"ისე იქცეოდა, ვითომც არაფერი ჩაუდენია. მამას სხვებთან ერთად ეძებდა" - გზაპრესი

"ისე იქცეოდა, ვითომც არაფერი ჩაუდენია. მამას სხვებთან ერთად ეძებდა"

მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 28 წლის ალექსანდრე (სანდრო) ინაურს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ის ახლა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაელოდება მოსამართლის საბოლოო ვერდიქტს. ბრალდება უმძიმესია, მას წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულ შვილს, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში სანდრო ინაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით, მძინარე მამას ტყვია თავის არეში ესროლა. მიყენებული დაზიანების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ახალგაზრდა ბიჭის ჩადენილი ქმედება. მან მამა მოკლა და ამის შემდეგ, კვალის დაფარვა სცადა: მამის ცხედარი პლედში გაახვია და გვიან ღამით, საკუთარ ლურჯ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში მოათავსა, გორიდან თბილისში, ავჭალაში, ოჯახის კუთვნილ აგარაკზე მიიტანა და იქ გადამალა. მასზე ეჭვი რომ არავის მიეტანა, შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალიც მოასუფთავა. მას შემდეგ, რაც მეზობლებმა 68 წლის უშანგი ინაური მოიკითხეს, განგაში ატყდა. შვილიც ისე მოიქცა, თითქოს არაფერი იყო მომხდარი და მათთან ერთად დაიწყო მამის ძებნა. სოფელი და მთელი სანათესავო 2 დღე უშედეგოდ ეძებდა დაკარგულს. სანდროს ნათესავები მუდმივად ურეკავდნენ და კითხულობდნენ, ხომ არ იყო რაიმე სიახლე? ის პასუხობდა, რომ ეძებდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ მას ამ დროს მამა მოკლული ჰყავდა. საქმეში პოლიცია მესამე დღეს ჩაერთო. როგორც ამბობენ, დამნაშავემ თავად დარეკა 112-ში და შეატყობინა, რომ მამა დაკარგული იყო. ეტყობა, იმ იმედით, რომ მასზე ეჭვს არ მიიტანდნენ, თუმცა ძალოვანებმა უმძიმესი დანაშაული ოპერატიულად გახსნეს. მალევე გაირკვა, რომ მკვლელობა 28 წლის შვილის ჩადენილი იყო. ბრალდებულის მანქანაში ძალოვანებმა აღმოაჩინეს სისხლის წვეთები და 28 წლის სანდრო ინაური გამოჰკითხეს. დამნაშავე იძულებული გახდა დანაშაული ეღიარებინა და მათთვის გადამალული ცხედარიც ეჩვენებინა. არსებული ინფორმაციით, თბილისში, ავჭალაში აგარაკზე მან მიიყვანა და უშანგი ინაურის ცხედარიც იქ იპოვეს. კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ფიცრები, სახლის გადასახური თუნუქი და სხვა სამშენებლო მასალები ჰქონდა ზემოდან დაყრილი. შემთხვევის ადგილას დიდხანს მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მართალია, მან მოასუფთავა სახლი, მაგრამ ექსპერტიზით სისხლის კვალი მაინც ამოვიდა...

მომხდარით შეძრულია მთელი სოფელი. ხალხის თქმით, უშანგი ინაურმა შვილებს ცხოვრებისთვის ყველანაირი პირობა შეუქმნა, უყიდა ბინები, აგარაკები, მანქანა, თუმცა უმცროსმა შვილმა მამა სადისტურად მოკლა.

გია ჯალაბაძე, მერის წარმომადგენელი დიცის ადმინისტრაციულ ერთეულში:

- ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. უშანგი ინაურს პირადად ვიცნობდი, კარგი ადამიანი იყო: უწყინარი, მშრომელი. მატერიალურად არ უჭირდა და შვილებსაც ცხოვრების კარგი პირობები შეუქმნა. მეუღლე შარშან გარდაეცვალა, შემდეგ დედინაცვალიც მოუკვდა. კვირას დედინაცვალს წლისთავი გადაუხადა, იმ დღეს მისი 28 წლის შვილიც ჩამოსულა. ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, რადგან ძირითადად თბილისში ცხოვრობდა, სოფელში იშვიათად ჩამოდიოდა. როგორც ვიცი, დაოჯახებულია. სანადირო თოფიდან გასროლით მოუკლავს მამა. უშანგი ორი შვილის მამა იყო, მის უფროს ვაჟს ვიცნობ, ისიც თბილისში ცხოვრობს. მან ეს საშინელი ამბავი პოლიციისგან შეიტყო. დანაშაულის გახსნის შემდეგ სახლში ჩხრეკა რომ ჩატარდა, უფროსი შვილი ჩხრეკას დაასწრეს და მერე ისევ თბილისში წაიყვანეს. რატომ მოკლა უმცროსმა მამა, ჩვენთვის უცნობია. მეზობლებს იმ ღამით ხმაური არ გაუგონიათ. როგორც აღვნიშნე, კვირას წლისთავი ჰქონდათ და სამშაბათს არის მგონი მოკლული. მკვლელობის შემდეგ ცხედარი პლედში გაუხვევია, მანქანაში ჩაუდვია და თბილისში, ავჭალაში წაუღია. მეორე დღეს მიაკითხა მეზობელმა უშანგის სახლში, კარი ღია დახვდა. მერე დაურეკავს შვილისთვის, უშანგი არ ჩანსო. ამის შემდეგ ჩამოსულა დამნაშავე სოფელში და მეზობლებთან ერთად "ეძებდა" მამას. ისე გაითამაშა, თითქოს არაფერი იცოდა. სახლში სისხლის კვალი წაშლილი ჰქონდა. ეტყობა, მოწმინდა იქაურობა, მაგრამ კრიმინალისტები რომ მოვიდნენ, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სისხლის ნაკვალევი, ასევე მანქანიდანაც. დამნაშავე დაკავებულია. რა უთხრა მან პოლიციას, არ ვიცი. ეს არის სადიზმი.

- რამე თანხაზე ხომ არ ჰქონდათ უთანხმოება? არ იცით, რა პრობლემები იყო მათ შორის?

- მიზეზი არ ვიცით. შეძლებული კაცი იყო. 4 თუ 5 ბინა ჰქონია თბილისში, ასევე აგარაკი და აქაც კარგად ცხოვრობდა. შვილის არ იყო ეს ქონება? რატომ უნდა მოეკლა უწყინარი კაცი. უშანგის ზედმეტი ხმა სოფელში არავის გაუგონია, გაოგნებულები და შეწუხებულები ვართ. არც მამა-შვილს შორის კონფლიქტზე იციან რამე მეზობლებმა. სანადირო თოფით ჰყავს მოკლული, პოლიცია მუშაობს. ძალიან მძიმე ამბავია, სოფელში ხალხი აღშფოთებულია.

მეზობლები გაოგნებულები არიან დამნაშავის ქცევით. მათი თქმით, ამ ამბის შემდეგ სანდრო ისე იქცეოდა, ვითომც არაფერი ჩაუდენია. წარმოიდგინეთ, მეზობელთან ყავაც კი დალია. უშანგი ყველას უყვარდა სოფელში. ერთმა მეზობელმა მითხრა, კონფლიქტები ჰქონდათ თურმე მამა-შვილსო, მაგრამ რის ნიადაგზე, ეს არ ვიცი. მან ყველაფერი გააკეთა შვილებისთვის, რაც შეეძლო..."

ერთ-ერთი მეზობელი იმასაც ამბობს, ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ სანდრო სოფელში რომ გამოჩნდა, ხელში ერთი ბოთლი ლუდი ეჭირა: "საერთოდ არანაირი ხმა არ გაგვიგია. დავინახე ერთი ბოთლი ლუდი მოიტანა, თან იცინოდა, ამ დროს კი თურმე უკვე მოკლული ჰყავდა კაცი. ძეხვი და ლუდი უყიდია, ეტყობა მოშივდა. სახლში იყვნენ მამიდა და ნათესავები, უშანგის ეძებდნენ. მერე გავიგეთ, რომ შვილმა მოკლა".

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მხოლოდ ის განმარტა, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ჯერჯერობით არ აპირებს. მას საქმის ირგვლივ არაფერი უთქვამს, დუმილის უფლებას იყენებს. თუმცა, როგორც ჩანს, საქმეში დევს მისი თავდაპირველი გამოკითხვის ოქმი. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის თქმით: "არაერთი უტყუარი მტკიცებულებაა საქმეში. პირველ რიგში, მისი მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სისხლის კვალი, საგამოძიებო ექსპერიმენტია ჩატარებული ბრალდებულთან, რომელმაც დეტალურად მიუთითა ყველა იმ გარემოებზე, რა გარემოებაშიც ჩაიდინა დანაშაული. საქმეში ასევე არის ვიდეომასალა, არაერთი დათვალიერების ოქმი, არაერთი ამოღებული ნივთმტკიცება, მოწმეთა ჩვენებები".

ამის პარალელურად. ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე მოსამართლეს პატიმრობის ალტერნატივად 10.000 ლარი შესთავაზეს. მართალია, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, თუმცა ადვოკატები შეეცდებიან, საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალოს. ისინი სადავოდ ხდიან საკითხს, რომ მსხვერპლს ეძინა. ჯერჯერობით არ სახელდება უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მიზეზი. ამაზე საუბრისგან ყველა თავს იკავებს. ერთ-ერთი ვერსიით, საქმე ქონებრივ დავას ეხება. ჩვენ დავუკავშირდით ბრალდებულის ადვოკატ შოთა მენელიძეს. ის ირწმუნება, რომ მამა-შვილს შორის ხშირად იყო კონფლიქტი, თუმცა ამას უარყოფს სანათესავო. ისინი ამბობენ, რომ მათ შორის არსებულ კონფლიქტზე არაფერი იცოდნენ.

შოთა მანელიძე, ადვოკატი:

- მძიმე იყო ბრალდებულის ფსიქოემოციური მდგომარეობა. ფიზიკურად ვერ შეძლო მან პროცესზე რაიმეს თქმა. ჩემი ჩართვის შემდეგ ოფიციალური ჩვენება საქმეში არ დაფიქსირებულა, მანამდე გარკვეული ჩვენებები და მოქმედებები განხორციელდა.

- ფაქტია, მან მიიყვანა პოლიცია იმ ადგილას, სადაც ცხედარი იყო.

- ერთი რამ შემიძლია გითხრათ, გარკვეულ ადგილებზეა მიყვანილი ბრალდებული და მოქმედებები ჩატარებულია მისი მონაწილეობით.

- რა კონფლიქტი იყო მამა-შვილს შორის?

- დეტალები არ არის ცნობილი, თუმცა ცხონებული მამამისის მხრიდან ამ ბიჭის მისამართით რომ არ იყო ჯანსაღი ურთიერთობა, ეს ცხადია.

- რას გულისხმობთ? იქნებ გვიამბოთ, რა მოხდა იმ ღამით?

- დეტალებში ვერ შევალ. დრო მოვა და თავად ისაუბრებს, მაგრამ ერთს გეტყვით, კეთილგანწყობილი ურთიერთობა არ ჰქონდათ. მე ვთვლი, რომ გარკვეული წინა პირობა არსებობდა.

aleqsandre-inauri-1696833774.jpg

- ამბობენ, რომ ქონებრივი დავა ჰქონდათ. შვილი მამას ქონების გაფორმებას სთხოვდა.

- არ შემიძლია კონკრეტული პოზიცია დავაფიქსირო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არ იყო მათ შორის კარგი ურთიერთობა და ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ზოგჯერ მეტად მწვავდებოდა, ზოგჯერ ნაკლებად. კარგა ხნის ისტორია ჰქონდა ამ კონფლიქტს.

- სანათესავო ამბობს, რომ კონფლიქტზე არაფერი სმენიათ.

- შეიძლება მთლიანად სანათესავომ არ იცოდა, მამა-შვილს შორის რომ უთანხმოება იყო.

- იმას რითი ხსნის, რომ მალავდა დანაშაულს?

- მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და დეტალები არ გამივლია. განცდებშია, ჩემთან საუბრის დიდი სურვილი არ ჰქონდა. თვითონ მითხრა, პროცესზე არაფრის თქმა არ შემიძლიაო. ალბათ მომავალში ეცდება თავისი სიმართლის დადასტურებას - რა ფორმით, ეს მისი გადასაწყვეტია.

- იარაღი ამ ბიჭის იყო?

- ოჯახის იარაღი იყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის სახლი, სადაც ბიჭი ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა დოლიძეზე, მამამისის კუთვნილება გახლდათ. როგორც ვიცი, ამ სახლიდან წაიღო მამამ სოფელში ეს იარაღი. მოკლულიც იქვე, დოლიძეზე, მეორე ბინაში, ცალკე ცხოვრობდა, სანდრო კი ცალკე.

- მეზობლები ამბობენ, რომ მამამ შვილებს ყველანაირი პირობები შეუქმნა, ყველაფრით უზრუნველყოფილი ჰყავდა სანდროც. მაშინ, რატომ მოკლა მამა?

- ეს ბიჭიც შრომობდა და წვალობდა. თავის ცოლ-შვილს არჩენდა, რკინიგზაში მუშაობდა. არ იყო უსაქმური და ისეთი, საერთოდ რომ არ აინტერესებთ ოჯახი. ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, სენსიტიური თემაა.

- გამოძიების მტკიცებით, მან მძინარე მამა მოკლა.

- გამოძიება ამბობს, ეძინა მოკლულს და ამ დროს მოხდა მკვლელობაო. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ბევრი რამეა გასარკვევი. ბევრი კითხვა მაქვს, ეტყობა მორალური კუთხითაც უნდათ ძალოვანებს ცუდ პიროვნებად წარმოაჩინონ ჩემი დასაცავი. ჯერ გამოძიებაა ჩასატარებელი, ბევრი რამ შეიძლება გაიცხრილოს. ამას ვხდით სადავოს, რომ მძინარე საწოლში მოკლეს. საწოლში რომ იყო სისხლის კვალი, ეს არ გულისხმობს, აუცილებლად მძინარე იყო, მაგრამ ბრალდებამ ასე ჩამოაყალიბა ბრალი.

- რაიმე ფსიქიკური პრობლემები ხომ არ აქვს ბრალდებულს?

- ასე ცალსახად არ იკვეთება, მაგრამ პრაქტიკაში მიღებულია, რომ ასეთ დროს ფსიქიკურ ექსპერტიზას ნიშნავენ. პროკურატურა ამბობს, რომ ჩატარდება ექსპერტიზა.

- მოწმის სტატუსით როცა დაიკითხა, როგორც ჩანს, დანაშაული აღიარა, რის საფუძველზე ითხოვდით თქვენ მძიმე ბრალდებით დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას?

- ალტერნატივის სახით დავაყენეთ გირაოს შუამდგომლობა, მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონდა ილუზია, მას გირაოთი გამოუშვებდნენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ფაქტობრივ მოცემულობას არ ვეთანხმებოდით. რაც შეეხება გამოკითხვის დროს აღიარებას, მსგავსი მომენტები არის საქმეში, მაგრამ როგორ ფსიქიკურ მდგომარეობაშიც ის იყო მაშინ, რთული აღსაქმელია ჩემთვის, სრულად რეალისტური იქნება თუ არა მისი ჩვენება. არ ვამბობ, რომ ძალადობით მიიღეს მისგან ჩვენება, მაგრამ თვითონ იყო დიდი სტრესის ქვეშ. მალევე დააკავეს, ფაქტობრივად მესამე დღეს. თავს უფლებას არ მივცემ, ახლა იმაზე მეტი ვისაუბრო, რისი თქმაც მიზანშეწონილია. მიმდინარეობს გამოძიება...

მოსამართლე დავით მაკარაძემ ბრალდებული ციხეში გაუშვა. თქვა, რომ სანდრო ინაურის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და სხვა დანაშაულის ჩადენის მაღალი რისკი არსებობს. სახელმწიფო ბრალდება დარწმუნებულია, რომ მათ მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები შვილის დანაშაულის უტყუარობაზე მიუთითებს. რატომ გაიმეტა შვილმა მამა სასიკვდილოდ, ამ კითხვაზე პასუხი ალბათ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ჩვენ ასევე შევეცადეთ დავკავშირებოდით ნათესავებს. ბრალდებულის ბიძაშვილი ამბობს, რომ ყველა შოკირებულია და მას არაფრის თქმა არ სურს. ისიც სხვებთან ერთად ელოდება გამოძიების დასრულებას.

თეა ხურცილავა