"დილას ხალხური სიმღერის მოსმენით ვიწყებ"
5 ოქტომბერი "ახალი ბანას, ვაჟთა ახალგაზრდული გუნდის" დაბადების დღეა. დაარსებიდან 2 წლის თავზე, ანსამბლი უკვე ბევრმა გაიცნო. სხვადასხვა პროფესიის მქონე ახალგაზრდები ქართულმა ხალხურმა სიმღერამ და ქართულმა საეკლესიო გალობამ გააერთიანა. მიზანიც და მისიაც ერთი აქვთ: ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის პოპულარიზაცია, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ. კონცერტის სახით გუნდის პრეზენტაცია და მსმენელთან პირველი შეხვედრა "ქალაქის თეატრში" შედგა. სატელევიზიო ეთერებისა და რადიოგადაცემების მეშვეობით, ბიჭები საზოგადოების უფრო დიდმა ნაწილმა გაიცნო. "ახალი ბანას გუნდს", 21 წლის შატო კუბათაშვილი ხელმძღვანელობს.
- ჩემი მშობლები სულ მეუბნებოდნენ, რომ შემეძლო მუსიკასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონოდა. ოჯახის წევრებს, თითქმის ყველას კარგი სმენა აქვს, მაგრამ პროფესიულად მუსიკას არც ერთი არ გაჰყოლია. როცა რაღაცას წაიმღერებდნენ, თითო ფრაზით მეც ავყვებოდი ხოლმე, ამიტომ მირჩევდნენ მემღერა, თუმცა, გარკვეული პერიოდი ამას ვერ ვახერხებდი. ბავშვობაში სპორტის რამდენიმე სახეობა ვცადე: ფეხბურთი, ცურვა, მაგრამ ერთხელაც, კიდევ ერთხელ რომ მირჩიეს, სიმღერის ნიჭი გაქვს და იქნებ სცადოო, მეც დავინტერესდი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. მახსოვს, 2013 წლის ზამთარში დავჯექი და 11 წლის ბავშვმა ინტერნეტში ფოლკლორული ანსამბლების ძიება დავიწყე. ერთ-ერთ ანსამბლში რომ დავრეკეთ, მისმა ხელმძღვანელმა ჩემს მშობლებს უთხრა, რომ ჩემთვის სიმღერის დაწყება უკვე დაგვიანებული იყო, იქნებ სხვაგან სცადოთო. მერე "მართვეს" საკონტაქტო მოვიძიე. ტელეფონით გასაუბრების შემდეგ დაგვიბარეს. ვალერი ქუტიძე მაშინ და ახლაც "მართვეს" ლოტბარი გახლდათ და როცა იქ მომისმინეს, ჩემი მონაცემი ძალიან მოეწონათ. ასე დაიწყო პირველი შეხება ხალხურ სიმღერასთან. "მართვეში" 10 წელი ვიმღერე და ამ წლების განმავლობაში სიმღერა შემიყვარდა.
აბიტურიენტობამდე ანსამბლ "შავნავბადას" ხელმძღვანელი დათო ცინცაძე გავიცანი, რომელიც დღეს უკვე ჩემთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანია. ის ბევრს უკვალავს გზას. ჩემს მასწავლებლებს რომ ვუყურებდი, მეც ძალიან მომინდა ღრმად, პროფესიულად შემესწავლა ქართული სიმღერა და შემდეგ ეს ცოდნა სხვისთვის გადამეცა. მე-12 კლასში რომ გადავედი, დათომ მითხრა და მირჩია თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, სადაც არსებობდა მიმართულება - ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გუნდის დირიჟორის სპეციალობით. ვინაიდან თეატრალურში არა მხოლოდ ჩემი პროფესიით დაინტერესებული ადამიანების გაცნობა მომიწევდა, არამედ შევხვდებოდი რეჟისორებს, მსახიობებს, ქორეოგრაფებს და ხელოვნების სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ ხალხს, გადავწყვიტე ამ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. მომზადების პერიოდში და ჩაბარების შემდეგ 4 წელი სწავლით ძალიან დაინტერესებული და დატვირთული ვიყავი. ვფიქრობ, თავი წარმატებით გავართვი.
- და უკვე ანსამბლს ხელმძღვანელობთ, მისი შექმნა-დაარსების ამბავი მომიყევით...
- 2021 წელს, ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი რომ ვიყავი, ჩემმა პედაგოგებმა დათო ცინცაძემ და მაია მიქაბერიძემ მირჩიეს, მხოლოდ სიმღერით არ დავკავებულიყავი, რომ შემეძლო გუნდისთვისაც მეხელმძღვანელა. მითხრეს, პირველი ეტაპი შეიძლება რთული აღმოჩნდეს, მაგრამ მხარში ამოგიდგებითო და ასეც მოხდა. დღემდე, როცა რჩევა მჭირდება, დასახმარებლად მათ მივმართავ. გუნდთან პირველი რეპეტიცია 2021 წლის 5 ოქტომბერს ჩავატარე. თავიდან 7-8 ბიჭი ვიყავით, ახლა კი 20 ადამიანი ვართ და ჩვენს გუნდში სიმღერის, კიდევ ბევრი მსურველია.
- თუ შეგიძლიათ ანსამბლის დაარსებიდან დღემდე, თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დღე გაიხსენოთ?
- წელს ზაფხულში კონცერტი ახალ ბანაზე გავმართეთ. აქვე გეტყვით, ბოლო რამდენიმე წელია ხაშურში, ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს ამჟამად ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ბანას ტაძრის, მრგვალი მონასტრის ანალოგია. ჩვენ სამომავლოდ ამ ტაძრის მგალობელთა გუნდად მოვიაზრებით. 9 ივლისს, ზემო სერის ტერიტორიაზე, ანსამბლ "შავნაბადასთან" ერთად კონცერტი გვქონდა და ამით ბედნიერები ვიყავით. კონცერტმა განსხვავებულ ფორმატში ჩაიარა. ამინდი შეიცვალა, გაწვიმდა და ღია ცის ქვეშ მიმდინარე ღონისძიებამ სახე იცვალა. მსმენელი სცენაზე ავიყვანეთ, ნახევარი სცენა შემსრულებელს გვეკავა და ნახევარიც მსმენელებს, რომლებიც სიმღერებს ჩვენთან ერთად ასრულებდნენ. ორივე ანსამბლი დიდი გრძნობით ვმღეროდით. ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი საღამო გამოვიდა. კონცერტი იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.
- თქვენი გუნდის რეპერტუარზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა...
- რეპერტუარი თითქმის ყველა კუთხის სიმღერისგან შედგება. საბედნიეროდ, ამ მცირე დროში თითქმის ყველა კუთხის შემსრულებელი ჩვენს გუნდში ჩამოყალიბდა. ვცდილობთ, ყველა კუთხეს თავისებური ხასიათი მოვარგოთ და ისე შევასრულოთ ეს ნიმუშები. ჩვენი რეპერტუარი დატვირთულია საგალობლებით. ვცდილობთ, საკომპოზიტორო ნიმუშები, საგუნდო ნაწარმოებები შევასრულოთ.
- შემოდგომა აქტიური სეზონია საღამოებისა და პრემიერების გასამართად. ახალ წლამდე რამე კონცერტი ხომ არ გაქვთ ჩანიშნული?
- ახლა ძირითადად სატელევიზიო ეთერებით ვართ დაკავებული. უახლოეს დღეებში გვექნება რადიოში ჩაწერაც. 10 ოქტომბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩვენი სოლო კონცერტი იგეგმება, სადაც ახალი სიმღერებითა და განახლებული პროგრამით წარვდგებით. რაც შეეხება თბილისს, სოლო კონცერტის გამართვას დეკემბერში ვგეგმავთ.
- ბავშვებთან მუშაობას აპირებთ, თუ ეს ჯერ არ არის თქვენს გეგმებში?
- ბავშვებთან მუშაობის რაღაც მცდელობები მქონია და ეს პროცესი ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, მომავალში უფრო სიღრმისეულად გავეცნობი და ამ მიმართულებით საქმიანობასაც გავაგრძელებ. 2023 წელს ბაკალავრიატი დავამთავრე და ჩემს სამომავლო გეგმებს შორის არის სამაგისტრო მიმართულებით სწავლაც, რომ ცოდნა გავიღრმაო.
- არის თუ არა რამე ისეთი, რისი თქმაც გინდათ ქართულ სიმღერაზე? რა არის თქვენთვის ფოლკლორი?
- გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის ქართული სიმღერა ისეთი ფენომენია, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება უკავშირდება და მასზეა დამოკიდებული. დილას გაღვიძებისთანავე, ხალხური სიმღერის მოსმენას ვიწყებ და ასე გრძელდება დღის ბოლომდე. ზოგჯერ რომელიმე შემსრულებლის სიმღერა მსიამოვნებს და სამოყვარულო დონეზე ვუსმენ, ზოგჯერ კი რაღაც ნიმუშია გუნდისთვის შესასწავლი და ამის გამო. საერთოდ, ვცდილობ, ყველა ჟანრის მუსიკას მოვუსმინო: კლასიკას, ჯაზს, რეპს და ა.შ. თუმცა, ხალხური სიმღერა იმდენად მიყვარს და მიტაცებს, რომ ჩემი მოსმენილი სიმღერების 90% ხალხურია. ვფიქრობ, შეიძლება ბევრი ვისწავლე, მაგრამ წინ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს ასათვისებელი, არაერთი ნიმუში მაქვს შესასწავლი და გადასაცემი როგორც ჩემი, ისე მომავალი თაობისთვის, რასაც აუცილებლად განვახორციელებ.
- რომ არა მუსიკალური სფერო, რომელი პროფესიის წარმომადგენელი იქნებოდით, დღეს რას ფიქრობთ?
- მუსიკალური სფეროს გარეშე ჩემს თავზე ვერ ვფიქრობ. შესაძლებელია ჩემი ცხოვრება ხალხური სიმღერის მიმართულებით არ განვითარებულიყო, კლასიკური მუსიკა მეცადა, მაგრამ ალბათ ასეთი ბედნიერი არ ვიქნებოდი, როგორც დღეს და ახლა ვარ. მრავალთა შორის, ქართული ხალხური და საეკლესიო გალობის მიმართულება ყველაზე მეტად მაინტერესებს და დიდი ოცნებაა, რომ ამ კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან აგურს ვდებდე მომავლისთვის.
- სასიამოვნოა იმის მოსმენა, როცა ადამიანი ამბობს, რომ თავისი საქმე დიდ ბედნიერებას ანიჭებს. დღეს და დღევანდელ ცხოვრებაში ეს იშვიათი გამონაკლისია. გისურვებთ მთელი ცხოვრება ამ განცდამ არ მიგატოვოთ...
- ძალიან დიდი მადლობა.
ანა კალანდაძე