"მამა რომ გარდაიცვალა, ძალიან ჩავიკეტე და ერთ თვეში დიდი სურათი მოვქარგე" - გზაპრესი

"მამა რომ გარდაიცვალა, ძალიან ჩავიკეტე და ერთ თვეში დიდი სურათი მოვქარგე"

ახალგაზრდა შემოქმედი ხათუნა გიგიბერია ძაფებით მხატვრობით არის გატაცებული. მართლა ულამაზესია მისი შესრულებული ნამუშევრები, რომელიც სოციალური ქსელით უამრავმა ადამიანმა მოიწონა. მულინის ძაფებით ულამაზეს პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატიურმორტებს თუ სხვა კომპოზიციებს ქარგავს. ასევე, თვითონ შეისწავლა ალმასით, ბისერებით ქარგვა და საკმაოდ ბევრი შთამბეჭდავი ნამუშევარი აქვს. ამბობს, რომ ყოველდღე ეძებს სიახლეებს. წლების განმავლობაში ისე შეისწავლა ეს საქმე, რომ ფაქტობრივად, ბავშვობის გატაცებას ფრთები შეასხა. ახლა პერსონალური გამოფენისთვის ემზადება. როგორც თავად ამბობს, არა მარტო საკუთარი თავის გამოცდა უყვარს, არამედ სხვებისთვის გამოცდილების გაზიარებაც. დაუზარლად ასწავლის კიდეც დაინტერესებულ ახალგაზრდებს ძაფით ხატვის ტექნიკას. მისი შექმნილი "ფეისბუკ"-გვერდიდანაც ჩანს, რომ ამ საქმის მიმართ ინტერესი ქალბატონებში ძალიან დიდია - ამ ჯგუფში 7000-ზე მეტი ქართველი ქალია გაწევრებული.

spiloebi-1696189737.jpg

ხათუნა გიგიბერია:

- ფოთში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. 11 წლიდან ვქარგავ, ეს ჩემი ჰობია, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ და ბოლოს, მიღწეული შედეგი ძალიან მახარებს. ჩემმა მეზობელმა - ციალა ჩაჩავამ შემაყვარა ქარგვა. არაჩვეულებრივი ქალბატონი გახლდათ, კარგი მეზობლობა გვქონდა. ჩემი მშობლები სადმე რომ წავიდოდნენ, მე და ჩემს ძმას მასთან გვტოვებდნენ. დღემდე მომყვება ის ემოცია, რასაც მის სახლში ყოფნისას განვიცდიდი. იმდენი ნამუშევარი ჰქონდა, კედლები არ ჩანდა. სულ მაინტერესებდა, როგორ აკეთებდა ამას. გაფაციცებით ვადევნებდი თვალს მის მუშაობას. ინტერესი შემამჩნია და მითხრა, - თუ გინდა, გასწავლიო. 11 წლის ვიყავი, როცა ჯვრების აგება მასწავლა. მერე პატარა ბაჭიას მოქარგვა დამავალა. გამომივიდა, აღფრთოვანდა, ძალიან შემაქო, რამაც სტიმული მომცა. დღემდე საგულდაგულოდ ვინახავ ჩემს პირველ ნამუშევარს, პატარა ბაჭიას... მერე გამიტაცა ამ საქმემ. მამა მეზღვაური მყავდა. მაშინ ასე ადვილად არ იშოვებოდა მულინის საქსოვი ძაფები და როცა მამა რეისში მიდიოდა, უკვე იცოდა, ჩემთვის რა უნდა ჩამოეტანა. დედა დღემდე ჩემი დიდი გულშემატკივარია. როცა დრო მაქვს, სულ მეუბნება, მიდი და იმუშავე, დაწყებული ნამუშევრები დაასრულეო. ყველანაირად მიწყობს ხელს. როცა გავთხოვდი და პირველ შვილზე, ლუკაზე დავფეხმძიმდი, ჩემი ხელით მოვუქარგე მას თეთრეული და ამით ბედნიერი ვიყავი. შემდეგ ნელ-ნელა შევისწავლე ალმასებითა და ბისერებით ქარგვაც, თუმცა ძაფებით მუშაობა უფრო მიზიდავს. ჩემი ნამუშევრები რომ სხვებს მოსწონთ, ეს ერთგვარი სტიმულია. ერთადერთი, გული მწყდება, რომ ქალბატონი ციალასგან ხალიჩების ქარგვა არ შევისწავლე... ერთხელ მეუღლესთან ერთად, მოსკოვში მომიწია წასვლამ და პირველად იქ აღმოვაჩინე უზარმაზარი მაღაზია, სადაც საქსოვად გამზადებული დაფები იყიდებოდა. ეს აიოლებს მუშაობას, განსაკუთრებით კარგია დამწყებთათვის, რადგან მოჰყვება ინსტრუქციაც და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისწავლოს ქარგვა. ბისერიც მოვსინჯე, მაინტერესებდა თუ გამომივიდოდა. ახლა წმინდა ნინოს პორტრეტზე მაქვს მუშაობა დაწყებული და ძალიან ლამაზი გამოდის.

namushevari-almasebit-1696189683.jpg

- თქვენს ნამუშევრებში ბევრია ეკლესიური თემა. არაჩვეულებრივია ალმასებით შესრულებული "ქრისტე", რომელიც, როგორც წარწერიდან ჩანს, სააღდგომოდ შექმენით. ასევე, შთამბეჭდავია "პირველი ზიარება", რომელზეც თურმე 3 თვე იმუშავეთ.

- ეკლესიურ თემებზე სამუშაოდ აუცილებლად მოძღვრის კურთხევა მჭირდება. სააღდგომოდ ძალიან მინდოდა ქრისტეს პორტრეტი მომესწრო და მაქსიმალურად მოკლე დროში, 2 კვირაში დავასრულე ეს ნამუშევარი, ღამითაც ვმუშაობდი. ალმასებით არის შესრულებული და ძვირფასია ჩემთვის... რაც შეეხება მეორე ნამუშევარს, "პირველი ზიარება" ძაფებითაა მოქარგული. ასევე ვიმუშავე თემაზე "დედის ლოცვა", რომელიც ჩემს ოთახშია და ძალიან მიყვარს. ახლა დაწყებული მაქვს "მამაო ჩვენოს" მოქარგვა და როცა დავასრულებ, ტაძარს შევწირავ.

jvrit-kargva-9-tvis-shedegi-1696189719.jpg

- როგორც ვხვდები, საკმაოდ შრომატევადი საქმეა და წარწერებიდან ჩანს, რომ ზოგიერთი სურათის შესაქმნელად 9 თვეც კი დაგჭირდათ...

- დიახ, ზოგჯერ დიდ დროს ვანდომებ. ძალიან შრომატევადი საქმეა. ხშირად ერთდროულად 3-4 ტილოზე ვმუშაობ. სიუჟეტს განწყობილების მიხედვით ვარჩევ. მამა რომ გარდაიცვალა, ძალიან ჩავიკეტე და ერთ თვეში დიდი სურათი მოვქარგე - ეს იყო ყველაზე სწრაფ დროში დასრულებული ჩემი დიდი ნამუშევარი. ზოგადად, სიმშვიდეში მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ვიცი, რომ ბევრი საქმე მაქვს, ხელს არ ვკიდებ... სახლში მაქვს უამრავი ძაფი, ალმასი, ბისერი... მარაგებს ვაკეთებ წინასწარ, რადგან შეიძლება მერე ის მასალა, რითაც დაიწყე, აღარ იყოს გაყიდვაში და თავს ვიზღვევ.

- როგორც ვიცი, სოციალურ ქსელში შექმნილი თქვენი გვერდი ძალზე პოპულარულია, უამრავი გამომწერი გყავთ.

- დიახ, გავხსენი ქარგვის მოყვარულთათვის გვერდი, სადაც 7000 ქართველი ქალბატონია გაწევრებული და ათასობით გამომწერი მყავს, რომელიც ამ საქმით არის გატაცებული. ერთმანეთს ვუზიარებთ იდეებს, ვაძლევთ რჩევებს. ძალზე მეგობრული გარემოა. იყო ასეთი ფაქტიც, როცა "ინსტაგრამზე" ნახა ერთმა რეჟისორმა ჩემი ნამუშევრები, დამიკავშირდა და 14 სურათი წაიღო თავისი ფილმისთვის... პერსონალური გამოფენის მოწყობას ვაპირებ ჩემს მშობლიურ კუთხეში, ფოთში და ახლა ამისთვის ვემზადები, მინიმუმ 70 ნამუშევარი მაინც უნდა მქონდეს. სურვილი მაქვს, შთამბეჭდავი საღამო გამოვიდეს, მრავალფეროვანი ნამუშევრებით წარვდგე საზოგადოების წინაშე. ამ პერსონალურ გამოფენას მამის ხსოვნას მივუძღვნი, რადგან ის ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო და ყოველთვის მხარს მიჭერდა. ყველა ჩემი შესრულებული სურათი შვილივით მიყვარს. თუ არ მომეწონა და ჩემს სულთან ახლოს არ არის, სიუჟეტს ვერ მოვქარგავ.

kriste-1696189700.jpg

- კიდევ ხომ არ გაქვთ რაიმე გატაცება?

- ციფრებით საღებავის კონცეფცია ახალი არ არის. ის საზოგადოებას ათწლეულების წინ გააცნო მხატვარმა მიქელანჯელომ და ბევრ სხვა მხატვარსაც დაეხმარა თავისი შემოქმედების გამოხატვაში. უკვე წლებია არსებობს ფერწერის ეს სტილი და საშუალებას აძლევს ადამიანს, შექმნას საკუთარი უნიკალური დიზაინი დანომრილი და ფერადი საღებავების გამოყენებით. ციფრებით ხატვა მიყვარს. ის მოსახერხებელია და ძალიან საინტერესო. ეს ტექნიკა საშუალებას გაძლევს, სასურველ შედეგს მიაღწიო. ამ მეთოდის მიზანია დაეხმაროს მხატვარს ნახატის აღქმაში საგნების ფერებისა და ფორმების მეშვეობით. ის საშუალებას აძლევს ადამიანს ფოკუსირება მოახდინოს სურათის მცირე ნაწილზე და დააკვირდეს იმ უბნებს, სადაც ფერი კონცენტრირებულია. ამ მეთოდის სარგებელი არის როგორც ესთეტიკური, ასევე ფსიქოლოგიური. პროცესი ძალიან ამშვიდებს ადამიანს. ბავშვსაც შეუძლია ისწავლოს ფუნჯების მართვა და პროფესიონალური გამოსახულებები შექმნას.

ასევე, ძალიან მიყვარს წიგნის კითხვა და მდიდარი ლიტერატურა მაქვს. დღეს ბევრი გულშემატკივარი მყავს და ეს მახარებს. თითოეული ნამუშევარი მართლა შვილივით მიყვარს. ვჩუქნი ძალიან საყვარელ ადამიანებს - იმათ, ვისაც ვიცი, რომ ამით სიამოვნებას მივანიჭებ და მერე, როცა მათ სახლში ჩემს ნამუშევარს ვნახულობ, ეს თავადაც მაბედნიერებს. ტილოებს ჩარჩოებსაც საგულდაგულოდ ვურჩევ. ჩემს შვილებს - ლუკას და ნიკიტასაც ძალიან მოსწონთ ჩემი ნამუშევრები. ლუკას ფოტო გავაკეთე მისი დაბადების დღისთვის და ძალიან ლამაზი გამოვიდა. ნიკიტას თანაკლასელი გოგონებიც დაინტერესდნენ ამ საქმით და ორ მათგანს შევასწავლე. ძალიან მიხარია, რომ დღეს ისინი ქარგავენ. ჩემი დეიდაშვილის ცოლსაც ვასწავლე და ისე მოეწონა, რომ უცებ მოქარგა. მე ვინც მასწავლა, ქალბატონი ციალა ვერ მოესწრო ჩემს ასე დახელოვნებას, მაგრამ მე მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვარ.

თეა ხურცილავა