თინათინ კორძაძის მთავარი სათქმელი, ბედნიერება და ადამიანური სისუსტე - გზაპრესი

თინათინ კორძაძის მთავარი სათქმელი, ბედნიერება და ადამიანური სისუსტე

26 და 27 სექტემბერი თინათინ კორძაძის შემოქმედებით საქმიანობაში მნიშვნელოვანი დღეეები იყო. სადოქტორო სპექტაკლი "გუშინდელნი დღეს" "თავისუფალი თეატრის" მაყურებელს წარუდგინა. რისი თქმა უნდა მას ამ სპექტაკლით, როგორც რეჟისორს, ვის მიუძღვნა, რას თვლის თავის სავიზიტო ბარათად და რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

-...…დაბადების თარიღი...

- ...1978 წლის 2 ივლისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. თითქოს ღრმა ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ეს პროფესია უნდა ამერჩია. ექიმების გარემოცვაში გავიზარდე, მე-11 კლასში რომ ვიყავი, რატომღაც გადავწყვიტე, ჯერ სამედიცინოზე ჩავაბარებ და ამის შემდეგ სამსახიობოზე-მეთქი. მაგრამ მალე გადავდე გვერდით ქიმია და ბიოლოგია, წავედი და თეატრალურში ჩავაბარე. ჩემი ოჯახისთვის არც თეატრის სიყვარული იყო უცხო. თინა ბებია, ვის სახელსაც ვატარებ, მარჯანიშვილის თეატრის მეხოტბე გახლდათ, ჟორა შავგულიძესა და იქაურ სპექტაკლებზე სულ ლაპარაკობდა. მამას არაერთხელ უთქვამს, სტუარუას "ხანუმა" 30-ჯერ მაქვს ნანახიო. როცა განვაცხადე, ექიმობა აღარ მინდა და თეატრალურში უნდა ჩავაბარო-მეთქი, ამ სიტყვებს ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა, გადაწყვეტილებით დიდად მოხიბლულნი არ დარჩენილან, მაგრამ ჩემს არჩევანს პატივი სცეს, არ დაუშლიათ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...იმედი მაქვს ცუდს არაფერს (იცინის). ახლობლებს და მეგობრებს ვუყვარვარ და როცა კარგს ამბობენ, ალბათ სუბიექტურები არიან. ვინც მიცნობს, ყველა აღნიშნავს, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც მიყვარს ჩემი საქმე. მართლა თავდადებული ვარ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ისევ თეატრალურში ჩავაბარებდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ვერ გეტყვით, როდის იყო. წარმატებებს არ ვითვლი, იქვე ვანულებ. კარგი შესრულებული როლი, შინაარსიანი, საინტერესო ლექცია იქ მთავრდება და ვიწყებ თავიდან.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გამიმართლა, რომ დავიბადე კარგ ოჯახში. მადლიერი ვარ ჩემი მშობლების და ბედნიერი, რომ ორი არაჩვეულებრივი ბიჭი მყავს: გიო 13 წლის ხდება, ვატო - 11-ის.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...მხიარული ხასიათი..

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მოგზაურობის, მეგობრებთან ერთად ყოფნის, ცეკვის, სიმღერის, გართობის. ამ ყველაფერთან ერთად, ზოგჯერ განმარტოებაც მიყვარს. შემიძლია მარტო დავისვენო და ვიყო ბედნიერი. სიტუაციას გააჩნია, განწყობის ადამიანი ვარ, ხასიათი დღეში რამდენჯერმე მეცვლება.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...არასდროს გიღალატებ, არ შემიძლია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ხათრიანი ვარ, მორიდებული. შეიძლება რაღაც არ მინდოდეს, მაგრამ ხათრის გამო, ჩემი ნების წინააღმდეგ წავიდე და ეს ზოგჯერ ხელს მიშლის. არ მომწონს, რომ საკუთარი თავის რეალიზებას ბოლომდე ვერ ვახდენ. მგონია, ეს ჩემი ბრალია, თუმცა ზარმაცი არ ვარ. მშიშარა კი ნამდვილად გახლავართ, რისკზე წასვლასაც ვუფრთხი, ძალიან მიჭირს. ექსპერიმენტში შეიძლება სხვას უფრო გავყვე, ვიდრე მარტომ გადავდგა ეს ნაბიჯი.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს (ოჯახის წევრებს არ ვგულისხმობ).

- პატიება შემიძლია...

- ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფრის, ოღონდ ის ადამიანი მერე ჩემ გვერდით აღარ იქნება, "ჩავხსნი".

- ეს მისთვის საგრძნობი იქნება?

- როცა შემხვდება, მივესალმები, გადავკოცნი; რომ მოვიდეს, როგორც შემეძლება დავეხმარები - ასე გამიკეთებია, მაგრამ თავად მის ამბავს არ მოვიკითხავ და რაც ყველაზე მთავარია, მას ჩემს სიხარულს და ტკივილს აღარ გავუზიარებ.…

- ვიბნევი...

- ...ძალიან იშვიათად.

107652891-2924743074304524-5277832973007283107-n-copy-1696842787.jpg

- ვნანობ...…

- ...ბევრ რამეს. ალბათ ბევრი შეცდომაც მაქვს დაშვებული. სინანულის განცდა ჩემთვის უცხო არ არის.

- წონასწორობიდან შეიძლება გამომიყვანოს...…

- ...ადამიანის უზრდელობამ, უპასუხისმგებლობამ, რამეს რომ დამპირდება და არ გააკეთებს. მე ასეთივე მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ. ზოგადად, ძალიან მგრძნობიარე ვარ.

- სიყვარული ეს...

- ...ღმერთია, ამის ახსნა სხვაგვარად შეუძლებელია. ყველაფერში უნდა ეძებო ღმერთი და ყველაფერი უნდა აკეთო სიყვარულით.

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...ბაღში დავდიოდი, ეს ეპიზოდი კარგად აღარც მახსოვს. რუსულ ბაღში დავდიოდი, იქ ერთი ბიჭი იყო, საშკა ერქვა, ფაფას რომ მოგვიტანდნენ ან ნამცხვარს, თავის წილსაც მე მაწვდიდა.

- ყოველთვის შეუძლიათ კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...ჩემმა შვილებმა. ყველაზე მეტად მაბედნიერებენ, მახარებენ.

- მაკვირვებს...

- ...შემიძლია გავოცდე მზის ჩასვლით, ცაზე ცისარტყელას გამოჩენით. მიხარია, ეს თვისება რომ მაქვს შემორჩენილი, მაგრამ ხანდახან რაღაც საოცრებას ვიგებ და გაკვირვება არ მაქვს. ხომ გითხარით, განწყობის ადამიანი ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...შეიძლება რაღაც მეწყინოს და პირდაპირ არ გითხრა. ეს სისუსტეა, საკუთარი აზრი ყოველთვის უნდა დააფიქსირო.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვწითლდები, თან მომწონს, თან უხერხულობის განცდაც მაქვს.

- ხშირად მსაყვედურობს...

- ...დედა. სად არის ჩემი ნივთი? იქ დადე, სადაც მისი ადგილია.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს.

- ვიტყუები...

- ...ძალიან იშვიათად, ბოროტი ტყუილი არასდროს მითქვამს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს მარტო ან ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა მჭირდება, ამბის გაანალიზება მშველის.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბაბუა (დედის მამა) რომ გარდამეცვალა, იმ წელს სკოლას ვამთავრებდი. ის მეცნიერებათა დოქტორი იყო პედაგოგიკაში. ერთხელ მითხრა: ვინც არ უნდა გამოხვიდე, მთავარია პროფესიონალი, საქმეში პირველი იყოო. მისი სიტყვები სულ მახსოვს.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ადამიანებო, გვიყვარდეს ერთმანეთი!

- "გუშინდელნი დღეს" შალვა დადიანის პიესის "გუშინდენლნი" მიხედვით დავდგი. დოქტორანტურაში ვსწავლობ და ეს არის ჩემი სადოქტორო თემა, რომელიც წლების წინ ავიღე, ამ სპექტაკლის დადგმის იდეა ძალიან დიდი ხნის წინ გაჩნდა. პირველად მქონდა მცდელობა სპექტაკლი ჩემს სტუდენტებთან (ილიაუნი) გამეკეთებინა, შეიძლება ითქვას, რომ პირველი მოთელვა მათთან მქონდა, მაგრამ პანდემია დაიწყო და იძულებული გავხდი, გავჩერებულიყავი. ამ თემით ძალიან აღტკინებული ვიყავი. დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ავთო ვარსიმაშვილს (მისი დოქტორანტი ვარ), მან შემომთავაზა, სპექტაკლი "თავისუფალ თეატრში" დამედგა. 22 თებერვალს მოხდა მსახიობების შეკრება, როლების განაწილება. 8 მაისს გვქონდა პირველი ჩვენება. 2 სპექტაკლის თამაშის შემდეგ, რიგი ხელის შემშლელი პირობების გამო გავჩერდით. ამ 2 ჩვენებას ისეთი გამოხმაურება ჰქონდა, რომ წლევანდელი სეზონი თავისუფალ თეატრში "გუშინდელნი დღეს" პრემიერით გავხსენით. ჩვენება თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში მოხდა.

902445-357581027687421-1791834817-o-1696842776.jpg

- ამ სპექტაკლით თქვენი, როგორც რეჟისორის, მთავარი სათქმელი რა არის?

- კლასიკის ხიბლი და სიდიადე ხომ ის არის, რომ ყველა ეპოქაში თანამედროვე და აქტუალურია. ეს სპექტაკლი სარკეში ჩახედვაა. ჩვენ ყოველთვის სხვაში ვეძებთ პრობლემას, სულ გვაქვს მოლოდინი, ვიღაც მოვა, პრობლემებს დაგვილაგებს, ქვეყანას დაგვივარცხნის, მერე ყველაფერი კარგად იქნება... მთელი უბედურება ის არის, რომ ეს პრობლემა ჩვენ 100 წლის წინაც გვქონდა, ახლაც გვაქვს და მგონი განწირულნი ვართ, მომავალშიც იქნება. პიესა 1917 წელს არის დაწერილი. რუსულენოვანი გერმანული წარმოშობის უთვისტომო პიროვნება ჩამოდის და მას ფეხქვეშ ვეგებით. დღესაც მწვავეა ეს პრობლემა, მთავარია საზღვარს იქიდან იყოს ადამიანი, ე.ი. კარგი ტიპია, ამ დროს ჩვენ გვერდით მყოფს ვერ ვხედავთ, ჩვენიანის ნიჭიერების აღიარება გვიჭირს, არ ვაფასებთ, სულ ერთმანეთს ვჭამთ... ეს სპექტაკლი ტკივილზეა. მაშინ პიესის პერსონაჟები ჩოხით თუ დადიოდნენ, დღეს "არმანის" ან "დოლჩე და გაბანას" პიჯაკებში არიან გამოწკეპილნი, ხელში ტელეფონის ბოლო მოდელით. პრობლემა ტრიალებს და ტრიალებს, მთელი უბედურება ამაშია.

სპექტაკლი ჩემი პედაგოგის, შალვა გაწერელიას ხსოვნას მივუძღვენი. მე რომ სტუდენტი ვიყავი, მაშინ "გუშინდელნი" ბატონმა შალვამ დადგა და მე ვთამაშობდი. გენიალური სპექტაკლი იყო. სადაც კი ხელი მიმიწვდება და საშუალება მექნება, არასდროს დავიღლები მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანის და მისი ხსოვნის მიმართ. დღეს რაღაც პროფესიული საკითხი თუ მაქვს გადასაჭრელი, სულ მაქვს სურვილი, ავიღო ტელეფონი და ჩემს პედაგოგს დავურეკო, მისგან რჩევა მოვისმინო. ეს ბმა და უდიდესი სიყვარული მის მიმართ სულ მაქვს.

თამუნა კვინიკაძე