"ხმა მღაღადებლისა" ალაზანს გაღმა მიტოვებული საქართველოდან - გზაპრესი

"ხმა მღაღადებლისა" ალაზანს გაღმა მიტოვებული საქართველოდან

ბოლო დღეებში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრულფასოვან აღდგენას საქართველოშიც მიესალმებიან. სამწუხაროდ, თბილისი-ბაქოს სტრატეგიული მეგობრობა აზერბაიჯანში, ჰერეთში (საინგილო) მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ნაკლებად აისახება. პირიქით, წლებია იქაური ქართული სკოლები დახურვის, ხოლო ეთნიკური ქართველები დანაშაულებრივი ასიმილაციის რეალური საფრთხის წინაშე დგანან. ამ თემაზე საინგილოს მკვლევრის, ჟურნალისტ სერგო კერესელიძის შეფასებას გთავაზობთ:

- 14 სექტემბერს ზაქათალის რაიონის აიდინ ბაბაევის (ძველი გვარი ქევხიშვილი) სახელობის მოსულის საშუალო სკოლის ახალი შენობის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. სკოლის გახსნას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევი, ზაქათალის რაიონის გამგებელი, შექი-ზაქათალის რეგიონის განათლების მართვის ხელმძღვანელის მოადგილე და ა.შ.

საპატიო სტუმრებს მოსულის საშუალო სკოლის დირექტორი მუსა მამედოვი, ქართული და აზერბაიჯანული სექტორების პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ გახსნის ცერემონიაზე აზერბაიჯანულთან ერთად, ქართული სიმღერებიც აჟღერდა.

აღსანიშნავია, რომ ძველი სკოლის შენობა ვერ პასუხობდა სტანდარტებს და მძიმე მდგომარეობაში იყო. ახლად გახსნილ ორსართულიან სკოლაში კი ფუნქციონირებს ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ინფორმატიკის კაბინეტები, ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა (სადაც ჯერჯერობით არც ერთი ქართული წიგნი არაა), ბუფეტი, სამხედრო მომზადებისა და სამედიცინო ოთახები. სკოლის ეზოში სპორტული მოედანიც მოეწყო.

ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულის საშუალო სკოლაში ამჟამად 487 მოსწავლე სწავლობს, აქედან 168 - ქართულ სექტორზე (სოფელ მოსულში 3000-მდე ჩვენებური ცხოვრობს. როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ სექტორზე ინგილო ქართველი მოსწავლეები იღებენ განათლებას).

margvelashvili-saingiloshi-1696190583.jpg

სამწუხაროდ, ამ საზეიმო დღეს საქართველოს შესაბამისი სტრუქტურებიდან - განათლების სამინისტროდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ჩვენს თანამემამულე ინგილო ქართველებს არანაირი მილოცვა არ მიუღიათ. ადგილობრივების მოლოდინის მიუხედავად, სკოლის გახსნას არ ესწრებოდნენ აზერბაიჯანში აკრედიტებული ქართველი დიპლომატებიც, რამაც ადგილობრივი ქართველების გულისტკივილი გამოიწვია.

იმავე დღეს - 14 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვი (რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს გარკვეული პერიოდულობით ხვდება და მათი პრობლემების მოგვარებაზეც ზრუნავს) საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელ მაგისტრანტებს, სტუდენტებს შეხვდა, გაეცნო საქართველოს აზერბაიჯანული სკოლებისა და თანამემამულეების პრობლემებს. მურადოვმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ მათი საკითხები აზერბაიჯანის სახელმწიფოს ყურადღების ცენტრშია, აზერბაიჯანის დიასპორის კომიტეტი კი სხვადასხვა პროექტს ახორციელებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის. შეხვედრაზე ისაუბრეს აზერბაიჯანის ისტორიისა და კულტურის, აზერბაიჯანული და ქართული ენების სწავლების, საქართველოში აზერბაიჯანული საკვირაო სკოლების საკითხებზეც (აღსანიშნავია, რომ საქართველოში 80-ზე მეტი აზერბაიჯანული სკოლა ფუნქციონირებს, აზერბაიჯანში, საინგილოში, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონის ქართული სოფლების სკოლებში კი უკანასკნელ ქართულ სექტორებს დახურვა ემუქრება. ყველაზე კატასტროფული სიტუაცია ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადშია, სადაც 4 სკოლიდან მხოლოდ ერთშია დარჩენილი ქართული სექტორი და ისიც დახურვის პირასაა. დაბა ალიაბადში 11 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს).

საინტერესოა, რომ ყოველწლიურად აზერბაიჯანის სახელმწიფო ათეულათასობით სასკოლო სახელმძღვანელოს საჩუქრად უგზავნის საქართველოს აზერბაიჯანულ სკოლებს, თუმცა თითქმის 15 წელია უკვე, ანალოგიურ ყურადღებას სრულიად მოკლებული არიან საინგილოში, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში არსებული სკოლების ქართული სექტორების პედაგოგები და ინგილო ქართველი მოსწავლეები.

წელს მარტში, პოსტიდან გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩთან - ზურაბ პატარაძესთან ერთად კახის მე-2 ლიცეუმს (სადაც ქართულენოვანი სექტორიც მოქმედებს) და სოფელ ალიბეგლოს ქართული სკოლას ეწვია. ბოლო ათწლეულში უკვე სამწუხარო ტრადიციად იქცა, რომ ქართული დელეგაცია აღარ ჩადის ზაქათალისა და ბელაქნის სკოლებში (უკანასკნელად საქართველოს განათლების სამინისტროს დელეგაცია ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის #1 სკოლის ქართული სექტორის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს 2014 წლის გაზაფხულზე ეწვია და სახელმძღვანელოები ჩაუტანა, მას შემდეგ კი შარშანდელი თოვლივით გაქრნენ და დღემდე აღარ გამოჩენილან).

axali-skola-1696190607.jpg

2014 წლის თებერვალში, ისტორიაში პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი ესტუმრა საინგილოს (შევარდნაძემ და სააკაშვილმა ამისთვის ერთხელაც ვერ მოიცალეს, ზვიად გამსახურდია კი საინგილოს მხოლოდ ეროვნული მოძრაობის ლიდერის რანგში სტუმრობდა, სოფელ ალიბეგლოში ქართულ ქორწილსაც კი დაესწრო და ამ მხარის ქართველებს მხარდაჭერას დაჰპირდა).

გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის დროს კახის რაიონის სოფელ მეშაბაშის ქართულ სკოლასა და კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ეკლესიას ესტუმრა და აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს შეხვდა, თუმცა ვიზიტის პროგრამაში ზაქათალის რაიონის ქართველ მოსახლეობასთან შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული.

ზაქათალისგან განსხვავებით, ვიზიტის პროგრამაში გათვალისწინებული იყო გიორგი მარგველაშვილის სტუმრობა ბელაქნის რაიონის ქართულ სოფელ ითითალაშიც, სადაც გახარებული ინგილოები საქართველოს პრეზიდენტს გვიან ღამემდე ამაოდ ელოდნენ (ბოლო მომენტში პროგრამიდან ითითალაში სტუმრობა ამოვარდა).

2019 წლის თებერვალში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესტუმრა საინგილოს. იგი ბაქოდან ზაქათალის აეროპორტში ჩაფრინდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. იმ დღეს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის სკოლებში ინგილო ქართველი მოსწავლეები და პედაგოგები დიდი სიხარულით ელოდნენ საქართველოს პრეზიდენტს (იმ დღეს პოლიციამ გზებიც გადაკეტა), თუმცა მათ იმედი ისევ გაუცრუვდათ - დელეგაცია კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს სკოლასა და წმინდა გიორგის ტაძარს ეწვია და ადგილობრივ ეთნიკურ ქართველებს შეხვდა.

2019 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ქართული სკოლის გახსნის გამო აზერბაიჯანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. იმავე წლის ოქტომბერში ალიბეგლოს ახლად გახსნილ სკოლას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიაც სტუმრობდა ქართველ დიპლომატებთან და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადამღებ ჯგუფთან ერთად და სკოლის ბიბლიოთეკას ქართული წიგნებიც გადასცა. ამ ვიზიტის დროსაც ზაქათალისა და ბელაქნის სკოლების ქართული სექტორების მონახულება გათვალისწინებული არ იყო.

საინტერესოა, რომ თავის დროზე, მინისტრის რანგში ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადს სტუმრობდნენ ირაკლი მენაღარიშვილი და ალექსანდრე (კახა) ლომაია.

"ჩვენთან ადრე მინისტრები, დიდი კაცები ჩამოდიოდნენ საქართველოდან. ბოლო 10-15 წელია რატომ დაგვივიწყეს?!" - კითხვას მისვამს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის მკვიდრი ახალგაზრდა.

"მიზეზი რა არის?! წლების მანძილზე რატომ ვერ ჩამოდიან?! სრული სიმართლის გაგება გვინდა. ჩვენ რა, ქართველებად არ გვთვლიან?!" - ასე გამოხატა გულისტკივილი ზაქათალის რაიონში მცხოვრებმა ინგილო ქართველმა, რომელსაც ამ რიტორიკულ კითხვაზე ვინმე უპასუხებს?..

გიორგი მეფარიძე