"სისხლში მოცეკვავესთან" დაკავშირებით, ექვს თვეში ორი შემოთავაზება მივიღე"
ქეთი იმერლიშვილი რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. სწორედ ემიგრაციაში ყოფნისას გაუჩნდა შესაძლებლობა, პირველი საავტორო წიგნი გამოეცა, რასაც მომდევნო ნაშრომების დაბეჭდვაც მოჰყვა და ერთ-ერთი მათგანი, ამერიკელი ფსიქოლოგის რჩევით, რომელიც "სისხლში მოცეკვავის" სიუჟეტით დაინტერესდა, ინგლისურადაც ითარგმნა, ახლა ამერიკაში და ინგლისში არსებულ წიგნის მაღაზიებში, ასევე ონლაინპლატფორმებზე აქტიურად ნაწილდება....
- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში მოთხრობებსა და ლექსებს ვწერდი, მწერლად ჩამოყალიბება არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი. ემიგრაციამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და აბსოლუტურად სხვაგვარი საკუთარი თავი გავიცანი. ჩემი პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, რაზე ფიქრის დროც საქართველოში არ მქონდა, სწორედ იმას დავუთმე აქ დრო. უცხო სოციუმთან შერწყმამ ბევრი რამ გადამაფასებინა და მოვლენები თავისით, ბუნებრივად განვითარდა ისე, რომ დღეს სამი საავტორო წიგნის ავტორი ვარ და დროდადრო, ლიტერატურულ პერიოდიკაშიც ვაქვეყნებ პროზას.
აშშ-ში ცხოვრებისას ბევრ საინტერესო პიროვნებას შევხვდი. აქ იმდენად დიდი სოციუმია განსხვავებული გამოცდილებებით, კულტურით, ცხოვრების წესებითა და მრავალფეროვნებით, რომ თითოეული ახალ ინფორმაციას გიზიარებს. ქართველი და სხვადასხვა ეროვნების ემიგრანტებისა და ამერიკელების თანაცხოვრების შესახებ დაგროვებული ამბები დოკუმენტურ მასალად ავკინძე და ასე შევქმენი პირველი წიგნი. ამას მოჰყვა დეტექტიური რომანი "სისხლში მოცეკვავე", რომლის ქართული და ინგლისური ვერსიის შექმნას თავისი ისტორია აქვს. მერე კი, ოთხმოციანი წლების და ახლანდელ თბილისურ, ორ გახმაურებულ ამბავზე შექმნილი წიგნი "სა-ზღვარი" გამოვეცი.
"სისხლში მოცეკვავე" ემიგრანტების კონკურსისთვის შექმნილი მოთხრობის - "გოგონა ვარდისფერი პუანტებით" გაგრძელებაა. "ემიგრანტის წერილი" - ასე ერქვა კონკურსს, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ გაგრძელდა. გული დამწყდა, რადგან საფინალო ეტაპზე იყო გადასული და გამარჯვებულები ვერ დასახელდნენ. მეუღლესთან ამ თემაზე ვსაუბრობდი. უცებ მითხრა, შეიძლება მოთხრობას კარგი გაგრძელება ჰქონდესო. - როგორი-მეთქი? - მთავარი პერსონაჟი მოვკლათო. ჯერ გამიკვირდა, მაგრამ როცა მოთხრობის სავარაუდო დეტექტიური ჟანრის სიუჟეტი აღმიწერა, იდეა მომეწონა. საკმაოდ რთული სამუშაო აღმოჩნდა, მაგრამ ეს ამად ღირდა. წიგნმა მოკლე დროში ბევრი მკითხველი შეიძინა. შეიძლება ითქვას, "სისხლში მოცეკვავით" გამიცნეს.
ერთ დღეს ჩემს ამერიკელ მეგობართან, როდა ენდერსონთან "სისხლში მოცეკვავის" შინაარსზე ვსაუბრობდი. როდა პროფესიით ფსიქოლოგია და იმდენად მოიხიბლა, მითხრა, - აუცილებლად უნდა ითარგმნოს! შეუძლებელია, უცხოური გამომცემლობები ამ რომანით არ დაინტერესდნენო. თარგმნაში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, მსოფლიო ბანკის სინქრონისტი და მთარგმნელი, ლელა აბდუშელიშვილი დამეხმარა, როდამ კი დიალოგები ამერიკულ რეალობას მოარგო. შემდეგ ნაშრომი რამდენიმე საგამომცემლო სახლს გავუგზავნე. ექვს თვეში ორი შემოთავაზება მივიღე და საბოლოოდ არჩევანი Olympia Publishers-ზე შევაჩერე.
ძალიან სკრუპულოზურები ყოფილან ბრიტანელი გამომცემლები. საოცარი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თითოეულ საკითხს, კონტრაქტს, შინაარსს, წიგნის გარეკანზეც კი ხელი მომაწერინეს, რომ პრეტენზია არ მქონდა.
ახლა წიგნი იმ ეტაპზეა, რომ ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში ნაწილდება. იმედი მაქვს, უცხოელები ქართველი მკითხველებივით მოიწონებენ ამ წიგნს.
ლიკა ქაჯაია