ვის უძღვნიდა არიებს ზურაბ სოტკილავა - გზაპრესი

ვის უძღვნიდა არიებს ზურაბ სოტკილავა

"მე სოხუმელი ვარ, უკვე 30 წელია თბილისში ვცხოვრობ. როცა მეკითხებიან, - სადაური ხარო? ვპასუხობ: "სოხუმელი ვარ!" სოხუმელი ვიქნები, სადაც არ უნდა ვცხოვრობდე და რამდენიც უნდა ვიცოცხლო, ბოლო ამოსუნთქვამდე" - ამბობს პოეტი აზა ბასლანძე, რომელიც გახლავთ გიორგი შარვაშიძის, მაყვალა მრევლიშვილისა და შიო მღვიმელის სახელობის პრემიების ლაურეატი.

ცოტა რამ სოხუმელებზე

- ედემის ბაღში გაშენებული, ულამაზესი სოხუმი იყო სიყვარულის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ქალაქი. სოხუმში მოღვაწეობდნენ პოეტები და მწერლები: გურამ ოდიშარია, მოსე გვასალია, სერგი ქაჯაია, შოთა აკობია, გენო და რენე კალანდიები, ჯანო ჯანელიძე და სხვები. მინდა ვახსენო ის აფხაზი პოეტებიც, რომლებსაც იმ პერიოდში თბილი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ ქართველ შემოქმედებთან. ესენი იყვნენ: ვანო თარბა, ალექსი ჯონუა, ალექსი გოგუა, გიორგი გუბლია, მუშნი ლასურია, ჯუმა ახუბა, პლატონ ბებია...

მე-20 საუკუნის დასაწყისში აფხაზეთის ეპისკოპოსის თაოსნობით, რომელმაც ქართველი და აფხაზი ინტელიგენცია შემოიკრიბა, სოხუმში შეიქმნა პირველი გუნდი - „ხორო“. მას ხელმძღვანელობდა ცნობილი ლოტბარი ძუკუ ლოლუა. ამ პიროვნებამ დიდი შრომის ფასად ფაქტობრივად, მთელი აფხაზეთის შემოვლა შეძლო და დავიწყებული სიმღერები შეკრიბა, შეისწავლა. მრავალი წლის შემდეგ „ხოროს“ მიენიჭა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი.

სოხუმს ჰყავდა არაჩვეულებრივი ბავშვთა კაპელა, სადაც სხვადასხვა ეროვნების ბავშვები მღეროდნენ. მათ მრავალი ჯილდო და პრემია დაიმსახურეს, გამოდიოდნენ საბჭოთა კავშირის ქალაქებში და საზღვარგარეთაც. ყოველივე ამის შემოქმედი გახლდათ კაპელას ხელმძღვანელი, ნიჭიერი მუსიკოსი გურამ ყურაშვილი. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ სოხუმში მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა დიდი მაესტრო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ოდისეი დიმიტრიადი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ის სოხუმში მიავლინეს და მუსიკალურ სასწავლებელში სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი სოხუმში სიმფონიური ორკესტრის შექმნას, რომელიც შემდგომ წლებში დიდი წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა ქალაქის სცენაზე.

z-sotkilava-copy-1696189249.jpg

ეპიზოდი ზურაბ სოტკილავასა და მსახიობებზე

- სოხუმელი იყო ზურაბ სოტკილავა. მან ომის დაწყებამდე დაახლოებით ორიოდე თვით ადრე სოხუმში უკანასკნელი კონცერტი გამართა. ბევრი სოხუმელი მეგობარი ჰყავდა და ყოველ არიას რომელიმე მათგანს უძღვნიდა. მაგალითად, ხოსეს არიას - ერთს, კავარადოსის არიას - მეორეს, ჰერცოგის არიას - კიდევ ვიღაცას და ა.შ. კარგად მახსოვს, ბატონმა ზურაბმა რა გვითხრა კონცერტის დასრულების მერე. მის ნათქვამს პერიფრაზით გეტყვით: "მე სოხუმელი ვარ. ძალიან მიყვარხართ, სოხუმელებო. გთხოვთ, მუხლმოდრეკილი გევედრებით, ომი არ დაუშვათ". ამ დიდ მომღერალს თხოვნა ვერ ავუსრულეთ და სამწუხაროდ, სოხუმში ომი დაიწყო...

ზღვის სანაპიროს ამშვენებდა თეატრის ულამაზესი შენობა, წინ გრიფონების შადრევნით. ეს იყო სოხუმელების უსაყვარლესი ადგილი, თეატრის წინ ყველა იღებდა სურათს. საბედნიეროდ, გვყავდა ძველი თაობის შესანიშნავი მსახიობები, ისინი ცოცხლები აღარ არიან: მიშა ჩუბინიძე, ფლორა შედანია, ლეო ჭედია, თინა ბოლქვაძე, ლეო ფილფანი და მისი მეუღლე ვენერა ნეფარიძე... ლეოსa და ვენერასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, ჩვენ ერთ სახლში ვცხოვრობდით. 70-იან წლებში სოხუმის თეატრში უკვე ახალი ნიჭიერი თაობა მოვიდა. გავიხსენებ მსახიობ ლევან ლოგუას, აფხაზეთის ომის მონაწილეს, ულამაზესი ვაჟკაცი ამ ომს შეეწირა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მეუღლეები იყვნენ მსახიობები ლორინა პაპუაშვილი და ომარ ელერდაშვილი. სოხუმში ჩვენ მეზობლები და მეგობრები ვიყავით. თან ჩვენი შვილები ერთ სკოლაში სწავლობდნენ და დილით ერთად მივდიოდით ავტობუსით. მათი ერთადერთი ვაჟი ვახო ომში ჩაება თავისი ინიციატივით, ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში და თავის ორ მეგობართან ერთად ტანკში ჩაიწვა. როცა მამამ ამ უბედურების შესახებ გაიგო, სახლში მისულა, ლორინას შეატყობინა ეს ამბავი და თვითონ მე-9 სართულის აივნიდან გადაეშვა... ლორინა თბილისში ცხოვრობდა, მარტოობაში გარდაიცვალა.

marcxnidan-eteri-andrei-vaznesenski-juma-axuba-chabua-amirejibi-neli-tarba-copy-1696189275.jpg

ტრაგიკული ბედის პოეტი

- დიდებული პოეტი ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე, სამი შვილის დედა, საოცრად მომხიბლავი ქალბატონი იყო, ზღვა ხალხში გამოარჩევდით. განსაკუთრებული, დახვეწილი გემოვნება ჰქონდა. იგი უყვარდა სოხუმს. ქალბატონი ეთერის შვილები და მე, სოხუმის მე-5 საშუალო სკოლის მოსწავლეები ვიყავით. ქალბატონი ეთერი ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდა, ჩემს მშობლებთან მეგობრობდა. როცა ახალი წიგნის გამოცემას გეგმავდა, წიგნში შესატან ლექსებს დასაბეჭდად არჩევდა მამაჩემთან - შოთა აკობიასთან ერთად, რომელიც აფხაზეთის მწერალთა კავშირის ქართული განყოფილების თავმჯდომარე იყო. მე განსაკუთრებით ვუყვარდი. ჩემს ბავშვობაში გერმანული თოჯინებით არ ვიყავით განებივრებული. ეთერი დეიდამ (ასე მივმართავდი) საოცრად ლამაზი გერმანული თოჯინა მაჩუქა, რომელიც იმდენად მიყვარდა, დიდობაშიც არ ვიშორებდი თავიდან. მახსოვს, ეთერი დეიდამ საჩუქრად მომიტანა მეუღლის მიერ ჩინეთიდან ჩამოტანილი ფაიფურის ქანდაკება - ულამაზესი ქალი ხელში მარაოთი. ეს ქანდაკება ჩემს ფორტეპიანოზე იდგა მრავალი წელი და სოხუმში დარჩა... დღემდე მწყდება ამაზე გული.

ზაფხულის ერთ მზიან დღეს ვხედავ გაცისკროვნებულ ქალბატონ ეთერს ლენინის ქუჩაზე მიმავალს, ახალი ლექსების კრებულით ხელში. მე ყვავილების დიდი თაიგულით კონცერტზე მივიჩქაროდი. როცა მისი ახალი წიგნის შესახებ შევიტყვე, თაიგული გავუწოდე, არაფრით გამომართვა. ბევრი ვეხვეწე, მაგრამ ამაოდ: ეს თაიგული სხვისთვისაა განკუთვნილი და როგორ გამოგართვაო?! კარგად მახსოვს მისი გამოსვლა იოსებ გრიშაშვილის საიუბილეო საღამოზე, რა ოვაციით შეხვდა დარბაზი, თუმცა მაშინ პატარა ვიყავი. ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სტუმართმოყვარე და თბილი ოჯახი ყაზბეგის ქუჩაზე ცხოვრობდა, მასთან სტუმრობა დღესასწაულს ჰგავდა. მისი ერთ-ერთი მეგობარი პოეტი ლიდა სტვილია შესანიშნავად უკრავდა გიტარაზე, ეთერი დეიდა კი მღეროდა. ოჯახს საოცრად თბილი ურთიერთობა ჰქონდა აფხაზ მეზობლებთანაც.

როცა მტერი შემოვიდა, ქალბატონ ეთერის მეუღლე ხუტა ჯღამაძე ეზოს ჭიშკართან მდგარა. ბანდიტები ვინმე ხუტას ეძებდნენ, რომელიც ასევე ყაზბეგის ქუჩაზე ცხოვრობდა და ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა. როცა ჰკითხეს: ხუტა სად ცხოვრობსო? უპასუხა, - ხუტა მე ვარო. ამ სიტყვებთან ერთად ადგილზევე დახვრიტეს. დიდებულ ვაჟკაცს საფლავი საკუთარ ეზოში გაუთხარეს... ბოლოს ქალბატონი ეთერი სოხუმის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე შემხვდა ჭოჭუას ქუჩაზე, კვიპაროსების ხეივანში. აცრემლებულმა მკითხა: როგორ ფიქრობ, აზა, რით დასრულდება ეს ყველაფერიო? საოცრად ოპტიმისტური სურათი დავუხატე, რაშიც იმ წუთებში თავად ვიყავი დარწმუნებული. ვერ წარმომედგინა სოხუმის დაცემა...

ქალბატონ ეთერის მეუღლის მსგავსი სიკვდილი ერგო წილად... ბანდიტებს თურმე ევედრებოდა, დაერეკათ მის აფხაზ მეგობრებთან, მაგრამ გამხეცებულებს არაფერი ესმოდათ, უმოწყალოდ დახვრიტეს... უფაქიზესი სულის პიროვნებას და შესანიშნავ პოეტს, ასეთი აღსასრული არგუნა ბედისწერამ. მოგონება მინდა დავასრულო ერთი სტროფით პოეტი ქალბატონის ცნობილი ლექსიდან („ქალი“), რომელიც სიმღერად აქცია ოთარ რამიშვილმა. „ქალი ფარია, ქალი ხმალია, / შენი მხსნელი და ფარეში მუდამ... / გახსოვდეს, ქალი მაინც ქალია, / სიყვარული და ალერსი უნდა“.

omar-da-vaxo-elerdashvilebi-lorina-papuashvili-copy-1696189264.jpg

სოხუმში იყო...

- სოხუმში გვქონდა უნივერსიტეტი, საკავშირო მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, სადაც უცხოელი სტუდენტებიც სწავლობდნენ. ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი იყო დახურული ზონა, იქ მუშაობდნენ ცნობილი ფიზიკოსები. ყველამ კარგად იცის მაიმუნების „პიტომნიკი“ (სანაშენე), განსაკუთრებით ჩამოსულ სტუმრებს უყვარდათ, სულ რიგები იდგა. პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტი ატარებდა ექსპერიმენტებს ყველა ახალ წამალზე, რაც კი საბჭოთა კავშირში იქმნებოდა. არაჩვეულებრივი ექიმები გვყავდა: შესანიშნავი ნეიროქირურგი ნაპო მესხია; სოხუმელი იყო თბილისში მოღვაწე ცნობილი ქირურგი სოკრატ არშბა; ყველასათვის საყვარელი პიროვნება, ბავშვთა ექიმი თათუშა კერესელიძე - უამრავი პატარას სიცოცხლე გადაარჩინა.

სამწუხაროდ, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აფხაზეთის მწერალთა კავშირს გამოეყო ქართული განყოფილება, ასევე თეატრს გამოეყო ქართული დასი და სხვა შენობაში გადავიდა, იგივე მოხდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში... ამას დაემატა პოლიტიკოსების უგუნურება, უპასუხისმგებლობა და დაიწყო ომი... აღარ შევჩერდები ომზე, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ძალიან მტკივა გული, რადგან ათწლეულების წინ დაწყებულ უბედურებას დღემდე არ უჩანს დასასრული.

ნანული ზოტიკიშვილი