რეკომენდაციები უსაფრთხოდ ცურვის შესახებ
როგორ დავიცვათ აუზებზე უსაფრთხოების ნორმები. იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე გავრცელებული რისკები საცურაო აუზებში და რა უნდა ვასწავლოთ პატარებს უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ცურვისა და წყალბურთის მწვრთნელი, ბატონი დავით ხავთასი გვესაუბრება.
- მთელ მსოფლიოში დახრჩობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვხვდება 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში, შემდეგ - 5-9 წლის ბავშვებში. ამ ზაფხულს გახმაურდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბავშვი აუზში ან მდინარეში ჩავარდა და გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. არაერთხელ მისაუბრია, რამდენად სასარგებლოა ცურვა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. აღმინიშნავს, რომ ცურვა ჯანმრთელობისათვის ნომერი პირველი სპორტია და განსაკუთრებით აუცილებელია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რათა გაიძლიერონ ორგანიზმი და იმუნიტეტი; მნიშვნელოვანია ბავშვის სხეულის ჩამოყალიბებისა და გაკაჟებისათვის, ეხმარება მოძრაობის კოორდინაციაში, ოღონდ ცურვა უნდა ასწავლონ პროფესიონალმა მწვრთნელებმა, ყველამ რომ იცოდეს სწორად ცურვა და საფრთხეების თავიდან არიდება შეძლონ. ბავშვის ცურვაზე მიყვანა 5-6 წლიდანაა რეკომენდებული, მაგრამ გასათვალისწინებელია გარკვეული რისკები. თუ ბავშვი ქლორის მიმართ ალერგიულია, უმჯობესია, ისეთ აუზზე ატაროთ, სადაც ნაკლები ქლორია გამოყენებული. ბავშვი მარტო არ უნდა შევუშვათ ისეთ წყალში, სადაც ფსკერამდე ფეხს ვერ აწვდენს, ასევე სასურველია ხელზე ეკეთოს სამაშველო სამკლავური. ცხადია, უნდა მოვარიდოთ ისეთ საცურაო სივრცეს, სადაც ბანაობა არ არის ნებადართული; ასევე, ისეთ ადგილებს, სადაც წყლის დინება ჩქარია. განსაკუთრებით ზღვაზე, ტბაზე, სადაც ფსკერი ერთი დონის არ არის და ცვალებადი სიღრმეებია, ბავშვი წყალში შესვლას უნდა მოვარიდოთ და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ. სამაშველო ჟილეტი პატარას იცავს, მაგრამ არ შეიძლება გინდ აუზზე და გინდ ზღვაზე ის მეთვალყურეობის გარეშე დავტოვოთ. ბავშვი, რომელმაც ცურვა იცის, შეიძლება წყალში ჩავიდეს, თუმცა მხოლოდ უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ.
სხვა ბევრ ნიუანსთან ერთად გასათვალისწინებელი რისკებია წყლის ტემპერატურა, ღელვა, სიღრმე, ცვალებადი და სწრაფი დინება, წყალმცენარეები. სასურველია შევარჩიოთ მსუბუქი საცურაო კოსტიუმი, რადგან შემდეგ მას წყალი დაამძიმებს.
სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, 5-დან 14 წლამდე ფატალური დახრჩობის მსხვერპლთა 64%-ს ცურვა არ შეეძლო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ცურვის ცოდნა არ გამორიცხავს არასრულწლოვანთა აუზში შესაძლო დახრჩობას. რაც შეეხება რეკომენდაციებს, მაშველი ჟილეტის ტარება საუკეთესო საშუალებაა დახრჩობის თავიდან ასაცილებლად ყველა ასაკის ადამიანისთვის, პატარებისთვისაც და დიდებისთვისაც. 2009 წელს ნავით მგზავრობის შედეგად დაღუპულთა 84%-ს (მსოფლიო მასშტაბით) არ ეცვა სამაშველო ჟილეტი. დაიმახსოვრეთ, რომ ნავში ყოფნისას მაშველი ჟილეტები ყოველთვის უნდა ატაროთ. დახრჩობის რაოდენობის შესამცირებლად, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს წყლის უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლის საშუალებითაც ბავშვები და მოზარდები ისწავლიან ცურვასაც და იმასაც, თუ როგორ იცურაონ უსაფრთხოდ. სასურველია, მეტი რესურსი დაიხარჯოს აუზებისა და პლაჟების მაშველებით დაფარვის უზრუნველსაყოფადაც. კარგი იქნება, თუ ერთად ვიმუშავებთ დახრჩობის საფრთხის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და ვასწავლით, როგორ ავირიდოთ თავიდან უბედური შემთხვევები.
ყოველთვის უნდა ადევნოთ თვალი ბავშვებს, ისინი არასოდეს უნდა დარჩნენ უყურადღებოდ, როდესაც წყალში ან წყალთან ახლოს არიან.
ერთი ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს წყლის დამკვირვებელი. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ბავშვი შეიძლება დაიხრჩოს, როდესაც ის ვერტიკალურად დგას წყალში და თავი უკან გადახრილი აქვს. არ უნდა ითამაშონ ან იცურონ კანალიზაციის ან შეწოვის გასასვლელებთან ახლოს, რადგან ბავშვების თმა, კიდურები, საცურაო კოსტიუმები ან სამკაულები შეიძლება გაიჭედოს ამ კანალიზაციაში. ყველა ამ რეკომენდაციას თუ გავითვალისწინებთ, საფრთხეებსაც თავიდან ავიცილებთ.
ნინო ჯავახიშვილი