რომელი ფილმით დააკავშირა ბედისწერამ დოდო ჭიჭინაძე კინოხელოვნებას - გზაპრესი

რომელი ფილმით დააკავშირა ბედისწერამ დოდო ჭიჭინაძე კინოხელოვნებას

და 30-მდე - თეატრში, თუმცა ის გახლდათ ბედის რჩეული და ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული. სამშობლოს ბედზე ჩაფიქრებული, მისი ერთგული ჯარისკაცი და ჭირისუფალი ქალბატონი ამბობდა: "მე ვარ ქალი, რომელსაც სურვილი მაქვს, ხელში იარაღი ავიღო და დავიცვა ჩემი სამშობლო!" მსახიობთან არაერთხელ უსაუბრია ფილოლოგიის დოქტორ საბა მეტრეველს და სწორედ მას ვთხოვე გაეხსენებინა შესანიშნავი არტისტი და პიროვნება.

- დოდო ჭიჭინაძე ვარსკვლავად მისმა როლებმა აქცია, სულიერმა და ფიზიკურმა სრულქმნილებამ, კეთილშობილებამ, ნიჭიერებამ... თუ ადამიანური ბედნიერება სიყვარულშია - როცა გიყვარს და უყვარხარ, მაშინ დოდო ჭიჭინაძე ამ იშვიათ გამონაკლისთა შორის უნდა ვიგულოთ. აწუხებდა ადამიანის ბედი, ყველას მეგობარი და მესაიდუმლე იყო, საკუთარს კი გულში ინახავდა, არავის მოახვევდა თავს, ამიტომაც მოწუწუნე დოდო ჭიჭინაძე არავის ახსოვს. მას უხაროდა კოლეგის წარმატება, სხვისი მიღწევები, ეტრფოდა ნიჭის გამობრწყინებას.

თავად ასე იგონებდა წარსულს: "ჭიჭინაძეების ძირი იმერეთშია, სოფელ ჭოლევში. თითქმის ყველა ჩემი წინაპარი მოწამეთის ეზოშია დასაფლავებული, მე კი შილდაში (ყვარელში) დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემი 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო, კარგად იცნობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს. როცა მასობრივი დახვრეტა დაიწყო, მამაც, სხვებთან ერთად, შორაპანთან ჩამოყენებულ ვაგონში შეაგდეს. მაშინ დედა ახალშერთული ჰყავდა, იგი ჩემზე იყო ორსულად. ვაგონებში გამომწყვდეულ ხალხს რამდენიმე დღის მერე გამოიყვანდნენ და იქვე ხვრეტდნენ. თინა მამიდამ (გურამ ასათიანის დედამ) მიაკითხა ერთ ნაცნობს, მაშინდელ "წონიან" პირს, სიმონ ჯუღელს და სთხოვა, გაეთავისუფლებინა მამა. მანაც გულისხმიერება გამოიჩინა და მამა გაათავისუფლეს. რადგან კახეთი უკვე ქარიშხალგადავლილი იყო, მამას იქ წასვლა ურჩიეს. ასე დასახლდა ჩემი ოჯახი შილდაში.

მამაჩემი განათლებული კაცი იყო, ბრწყინვალედ ლაპარაკობდა გერმანულად და უნდოდა, შვილებსაც კარგი განათლება მიეღოთ, სოფლად კი ეს შეუძლებელი გახლდათ, ამიტომ მე და ჩემი ძმა (მასზე 5 წლით ვარ უფროსი) თბილისში გამოგვისტუმრეს დეიდასთან. ცოტა ხანში საცხოვრებლად გადავედით გერმანელ ქალთან, რომელსაც შვილები უცხოეთში ჰყავდა გათხოვილი, თვითონ კი მარტო ცხოვრობდა. ლილი ტალმამ ჩვენს სწავლა-განათლებას საფუძვლიანად მოჰკიდა ხელი. მისი წყალობით თავისუფლად ვსაუბრობდით სამ ენაზე - ქართულად, რუსულად და გერმანულად. მე უზომოდ მადლობელი ვარ ამ ქალის. სწორედ მან ჩამინერგა საოცარი პასუხისმგებლობისა და შრომისმოყვარეობის გრძნობა. იგი სულ მეუბნებოდა, რომ უქმად გატარებული ერთი წუთიც კი უპატიებელი შეცდომაა ადამიანისათვის და რომ შრომა ყველაზე დიდი ნიჭია! მე შრომამ მაქცია მსახიობად!

pilmshi-davit-guramishvili-1695625712.jpg

ზაფხულს ყვარელში, ჩვენს სახლში, ვატარებდით. მამიდას მივყავდით ხოლმე მატარებლით, რომელიც ზოზინით მიდიოდა. მთელი გზა ატუზული ვიდექი ფანჯარასთან, ძალიან მენატრებოდა დედ-მამა და ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი. ერთხელ ფანჯრიდან ყურებისას ჩოჩორს მოვკარი თვალი, გამიხარდა და გადავწყვიტე, სიხარული მამიდისთვის გამეზიარებინა, მაგრამ არ ვიცოდი, რა ერქვა პატარა ვირს და მოვრთე ყვირილი: "მამიდა, ვირიშვილი, ვირიშვილი!" მთელი მატარებელი ჩემს ნათქვამზე იცინოდა, მე კი ვერ გამეგო ამ სიცილის მიზეზი. სოფელში ყველა ეკლესიური ადათ-წესი შემონახული ჰქონდათ. რამდენჯერ გვივლია აღდგომა დღეს ბავშვებს სიმღერით "ალათასა, ბალათასა". მეზობლები პაწია კალათებში წითელ კვერცხებს და ტკბილეულს გვიწყობდნენ... ძალიან მიყვარდა ჭიაკოკონობა. ჩამოვაბამდით დიდ საქანელებს და კოცონს თავს გადავევლებოდით. მახსოვს, ერთხელ კალოზე წავყევი ბავშვებს და შინ ბულულში ამოგანგლული მივედი. მოსამსახურე გვყავდა, დაშა - ღონიერი, მოსული გოგო... ოჰ, რა მომხვდა მისგან!"

სკოლა წარჩინებით დაამთავრა და იმავე წელს სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტიც გახდა, მერე კი ბედისწერამ სამუდამოდ დააკავშირა სამსახიობო ხელოვნებასთან. ქუჩაში ნიკოლოზ სანიშვილის დედამ იპოვა და "დავით გურამიშვილის" შემდეგ წარმატება ქარბორბალასავით დაატყდა თავს. პირველ ფილმს მოჰყვა - "ბედნიერი შეხვედრა", "ჭრიჭინა", "ცისკარა", "შეწყვეტილი სიმღერა", "ნინო", "ბაში-აჩუკი"... მაგრამ საყვარელ ფილმებად სამი დაასახელა: "დავით გურამიშვილი", "ბაში-აჩუკი" და "ცისკარა". თუმცა, მისთვის თეატრი მაინც სულ სხვა სამყარო იყო, უფრო მიმზიდველი და საინტერესო. იღბალია ისიც, რომ გზის დასაწყისში გიორგი შავგულიძის პარტნიორი იყო. როცა "დავით გურამიშვილში" ითამაშა, 19 წლისა იყო, შავგულიძე კი - 37-ისა.

მსახიობი იხსენებდა: "ჟორა ისე მექცეოდა, როგორც პატარა ბავშვს. მერე ოჯახებით დავახლოვდით. შავგულიძე ხომ უბადლო იყო კურიოზული სიტუაციის მოგონებაში! ერთხელაც შევდივარ თეატრში და უცებ დამეტაკნენ, ერთი მსახიობი არ მოვიდა და შენ უნდა შეასრულო მისი როლიო. დავიბენი, რადგან "კოლმეურნის ქორწინებაში" არ ვთამაშობდი. ის მაინც მითხარით, ვისი როლი უნდა შევასრულო-მეთქი და მიპასუხეს, მეღორე ვერიჩკასიო. ძალიან ავნერვიულდი. როგორია, სცენაზე უნდა გავიდე, თან ისე, რომ ტექსტი არ ვიცი. ჟორამ დამამშვიდა: როდის უნდა გამოხვიდე სცენაზე, გეტყვიან. ეპიზოდის მსვლელობისას კი მე დაგეხმარები, სცენიდან მაშინ გახვალ, როცა ერთ ადგილას გიჩქმეტო. მოვიდა ჩემი გასვლის დრო. გავედი. ჟორა ისეთ რამეს მეკითხება, გონზე არა ვარ და სისულელეებს ვპასუხობ. ხალხი კვდება სიცილით. ერთი სული მაქვს, კულისებში დავბრუნდე, მაგრამ ჟორა იგვიანებს ჩქმეტას. მეც ვდგავარ შუა სცენაზე და სიმწრის ოფლი მდის. შავგულიძემ ზუსტად 15 წუთი ახარხარა მაყურებელი ჩემზე. ყურში ჩავჩურჩულე: ე, ბიჭო, მიჩქმიტე და გამიშვი სცენიდან-მეთქი. როგორც იქნა, დამადგა საშველი...

dodo-chichinaze-da-saba-metreveli-1695625701.jpg

ცხოვრებაში ბევრი მწარეც მინახავს, მაგრამ არც ერთ ჩემს მოგონებაში ამას არ ვწერ. ძალიან ახალგაზრდა გავთხოვდი. სულ სხვა მიყვარდა. როცა ქმრისგან წამოვედი, მამაკაცებისადმი ისეთი უნდობლობა გამიჩნდა, რომ ძალიან გვიან, ისიც ჩემი ბიძაშვილის ძალისხმევით და კიდევ - ოთარ ეგაძის წყალობით, რომელსაც საოცრად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი ძმისა და ჩვენი ოჯახის მიმართ, მეორედ ვცადე ბედი. ჩემმა ბიძაშვილმა დათო ჭიჭინაძემ მითხრა: ამ უბრწყინვალეს კაცს, ჩემს მეგობარს, კარგად იცი, რომ მთელი თავისი ცხოვრება უყვარხარ. ახლავე წამოხვალ და ხელს მოაწერთო. ოთარიც იქვე იყო. თურმე, მოლაპარაკებულები ყოფილან. მართლაც, რაიონის მმაჩის ბიუროში გამაქანეს. იქ იხუმრეს, ესენი ძალით დავიჭირეთ და ხელის მოწერა უნდა გავაფორმოთო. იმათ უპასუხეს: რას ბრძანებთ, ამას ერთი თვე სჭირდებაო. მაშინ ოთარმა მეგობარ რაიკომის მდივანს, რომელიც ბიუროს სხდომას ატარებდა, დაურეკა: ეს ჩვენი გიჟი დოდო ჭიჭინაძე, როგორც იქნა, ქორწინებაზე დავითანხმეთ. მმაჩის ბიუროში კი უარს გვეუბნებიანო. რაიკომის მდივანმა ეს საკითხიც ბიუროზე გაიტანა, იმათ ერთი ამბავი ატეხეს: ახლავე მოაწერონ ხელიო... რა სასაცილო კაბა მეცვა, ახლაც შენახული მაქვს. ჩემი მეუღლე, მართლაც, უბრწყინვალესი პიროვნება, ჭეშმარიტი ინტელიგენტი და გამორჩეული ვაჟკაცი გახლდათ. პროფესიით ინჟინერსა და დიდ სპეციალისტს, უამრავი ფაბრიკა-ქარხანა აქვს აშენებული. უნიჭიერესი კაცი იყო, ექვს ენაზე ლაპარაკობდა, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა... მის გვერდით, მართლაც, ბედნიერი ქალი ვიყავი. გაფრინდა ის დრო, ჩემი სახლის წინ გიტარით რომ მიმღეროდნენ ბიჭები... წლები მიდის და სილამაზე სადღაც ქრება, მაგრამ წლებს უფრო დიდი რამ მოაქვს - გონიერება, გამოცდილება და რაც მთავარია, რჩება სიკეთე... მე ცოტა "გადამეტებული" ქართველი ვარ, ქეთევან წამებულის შთამომავალი ვარ და მჯერა, რაც გადაგვარჩენს - ესაა ჩვენი რწმენა!"

zhora-shavgulize-da-dodo-chichinaze-pilmshi-davit-guramishvili-1695625677.jpg

ამ რწმენითა და სიყვარულით იცხოვრა დოდო ჭიჭინაძემ, იცხოვრა დიდი სიკეთით. ალბათ, სხვანაირად არ შეეძლო, რადგან კეთილშობილება მის სისხლსა და გენში იყო გამჯდარი. ამისი პიროვნული მაგალითი მამისგან ჰქონდა: ჯერ კიდევ სისხლიან 1937 წელს, როცა ფაქტობრივად, მის ირგვლივ ყველა დაიჭირეს, მამამისმა სანათესავოდან შეისახლა უპატრონოდ დარჩენილი 9 ბავშვი. თითოეულ მათგანს ასწავლა, უმაღლესი განათლება მისცა და გზაზე დააყენა. თავად დოდო ჭიჭინაძეც ხომ საკუთარ ხელფასს, რომელსაც დიდი მეცენატისგან იღებდა, ექვს მსახიობს უნაწილებდა. თავისი ბავშვურად მიამიტი ბუნებიდან გამომდინარე, ეხმარებოდა ნაცნობსა თუ უცნობს. ერთხელ მარჯანიშვილის თეატრში დარეკეს: დოდო ჭიჭინაძე სასწრაფოდ გამოცხადდეს "სოფლტექნიკის" საწყობში და კუთვნილი ტრაქტორი წაიყვანოსო. ყველა დაიბნა, ისიც კი იფიქრეს, ვიღაც გვეხუმრაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სვანეთის ერთ-ერთი კოლმეურნეობის თავკაცს დაუჩივლია: სოფელში ტრაქტორი ჰაერივით გვჭირდება, მაგრამ ჩემით ვერაფერს გავხდიო. ჰოდა, დოდო ჭიჭინაძესაც მეტი რა უნდოდა. მივიდა იქ, სადაც ჯერ არს, ტრაქტორი სჭირდება სოფელსო - შეუპოვრად დასვა საკითხი და გაჭრა მისმა სიტყვამაც და სილამაზემაც!

დაბოლოს, ერთი დეტალი ლეილა აბაშიძის მოგონებიდან: "უცხოეთში ყოფნის დროს საოცარი რამ შემემთხვა: საბჭოთა ფილმების კვირეულზე ვიყავი რომში. ერთ ოჯახში სტუმრობის დროს სალოცავ კუთხეში, ხატების გვერდით, დოდოს უმშვენიერესი სურათი დავინახე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს ხომ ჩვენი დოდოა! - წამოვიძახე. მერე ვიფიქრე: ჩვეულებრივი მოკვდავი წმინდანების გვერდით მკრეხელობაა-მეთქი, მაგრამ არავის შევეკამათე, პირჯვარი გადავიწერე და ვთქვი: - ილოცონ, დაე, ილოცონ!" იტალიისა არ ვიცი, მაგრამ მართლაც სალოცავ ხატად დარჩა დოდო ჭიჭინაძე ქართველი მაყურებლის ხსოვნაში!

ნანული ზოტიკიშვილი