მებაღე, რომლის დიდი შრომის შედეგად, არაჩვეულებრივი ტყე-ბაღი გაშენდა... - გზაპრესი

მებაღე, რომლის დიდი შრომის შედეგად, არაჩვეულებრივი ტყე-ბაღი გაშენდა...

წინაპრებისგან ალბათ თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც სმენია, ამა თუ იმ კაცმა წინასწარ შეიძინა სასაფლაოზე დასაკრძალი ადგილი ან ანდერძად დაიბარა, სად და ვის გვერდით სურდა სამუდამო განსასვენებელიო, მაგრამ ადამიანს რომ საკუთარი კუბო გამოეთალა, ასეთი რამ აქამდე არ გამიგონია და ალბათ, ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც მე ვიქნები...

ვატო ურუშაძე (თეოლოგი):

- ილიკო შავერდაშვილი თიანეთის სოფელ კვერნაულაში ცხოვრობდა. წარმოშობით ჩარგლიდან იყო, ახლოს იცნობდა ვაჟა-ფშაველას და მასთან მეგობრობაც აკავშირებდა. მოგვიანებით, სიბერეში ილიკო ხშირად, დიდი ემოციით კითხულობდა ვაჟას ლექსებსა და პოემებს.

ძალიან მრავალმხრივი ცოდნა ჰქონდა, განსაკუთრებით კი ორ ხელობაში - რკინის ჭედვასა და მებაღეობაში იყო დახელოვნებული. ხანში შესული, ტანდაბალი მოხუცი, ასაკის მიუხედავად ენერგიულად იდგა გრდემლთან, მუგუზალს საბერვლით აღვივებდა და თავდაუზოგავად შრომობდა, რკინისგან სხვადასხვა ნივთს ამზადებდა,

იქნებოდა ეს გუთნის ნაწილები, ცული თუ სხვა საყოფაცხოვრებო იარაღი. გარდა ამისა, თუკი სოფელში ვინმეს ურმის ბორბალზე რკინის გადაკვრა დასჭირდებოდა, მაშინვე ილიკოსთან მიდიოდა. ამ ყველაფრის გამო, მადლიერი ხალხი ოქროსხელებიანს ეძახდა, თავად კი ხშირად უთქვამს, მარჯვენა უნდა შემახმეს, თუ სოფელს არ გამოვადექიო.

ის ასევე დიდი ოსტატობით ასრულებდა მეორე პროფესიას - მებაღეობას. ილიკოს სახლი სოფლისგან მოშორებით, ტყის პირას, ულამაზეს ადგილას იყო. ეზოში საკუთარი ბუნებრივი წყარო ჰქონდა, რაც ტერიტორიის სილამაზეს ერთიორად ამძაფრებდა. ეზოში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებოდათ ხეხილის მრავალფეროვნება. ილიკოს თავისი ბაღის გარდა, ტყეშიც ჰქონდა ნამყენები, სადაც სამყნობად იყენებდა ბალამწარას, მაჟალოსა თუ პანტის ხეებს.

მისთვის მებაღეობა პაპას უსწავლებია, რომელიც ძალიან მშრომელი კაცი იყო. მას სიბერეში მხედველობა დაუკარგავს. მიუხედავად ამისა, თავის შვილიშვილს ზედმიწევნით კარგად უხსნიდა, თუ რა როგორ გაეკეთებინა და შემდეგ "ნამუშევარს" ხელით უმოწმებდა, რამდენად ხარისხიანად იყო შესრულებული.

თიანეთში მებაღეობის კულტურა ნაკლებად იყო განვითარებული. ძველი ხალხი ამბობდა, ჩვენს მამა-პაპას უბაღოდ უცხოვრიათ და ჩვენც ესე უნდა ვიყოთო. მათ უმეტესობას ბაღ-ვენახები კახეთში ჰქონდა და ამიტომ, დიდ საჭიროებას არც წარმოადგენდა, მაგრამ საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ, ხალხს მამულები რომ ჩამოართვეს, ხეხილის ადგილზე გაშენების საჭიროებაც გაჩნდა. ილიკოს ერთხელ უთქვამს, ხილმა ადამიანი არა მარტო ეზოში უნდა დაატკბოს, არამედ ტყეშიცო. სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, ველური ხეებისგან დამყნობის შემდეგ კულტურული მცენარეები მიეღო და ეს ტყეში ყოფილიყო. მალე საქმესაც შეუდგა და მოკლე დროში ძალიან ბევრი ნამყენიც გააკეთა. თუმცა, იმ დროს არაერთი არაკეთილმოსურნეც გამოჩნდა, რომელიც ამბობდა, თითქოს ილიკო შავერდაშვილი ტყეს ანადგურებდა. ამის მიზეზი კი შემდეგი იყო: დამყნობას კარგი შედეგი რომ გამოეღო, თითოეულ ნამყენს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდა. ამიტომ, ხის გარშემო საჭირო იყო წვრილი ტოტების მოჭრა-მოცილება, ამას მოჰყვებოდა დაბარვის პროცესი, სხვა შემთხვევაში ნერგი ძალიან დაიჩაგრებოდა. საჩივარმა მაშინდელი სატყეო მეურნეობის დირექტორამდე - პარმენ მუსერიძემდეც მიაღწია. საბედნიეროდ, ეს უკანასკნელი კეთილგონიერი კაცი აღმოჩნდა, საყვედურის ნაცვლად, პირიქით, ილიკო გააქეზა და მოუწოდა, თავისი საქმის კეთება გაეგრძელებინა. მომჩივანებს კი უთხრა: თქვე კაი ხალხო, ამ ოქროს კაცს საქმე უკეთებია და თქვენ რაღას ერჩითო?!

მართლაც, საბოლოოდ ილიკოს ძალიან დიდი შრომის შედეგად, არაჩვეულებრივი ტყე-ბაღი გაშენდა, რაც კოლოსალურ შრომასთან იყო დაკავშირებული. იქ 3 000 ძირზე მეტი ნამყენი გახლდათ, თითოეულს ყოველწლიურად გარშემო შემობარვა სჭირდებოდა, ზედმეტი ტოტებისგან გასუფთავება, გასხვლა და ამ საქმეს მხოლოდ ერთი კაცი - ილიკო აკეთებდა.

ილიკო შავერდაშვილის გამოყვანილი ნერგების წასაღებად მოდიოდნენ როგორც თიანეთის სხვადასხვა სოფლიდან, ისე თბილისიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც, რადგან მისი ნახელავი ყოველთვის საუკეთესო იყო.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ფაქტი, გარდა ხეხილისა, ილიკო არანაკლები ოსტატობით ახარებდა ერთწლიან კულტურებს და რაც ყველაზე საინტერესოა, ისეთ ბოსტნეულს, რომელიც თიანეთში ძალიან რთული მოსაყვანია, მაგალითად: საზამთრო, ნესვი, პომიდორი. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, დღეს თიანეთში კარგად ხარობს, მაგრამ დიდი ხანი არ არის, რაც შესაძლებელი გახდა პომიდვრის მოყვანა. კლიმატი სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ბევრად მკაცრი იყო, ამიტომ თიანეთში პომიდორი დამწიფებას ვერ ასწრებდა. როგორც ჩანს, ილიკოს განსაკუთრებული მეთოდები ჰქონდა.

შავერდაშვილის კიდევ ერთი დიდი და ნათელი მხარე იყო ის, რომ ნებისმიერ მსურველს უანგაროდ და დაუზოგავად ასწავლიდა ამ საქმიანობას და რასაკვირველია, ეს ძალიან დასაფასებელია.

მას კიდევ ერთი გატაცება ჰქონია - ნადირობა, რითაც სოფელს დიდ სიკეთეს უკეთებდა. იმ პერიოდში მოსახლეობას მგლები ძალიან აწუხებდა, სწორედ ამ მტაცებელზე ნადირობა ჰყვარებია განსაკუთრებულად. ჯამში 243 მგელი და 17 ფოცხვერი ჰყავდა მოკლული. სიბერეში, ბაღის ბოლოს, მაღალი წიფლის ტოტებზე გამოფენილი ჰქონდა 40-მდე მგლის თავის ქალა, რაც ნადირების მუზეუმის იმიტაციას ქმნიდა.

დასასრულს გეტყვით, რომ ამბობდნენ, ილიკომ საკუთარი ჩასასვენებელი თავად დაამზადა და სიკვდილამდე ინახავდაო. ეს ინფორმაცია მისმა შვილთაშვილმა, ბატონმა დავით შავერდაშვილმაც დაადასტურა. მუხის ხის კუბო ყოფილა, რომელსაც დასადგმელი ფეხები ჰქონდა. ილიკო შავერდაშვილი საკუთარი ხელით გამოთლილი, ორიგინალური ხის კუბოთი დაკრძალეს.

ანა კალანდაძე