"როდესაც იგებენ, რომ ქართველები ვართ, ნატანჯ სახეზე ბედნიერების ღიმილი გადაეფინებათ..."
უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩავიდა და არაერთი განსაცდელი გამოიარა. ყოფილი სამხედრო ვაჟა ცეცაძე ერთ-ერთია იმ ასობით ქართველს შორის, ვინც ფრონტის ხაზზე, საბრძოლო მოქმედებებისას სიკვდილს არაერთხელ ჩახედა თვალებში... რუსების მიერ გაშვებული "ზარინი" იგემა, მაგრამ გადარჩა და როგორც თავად ამბობს, ალბათ იმიტომ, რომ დამარცხებული რუსეთი ნახოს.
- როგორც კი ომი დაიწყო და პირველი ამბები გავრცელდა, თუ როგორ უსწორდებოდნენ ქალებსა და ბავშვებს, მაშინვე უკრაინაში წასვლა გადავწყვიტე, ადგილობრივებს რომ დავხმარებოდი.
- სამხედრო გამოცდილება გაქვთ, არა?
- დიახ, საკმაოდ მდიდარი სამხედრო გამოცდილება მაქვს - 17 წელი ვიმსახურე სპეცდანიშნულების დანაყოფებში. ასევე, გამოვლილი მაქვს სამშვიდობო მისიები. გარდა ამისა, მონაწილე ვარ 2004 ცხინვალის მოვლენებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის. ერთი სიტყვით, უკრაინაში წასვლის ბევრი მიზეზი მქონდა. "ჩარტერით" ვაპირებდით გაფრენას, მაგრამ თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ დაჯდა. თუმცა, შემოვლითი გზებით და წვალებით, თურქეთიდან ორი გადაჯდომით, მატარებლით, როგორღაც ლვოვამდე ჩავედით. იქვე ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პატარა ჯგუფი, ფრანგები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც შემოგვიერთდნენ. შეიარაღება, ამუნიცია მივიღეთ და კიევისკენ გავეშურეთ. ეს ის დრო იყო, როდესაც რუსი ოკუპანტები უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში ჯავშანტრანსპორტიორებით გადაადგილდებოდნენ. გზად ყოველ 15-20 მეტრში ე.წ. საგუშაგოებს ვაწყდებოდით, მაგრამ დაბრკოლებების მიუხედავად, კიევამდე მაინც მივაღწიეთ. ზემდგომი პირებისგან მივიღეთ დავალებები, სად უნდა გვემოქმედა. აგვიხსნეს, რომ ჩვენი ზონა ირპენი და ბუჩა იქნებოდა.
- სადაც ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო, არა?
- დიახ, ქუჩებში ბრძოლა მიმდინარეობდა. ვინაიდან გამოცდილი სამხედროები ვიყავით, პირდაპირ სადაზვერვო ქვედანაყოფად ჩამოვყალიბდით. ჩვენი ამოცანა იყო: მოწინააღმდეგეზე ინფორმაციის მოპოვება, დივერსიული აქტების მოწყობა, ჩასაფრება და ლიკვიდაცია. პირველი დავალება ირპენში მივიღეთ - ერთი ე.წ. ბმპ აღმოვაჩინეთ, რომლის ეკიპაჟი ლიკვიდირებულ იქნა, ძალიან კარგი ნაალაფარი წამოვიღეთ, ვგულისხმობ საბრძოლო მასალასა და შეიარაღებას. უკრაინელმა ხელმძღვანელობამ მადლობა გადაგვიხდა: არ ველოდით, თუ პირველ გასვლაზე ასეთი შედეგი გექნებოდათო. არადა, აქედან ჩასულებს რუმინული ავტომატები და ე.წ. სკორპიონის მოდელის პისტოლეტები, ანუ მოძველებული შეიარაღება გვქონდა. ამ წარმატებული დავალების შემდეგ, მალევე მოგვიტანეს ნატოს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღება. შემდეგი ამოცანა ბუჩისა და ირპენის გაწმენდა იყო, ჩვენ კი ჩასაფრებების მოწყობა გვევალებოდა. წარმატებულად ვიმუშავეთ და დაახლოებით ოთხი ჯავშანტექნიკის ლიკვიდაცია-მოპოვება შევძელით. ეს იყო "ბე-ემ-პე 4", მოდელიზირებული სადესანტო მოიერიშე ჯავშანტექნიკა.
- ვიცი, რომ ოკუპანტებმა ირპენში მშვიდობიან მოსახლეობაზე პირდაპირი იერიში მიიტანეს.
- დიახ, როდესაც ვთქვი, ყველა მხრივ უმძიმესი მდგომარეობა იყო-მეთქი, ამასაც ვგულისხმობდი. ქუჩაში სამოქალაქო და სამხედრო პირების ცხედრები ეყარა. ადგილობრივები ქალაქის დაცვაზე იყვნენ გადასული, სამოქალაქო პირები სანადირო თოფებითაც კი ცდილობდნენ ქალაქის, ქუჩის, ჩიხის თუ უბნის დაცვას... გაწმენდითი ოპერაციის დასრულების შემდეგ, რუსი სამხედროები გაღიზიანებას ვერ ფარავდნენ, რადგან ძალიან დიდი ადამიანური დანაკარგი ჰქონდათ. ლოკალურ ჩასაფრებებს ვაწყობდით. ამიტომაც ბუჩიდან დრონებით დაუწყეს ნადირობა. ჩვენ ირპენის ტყეში ვიყავით გამაგრებული. ამ დროისთვის იქ უკვე ბევრი ქართველი იყო, მათ შორის: ნადიმ ხმალაძე, ბერო, იგივე, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი.
ერთ ღამესაც, მაშინ, როდესაც ფიჭვებში ვიყავით განლაგებული, ჩემს თავზე კამიკაძე დრონი გასკდა. ბრძოლის დროს ცოტა უხეში ვარ, აღჭურვილობის მხრივ, უსაფრთხოების წესებს არ ვიცავ, ჩაფხუტი ხშირად არ მეხურა, რადგან ხელს მიშლიდა. ცხონებულმა ბერომ თავად დამახურა ჩაფხუტი და დამაფიცა - სანამ ამ ოპერაციას არ დავასრულებთ, არ მოიხადოო... გავეხუმრე, ჯანდაბას შენი თავი-მეთქი. გაბრაზდა, სულაც არ არის სახუმაროო და ჩაფხუტი შემიკრა. მალევე გასკდა ჯერ დრონი, მალევე "ბმპ", ქვეითთა საბრძოლო მანქანა შემოვარდა, რომელსაც უკან ტანკი მოჰყვებოდა. ინტენსიური ცეცხლი გახსნეს. 50-კალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან ისროდა, გარშემო ყველაფერი მოცელა. თუმცა, გამოცდილება გვქონდა, ტექნიკასთან ახლოს მივედით და ისე დავიწყეთ გადაადგილება. ამ ტექნიკას სასროლი იარაღის ადამიანის სიმაღლეზე დაწევის შესაძლებლობა ტექნიკურად არა აქვს.
თავის მხრივ, ჩვენ "ერ-პე-გე 75" გვქონდა, რომლითაც ამ შეიარაღებასთან გამკლავება შედარებით შესაძლებელია, მაგრამ ხშირი ტყე იყო და მის სროლას ვერ მოვახერხებდით.
ვინაიდან ხერხემალი ტრავმირებული მქონდა, მის წამოღებას ვერ ვახერხებდი და ვყვიროდი, როგორმე ვინმემ წაიღეთ-მეთქი. ერთ ჩვენს მეგობარსა და თანამებრძოლს "ჩაქუჩას" ვეძახდით, მოტრიალდა და ეცა. ტანკის ეკიპაჟი მიხვდა, რომ ჩასაფრებაში მოჰყვა და ქმედება შეცვალა, მოტრიალდა და უკან წავიდა. ასეთ დროს სროლას აზრი არა აქვს... ერთი სიტყვით, იქ რუსეთის სამხედრო ტექნიკის ეკიპაჟი ვერ გადარჩა, მაგრამ ჩვენ რაღაცების დატოვებამ მოგვიწია, რადგან სიცოცხლის რისკის ზღვარზე გავდიოდით. მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე და არტილერიამ ინტენსიური ცეცხლი გაგვიხსნა. ჩვენ ძალიან სწრაფად, ხუთ-ხუთკაციანი ჯგუფებით დავიწყეთ ტერიტორიის დატოვება.
ამ დროს ბერო და დავით რატიანი, რომელთაც ერთი ფრანგი ახლდათ, სხვა მიმართულებით წავიდნენ, რაც მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა - ერთი ნაღმით დაიღუპნენ. ეს მოხდა 18 მარტს...
- ეს იყო პირველი ქართული მსხვერპლი უკრაინაში, არა?
- დიახ, რატიანი ადგილზე გარდაიცვალა, ბერიაშვილი მძიმედ იყო დაჭრილი, რაციაზე უკანასკნელად გავიგონე მისი ხმა, - დაჭრილი ვარო. მაშინვე დავუწყეთ ძებნა. ძალიან ბევრი ვიარეთ, მაგრამ რთული მდგომარეობა გახლდათ. გადაადგილება არ იყო უსაფრთხო. ღამდებოდა. ბიჭებს ტვირთი ზურგზე ჰქონდა მოკიდებული, ისე დადიოდნენ და ეძებდნენ. ნადიმთან და გოჩა ხორავასთან ერთად, ჯავშანჟილეტი მეც დავტოვე, პისტოლეტისა და ორი მჭიდის ამარა დავბრუნდით იმ ადგილას, სადაც ბიჭები გვეგულებოდნენ. ეს გოჩას სამოქმედო არეალი იყო, მის სათვალთვალო ზონად ითვლებოდა... უკვე ვიცოდით, რომ რატიანი დაღუპული იყო, ამიტომ ბეროს პოვნასა და სიცოცხლის შენარჩუნებაზე გადავერთეთ. ჩვენთან ერთად იყვნენ სხვებიც... თუმცა, ღამის ოპერაციისთვის არ ვიყავით მზად და "ღამის ხედვის" აღებამ მოგვიწია. მისი ტარება არ არის კომფორტული, განსაკუთრებით ჩასაფრებაზე, რადგან წონაც აქვს და სატარებლადაც მოუხერხებელია.
მალევე მითხრეს, რომ ბეროს ცხედარი იპოვეს და იქაურობას უკვე არტილერია ამუშავებდა. როდესაც გავიგე, რომ ის გამოჰყავდათ, მათ შესაგებებლად წავედი და ამ დროს მოხდა ძლიერი აფეთქება. ყველანი წავიქეცით. მივხვდით, რომ სითბური დრონი თავს დაგვტრიალებდა. ვერ ვხედავდით, მაგრამ ჩვენს კოორდინატებს გადასცემდა. ჭურვი ძალიან ახლოს დაეცა. ჩემგან მარცხნივ, ოდნავ მოშორებით იწვა "ჩაქუჩაც"... საბოლოოდ, მე კონტუზია მივიღე, თუმცა, მიუხედავად ამისა, ოპერაცია არ შემიწყვეტია. სამშვიდობოს გამოვაღწიეთ და სარდაფში ჩავედით, მტრის დრონებისთვის შეუმჩნეველი რომ ვყოფილიყავით. ბეროს გამოყვანაზე ფიქრი არ შეგვიწყვეტია. როდესაც ვითარება მიწყნარდა, ისევ დავიძარით. გზაში ბიჭები დამეწივნენ, - სად მიდიხარ, ხომ არ გაგიჟდი, შენი იქ შესვლა არ შეიძლებაო... კონტუზიის გამო, ყურშიც ცუდად მესმოდა, მაგრამ დარჩენა არ მინდოდა. მაინც არ გაგვიშვეს, რამდენიმე წუთის შემდეგ ნაღმტყორცნების წვიმა წამოვიდა.
ერთი სიტყვით, მაინც მომიწია კიევის ჰოსპიტალში გადასვლამ, საიდანაც რამდენჯერმე დავაპირე გამოპარვა, რადგან ირპენსა და ბუჩაში უმძიმესი დღეები იყო, ჩემი ბიჭები სისხლს ღვრიდნენ, ამიტომ ჰოსპიტალში ვერ ვისვენებდი. საბოლოოდ, მედიკამენტოზური მკურნალობა დამინიშნეს, საბუთებზე ხელი მომაწერინეს და გამომიშვეს.
- ამის შემდეგ გოსტომელის აეროპორტის გაწმენდით ოპერაციაში მონაწილეობდით...
- დიახ, იქაურობის გასამაგრებლად რუსებს ძალისხმევა არ დაუშურებიათ. მსუყე ნაალაფარი წამოვიღეთ. კი გავიდნენ, მაგრამ იქაურობას არ შორდებოდნენ და სამხედრო ქმედებებით რომ ვერაფერს გახდნენ, "ზარინი" გაუშვეს, მოგვწამლეს. აღმოჩნდა, რომ მე და ნადიმი ყველაზე მძიმედ ვიყავით... დავალების შესრულების შემდეგ, ბაზაზე დაბრუნებულმა, ვიგრძენი, რომ ძალაგამოცლილი ვიყავი. მეძინებოდა და კონცენტრაციას ვკარგავდი. ვიფიქრე, რომ სტრესმა, მანქანებით გადაადგილებამ, გამაყრუებელმა ბათქაბუთქმა, მიწაზე ხოხიალმა თავისი ქნა და დავიღალე-მეთქი. რამდენიმე საათის შემდეგ, ჩემთვის უჩვეულოდ გვიან გამეღვიძა. ჩემს ოთახში ნადიმიც შემოვიდა. შევხედე, თვალებჩაწითლებული მეჩვენა. ვუთხარი, თვალების წვა და გულის რევის შეგრძნება მაქვს-მეთქი... მიპასუხა, რომ თავადაც ცუდად იყო, ორიენტაციას ვერ იცავდა. სხვების ამბავი ვიკითხე, ზოგს ღებინება ჰქონდა, ზოგსაც თავბრუ ეხვეოდა და სისუსტეს გრძნობდა. განსაკუთრებით მძიმედ ექვსნი ვიყავით. მეთაურობას დავუკავშირდით. გვითხრეს, რუსებმა "ზარინი" გაუშვეს, სხვა ჯგუფიდან ორი კაცი დაიღუპა, ტანსაცმელი გამოიცვალეთ, პარკებში ჩაალაგეთ, სასწრაფოდ უნდა დაიწვას, თქვენ კი ჰოსპიტალში გადასაყვანად მოემზადეთო... რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, მაგრამ ვგრძნობდი, ძალა მელეოდა. ცუდად იყო ნადიმიც. დანარჩენები, მათ შორის ჩვენი მეგობარი, ცხონებული მახო კვიჟინაძე, რომელიც ახლახან დაიღუპა, შედარებით მსუბუქად იყვნენ. ისინი მალევე გაუშვეს. მე სისხლში საშიში ცვლილებები აღმომაჩნდა. ცუდი ანალიზები გაქვს, პანკრეასი იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, შესაძლოა, ოპერაცია დაგჭირდეთო... უამრავი გადასხმა გამიკეთეს. ერთ-ერთი წამლის შეყვანისას, არ ვიცი რა მედიკამენტი იყო, მთელი სხეული მეწვოდა და კაპილარები დახეთქვაზე მქონდა. მეოთხე დღეს ექიმი გახარებული შემოვიდა - სიტუაცია ნორმალიზებისკენ მიდისო... ვიფიქრეთ, რომ გაგვიმართლა და გამოვძვერით.
ამის შემდეგ, მომდევნო დავალებისთვის მოვემზადეთ - კიევის ტბის თავზე რუსული ვერტმფრენები უნდა ჩამოგვეყარა. ეს დავალებაც შევასრულეთ. თუმცა, ვატყობდი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უარესობისკენ მიდიოდა. ვფიქრობდი, გავუძლებ-მეთქი, ისევ ჰოსპიტალში წასვლა არ მინდოდა. როდესაც შენი მეგობრები ფრონტის ხაზზე არიან, რაც უნდა საჭიროება იყოს, მორალურად ძნელია სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა. თუმცა, ტკივილი არ მასვენებდა. ნადიმსაც ხველება დაეწყო. ყველამ შემატყო, რომ ჩემს თავს აღარ ვგავდი. ჩემთან შეუთანხმებლად დაუკავშირდნენ ექიმს. მან ქვედანაყოფში გამსინჯა, დიაგნოზი დამისვა და იქიდანვე ინფექციურ განყოფილებაში გადამიყვანეს.
- იქ ყოფნა უსაფრთხო იყო?
- არა, განსაკუთრებით ერთი ღამე მახსენდება - თითქოს ჭექა-ქუხილი იყო, მთელი ღამე გუგუნი არ შეწყვეტილა, შენობა ზანზარებდა, ექიმებს ფანჯრებზე მუქი ქსოვილები ჰქონდათ აფარებული, სინათლე რომ არ გასულიყო. უმძიმეს პირობებში, მართლა მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ. ქალაქში გამუდმებით ისმოდა შიდა განგაშის ხმა, აფეთქებები, თავდასხმები. რამდენიმე დღეში ნადიმ ხმალაძეც შემოიყვანეს. მისი მდგომარეობაც დამძიმებულიყო. ცუდად ვიყავით, მაგრამ ის გვახარებდა, რომ რუსული სადაზვერვო ვერტმფრენების შემოყვანის ოპერაცია ჩაიშალა.
ბევრი ომი მინახავს, მაგრამ ეს არის 21-ე საუკუნის თანამედროვე სტანდარტების სამხედრო ტექნიკის შეჯახება. უპილოტო დრონები რუსებსაც ჰყავთ, თუმცა, იმ ხარისხის არა, რაც უკრაინას. რუსები, ფართო მასშტაბზე ირანულ "შაჰიდებს" იყენებენ, თუმცა, ე.წ. სამოყვარულო, გადაკეთებული დრონებიც ბევრი აქვთ, რომელიც ხელყუმბარებს აგდებს... ამ ომში ძირითადი საყრდენი იყო უპილოტო, რომელიც ზუსტად იგებდა კოორდინატებს, ამუშავებდა მონაცემებს, სამხედრო ნაწილების განლაგებას და ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ქართველებიც შეეწირა.
- ვიცით, რომ რუსულ შეიარაღებულ ძალებში დემორალიზება უკვე თვალში საცემია. თავად გინახავთ რუსი ტყვეები?
- უამრავი რუსი ტყვე მინახავს და ტყვესთან მოქცევის საერთაშორისო კონვენციისთვის არასდროს გადაგვიხვევია. ყველა იმაზე კარგად ვექცეოდით, ვიდრე იმსახურებდნენ. ზოგი ძალიან პატარა ბიჭი იყო და გვეუბნებოდა, რომ არ სურდა ბრძოლა; ეგონათ, სწავლებაზე იყვნენ... ამბობდნენ, რომ არაერთმა ქვედანაყოფმა ბრძოლაზე უარი განაცხადა და მართლა გვქონდა ინფორმაცია, რომ მათ სამხედრო პოლიცია ცალკე ებრძოდა, ანუ ე.წ. დაზღვევაზე იყვნენ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდზე რაც წამიკითხავს, გამახსენდა. გარდა ამისა, არც თანამედროვე ტაქტიკა ჰქონდათ, მათი ყველა სამხედრო მოქმედება, გადაადგილება თუ შეტევა მოძველებული იყო. შემდეგ სიტუაციის გასაკონტროლებლად, სიმკაცრის ჩვენება გადაწყვიტეს და სხვების გასაფრთხილებლად, რამდენიმე თავად დახოცეს. თუმცა, ამით კონტროლს ვერ შეინარჩუნებენ. დემოტივირებულ ჯარს არც ერთი ომი არ მოუგია, რაც უნდა მრავალრიცხოვანი იყოს და შედეგიც სახეზეა, ჯარი დემობილიზებულია.
კიდევ ერთი ადგილი, სადაც ბრძოლამ მოგვიწია, ხერსონი იყო, სადაც ზღვიდან გვიტევდნენ დრონებით. არადა, იმ ადგილას, სადაც გამაგრებული ვიყავით, მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა. არც კი უფიქრიათ სახლის დატოვებასა და წასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ დღე-ღამის განმავლობაში, ჭურვები უწყვეტად ცვიოდა.
მახსოვს, ერთხელ მაკაროვოს რაიონში მოგვიწია განნაღმვითი სამუშაოების შესრულებამ. ადგილობრივებმა გვიამბეს, როგორ დაწანწალებდნენ ეს მშიერი, გაყინული, ჩაუცმელი რუსი ჯარისკაცები და ყველაფერს ჰპარავდნენ. უკრაინაში სარდაფებში ზამთრის მარაგის შენახვის კულტურა აქვთ. ჰოდა, ვირთხებივით დაძვრებოდნენ ჩვენს სარდაფებში და ხორაგს ზურგით ეზიდებოდნენ; შინაურ ფრინველს, პირუტყვს იარაღით დასდევდნენ, ხოცავდნენ და მიჰქონდათო, - გვითხრეს. მოსახლეობა მაინც არ უშინდებოდა მტერს. მათთვის გზა რომ აებნიათ, სოფლის, ქუჩებისა და დასახლებების აბრები ჩამოხსნეს ან არასწორად დაკიდეს...
როგორც კი ადგილობრივები იგებდნენ, რომ ქართველები ვიყავით, გაწამებულ სახეებზე ღიმილი ეფინებოდათ. ქართულ დროშას რომ ვჩუქნიდით, მათზე ბედნიერი არავინ იყო. ზოგჯერ ე.წ. შევრონებიც კი არ გვქონდა, მაგრამ მაინც გვცნობდნენ. ერთხელ კიევის საავადმყოფოდან გამოვედით და გზის მეორე მხარეს მყოფებმა გვიცნეს, - ქართველები ხართო?.. პასუხს არ დაელოდნენ, - ხელები ასწიეს: მადლობა, ქართველებო, ყველაფრისთვისო!.. ზოგი, პატივისცემის ნიშნად, ქართულად მოგვესალმა. ზოგი გვეხუტებოდა კიდეც. გათავისუფლებულ ან დასაცავ სოფლებში სიმწრით გადანახულ სარჩოს გვინაწილებდნენ. უარს ვეუბნებოდით, მაგრამ ყურსაც არ გვიგდებდნენ, მანქანის საბარგულებში გვიწყობდნენ... ვეუბნებოდით, ომი რომ დამთავრდება, მერე ჩამოვალთ და ერთად აღვნიშნოთო. ამ ერს ვერავინ მოერევა. ისეთი ბრძოლისუნარიანობა, უტეხი სული და ამტანობა აჩვენეს, აუცილებლად გაიმარჯვებენ. რუსეთის დამარცხება გარდაუვალია.
ლალი პაპასკირი