ნანა ცინცაძე: "პოლიტიკოსებმა ჩვენს სამშობლოზეც ისე უნდა იზრუნოთ, როგორც საკუთარ ოჯახზე!"
იმდენი რამ მოხდა, რომ ჩვენს საზოგადოებას ყველა მოვლენისთვის თვალის მიდევნებაც კი გაუჭირდა. ჩვენ ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ბევრი ქართველისთვის საყვარელი პოეტი და ექიმი - ნანა ცინცაძე გვესაუბრა.
- ხშირად ვფიქრობ: როდესაც ბერტოლდ ბრეხტი "კავკასიურ ცარცის წრეს" ქმნიდა, მიშიკო აბაიშვილის ნაცვლად საქართველოს გულისხმობდა-მეთქი. ის, რაც ჩვენს სამშობლოში ხდებოდა და ხდება, მის გაწეწას, გახლეჩას და დასუსტებას ემსახურება. შეუძლებელია ამ ყველაფერს მშვიდად, აუღელვებლად უყურო. დღევანდელი სიტუაციის გამო ან გული გეკუმშება, ან სირაქლემის პრინციპით უნდა იმოქმედო: გადასარჩენად სილაში თავი ჩაყო და იფიქრო, რომ ყველაფერი კარგადაა, თუ რა თქმა უნდა, ამას გადარჩენა ჰქვია. მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა და იმის არდანახვა, რაც ირგვლივ ხდება, ძალიან ძნელია.
- თქვენი აზრით, დღევანდელი საქართველოსთვის მთავარი პრობლემა რა არის?
- როგორც ყოველთვის, ჩვენი მთავარი მტერი ახლაც ერთმანეთის სიძულვილი და ურთიერთდაპირისპირებაა. დაახლოებით ისეთი მდგომარეობა გვაქვს, როგორიც კრილოვის ცნობილ იგავ-არაკშია აღწერილი: საზიდარს ყველა თავის მხარეს ექაჩება და ისიც, ერთი ადგილიდან ვეღარ იძვრის. დავით გურამიშვილმა, რომელმაც უმძიმესი ცხოვრება განვლო, სიცოცხლე ემიგრაციაში, უშვილძიროდ დაასრულა და თავის "დავითიანს" შვილი უწოდა, უმძიმესი სტრიქონები დაგვიტოვა: კახელების აღმა ხნული, ქართლელებმა დაღმა ფარცხესო... ახლაც იგივე არ ხდება?! რა იცვლება? - მხოლოდ საუკუნეები, სხვა - არაფერი! ერთი მხარე პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს, მეორე - პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე ოცნებობს... ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, როცა არც არავის იმპიჩმენტი იქნება საჭირო და არც არავის გადადგომა? მით უმეტეს, ახლა, როცა მთელი მსოფლიო იცვლება, როცა მმართველი ძალის სწორ გადაწყვეტილებებს და გონივრულ ნაბიჯებს ჩვენი მცირერიცხოვანი ერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?! ჩვენ თვალწინ გათამაშებული ყველა ფარსი, დრამა თუ კომედია ჩემთვის სასაცილო იქნებოდა, ეს ყველაფერი ჩემს სამშობლოს რომ არ ეხებოდეს. სასაცილო და სამარცხვინოა, როცა პრემიერზე ამტკიცებენ, ჩარტერული რეისის ფული მამამ გადაუხადაო. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმის კაცობა და პიროვნული გამბედაობა მაინც ეყოთ, რომ სიმართლე აღიარონ! დავითის სიბრძნე მაინც გაიხსენონ, რომელიც ორად ორი სიტყვით გამოიხატება: "ყველაფერი ჩაივლის". თანამდებობა კი არა, ადამიანის სიცოცხლეა დროებითი, ყველაფერი მიდის და იცვლება - ნუთუ ამის გაგება და გაცნობიერება რთულია?! მით უმეტეს, დიდი ერეკლე მეფის მხარიდან წამოსული კაცისთვის, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა უანგარობის და თავდადების სიმბოლოდ. ამქვეყნად ერთხელ ვიბადებით და ერთხელ ვკვდებით, ხომ შეიძლება ჩვენი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა ერთხელ მაინც გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ თამამად ვთქვა: ეს რა კარგი ადამიანი ყოფილა, მის გვერდით სიამოვნებით დავდგები-მეთქი!
- ჩვენს ნაკლოვანებებზე რას ფიქრობთ?
- თანამედროვე ქართველებს ორი უზარმაზარი ნაკლი გვაქვს: პირველი - არ გვიყვარს სამშობლო და მეორე - არ გვიყვარს შრომა. სამშობლო რომ გვიყვარდეს, აქ ახლა მეორე შვეიცარია იქნებოდა და ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები, ჩვენი ულამაზესი გენი საზღვარგარეთ არ გადაიკარგებოდა! კიდევ, ქართველების ნაცვლად, ჩვენს მიწაზე ამდენი უცხო, გაუგებარი წარმოშობის ადამიანი არ იცხოვრებდა. პატარა ერის ასიმილაცია ძალიან ადვილია. ამდენი უცხოტომელის ჩამოსახლება და საქართველოში დამკვიდრება ნიშნავს, რომ ჩვენი ერი განადგურებისკენ მიდის. ასეთი მძიმე პრობლემები გვაქვს და ჩვენ რაზე გვიფანტავენ ყურადღებას? - უაზრო დაპირისპირებებზე, დავიდარაბასა და იმპიჩმენტებზე, რაც ერთი დიდი ფარსია. მილევადი ერი ვართ, რომელ სკანდალებსა და იმპიჩმენტებზე ვლაპარაკობთ? თუ ასე გავაგრძელებთ, ქართველი ერი ისე გაქრება, როგორც უამრავი ერი გამქრალა დედამიწაზე.
- ნუთუ, ასე უიმედოდ ხართ განწყობილი?!
- სამწუხაროდ, ამის საფუძველი მაქვს: შედით ნებისმიერ აფთიაქში და ნახეთ ბავშვის ერთი კვირის კვება რა ღირს - მხოლოდ რძეში 80 ლარი უნდა გადაიხადო... ამ პირობებში რომელ გამრავლებასა და შვილის გაჩენაზეა ლაპარაკი?! როცა ადამიანს რეპროდუქციის პერიოდი აქვს, შვილს ვერ აჩენს და ასე გავმრავლდებით? ულამაზეს გოგონას, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა, ვეკითხები, - მეორეს როდის აპირებ-მეთქი? - მეშინია, ჯერ ამის მოვლა და უზრუნველყოფა გვიჭირს და მეორეზე როგორ ვიფიქრებთო?! აი, რა არის დღეს მთავარი პრობლემა, რომელსაც ჩვენმა სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა მიხედოს! როცა სახელმწიფო ერის გამრავლებაზე, მის კეთილდღეობაზე არ ზრუნავს და ჩვენს ყურადღებას მეათეხარისხოვან საკითხებზე ფანტავს, უკეთესს რას ველოდებით? მე ერთ ლექსში მიწერია: "რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი თუ სხვისია, ბავშვი თუ ატირდა, ქართული ჯიშია!" თუ ასე შევხედავთ, თუ ვიფიქრებთ, რომ ქართველად დაბადებული თითოეული ბავშვი ძვირფასია, რადგან ჩვენი გენის, ჩვენი მომავლის, ჩვენი სიცოცხლის გაგრძელებაა, იქნებ დემოგრაფიული პრობლემა საქართველოში ასე მწვავე აღარ იყოს.
- ბოლო ხანებში ყველაზე მწვავე "პრობლემა" ქვეყანაში ფარცხალაძის ქონება იყო...
- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ: ფარცხალაძის სახელმა და მის ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა ყველაფერი გადაფარა. თუ ის მართლა ასეთ უარყოფით როლს ასრულებდა, რატომ გაუშვეს, ხელი რატომ შეუწყვეს, რომ მის ქონებას არაფერი დაჰკლებოდა?! ფარცხალაძის ბედსა და ქონებაზე ამდენი გვალაპარაკეს და ამ დროს, ვხედავთ ჩვენი ხალხი რა დღეშია! მე თითქმის ყველა ინტერვიუში ვამბობ: მიეცით ქართველ ხალხს არსებობის და სიცოცხლის უფლება, სუნთქვას ნუ გადაუკეტავთ, თორემ ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ! სამწუხაროდ, მე ვერ ვატყობ, რომ "ძლიერნი ამა ქვეყნისა" ჩვენზე ფიქრობენ და ზრუნავენ. მეეჭვება, რომ მათ ერთხელ მაინც, ცრემლიანი თვალებით წაუკითხავთ საქართველოს ისტორია. მინდა ყველას მოვუწოდო: ადამიანებო, მოდით, შევიყვაროთ ჩვენი სამშობლო! თუ პოლიტიკაში მობრძანდით და ამხელა პასუხისმგებლობა აიღეთ, ამ ქვეყნის მომავალზეც ისე უნდა იზრუნოთ, როგორც საკუთარ ოჯახზე. საქართველოზე ისეთი გულით უნდა იყოთ შეყვარებული, როგორც დიდი ილია ან ნიკო ნიკოლაძე იყო - ეს იმერელი კაცი, გენიოსი, მართლა პირველი ევროპელი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ფოთის მერი და ამ ქალაქისთვის იმდენი სიკეთე გააკეთა, რომ იქ მცხოვრებმა გურულებმა და მეგრელებმა ძეგლი დაუდგეს - აი, ეს არის სამშობლოს სიყვარული და შენს ერზე ზრუნვა, თორემ რამდენი ათასი ევროს ღირებულების სამკაული უკეთია ან რამდენად ძვირფასი კაბა აცვია ღარიბაშვილის ცოლს - ეს ჩვეულებრივ, რიგით ადამიანს არც ადარდებს. ასი წლის შემდეგ აღარავის ეხსომება, ვის რა ეცვა ან ვის რა სამკაული ეკეთა, მაგრამ გულით გაკეთებულ, ეროვნულ საქმეს ქართველები არასდროს ივიწყებენ. იცით, რა მიკვირს? - რატომ არ ფიქრობენ, რომ "მამათა და შვილთა ბრძოლა" ყოველთვის აქტუალურია? ხომ შეიძლება მათი შვილები კარგი მამულიშვილები გამოდგნენ და საკუთარ მშობლებს დაუპირისპირდნენ ან უფრო მეტიც, მათზე უარი თქვან? ხშირად მახსენდება დიდი ილიას არაჩვეულებრივი ნათქვამი - ყოველღამე შენს თავს ჰკითხე, აბა, მე დღეს ვის რა ვარგეო. რასაკვირველია, ამაში ილიამ სამშობლოც იგულისხმა - ადამიანმა ყოველდღე უნდა ჰკითხოს თავის თავს, რა სასიკეთო საქმე გაუკეთა თავის ქვეყანას! იმავე ილიამ გენიალურად თქვა: აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისაო... თუ ქვეყანას მომავალი არა აქვს, მისი აწმყო და წარსული ცარიელი სიტყვებია; თუ წარსული ხვალინდელი დღით არ არის განმტკიცებული, მას ფასი ეკარგება და მხოლოდ ციფრების ჩამონათვალია!
- სექტემბერში საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდა იმ ფონზე, როცა ჩვენი ექიმები, მასწავლებლები, სტუდენტები, უცხო ქვეყნებში ყველაზე მძიმე, დამამცირებელ სამუშაოს ასრულებენ და წლების განმავლობაში არალეგალურად ცხოვრობენ...
- ამიტომაც ვამბობ: ცოტა დაფიქრდეს, ვისაც ეს ხელეწიფება! საკუთარ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების პირობები შეგვიქმნან და ჩვენი ნერვების, ჯანმრთელობის ხარჯზე, ისედაც ხანმოკლე სიცოცხლეს ნუ გვიმოკლებენ! თუ ხელისუფლებაში მობრძანდნენ, კეთილინებონ და ამ ხალხს, ამ ქვეყანას ემსახურონ!
- თითქოს, ჩვენი ხალხისთვის არ იყო დამახასიათებელი სიმდიდრის და ფულის გაფეტიშება, რაც ახლა ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის და რისი ბრალია ეს მანკიერება?
- სიხარბის და გაღორების. დიახ, შეიძლება ადამიანი ისე გაღორდეს, რომ ფულის გამო ყველაფერი იკადროს. თუ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილმა ინდივიდმა ეს ყველაფერი არ გაიაზრა, არ გადააფასა, მსგავს მანკიერებებს ვერ მოერევა. ჩვენ რამდენიც უნდა ვწეროთ და ვიკითხოთ, შედეგი მაინც ნული იქნება. ალბათ ამ მანკიერებების ბრალია, რომ ავირჩევთ ვიღაცას, გვგონია, ახლა მაინც გვეშველება, მაგრამ უშედეგოდ: ამდენი წელია ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. როგორც "არაჩვეულებრივ გამოფენაშია" - თავიდან გავყვირით, რომ აქედან რაღაც სასწაულს შევქმნით, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს ვაღწევთ. როგორც ჩანს, ეს ყოფილა ჩვენი ბედისწერა.
- საქართველოში არა და არ წყდება კონფლიქტი ე.წ. რუსეთუმეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის. ამ საკითხზე რას გვეტყვით?
- მედეას ეპოქიდან მოყოლებული, საქართველო ყოველთვის იყო ამა თუ იმ ქვეყნის გავლენის სფეროში, ერთმანეთს ცვლიდნენ თურქეთი, ირანი, ბიზანტია. ყველამ რაღაც წაგვართვა და დაგვიშავა, ამიტომ, მარტო რუსეთში არ უნდა დავინახოთ ჩვენი მტერი და მოძულე. ცხადია, არ ვგულისხმობ იმპერიულ რუსეთს, რომელიც მილიტარიზმის სათავეა, მაგრამ ამა თუ იმ ხალხის მიმართ სიძულვილი და რადიკალიზმი არ შეიძლება - ამის შესახებ სახარებაშიც წერია. რუსეთსაც ჰყავდა ისეთი მოაზროვნეები, რომლებიც საქართველოზე შეყვარებულნი იყვნენ. არ შეიძლება ყველაფერი ცუდი ერთ ხალხს მივაწეროთ - ეს კარგს არაფერს მოგვიტანს.
- დაბოლოს, ევროპულ ქვეყნებში არჩევნებს ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც ატარებენ და მთავრობას ხშირად ცვლიან. ხომ არ აჯობებს ქართული სახელმწიფოც ამ ყაიდაზე გადავიდეს?
- მთავრობასაც გააჩნია. თუ ქვეყნის სათავეში ისეთი ერთგული, ბრძენი და განათლებული ხალხი გვეყოლება, როგორიც ნიკო ნიკოლაძე იყო, თუ სათავეში ექვთიმე თაყაიშვილის, ანტონ კათალიკოსის ან კალისტრატე ცინცაძის დარი მოღვაწეები იქნებიან, კი არ გადავირჩევ, დავუჩოქებ, მაგრამ თუ ისეთი მთავრობა გვეყოლება, როგორიც დღეს გვყავს, ოთხი წელიც არ უნდა გავაჩეროთ! ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებს მთავრობა საქართველოსთვის. თუ ჩემი სამშობლოსთვის კარგს არაფერს აკეთებენ, მაშინ კეთილ ინებონ და მიბრძანდნენ!
დაბოლოს, არ მინდა ჩემი ინტერვიუ უიმედო განწყობით დავასრულო, რადგან იმედის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ის საზოგადოება, რომელიც აზროვნებს, რომელსაც ჭკუა მოეკითხება, ცოტა აზრზე მოვა და იფიქრებს ქვეყანაზე, რომლის შვილიცაა... ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალოთ, ამიტომ დროა გონს მოვეგოთ - ეს არის ის, რაც მინდა ვუთხრა ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს. არ ვიცი, ჩემი გულისტკივილი როგორ გადმოვეცი, მაგრამ რაც ვთქვი, ყველაფერი გულწრფელად ვთქვი - ალბათ, ამას მკითხველიც მიმიხვდება.
ხათუნა ჩიგოგიძე