რაში ეხმარება ქუჩის მუსიკოსობა დამწყებ მომღერალს - გზაპრესი

რაში ეხმარება ქუჩის მუსიკოსობა დამწყებ მომღერალს

რატი სიმონიასთვის სიმღერა საუკეთესო საშუალებაა საიმისოდ, რომ უკეთ გამოხატოს თავისი გრძნობები, თქვას სათქმელი. უსმენს ლედ ზეპელინის, დიფ ფარფლის, ქართველებიდან კი მამუკა ჩარკვიანის სიმღერები უყვარს. თუმცა, არ აქვს გადაწყვეტილი, საბოლოოდ რომელ მიმართულებას აირჩევს. ჯერჯერობით სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ემზადება.

- დავიბადე ქალაქ სენაკში, 2003 წელს. ჩემს ოჯახში არავინ მღერის, დედა დიზაინერია, მამა რკინიგზაში მუშაობს. როგორც ხდება ხოლმე, ბაღში სხვა ბავშვებთან ერთად მეც მამღერებდნენ, რაც ძალიან მომწონდა. მესამე-მეოთხე კლასში ვიყავი, როცა აკაკი ხორავას სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში შემიყვანეს და აქედან დაიწყო ჩემი მუსიკასთან ურთიერთობა. თავიდან სიმღერაზე მეტად, ის უფრო მსიამოვნებდა, პედაგოგები რომ კარგად მაფასებდნენ და მოსწონდათ ჩემი ნამღერი. 10-15 წლის ასაკში ვმონაწილეობდი რამდენიმე კონკურსში, სადაც პირველ-მეორე ადგილებზე გავდიოდი, მაგრამ რაიმე მასშტაბურ მუსიკალურ პროექტში არასდროს მიმიღია მონაწილეობა. მეათე კლასში თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად და ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე, ვოკალის განხრით. ნიჭიერთა ათწლედში სწავლის პარალელურად, მომღერალ მზია დავითაშვილის მოსწავლე ვარ. როგორც იცით, ქალბატონი მზია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი გახლდათ. ჯერჯერობით კიდევ არ მაქვს გადაწყვეტილი, საბოლოოდ რა გზას ავირჩევ.

- როგორც საუბრისას მითხარი, ერთხანს ქუჩაშიც მღეროდი, ასეა?

- 3-4 წლის წინ იყო ასეთი პერიოდი, მშობლებმაც არ იცოდნენ ამის შესახებ. ერთ-ერთმა ტელევიზიამ სიუჟეტიც გააკეთა ჩემზე. ჟურნალისტი შეესწრო, მე და ჩემი მეგობარი რომ ვმღეროდით, მოეწონა, გამოგველაპარაკა და ინტერვიუს ჩავწერო, - გვთხოვა. მუსიკალური სასწავლებიდან გამოსული ქუჩაში ვმღეროდი ხოლმე. სხვა მომღერლებიც გავიცანი - თორღვა (რომეო ლუტიძე), ანდრია მშვიდობაძე და კლასიკური ვოკალის გარდა, ის ჟანრიც მომეწონა, რასაც მღეროდნენ. მომწონდა სტუდიებში სიმღერის ჩაწერის პროცესიც და ზოგჯერ მეც ვიპარებოდი ხოლმე მათთან ერთად. ვთვლი, რომ დღესდღეობით ქუჩა ყველაზე დიდი სცენაა ახალბედა მომღერლებისთვის.

- შენი აზრით, რას სძენს ქუჩის მუსიკა ხელოვნებას, ქალაქს?

- ქალაქს ალამაზებს, მომღერალს კი გამბედაობას სძენს და სცენისთვის ამზადებს. ბევრი რამ არის ისეთი, რაც შეიძლება სცენაზე სიმღერის დროს ვერ შეამჩნიო და დაინახო, მაგრამ აქ არ გამოგეპარება. ქუჩაში სიმღერის დროს დაძაბულობა გეხსნება. შეიძლება ისეთმა ადამიანმა გაიაროს, ვისაც მუსიკა საერთოდ არ ესმის, მაგრამ მაინც ჩერდება და გისმენს. ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არა, თუმცა ეს ნაკლებად გაღელვებს - მღერი და არ ფიქრობ იმაზე, ყველა გისმენს თუ არა, უფრო შენი სიამოვნებისთვის აკეთებ ამას.

იყო უსიამოვნო შემთხვევებიც. ბევრჯერ ღამის საათებში, ცენტრალურ ადგილებში რომ ვიდექით, შენიშვნა მოუციათ და უთქვამთ, ხმას დავუწიეთო; პოლიციაშიც დაურეკავთ, არადა, ქუჩის მუსიკოსებისთვის ეს განვითარების ერთადერთი გზაა. ყველა ხელოვანი ცდილობს, რაღაც ახალი შექმნას. საქართველოში კი შოუბიზნესში წარმატებას რომ მიაღწიო ან ძალიან უნდა გაგიმართლოს, ან ვიღაც მხარში მდგომი გყავდეს. გემოვნებიანი მუსიკის შექმნა აუცილებელია და რაც უფრო მეტს შესთავაზებენ, მეტად დაიხვეწება მსმენელის გემოვნებაც და მხოლოდ სუფრული სიმღერები აღარ მოეწონება.

- კიდევ რას გვეტყვი შენ შესახებ?

- ძალიან მიყვარს ფეხბურთი და როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ვთამაშობ. კვარაცხელია ვერ ვარ, მაგრამ ეზოს ბავშვებს ვატყუებ ხოლმე. მაინტერესებს საზღვარგარეთის ქვეყნების ისტორია, უფრო მეტად, ინგლისისა და საფრანგეთის, ასევე, იტალიის. ბევრი რამ ვიცი ამ ქვეყნების შესახებ.

- სამომავლო გეგმებზეც მითხარი, რას აპირებ?

- ნიჭიერთა ათწლედში სწავლის შემდეგ კონსერვატორიაში მინდა ჩაბარება. ამ ეტაპზე შემოთავაზებები მაქვს რესტორნებიდან, მაგრამ როდესაც კლასიკური ვოკალის განყოფილებაზე სწავლობ, არ შეიძლება, მუდმივად საესტრადო სიმღერები შეასრულო. საერთოდ, დრამატული ბარიტონი ვარ, იშვიათია ეს ხმა. ქალბატონი მზია ხუმრობით მეტყვის ხოლმე, ლუჩანო პავაროტი 6 სექტემბერს გარდაიცვალა, შენ კი 6 სექტემბერს დაიბადე და თუ დამიჯერებ, ისეთ კარგ მომღერლად გაქცევ, პავაროტის ჩაანაცვლებო. არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ სამომავლოდ საავტორო სიმღერების შექმნაზეც ვფიქრობ. რასაც ვგრძნობ, სიმღერით უკეთ გადმოვცემ და მგონია, კიდევ უფრო მეტს ვიტყვი საავტორო სიმღერების საშუალებით.

- წარმატებებს გისურვებ!

ნინო ჯავახიშვილი