სალვადორ დალი და გალაკტიონი - ქვილინგის ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები 16 წლის ქარელელი გოგონასგან - გზაპრესი

სალვადორ დალი და გალაკტიონი - ქვილინგის ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები 16 წლის ქარელელი გოგონასგან

მარიამ კოპაძე ერთ-ერთია, ვისაც ქაღალდის დახვევის ხელოვნება იტაცებს და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

- ქარელში ვცხოვრობ, 16 წლის ვარ და სკოლას წელს ვამთავრებ. ხატვა ყველაზე მეტად მიყვარს და მე-11 კლასიდან ერთ-ერთ სამხატვრო სტუდიაში ვსწავლობ. დაახლოებით ერთი წელია, ქვილინგის ტექნიკით დავინტერესდი, თვითნასწავლი ვარ. პირველად ყურძნის მტევნის დამზადება მოვინდომე და რამდენიმე ცდის შედეგად გამომივიდა. მაშინ გადავწყვიტე, ამ ტექნიკის შესახებ ბევრი გამეგო და მეტი ნამუშევარი შემექმნა. ქვილინგი ქაღალდის დახვევის უძველესი ხელოვნებაა. მისი ზუსტი წარმომავლობა უცნობია, თუმცა ითვლება, რომ ძველ ეგვიპტეში მონაზვნები აქტიურად მუშაობდნენ ქვილინგის ტექნოლოგიით. ეს ერთგვარი თერაპიაა, რომელიც აძლიერებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა ნებისყოფა და გამძლეობა. ნამუშევრებს ძირითადად ღამით, 12 საათის შემდეგ ვქმნი, რადგან დღის განმავლობაში ძირითადად სხვადასხვა საგანში ვმეცადინეობ და უმაღლესში ჩასაბარებლად ვემზადები. ძირითადად ფანტაზიით ვქმნი და ვცდილობ, ყველა ნამუშევარში დადებითი ემოცია იყოს ჩადებული. მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული, უცხო და ამავდროულად შრომატევადია. ქვილინგის ხელოვნების გარდა, 2015 წლიდან ვმუშაობ 3დ ორეგამის ტექნიკით. ამ შემთხვევაში ნამუშევრის შექმნა მხოლოდ ქაღალდით ხდება და წებო არ გამოიყენება. 3დ ორეგამი არცთუ ისე პოპულარულია საქართველოში, ამ ტექნიკით ცოტაა დაინტერესებული. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს და ქვილინგის ხელოვნებაც უცხოა. გამოფენებზე ბევრი გაოცებული ათვალიერებს და ნამუშევრების შექმნის დეტალებით ინტერესდება. რამდენიმე გამოფენა მქონდა და მომავალშიც მაქვს გეგმაში. პირველი გამოფენა სკოლაში შედგა. ჩემი პირველი ნამუშევრები: "საყვავილე" და "ყვავილი" მასწავლებლებს ვაჩუქე და მას შემდეგ სკოლაში ინახება. მერე გამოფენა მქონდა ქარელში, გორში, ბათუმში. გარდა ამისა, უამრავი სხვა ჩანაფიქრი მაქვს, რომელსაც აუცილებლად ავისრულებ.

untitled3-1697022281.jpg

- როგორ გაჩნდა ინტერესი, რატომ აირჩიე ეს ტექნიკები და თუ შეხვედრიხარ მსგავსი თემით გატაცებულებს?

- არა, არავის ვიცნობ. რაც შეეხება დაინტერესებას, პირველად 3დ ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი ნათესავის სახლში ვნახე. მომეწონა. ფოტო გადავუღე და გადავწყვიტე, ინფორმაცია ინტერნეტში მომეძებნა. როცა აღმოვაჩინე, ბევრი ვიშრომე და საკუთარი თავის განვითარებაზე ვიმუშავე. საკმაოდ ბევრი ღამე მაქვს მუშაობაში გათენებული.

- სპეციალური ფურცლებით მუშაობ, თუ რა მასალას იყენებ?

- ძირითადად საკანცელარიო ფურცლებს საკანცელარიო დანით ვჭრი და შემდეგ იწყება კეცვის პროცესი. ნამუშევრებს ჩემი ფანტაზიით ვქმნი, რაც მომდის თავში, იმის აწყობას ვცდილობ. ვფიქრობ, ყველაზე კარგად პორტრეტები გამოდის, მათზე დადებითი ემოციებიც ჩანს და უარყოფითიც. ასეთებია: სალვადორ დალის, შოთა რუსთაველის, გალაკტიონ ტაბიძის, ტომი და ჯერის და სხვათა პორტრეტები.

3333-1697022263.jpg

- თქვი, ვემზადებიო. სად აპირებ ჩაბარებას?

- სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას ვაპირებ, ანიმაციის მიმართულებით, და ასევე მინდა, გრაფიკული დიზაინის კურსები გავიარო. აკრილით ტილოზე ხატვა ძალიან მიყვარს, ასევე - ფანქრებით. საერთოდ, ხატვა ძალიან მიყვარს. ანიმაციებიც მიცდია. ვფიქრობ, ეს სფერო ძალიან მომეწონება და არასოდეს მომბეზრდება.

- როგორ ფიქრობ - რა პერსპექტივა და განვითარება შეიძლება ჰქონდეს იმ ორი ტექნიკით მუშაობას, რომელზეც ვისაუბრეთ?

- არ ვიცი. ვფიქრობ, რაც მეტი ადამიანი დაინტერესდება, მით მეტი შეიტყობს ამ ლამაზი ტექნიკის შესახებ. სხვათა შორის, სწავლის სურვილი უკვე გამოთქვეს, მაგრამ დროის ნაკლებობის გამო ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია.

ანა კალანდაძე