"მის და მისტერ პლანეტა 2023" - სამხრეთაფრიკელი და თურქი გამარჯვებულებით - გზაპრესი

"მის და მისტერ პლანეტა 2023" - სამხრეთაფრიკელი და თურქი გამარჯვებულებით

ახლახან თბილისში, სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსი - "მის და მისტერ პლანეტა 2023" გაიმართა. "მის პლანეტა" სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი შენონ გრეისი გახდა, "მისტერ პლანეტა" კი თურქეთის წარმომადგენელი, მოდელი და მსახიობი, ბარიშ ონგელი. კონკურსზე საქართველო ღირსეულად წარადგინეს ელენე კალმახელიძემ და თორნიკე მარუაშვილმა: ელენე "მის პლანეტა - ტალანტი" გახდა, თორნიკემ კი პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა...

კონკურსი - "მის და მისტერ პლანეტა 2023" 20 სექტემბერს დაიწყო. საქართველოში 20 ქვეყნის ფინალისტი და საერთაშორისო ჟიურის წევრები ჩამოფრინდნენ. კონკურსის მონაწილეებს და სტუმრებს ბატონმა ნოდარ გიორგაძემ საკუთარ, თბილისის ზღვისპირა სასტუმროში უმასპინძლა. სასტუმროშივე გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება, ფოტოსესიები, გადაღებები, ინტერვიუ ჟიურისთან... სასტუმროსთან მდებარე აკვა-პარკში, კონკურსანტებმა ტანსაცმლის ქართული ბრენდის - "ხათკოს" ჩვენებაში მიიღეს მონაწილეობა. ასევე, "ფეშენ შოუზე", სხვადასხვა ქვეყნის "მისებმა" და "მისტერებმა" თავიანთი ქვეყნის დიზაინერების სამოსიც წარმოადგინეს. იქვე საცურაო კოსტიუმების ტურიც გაიმართა. მასპინძელი სასტუმროს სახემ - ქალბატონმა თამარ გიორგაძემ ბულგარეთის წარმომადგენელი - ალექსანდრა კრასტევა საგზურით დაასაჩუქრა...

თბილისის ზღვისპირა სასტუმროში, "მეგობრობის საღამოზე", მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა კონკურსანტებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყანა, კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო უკეთ გააცნეს, იცეკვეს, იმღერეს...

"მის და მისტერ პლანეტის" კონკურსზე იმყოფებოდა "ვიცე-მის პლანეტა 2022", მოდელი ანი სტეფანიშვილიც:

- მიხარია, ამ კონკურსში რომ სტუმრის სტატუსით ვმონაწილეობ, როგორც შარშანდელი კონკურსის "ვიცე-მისი". სასიამოვნოა, რომ საქართველოში ამდენი ქვეყნის წარმომადგენელს ვმასპინძლობთ... კონკურსანტებს რჩევებს ვუზიარებ, რაც გამოადგებათ. აბსოლუტურად ყველა მონაწილე გოგო ლამაზია, ბიჭი - სიმპათიური. საქართველოს წარმომადგენლებს განსაკუთრებულ წარმატებას ვუსურვებ. რაკი კონკურსი ჩვენს ქვეყანაში ტარდება, ქართველ მონაწილეებს უფრო მეტად აკვირდებიან...

კონკურსის ფინალი რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა. საღამოს სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი, "მის და მისტერ პლანეტის" დამფუძნებელი - ეკა მგალობლიშვილი და მოდელი ნინი გრძელიშვილი უძღვებოდნენ. ქალბატონი ეკა ნუგზარ კვანტალიანის ქართულ, ნაციონალურ სამოსში იყო გამოწყობილი, ნინი კი ქართული ბრენდის - "ანასტასიას" საღამოს კაბით წარდგა სტუმრების წინაშე. კონკურსანტების გამოსვლამდე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა ბავშვებმა და მოზარდებმა დაიკავეს სცენა. ისინი კონკურსის პარალელურად მიმდინარე საერთაშორისო სამოდელო ფესტივალში მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, პატარებისთვის საცურაო კოსტიუმების ტური არ გამართულა. ფესტივალზე არც ერთ ბავშვს არ დასწყვეტია გული: ყველა მათგანი დაჯილდოვდა გვირგვინით, ნომინაციით, დიპლომითა და სამახსოვრო საჩუქრებით...

image00001-1696188891.jpg

ფინალური საღამო ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა - "ეგრისმა" გააფორმა, ხოლო ოთო ბაზერაშვილმა, რომელიც საქართველოს სახელით "საბავშვო ევროვიზიაზე" 2 მეგობართან ერთად გაემგზავრება, სიმღერა შეასრულა. ასევე იმღერეს მარკუს მეტრეველმა და ვერიკო ტურაშვილმა.

"მის და მისტერ პლანეტის" კონკურსანტებმა წარმოადგინეს ნაციონალური სამოსი, ასევე - საღამოს კაბები... შეასრულეს სხვადასხვა სასცენო ნომერი.

ფინალურ შოუზე იმყოფებოდა ქალბატონი ეკა ბესელია, რომელიც ჟიურის ერთ-ერთი წევრიც გახლდათ. მან სცენიდან გაამხილა, რომ ეკატერინე მგალობლიშვილთან ერთად, "წარმატებულთა კლუბი" დააარსა, რომელშიც ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით გაერთიანდებიან. ლამაზი ურთიერთობების ჩამოყალიბების გარდა, კლუბი ბევრ საინტერესო იდეას, საქველმოქმედო ღონისძიებას განახორციელებს და წევრების საქმეების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

შოუს დასასრულს, საერთაშორისო ჟიურიმ საკუთარი გადაწყვეტილება გვამცნო: "მის პლანეტა" სამხრეთაფრიკელი შენონ გრეისი გახდა, რომელიც ოქროს გვირგვინით დაჯილდოვდა:

შენონ გრეის ტომასი:

- ძალიან ბედნიერი ვარ! წარმატების იმედი მქონდა, მაგრამ შედეგმა მაინც გამაოცა. მადლობა საქართველოს მასპინძლობისთვის!

შენონი სამხრეთ-აფრიკაში, დაწყებითი სკოლის მასწავლებელი გახლავთ. პარალელურად, მოდელობს. გვირგვინი ქალბატონმა ეთერ ყიფიანმა სპეციალურად კონკურსის გამარჯვებულისთვის დაამზადა.

კონკურსზე კიდევ ერთი გრან-პრი ქართველმა კონკურსანტმა, 17 წლის ელენე კალმახელიძემ აიღო, რომელიც "მის პლანეტა - ტალანტი" გახდა. ფინალურ შოუზე, მან თავის მეწყვილესთან ერთად "ტანგო" არაჩვეულებრივად შეასრულა:

- "კატრინის" მოდელი ვარ. გორში ვცხოვრობ. კონკურსში მონაწილეობა ქალბატონმა ეკა მგალობლიშვილმა შემომთავაზა. მიხარია, რომ შესაძლებლობა მქონდა, საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიმეღო მონაწილეობა... ახლა მე-12 კლასის მოსწავლე ვარ. ვცდილობ, სწავლა და მოდელობა ერთმანეთს შევუთავსო. აბიტურიენტობის გამო, სამეჯლისო-სპორტულ ცეკვას თავი დავანებე, მაგრამ მოდელობას - არა... "მის პლანეტის" კონკურსზე ჩემს კონკურენტებად ბულგარეთის, სამხრეთ აფრიკის და უკრაინის წარმომადგენლები მიმაჩნდა... ვეცადე, ფინალურ შოუზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი მეჩვენებინა და საქართველო ღირსეულად წარმედგინა... ჩემი მთავარი გულშემატკივარი დედაა. მას ყოველთვის მოდელობა უნდოდა. თან, საამისო მონაცემებიც აქვს, მაგრამ მშობლებმა ნება არ დართეს. როცა დაოჯახდა და მე გავჩნდი, ინიციატივა გამოიჩინა, რომ სამოდელო სფეროთი დავინტერესებულიყავი. გავიზარდე, დავიხვეწე და მოდელობის სურვილი გამოვთქვი. დედა ყველანაირად ხელს მიწყობს... "მისტერ პლანეტის" კონკურსანტებს რაც შეეხებათ, ჩემი ფავორიტი თორნიკე გახლდათ, ოღონდ - იმიტომ არა, რომ ქართველია: კარგი აღნაგობა აქვს, სიმპათიურია. ასევე, ვხედავდი მის მონდომებას... "მისტერ ბულგარეთიც" გამარჯვების კარგ კანდიდატად მიმაჩნდა (იღიმის)...

თორნიკე მარუაშვილი, "მისტერ პლანეტის" პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი, 25 წლის:

- ჩემთვის ეს პირველი კონკურსი იყო, რომელშიც ვმონაწილეობდი. სამოდელო სააგენტო "კატრინის" შესახებ ინფორმაცია მქონდა. "მისტერ პლანეტის" კასტინგზე მივედი და საერთაშორისო კონკურსზე, საქართველოს წარმომადგენლად ამირჩიეს. ეს ჩემთვის საკმაოდ ემოციური იყო. რეპეტიციებს თავი კარგად გავართვი. წარმატების მიღწევის ამბიციაც მქონდა... ჩემი საცოლე - მარიამ მირიანაშვილი "კატრინის" მოდელია. კონკურსში მონაწილეობის სურვილი მარიამის გამოც გამიჩნდა - ეს მისი ინიციატივა იყო, თუმცა თავადაც დავინტერესდი... შეიძლება, სამოდელო სფეროში მუშაობა გავაგრძელო... ვფიქრობ, "მის და მისტერ პლანეტას" საკმაოდ კარგი მონაწილეები ჰყავდა, ძლიერი კონკურენცია იყო. ჩემთვის პრიორიტეტული იყო, რომ ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმომეჩინა... ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ამჟამად, თბილისში ვცხოვრობ. 18 წლიდან ვმუშაობ. 6 წლის განმავლობაში რესტორნის მენეჯერი გახლდით. შემდეგ პროფესია შევიცვალე: ავტოინდუსტრიის სფეროში, ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერი ვიყავი. ახლა გაყიდვების, ლოჯისტიკისა და შესყიდვების მენეჯერი ვარ. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე. ახლა კიდევ 2 უნივერსიტეტში ვსწავლობ... მოკლედ, აქტიური ცხოვრება მაქვს...

"ვიცე-მის პლანეტა" ბულგარეთის წარმომადგენელი - 19 წლის ალექსანდრა კრასტევა გახდა. პირველი საპრიზო ადგილი უკრაინელმა, 23 წლის ოლგა ვასილივმა დაიკავა, მეორე - ლიეტუვის წარმომადგენელმა, 17 წლის ბეატა მინსიტემ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი 19 წლის ლატვიელ ნიკოლ სერნავსკას ხვდა წილად.

ოლგა ვასილივი:

- საქართველოში დასავლეთ-უკრაინის პატარა ქალაქიდან, ივანო-ფრანკივსკიდან ჩამოვედი. პროფესიონალი ტანმოვარჯიშე ვარ. ერთხელაც შემომთავაზეს, რომ მოდელობა მეცადა. ვცადე და გამომივიდა. უკვე 8 წელია, ამ სფეროში ვარ. სამოდელო სკოლა, სადაც ვსწავლობ, არა მხოლოდ მოდელობას გვასწავლის, არამედ - იმას, თუ როგორ გავხდეთ წარმატებულები და თავდაჯერებულები... ჩვენი ქალაქი შედარებით ნაკლებად იბომბება, ვიდრე უკრაინის სხვა ტერიტორია. განვიცდით, რომ ჩვენს ქვეყანაში ომია. მიუხედავად ყველაფრისა, უფრო მეტად ვძლიერდებით. ქველმოქმედებისთვის თანხებს ვპოულობთ, რომ ჩვენი ქალაქიდან უკრაინისთვის მებრძოლ ჯარისკაცებს დავეხმაროთ... თქვენი ქვეყანა ძალიან მომწონს. განსაკუთრებულად, ქართული ცეკვები მიყვარს... როცა ქართულ ხალხურ სიმღერებს ვუსმენ, ტანში ჟრუანტელი მივლის... კონკურსს რაც შეეხება, "მეგობრობის საღამოში" მონაწილეობისას, ყველაზე მეტად აფრიკაში წასვლა მომინდა, რადგან აფრიკის წარმომადგენელმა გოგონამ თავისი ქვეყნის ჩვენთვის წარმოდგენა კარგად შეძლო...

გუშინ დავფიქრდი, რომ "მეგობრობის საღამო" კონკურსის არასტანდარტული დღე იყო, სადაც ყველაზე მთავარი მშვიდობა, თავისუფლება და მეგობრობა გახლდათ... დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს, მის მთავრობას, ხალხს, რომ ჩვენს ქვეყანას ასე ეხმარებით. ერთხელაც თქვენს ქვეყანაში აუცილებლად ჩამოვალ არა როგორც კონკურსანტი, არამედ - როგორც რიგითი ადამიანი და ახალშეძენილ მეგობრებს მოვინახულებ...

image00001-2-1696188835.jpg

კონკურსზე "ასჰიონ მოდელის" ნომინაციაში ესტონეთის წარმომადგენელმა - 17 წლის ანია დორგაშოვამ გაიმარჯვა:

- ესტონეთში დავიბადე. დედაქალაქ ტალინში ვცხოვრობ. ჩემ შესახებ გეტყვით, რომ ძალიან გულკეთილი ვარ, სხვების დახმარება მიყვარს... 2 წლიდან ვცეკვავ. 7 წლიდან ვმოდელობ. ჯერ ბავშვების კონკურსში ვმონაწილეობდი, შემდეგ - მოზარდების. მერე, ცოტა ხნით პაუზა ავიღე, ახლა კი საქართველოში ჩამოვედი. კმაყოფილი ვარ, რომ აქ მოვხვდი. კონკურსანტ გოგონებთან ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობდი... საქართველოზე შეყვარებული ვარ. აქ ხშირად ჩამოვდივარ. ჩემი დიდი ბაბუა ქართველი გახლავთ. ვამაყობ, რომ ჩემს ძარღვებში ქართული სისხლია. ჯერჯერობით, ქართულად მხოლოდ სიტყვა "გამარჯობა" ვიცი, მაგრამ ვგეგმავ, ქართული შევისწავლო... თავად პატარა, ლამაზი ქვეყნიდან ვარ. თქვენგან განსხვავებით, ემოციებს დიდად არ გამოვხატავთ. თქვენ ძალიან გულთბილები ხართ... პროფესიად ქორეოგრაფობა მაქვს არჩეული. მალე გიმნაზიაში სწავლას დავასრულებ და პროფესიონალი ქორეოგრაფი გავხდები...

"ფოტომოდელის" ნომინაციაში ესპანეთის წარმომადგენელმა - 25 წლის სინტია ოსარუმვანსემ გაიმარჯვა:

- მადრიდში დავიბადე. წარმოშობით ნიგერიიდან ვარ. ამჟამად, გერმანიაში, ექთანის პროფესიას ვსწავლობ. პარალელურად, მოდელი ვარ. გერმანიაში, ერთ-ერთ ჟურნალთან ვთანამშრომლობ, როგორც ფოტომოდელი... მყავს მეგობარი ბიჭი. 2 წელია, ერთად ვართ... საქართველოში პირველად ვიმყოფები. საყვარელი ქვეყანაა. აქ მშვენიერი, გულღია ხალხი ცხოვრობს. სულ კომპლიმენტებს მეუბნებიან (იცინის)...

ეკატერინე მგალობლიშვილი, "მის და მისტერ პლანეტის" დამფუძნებელი:

- ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ კონკურსის ფინალურ შოუზე, რუსთაველის თეატრის სცენაზე დგომის პატივი მხვდა წილად. სტუმრები ისეთი კმაყოფილები არიან, რომ ამბობენ, - იანვარი როდის დადგება, ერთი სული გვაქვსო, რადგან ამ დროს, ტრადიციულად, პროექტი - "მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი" იწყება. მოგეხსენებათ, ეს პროექტი საბავშვო ფესტივალს, უფროსი თაობის წარმომადგენელთა სამოდელო კონკურსს და მოდის კვირეულს აერთიანებს... მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც "მის და მისტერ პლანეტის" კონკურსის განმავლობაში მხარში მედგა. ყველამ ერთად შევძელით, რომ ფინალური შოუსთვის 2-საათიანი პროგრამა მოგვემზადებინა. ამისთვის მხოლოდ 3 დღე გვქონდა, თან - ღონისძიებებით, ტურებით, გადაღებებით, სხვადასხვა აქტივობით დატვირთული...

ეთო ყორღანაშვილი