რას მოიტანს კერძო სკოლებისთვის ახალი გადაწყვეტილებები, მიდგომები და მექანიზმები - გზაპრესი

რას მოიტანს კერძო სკოლებისთვის ახალი გადაწყვეტილებები, მიდგომები და მექანიზმები

20 სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კერძო სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ არაერთი ინიციატივა დასახელდა, რომელთა არსის უკეთ გარკვევისთვის მივმართეთ განათლების სპეციალისტს, ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტ როლანდ ხოჯანაშვილს.

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან ახალი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც მათ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავებული ახალი გადაწყვეტილებები, მიდგომები და მექანიზმები გააცნო. მოკლედ რომ გვითხრათ, რაიმე არსებითის მოლოდინი უნდა გაჩნდეს კერძო სკოლებისადმი?

- ზოგადად, განათლების სისტემაში ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია და დანაშაულიც კია, თუ ცვლილებებსა და რეფორმებს თავს ავარიდებთ. არსებით მოლოდინებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე არაფერია ისეთი, რასაც განსაკუთრებით აღვნიშნავდი.

- რეგიონის მცირეკონტინგენტიანი კერძო სკოლები ისარგებლებენ ავტორიზაციის დებულებით დადგენილი საფასურის 50%-იანი შეღავათით, ეს არაა ცოტა.

- რასაკვირველია, რეგიონის მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის ეს არაა ცოტა. შესაძლოა ზოგი სკოლის სხვადასხვაგვარი ხარჯისთვის საკმარისიც კი აღმოჩნდეს. ვიცი სკოლები, რომლებსაც სამასზე ნაკლები მოსწავლე ჰყავთ და შემოსავლებიც ძალიან მცირეა. წარმოიდგინეთ, კერძო სკოლამ 8-9-ათასლარიანი შეღავათით რამდენი რამ შეიძლება გააკეთოს: შეავსოს წიგნადი ფონდი, დაიქირაოს გამოცდილი ტრენერ-კონსულტანტები, კომპიუტერული კლასში განაახლოს ტექნიკა, ამოწუროს საოფისე საჭიროებები... ამით ერთგვარი მოტივაცია ჩნდება საგანმანათლებლო ბიზნესსექტორისთვის.

- ავტორიზაციის ციკლი განისაზღვრება 9 წლით იმ სკოლებისთვის, რომელთაც ახალი სტანდარტით გაიარეს ავტორიზაცია. ეს შეიძლება დიდ შეღავათად ჩაითვალოს?

- ვერ მივიჩნევ განსაკუთრებულ შეღავათად. ავტორიზაცია არ არის მიზანი, ის საშუალებაა, რომლითაც ვხედავთ, არის თუ არა სკოლა მზად სასწავლო მიზნების მისაღწევად. როცა მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაკმაყოფილება ხდება, ეს უკვე ავტორიზაციას პასუხობს. დაახლოებით 80-ოდე დოკუმენტია საჭირო ავტორიზაციისთვის "პასუხის გასაცემად", მაგრამ ავტორიზაცია არ უნდა იყოს საბუთების სრულყოფილების გაზომვა, სწავლა-სწავლება მოიცავს პროცესს უსაფრთხო სკოლის კონცეფციიდან შეფასებამდე და თუ ყველაფერი კარგადაა, ე.ი. ავტორიზაციის კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია! კრიტერიუმების გაზომვა და შეფასება არათუ 9 წელში, არამედ უფრო მოკლე დროში უნდა მოხდეს. შუალედური მონიტორინგი დაწყებითი საფეხურის ორივე ქვესაფეხურისთვის, ჩემი აზრით, 4 და 6 წელში უნდა ხდებოდეს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურისთვის - 3-3 წელში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ დავინახავთ საფეხურებრივად მიზნების მიღწევების ხარისხს, ვერც უკან დავაბრუნებთ დროს იმ ბავშვებისთვის, ვინც "არასტანდარტულად" გაიარა სასწავლო კურსი!

- კერძო სკოლის მასწავლებლები გათავისუფლდებიან "პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში" ჩართვის ვალდებულებისგან, ეს როგორ უნდა გავიგოთ? უქმდება სქემა?!

- სქემა რომ გავაუქმოთ, მის სანაცვლოდ რას ვთავაზობთ მასწავლებლებს? ახლახან დაუდასტურდა ასეულობით მასწავლებელს კარიერული წინსვლა და მათ რა პასუხი გავცეთ?! ან რატომ დგას დღის წესრიგში სქემის გაუქმება? სქემა არ არის ხელფასის განმსაზღვრელი, ის საზღვრავს მაღალი კომპეტენციის მასწავლებლის ვალდებულებებს და უკეთესი შედეგების მიღწევის საშუალებაა! რაც შეეხება კერძო სკოლებისთვის ამ "შეღავათის" მიცემას, ვკითხულობ, მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელი გამოცდებს უშინდება თუ საკუთარი პრაქტიკის დოკუმენტირებას? თუ ამას ვერ შეძლებს, ის არც საჯარო სკოლას გამოადგება, არც კერძოს. ამის გარდა, იქნებ გვენახა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის მესამე სტანდარტი და უკვე ვხვდებით, თუ რაოდენ უხერხულია უსტატუსობა მასწავლებლისთვის (სკოლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც არ არის მისაღები!).

- სამინისტროს მიერ მხარდამჭერ ტრენინგებზე წვდომა თანაბრად ექნებათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მასწავლებლებსო, - ასე განაცხადეს. რა იცვლება ამით?

- ძალიან ცოტა რამ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი შეთავაზებაა! მახსოვს, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ბოლო ორ თუ სამ წელს კერძო სკოლებსაც მიეცათ ეს შესაძლებლობა, მაგრამ არა მგონია, რომ დიდად გამოიყენეს. იყო მზაობა სამინისტროსგან, მიეწვდინათ ხმა ყველა პედაგოგისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხმის მიწვდენის არხები არ იყო გამართული ან კიდევ, სტერეოტიპულად მოარულ ხმას, რომ მორიგი რეფორმაც კრახით დასრულდებოდა, უამრავმა მასწავლებელმა დაუჯერა! გამოდის, რომ მაინც არასწორი კომუნიკაცია იყო სამინისტროსა და სკოლებს შორის, ვერ დაიცვა სამინისტრომ ყალბი და უკონტროლო ინფორმაციისგან მასწავლებლები!

- წლიურ სარეკომენდაციო პროგრამებს, მიზნის მიღწევის გზებსა და საშუალებებს აღარ უკარნახებს ეროვნული სასწავლო გეგმა კერძო სკოლებს...

- თავად ტერმინი "სარეკომენდაციო" უკვე გულისხმობს, რომ ის არაა სავალდებულო, ამიტომ მას გამოიყენებს თუ არა სკოლა, ეს არაა გადამწყვეტი. არც გზები და საშუალებები უნდა ვუკარნახოთ სკოლას, მიზნის მისაღწევად რას გამოიყენებს. სხვათა შორის, არც აქამდე კარნახობდა ამას კატეგორიული ტონალობით.

- კერძო სკოლებისთვის სავალდებულოდ განისაზღვრება მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის I თავი, რომელიც განსაზღვრავს სწავლა-სწავლების მიზნებსა და პრინციპებს; აქ უკვე ტონალობა კატეგორიულია!

- დიახ, ასეა. ეს კატეგორიულობა საჯარო სკოლისთვისაცაა. ეროვნული სასწავლო გეგმა სწავლა-სწავლების მიზნებს გვამცნობს და გვეუბნება, რომ მოსწავლე ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს (ე.წ. ზგემ-ის) უნდა აღწევდეს. ზგემ არის ძალიან კარგი განათლების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მიღების დღიდან (2004 წელსაა მიღებული, პრემიერ ჟვანიას ხელმოწერით) არ შეცვლილა და მასში ნათლად იკითხება, რომ სკოლამ უნდა გაზარდოს კარგი მოქალაქე! სკოლამ უნდა გაზარდოს არა მარტო აკადემიური თაობები, არამედ ჰოლისტურად განვითარებული მოქალაქეები. ყველანაირი ცოდნა კარგავს ფასს, თუ ადამიანს არ აქვს სოციალური უნარები და არ არის ემოციების მმართველი.

- ექსტერნი შეეხება მხოლოდ საფეხურის დაძლევას?

- თუ ჩვენ შედეგებს ვზომავთ საფეხურზე და არა კლასების მიხედვით, ექსტერნსაც, ბუნებრივია, საფეხურის დასაძლევად უნდა ვიყენებდეთ. ეს მიზეზშედეგობრივია.

- საკუთარი შეფასების სისტემაზე რას გვეტყვით?

- შეფასება, განათლების მიზნების ტაქსონომიის მიხედვით, ყველაზე მაღალი სააზროვნო უნარია და მას ბლუმმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. ვაღიაროთ, თუ რამე განათლების სისტემაში არის ყველაზე საყურადღებო, ესაა შეფასება. განმავითარებელი შეფასება, რომელიც შეცდომის სტატუსის შეცვლის საშუალებაცაა და მოსწავლის ავტონომიურობისა და ადეკვატური თვითშეფასების საფუძველიც, უნდა გახდეს ცალსახად უპირატესი. მშობლების თაობაც ისეთი გვყავს, რომლებიც ნიშნებზე (განმსაზღვრელ შეფასებაზე) ნაკლებად ორიენტირდება, რადგან მშობელმაც კარგად იცის, რომ ობიექტური ნიშნის დასაწერად ან დრო არ გვყოფნის, ან კომპტენცია... მასწავლებელი, რომელიც ნიშნითა და გამოცდებით მანიპულირებს, ვერ იქნება პროფესიული ვალდებულების კარგი შემსრულებელი და ასევე, მშობელიც, რომელიც შვილის ნიშნებს აკონტროლებს და არა პროგრესირების პროცესებს, აშავებს შვილის წინაშე.

- შეფასების ინტენსივობაზეც შერბილებური პოზიციაა სამინისტროს მხრიდან...

- აქ განმსაზღვრელ შეფასებას ვგულისხმობთ და არა განმავითარებელს. მოსწავლეს იმდენჯერ უნდა მივაწოდოთ განმავითარებელი შეფასება, რამდენჯერაც დასჭირდება სიტუაციურად, შეფერხებების მიხედვით. დამერწმუნეთ, სასწავლო წელს რამდენჯერმე ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოებით უფრო ობიექტური გამოდის შეფასება, ვიდრე ყოველდღე დაწერილი ნიშნებით!

365300969-6949402585084016-283663395556555253-n-copy-1696189913.jpg

- კერძო სკოლას შეუძლია, განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მე-5 კლასის მე-2 სემესტრამდეც...

- თუ მართლა გადაწყვეტს სკოლა, მეხუთე კლასის მეორე სემესტრამდეც წეროს ნიშნები, ამაში მხოლოდ მაშინ დავინახავ სიკეთეს, თუ ყველა ნიშანი დაწერილი იქნება შეფასების კვალიფიციური რუბრიკების მიხედვით! ერთი თემის ფარგლებში შესაძლოა, მასწავლებელმა ათზე მეტი აქტივობა ჩაატაროს და ათი რუბრიკის კვალიფიციურად შექმნა არაბუნებრივად მიმაჩნია! ამ პრობლემას ვხედავ ზედა საფეხურებზეც!

- კერძო სკოლებს უფლება აქვთ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები...

- ეს ადრეც ასე იყო. სამინისტრო არ ზღუდავს მასწავლებელს არჩევანში. დანიაში გრიფირებული სახელმძღვანელო არც არსებობს, მაგრამ კარგად ასწავლიან!

- არ იქნება კლასის დამრიგებლის ფორმა და ფუნქციები მკაცრად გაწერილი. გაუქმდება დამრიგებლის ინსტიტუტის არსებობის სავალდებულოობაც...

- სკოლაში არ შეიძლება მხოლოდ დამრიგებელს ჰქონდეს პასუხისმგებლობა მოსწავლეზე. ვინ იზრუნებს მოსწავლეზე, დამრიგებელი, დირექტორი თუ მანდატური, ამაზე არ უნდა იყოს აქცენტი, რადგან მოსწავლეზე ზრუნვა ყველას ვალდებულებაა! ასიოდე ლარის გამო დამრიგებლები ზღვა სამუშაოს ასრულებენ და გაზრდილი პასუხისმგებლობის ფონზე უკვე აღარავის სურს დამრიგებლობა.

- თქვენი აზრით, არსებითი რა შეიძლება იყოს კერძო სკოლისთვის?

- ვაუჩერული დაფინანსების გათანაბრება! სახელმწიფო მოსწავლეს თანაბარ დაფინანსებას უნდა ატანდეს ყველა სკოლაში. თუ მშობელი გადაწყვეტს, დამატებით გადაიხადოს შვილის განათლებისთვის, ეს არაა სახელმწიფოსთვის საფუძველი, სხვადასხვა დაფინანსება დახარჯოს მოსწავლეებზე. ასევეა ე.წ. ბუკების შესახებ. ჩემი შვილი საჯარო სკოლაში ისწავლის თუ კერძოში, რატომ უნდა იყოს გამორჩეული სიკეთეების მიწოდების კუთხით?!

- რა განაპირობებს მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდას კერძო სკოლებში?

- გარემო პირობები ახლა გადამწყვეტია. საჯარო სკოლებში ცვლების არსებობის გამო, ბევრი მშობელი შვილის განათლებაში მეტი ინვესტიციის ჩადებას ამჯობინებს. თან, როგორც ჩანს, კერძო სკოლებში არაფორმალური განათლება კარგად ინტეგრირდა ფორმალურ განათლებასთან...

ლიკა ქაჯაია