"ყოველთვის შეგიძლია იპოვო დრო და საშუალება, რომ შენს პატარა ოცნებას დიდი ფრთები შეასხა" - გზაპრესი

"ყოველთვის შეგიძლია იპოვო დრო და საშუალება, რომ შენს პატარა ოცნებას დიდი ფრთები შეასხა"

"3 წლის წინ, როცა ეს საქმე დავიწყე, ვერც წარმოვიდგენდი, თუ ბაზრის დაახლოებით 70 პროცენტს დავიკავებდი, თუ ჩემი ხელნაკეთი ნივთები თბილისში ყველაზე მაღალ გრანტს მიიღებდა, თუ ხალხს დავასაქმებდი, თუ მომხმარებლის უდიდეს ინტერესს გამოვიწვევდი, თუ ჩემს ვიდეოებს 20 ათასზე მეტი ნახვა ექნებოდა... და ეს ყველაფერი დღეში 24-საათიანი შრომის შედეგია", - ამბობს ნათია გოგიტიძე, რომელიც სადა ჭურჭელს პოლიმერული თიხით, ათასგვარი ყვავილითა და ფერით რთავს. როგორც აღნიშნავს, მის ქართულ ხელნაკეთ ნაწარმს საზოგადოებისთვის ბევრი ცნობილი ადამიანი უანგაროდ უწევს პოპულარიზაციას და ეს მეტ სტიმულს აძლევს.

- პროფესიით ექიმი ვარ. 10 წელზე მეტი ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის ბრენდ-მენეჯერად ვმუშაობდი, მაგრამ პანდემიის პერიოდში, 7 თვის ორსულს სამსახურის დატოვებამ მომიწია. ამის შემდეგ ძერწვა დავიწყე. სამი შვილის დედიკო ვარ. უფროსი შვილი გარდაცვლილი მყავს. ორ მცირეწლოვანს ვზრდი, 4 წლის გაბრიელს და 2 წლის ერეკლეს. ეს საქმე ერეკლეზე ორსულად ყოფნისას დავიწყე. ვამბობ ხოლმე, რომ ის თანადამფუძნებელია - როგორც დედას მომცა სტიმული და ძალა, მეკეთებინა ის, რაც ჩემთვის უღრანი ტყე იყო.

3-1696840947.jpg

- თავის დროზე პროფესიული არჩევანი როგორ გააკეთეთ?

- ჩემი პროფესიული არჩევანი, დედაჩემის გადაწყვეტილება უფრო იყო. ჰუმანიზმი, რომელიც ამ პროფესიას ახასიათებს, ჩემთან ახლოსაა, მაგრამ თავს უფრო მენეჯმენტის მიმართულებით ვხედავდი. ძალიან მიყვარს ჩემი ძირითადი პროფესია, ამ სფეროში როგორც თევზი წყალში, თავს ისე ვგრძნობ და ვფიქრობ, რაც უნდა ვაკეთო, ეს მენეჯმენტია, მაგრამ ჩემი ამჟამინდელი საქმიანობაც არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდა. არასდროს, სკოლის პერიოდშიც კი ვერ ვძერწავდი. გარდა ამისა, ვფიქრობ, ვერც ფერებს აღვიქვამ და შეხამების უნარიც არ მაქვს.

- ჰო, მაგრამ ეს საქმე როგორ დაიწყეთ?

- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პანდემიის დროს შევიძინე პოლიმერული თიხით გაფორმებული ჭიქა. ნაკეთობა იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, მეც მეცადა. ჯერ ჩემთვის დავამზადე, შემდეგ მეგობრებისა და ახლობლებისთვის. ყველას იმდენად მოსწონდა, რომ დაახლოებით 2 თვეში მივედი გადაწყვეტილებამდე, ეს საქმიანობა ბიზნესის წყაროდ მექცია. მე ხომ ვფიქრობ, რომ ფერების განსაკუთრებული აღქმა არ მაქვს, არადა, სოციალურ გვერდზე ჩემი 25 ათასამდე გამომწერიდან ყველა აღნიშნავს, რომ ჩემს ნამუშევრებში საოცარი ფერთა შეხამებაა. მართალია, ამას ბოლომდე ვერ ვიაზრებ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, თითოეულ ყვავილსა და ფურცელში დიდ სითბოს ვაქსოვ. ადამიანები მთელი გულით არჩევენ საჩუქრებად და მეც მინდა ასეთივე დამოკიდებულებით დავუმზადო მათ ნივთი. ალბათ ეს სითბო ფერებზეც აისახება.

- ოჯახში არც მხატვარი გყოლიათ ვინმე და არც ბავშვობაში გქონიათ ხატვასთან რამე სახის შეხება?

- არა, არასდროს. ბნელი 90-იანი წლების პერიოდის წარმომადგენელი ვარ და სკოლაში ხატვის გაკვეთილებიც კი არ მიტარდებოდა. მხატვრობასა და ძერწვასთან არანაირი კავშირი არ მქონია, მაგრამ დღეს რომ მითხრან, სხვა რამ უნდა ვაკეთო, ამ ეტაპზე ეს ვერ წარმომიდგენია. საოცარი ემოცია მოაქვს როგორც სამუშაო პროცესს, ისე მომხმარებლის რეაქციას. მადლობა პანდემიას (იღიმის). 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობ. 2-3 საათიც კი არ მაქვს დასასვენებლად, შაბათ-კვირასაც ვმუშაობ და სხვა დასვენების დღეებშიც.

5-1696840971.jpg

- თითო-თითო ნივთის დამზადების შემდეგ, პოლიმერული თიხით სერვიზების გაფორმებაზე გადახვედით, ხომ? როგორ განვითარდა სამუშაო პროცესი?

- დიახ, ასე იყო. თითო-თითო ნივთით დავიწყე და ახლა უმეტესობა სერვიზია. ჭურჭლის ნაკრებს დაბადების დღეებსა და ქორწილებზე სასაჩუქრედ იძენენ. ხშირად ვგზავნი საზღვარგარეთ, ჩვენს ემიგრანტებთან... გასულ წელს პროექტ "აწარმოე საქართველოში", თბილისში ყველაზე მაღალი გრანტი მოვიპოვე. როცა განაცხადს ვავსებდი, პატარა ხელში მეჭირა და მჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდი. პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ, მეორე ეტაპის მოსამზადებელი ტრენინგები ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა. დანარჩენი მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ, როცა ჩემი ბავშვები ჭირვეულობდნენ ან ჟრიამულობდნენ და მათი ხმა ტრენინგის მსვლელობისას ვიდეოჩართვაში ისმოდა. ჩემს წინააღმდეგ განწყობილები ამბობდნენ, - ეს ქალბატონი ხელს გვიშლის, ბავშვები დააწყნაროსო. მოგვიანებით პროექტის ორგანიზატორები ჩემთან მოვიდნენ და ყველაფერი რეალურ სივრცეში ნახეს. მათი წასვლის შემდეგ, რატომღაც ვიფიქრე, რომ გრანტს არ მომცემდნენ, მაგრამ დაახლოებით 1 თვეში დამირეკეს და მითხრეს, რომ სრულად დავფინანსდი. თავიდან ყველა სამუშაო პროცესი ჩემს პატარებთან ერთად მიმდინარეობდა. სამუშაო მასალა პიანინოს თავზე მქონდა გაშლილი, ბავშვებს რომ არ დაეზიანებინათ, რამე არ აეღოთ. ავჭალაში კერძო სახლი გვაქვს. სახელოსნოც იქვე, ეზოში ავაშენეთ. თან ჩემს პატარებს ვუვლი და თან იზოლირებული მაქვს ჩემი გარემო, სადაც მომხმარებლის მიღებაც შემიძლია. ახლა უკვე "ნამდვილი", ფერადი სახელოსნო მაქვს, 3 ადამიანი დავასაქმე კიდეც: 1 კურიერი და 2 ქალბატონი, რომელიც ისეთ ე.წ. შავ საქმეში მეხმარება, როგორიც არის: გამოწვა, გახეხვა, დაწებება და ა.შ. ვყიდულობ სერვისს და მას სხვადასხვა ყვავილით ვაფორმებ. ჩვენ დიდი მასშტაბის, პირველ ქართულ ხელნაკეთ სერვიზებს ვქმნით და სამომავლოდ გაფართოებასაც ვაპირებ. მინდა კერამიკის საწარმოც მქონდეს. შესაბამისი დანადგარი საკმაოდ ძვირი ღირს. ამ ეტაპზე შეძენის შესაძლებლობა არ მაქვს და ვფიქრობ, ისევ მივიღო მონაწილეობა პროექტში "აწარმოე საქართველოში" და თუ ესეც დამიფინანსდა, ჭურჭლის დამზადებას მაშინ უკვე ჩემი გემოვნებით შევძლებ.

- ვფიქრობ, თქვენი ამბავი სხვა ქალბატონებისთვის დიდი მოტივაცია იქნება...

- იმედია ასე იქნება. მთავარია არასდროს გაჩერდე, არაფერმა დაგაბრკოლოს. ყოველთვის შეგიძლია იპოვო დრო და საშუალება, რომ შენს პატარა ოცნებას დიდი ფრთები შეასხა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს საქმიანობაში ქართული ბაზრისთვის განსხვავებული დეტალები მაქვს შემოტანილი: თანხას წინასწარ არავინ იხდის. თუ მომხმარებელს პროდუქტი არ მოსწონს, შეუძლია დააბრუნოს. თუ ნივთი დაზიანდა, ასევე ვიბრუნებ. მაქვს უფასო საკურიერო მომსახურება. ნივთს მაღალმთიან რეგიონსა და სოფლებში თუ ვგზავნი, მასალისა და ტრანსპორტირების გათვალისწინებით, ჩემი მოგება მხოლოდ 2-3 ლარია და ამაზე მუშაობა არ მიღირს, მაგრამ სოფლად მცხოვრები ხალხის მიმართ ჩემს ღრმა პატივისცემას გამოვხატავ. მიუხედავად იმისა, რომ 1 ჭიქაზე მუშაობას საკმაოდ ბევრი დრო მიაქვს და მარკეტინგულად უფრო მომგებიანია სერვისებზე მუშაობა, 1 ჭიქის შემკვეთისთვის უარი არასდროს მითქვამს. ჩემთვის ყველა მომხმარებელი სტუმრად მოსული ღმერთია და ამას მთელი გულით ვამბობ.

4-1696840961.jpg

- სამომავლო გეგმებზე უკვე მითხარით, რომ საკუთარი დიზაინით გსურთ ჭურჭლის დამზადება, კიდევ რამეა?..

- შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ თუ ხატვის სწავლა შეიძლება, მინდა ეს გავაკეთო (იღიმის). თუნდაც მცირე კურსი გავიარო და ამ კუთხითაც მოვსინჯო ძალები. ათასი ტექნიკაა, ათასი გზა, რომელიც ვფიქრობ, ცოდნასა და გამოცდილებას შემმატებს, ფერების უკეთ აღქმაში დამეხმარება.

- და თქვენი საყვარელი ფერი რომელია?

- წითელი. მინდა ჩვენს რეალობაში ბევრი წითელი და ყვითელი შემოვიტანო. ჭიქა ხომ ისეთი აქსესუარია, რომლის თანხლებით იწყება დილა, მისი საშუალებით ყავას ან ჩაის ვსვამთ. ამიტომ ვფიქრობ, ბდღვრიალა და პოზიტიური ფერი უნდა იყოს. თუმცა, ბევრ ქალბატონს ღია ცისფერი მოსწონს და ყვავილებიდან - კესანე. სოციალურ ქსელში ხშირად გათამაშებასაც ვაწყობ და დიდი სურვილი მაქვს, ყველა ის მომხმარებელი გავახარო, ვინც დიდი ხანია ჩემი ნაკეთობების გულშემატკივარია, მაგრამ ვერ ყიდულობს.

ანა კალანდაძე