"ცოტა არ იყოს, მეშინია კიდეც, ვაითუ ვეღარც ვიცნო თბილისი" - გზაპრესი

"ცოტა არ იყოს, მეშინია კიდეც, ვაითუ ვეღარც ვიცნო თბილისი"

ნინო დარბაისელი-სტრონი - ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურის მცოდნე, კრიტიკოსი, პოეტი, მთარგმნელი - აშშ-ის მოქალაქეა. ცხოვრობს ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში. ვფიქრობ, მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერე.

- ჩვენს ჟურნალს "გზა" ჰქვია, გზა კი უკიდეგანო დროსა და სივრცეშია განფენილი. კაცობრიობის გენეზისიდან მოყოლებული, ყველანი საიდანღაც მოვდივართ და სადღაც მივემართებით... საიდან მოდიხართ თქვენ?

- მე ჩემი ოჯახისა და ახლობლების გარემოში, მთელი ცხოვრება ვარ ერთი გუგულივით ადამიანი, თაფლი და შაქარი! რომ მოვკვდე, ჩემი სიტყვით ან საქმით ვერავის ვაწყენინებ, ვინც გინდა იყოს. საახლობლოს გარეთ - პოეტი და ლექსმცოდნე-კრიტიკოსი ვარ, ხანდახან ისეთი ენამწარე, რომ ყოფილა შემთხვევა, საკუთარი თავის შემშინებია. რა ვქნა, როცა საქმე ჩემს ეროვნულ ღირებულებებს ეხება, დაუნდობელი ვხდები. პირადად ჩემზე, ვისაც რა უნდა, ის თქვას, მართლა არ მაღელვებს, პირიქით, ეს რაღაცნაირად მართობს კიდეც.

...ახლა რომ ვიხსენებ, მოსაყოლი ცოტა როდი მქონია, მაგრამ რაც პოეზიის ფორმატში არ მომიქცევია, ანუ ოფიციალური ნაწილი ჩემი ბიოგრაფიისა, ძალიან მოკლედ, ასე გამოიყურება: როგორც უმრავლესობამ, დავამთავრე უნივერსიტეტი. დავიცავი დისერტაცია თავისუფალ ლექსზე. ჯერ მასწავლებლად ვმუშაობდი შემოქმედ ბავშვებთან „პიონერთა სასახლეში“, მერე გამომცემლობა „მეცნიერების“ მთავარი რედაქტორი ვიყავი. ასევე, „კავკასიური სახლის“ დირექტორის მოადგილე გახლდით, ბოლოს - „გალაკტიონის კვლევის ცენტრის“ სწავლული მდივანი.

- რამ გადაგაწყვეტინათ აშშ-ში გამგზავრება?

- ძალზე დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომელნიც ამ ქვეყანაში მოდიან და ფიზიკური შრომით ცდილობენ, ფინანსურად ყოფა შეუმსუბუქონ საქართველოში დარჩენილ ახლობლებს, მაგრამ ისინი სამხრეთს - ტენესი, სადაც მე ვცხოვრობ, არ ეკარებიან. ამერიკა დიდი და მრავალფეროვანია. ჩემკენ "ბიბლიურ სარტყელში“ არ არის ის სამუშაო, რომელიც მათ სჭირდებათ.

აქ როგორ მოვხვდი და, ჩემმა შვილმა, როგორც გაცვლითი პროგრამით ჩამოსულმა მოწაფემ, აქ დაამთავრა ჯერ სკოლა, მერე უნივერსიტეტი, აქვე გათხოვდა და შვილიშვილების გაზრდაში ვეხმარებოდი. ამერიკაში საბოლოოდ გადმოსვლაზე დაახლოებით თხუთმეტი წელი თავს ვიკავებდი და ორ ქვეყანას შორის, ცაში ვიყავი გამოკიდული. არც საქართველო მეთმობოდა, არც ჩემი სამუშაო, მაგრამ ასაკში რომ შევედი, დადგა დრო, უნდა გადამეწყვიტა, სად მერჩივნა ყოფნა. გადავწყვიტე, ჯობია ამერიკამ (ოჯახმა) შემინახოს და საქართველოს, ჩემს სფეროს - ქართულ ლიტერატურას ვემსახურო, ვიდრე საქართველომ ვერც შემინახოს და ვერც ისე ვემსახურო, როგორც შემიძლია-მეთქი. უნდა ვაღიარო, არ იყო ადვილი ეს გადაწყვეტილება.

- მეუღლეზეც გვიამბეთ...

- გათხოვება გადავწყვიტე მას მერე, რაც მივხვდი, რომ შვილიშვილებს უკვე ისე აღარ ვჭირდებოდი და უმჯობესი იქნებოდა, მეც საკუთარი ოჯახი მქონოდა. იმ წრეში, სადაც მე ვტრიალებ, ეს ამბავი ასეა მოწყობილი: იტყვი, მინდა ოჯახი შევქმნა, ჩაეწერები დასაოჯახებლების კლუბში, შეავსებ ანკეტას, დაურთავ ფოტოს, აირჩევ შემოთავაზებული ვარიანტებიდან, ვინც მოგწონს; შეხვდები რამდენსაც გინდა და თუ რომელიმეს მოეწონე, თავსებადები ხართ, ოჯახიც შეიქმნება.

...როგორც ჩანს, ქმრის არჩევის სფეროში გემოვნება არ დამეწუნება (იღიმის): რაკი ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ჩემი ამოსარჩევი იყო და ანკეტა უნდა შემევსო, მოთხოვნებში სულ საუკეთესო რამეები ჩავწერე, თან ბოლოში მივაწერე: გთხოვთ, ნაკლებს ნუ შემომთავაზებთ-მეთქი. მართლაც, ჩემი მეუღლე დოქტორი პოლ სტრონი ქირურგია, "ჯენერალ დენტისტრის“ (ზოგადი სტომატოლოგია) აკადემიკოსი. გაყიდა პრაქტიკა და ახლა, როგორც "სენიორ სიტიზენები“, მოგზაურობით ვხალისობთ.

- და მოგზაურობიდან დარჩენილი შთაბეჭდილებები ხშირად პროზად ან პოეზიის ნიმუშებად იქცევა ხოლმე, არა? რომელმა მოგზაურობამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

- ამ თვის დასაწყისში დავბრუნდით გრანდ კანიონიდან და ვფიქრობ, გინესის წიგნში შესატანი რეკორდი დავამყარეთ. თოთხმეტ დღეში შვიდი ნაციონალური პარკი მოვიარეთ... სახლში გვყავს ორი კატა - ორი ყოვლად უზრდელი არსება: ნიბლზი და პედრო (ეს აუცილებლად აღნიშნეთ, რა, რადგან ამწუთას ნიბლზს დავპირდი, - მომშორდი აქედან, ლეპტოპზე ბეჭდვაში ხელს ნუ მიშლი, თორემ ყველას გავაგებინებ შენს ამბავს-მეთქი). გვაქვს დიდი საკუთარი სახლი საუკეთესო ადგილას, ოთხივე მხრიდან დიდი ეზოთი. თავად ვუვლით ყველაფერს. ერთხელ "ფეისბუკზე" ჩვენი ყვავილებიანი ეზოს ფოტო დავდე და ერთმა მეგობარმა დამიწერა, ნამდვილი სამოთხეაო. ვუპასუხე: ამ სამოთხისთვის ორი ადამიანი დღე და ღამე, ჯოჯოხეთურად ვშრომობთ-მეთქი.

ჩემი შვილის ოჯახი, ჩვენგან ამერიკული სტანდარტებით, ძალიან ახლოს ცხოვრობს, ქართულით - ალბათ შორს. მანქანით რვა წუთი მინდა მასთან მისასვლელად, მაგრამ სახლში პრაქტიკულად არასოდეს არიან, ყველას თავისი საქმე აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ მთელ მსოფლიოში საუკეთესო სიძე მყავს და რაც კი კარგი ანეკდოტი შემხვდება სიდედრზე, თავად ვასწავლი. რაკი ამას ხშირად მეკითხებიან, ბარემ თქვენთანაც ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ჩემმა შვილიშვილებმა ქართული არ იციან და ჩემი შვილიც ვერ ლაპარაკობს გამართულად, რადგან მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ამერიკელია. რას ვიზამთ, რეალობაა ასეთი!

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღარ იმყოფებით, აქტიურად ხართ ჩართული ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაში. როგორც იტყვიან, მის მაჯისცემაზეც კი გიდევთ ხელი. თქვენი კრიტიკული წერილები, პოეტური თარგმანები და ლექსები ხშირად ქვეყნდება სხვადასხვა გამოცემაში. ასევე, ინტერნეტის აქტიური მომხმარებელიც ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ მუდმივად შეიგრძნობდეთ სამშობლოს „ამინდს“. მითხარით, როგორია საქართველო შორიდან? შინ - მწარე და გარეთ - ტკბილია მართლაც თუ სხვაგვარადაა?

- საქართველოში მიმდინარე რეალური პროცესების შესახებ ინფორმაცია სრულად ვერ მექნება. ალბათ ამიტომაცაა, რომ უფრო ფაქტებსა და ლოგიკას ვენდობი, ვიდრე ინტერპრეტაციებს და რაკი არ „ვიხარშები“ იმავე თბილისურ „ქვაბში“, დისტანციური ხედვის პირობებში ვიქმნი წარმოდგენას ყველაფერზე. ამას მრავალ ღირსებასთან ერთად, ის ნაკლი აქვს, რომ შეიძლება რაიმე გარემოებამ ვერ მოაღწიოს ჩემამდე და ვერ გავითვალისწინო. იქნებ ამიტომაც, მუდამ მზად ვარ, შევიცვალო აზრი, თუკი ისეთი ახალი გარემოება გამოჩნდა, რომელიც ჩემთვის უცნობი იყო, მის გარეშე კი დასკვნა სწორი ვერ გამომივიდოდა.

- თქვენ თარგმნით რუსულ და ინგლისურენოვან პოეზიას. ზოგიერთი მათგანი, თუ არ ვცდები, ჩვენი ჟურნალის ლიტერატურულ ჩანართშიც დაბეჭდილა. მაგალითად, მაგონდება უილიამ ბლეიკის თქვენეული ვერსია: "ქვიშის ნამცეცში მოიხილო მთელი სამყარო, ველურ ყვავილში - მთელი ცათა სასუფეველი, უსასრულობა ხელის გულზე ქვიშად გეყაროს, საათში იგრძნო მარადისი ყოვლისმძლეველი". - შესანიშნავია.

- მადლობა კეთილი სიტყვისათვის. ჩემთვის თარგმნა ლიტერატურული საქმიანობის ის არაძირითადი სახეა, რომელსაც მივმართავ ორ შემთხვევაში: თუ რაღაც ძალიან მომეწონა და მინდა მკითხველ-მეგობრებსაც გავუზიარო და თუ რაღაც დროითი პაუზა მაქვს ლექსის და კრიტიკული წერილის ან გამოკვლევის წერაში, კითხვის საშუალებაც არა მაქვს და ლიტერატურული საქმიანობა კი მენატრება.

- განსაკუთრებულ სიამოვნებას რომელ ავტორთან შეხება განიჭებთ? და თუ გამოგიციათ პოეტური თარგმანების კრებული?

- პოეტური თარგმანების კი არა, თხუთმეტი წელია, საკუთარი ლექსების კრებულიც არ გამომიცია. აზრს ვერ ვხედავ. ჩემი შთამომავლობა ვერასოდეს წაიკითხავს და ქართველ მკითხველს ის ავტორებიც ეყოფათ, რომელიც ბლომად ჰყავთ.

amerikeli-emigranti-1696841683.jpg

- ვიცი, რომ პროზაზეც მუშაობთ. მოთხრობების, მცირე ოპუსებისა და ესეების ავტორადაც გვევლინებით. რაიმე უფრო დიდის დაწერაზე ხომ არ გიფიქრიათ?..

- რაც შეეხება ჩემს პროზაულ ტექსტებს, ძირითადად მსუბუქ ჟანრში ვმუშაობ: მახვილგონივრული სიუჟეტები, ტვისტები, იუმორი და ეგეთი რაღაცები მაინტერესებს. ვწერ თბილისში მყოფი დედაჩემისთვის, ნათელასათვის, რომელსაც ხუმრობით "ფეისბუკის ლომს“ ვეძახი. ირიჟრაჟებს თუ არა, დაუყვება ნაცნობ-უცნობების გვერდებს და გულებს უტოვებს. ღამე ვწერ და დილისთვის ამ პატარ-პატარა პროზებს ვახვედრებ, რომ ერთ დაჯდომაზე გაერთოს. ჩემი პერსონაჟები ძირითადად ჩვენი საერთო ნაცნობები არიან. ჩემი ტექსტების მოცულობა ასე, ხუთ ნაბეჭდ გვერდამდეა. მოცულობით უფრო დიდი პროზაული ნაწარმოების დაწერაზე არ მიფიქრია... თუმცა ერთხელ, ზამთრის გასაყვანად ვწერდი დეტექტივს გაგრძელებებით, დედაჩემისთვის.

- აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ მცირე კონკურსებსაც უძღვებით სოციალური ქსელების მეშვეობით, რითაც ახალ ავტორებს საკუთარი უნარის გამოვლენის საშუალებას აძლევთ. თუ შესაძლებელია, ორიოდე სიტყვით ამ თემასაც შევეხოთ.

- ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი საქართველოსგან ასე ფიზიკურად დაშორებას. არ მექნებოდა საშუალება თუნდაც "აგორას" - ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ვირტუალური ცენტრის დაარსების და არც ამდენი კონკურსის ორგანიზების. მინდა ვთქვა, რომ კონკურსი საუკეთესო საშუალებაა ამა თუ იმ სფეროს ინტენსიური განვითარებისათვის. ცხადია, თუ იგი პატიოსნად ტარდება. ამიტომ ვცდილობ, ჩემი ჟიური პატიოსანი პროფესიონალებისგან შედგებოდეს. მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომელნიც უსასყიდლოდ მიდგანან მხარში.

- ცალკე აღნიშვნის ღირსია თქვენი "ავდარიანული ციკლი". მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს: თემა, რომელიც წამოიჭრა პაოლო იაშვილის ფსევდონიმის - ელენე დარიანისა და რეალური პერსონის - ელენე ბაქრაძის გაიგივების თაობაზე. ვგონებ, ამ ამბავმა ლიტერატურის მოყვარულთა დიდი გამოცოცხლება გამოიწვია. როგორ თვლით, იქნებ, როგორც პოლიტიკაში, ისე ლიტერატურაში, ზოგჯერ ამგვარი აზრობრივი დაპირისპირება უფრო მატებს ინტერესს იმას, რაც უკვე დიდი ხნის დავიწყებული და ძველია? თქვენ ხომ ამ თემაზე გამართული პოლემიკის აქტიური მხარე აღმოჩნდით? "ცისფერყანწელებს" თქვენს ნაწერებში დიდ ყურადღებას უთმობთ...

- რაკი ამ თემაზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი და გულიც იქით მიმიწევს, ხოლო საჟურნალო ინტერვიუს ფორმატს თავისი მოცულობა და ლიმიტები აქვს, უმჯობესია, ასე ვთქვა: არსებობენ ჩვენი, ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის მიმხმარებლები და ასევე არსებობენ მომხმარებლები. ხომ სულ ერთ ასოშია სხვაობა, არა? კონცეპტუალურად დიდი უფსკრულია.

პირველი ტიპის ადამიანები (და მათ შორის თქვენი მონა-მორჩილი) ცხოვრობენ რეალური თუ ილუზორული აზრით, რომ რაღაცით ხელს უწყობენ, ეხმარებიან მშობლიურ ლიტერატურას. მეორე ტიპის ადამიანები, რომელთა სიმრავლე აშკარად თვალში საცემია ამ ბოლო დროს, ლიტერატურულ მემკვიდრეობას უდგებიან როგორც უცხოეთში სარფიანად გასასაღებელ, მათთვის შემოსავლის მომტან სფეროს. იმის მიხედვით ანიჭებენ ამა თუ იმ ლიტერატურულ მოვლენას ნამდვილსა თუ ყალბ "სასაქონლო სახესა თუ იერს“, თუ როგორ უფრო კარგად მიჰყიდიან უცხოელ დამფინანსებელს... ასე მოხდა პაოლოს ლექსების ციკლის „დარიანული დღიურების“ შემთხვევაშიც. სჭირდებოდათ უცხოელ ფემინისტებს - ჰაინრიჰ ბიოლის გერმანულ ფონდს - კაცის უკან დამალული ნიჭიერი ქალის აღმოჩენა და იხდიდნენ კარგად ამაში?! - კი ბატონო, "უანგარო" ქართველი ავტორები არას დაგიდევდნენ, რომ ამ ლექსების ავტორმა პაოლო იაშვილმა დღისით, მზისით, სწორედ საკუთარი ღირსების გამო, მწერალთა სახლის შენობაში, სანადირო თოფით, თავისი ერთადერთი და განუმეორებელი თავი მოიკლა (გაგახსენებთ ლ. ბერიას ცინიკურ სიტყვებს პაოლო იაშვილზე: "ეს არის პროვოკაციული თვითმკვლელობა“); პაოლო იაშვილი გამოიყვანეს სხვისი ლექსების მიმთვისებლად, პლაგიატორად, ანუ ქურდად, მოძალადედ, რომელიც ზურგს უკან ნიჭიერ ქალს მალავდა და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, არ უნდა ამომეღო ხმა?..

377208415-1201552110785589-1708809943375254258-n-copy-1696841669.jpg

- ქართველები, ზოგიერთ სხვა ერთან შედარებით, მთელ მსოფლიოში დიდი დიასპორით ვერ დავიკვეხნით. თქვენ თუ გაქვთ აშშ-ში მცხოვრებ ემიგრანტებთან რაიმე შეხება ან ურთიერთობა ამერიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან?

- ტენესიში, სადაც მე ვცხოვრობ, ქართველი არასოდეს შემხვედრია. ნიუიორკელ ნაცნობებთან სატელეფონო ურთიერთობა მაქვს. ერთხელ ნიუ-იორკში მივდიოდი და "ფეისბუკზე" დავდე პოსტი: „ალივ გარდენში“ ვეპატიჟები ყველას, ვისაც ჩემთან შეხვედრა უნდა-მეთქი. გამომეხმაურნენ, მოვალთო და თუ იცით, რამდენი მოვიდა? - არც ერთი. საათზე მეტხანს ველოდე, გული ამომიჯდა და ვტიროდი. მერე ერთმა ახლობელმა ამიხსნა: არ გეწყინოს, იქ რომ ერთი სადილის ორმოცდაათ დოლარს შენ გადაუხდიდი, თითოეულს შეიძლება მოსვლა ხუთასი დოლარიც დასჯდომოდა: ჯერ მოსავლელი მოხუცი უნდა დაეტოვებინათ, ვინმე შემცვლელი ეპოვათ და მისთვის ამაში ფული გადაეხადათ; მერე სილამაზის სალონში ხომ უნდა მოწესრიგებულიყვნენ და ზოგს იქნებ ტანსაცმელიც ჰქონდა შესაძენი; ახლა ტაქსით მოსვლა-წასვლა როგორია და რა ჯდებაო... იმის მერე, ასეთ რაღაცას აღარ ვცდილობ. დღემდე მადლიერი ვარ შესანიშნავი პოეტის - მანანა ფრუიძისა, რომელმაც ფლორიდაში, იმხელა მანძილზე ჩამომაკითხა. ახლა თვითონაც, როგორც ვიცი, ნიუ-იორკშია.

- აპირებთ დაბრუნებას საქართველოში?

- თორმეტი წელი ხდება, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ და არა იმიტომ, რომ არ მენატრება... თან, ცოტა არ იყოს, მეშინია კიდეც, ვაითუ ვეღარც ვიცნო თბილისი. ჯერ მარტო გალაკტიონის ძეგლთან რომ მივალ ვაკეში, იმ რაღაც ორმოში ჩამდგარს და შენობებშემოჯარულს რომ ვნახავ, მერე გვერდით, პიედესტალით გასაყიდ მანქანამიდგმულს რომ შევხედავ, ძალიან უნდა გავმაგრდე, რომ ეს გადავიტანო... წლების წინ საქართველოში წასვლა რომ გადავწყვიტე და უკვე "ჩემოდნებზე ვიჯექი", კოვიდპანდემია დაიწყო, თვითმფრინავის ბილეთის ფული დღემდე არ დაუბრუნებიათ; მერე იყო და, ისევ გავემზადეთ და ახლა უკრაინის ომი წამოგვეწია. ორი კვირით, ტურისტულად მინდოდა ჩასვლა, თორემ ამერიკულ, კარგ, საუკეთესოდ ორგანიზებულ ყოფას რომ დაეჩვევა ადამიანი ამ ხანმოკლე ცხოვრებაში, მერე საქართველოში - მაგ მუდმივ რია-რიაში უფრო დიდი ხნით გაძლება ალბათ, ყველას გაუჭირდება. თან, მე ამერიკის მოქალაქე ვარ. ბოლომდე ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საჯარო ფიცით ვიტვირთე.

ფიზიკურად, ამერიკაზე წინ ვერასოდეს ვერც ერთ ქვეყანას ვერ დავაყენებ, სულიერად კი ჩემი ფესვები - ქართულია. ეთნიკურად ხომ ქართველი ვარ. ძალიან მახარებს, რომ საქართველო ოფიციალურად ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. წარმოდგენაც კი მზარავს იმის, რა დღეში ჩავვარდები, საქართველო რომ ამერიკის პარტნიორი კი არა, მისი მოწინააღმდეგე იყოს...

ირინა ჯანდიერი