვაქვს ქართველ რეჟისორებთანაც... მანამდე კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ნოემბერში ახმეტელის თეატრში გვექნება პრემიერა, რომლის შესახებაც ჯერჯერობით არ ვსაუბრობ და არსად ვამხელ. ეს გახმაურებული პიესაა, მასზე ქართველი რეჟისორი მუშაობს და ჯერჯერობით მინდა, სიურპრიზად დავტოვო.

P.S. სპექტაკლის ფოტოები ეკუთვნის იური მეჩითოვს.

ანა კალანდაძე