"ჩვენთვის ესეც ცოლქმრობაა, რაც ახლა ხდება - ერთად ვცხოვრობთ და შვილს ვზრდით" - გზაპრესი

"ჩვენთვის ესეც ცოლქმრობაა, რაც ახლა ხდება - ერთად ვცხოვრობთ და შვილს ვზრდით"

28 წლის მარიამ გაბუნიამ ყოველთვის იცოდა, რომ მსახიობი გახდებოდა, მაგრამ გადამწყვეტ სიტუაციაში აზრი შეიცვალა... დღეს მაინც ცდილობს, საყვარელი საქმე აკეთოს, რათა ბედნიერი იყოს. მარიამი სერიალში - "სიყვარულს მიღმა" ზვიადის შეყვარებულის, ნინის როლს ასრულებს...

- სერიალში "სიყვარულს მიღმა" ჩემი მეგობარი - სოფო გორელაშვილი მთავარ როლს თამაშობს. მისი დახმარებით კასტინგზე მოვხვდი. თავდაპირველად ეკას როლზე მომიაზრებდნენ, მაგრამ შემდეგ მითხრეს, - ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურები. ამიტომ ამ როლისთვის არ გამოდგები, ანას და მარიამის კლასელის როლს ვერ ითამაშებ, ბავშვის გარეგნობა გაქვსო... იმედგაცრუებული წამოვედი, მაგრამ ჩემთვის რაღაც როლი მაინც გამოიძებნა - დამირეკეს, რამაც ძალიან გამახარა.

მითხრეს, - ზვიადს გოგო (შეყვარებული) უნდა გამოვუჩინოთ. კასტინგი ამ როლისთვის არისო. - კი ბატონო, პრობლემა არ არის-მეთქი, - ვუპასუხე. ძალიან გამიხარდა, რადგან ამ სერიალს თავიდანვე ვუყურებ. საერთოდ, სერიალების და ფილმების მხრივ, ძალიან მაინტერესებს, ქართულ ბაზარზე რა ხდება და ყველაფერს ვუყურებ, რაც კი ქართულ ტელეარხებზე გადის... სხვათა შორის, ზვიადი ჩემი საყვარელი პერსონაჟი იყო. მგონია, ის ყველაზე დადებითი და საყვარელი გმირია. გამიხარდა, რომ მეც მასთან ერთად მომიწევდა მუშაობა. მგონი, ჩვენი გმირების წყვილიც საყვარელი, ცოტათი შტერი იქნება (იცინის).

- ზვიადის როლის შემსრულებელს - ნოდარ ძოწენიძეს მანამდე თუ იცნობდით? თქვენი თანამშრომლობა როგორ შედგა?

- ნოდარს პირადად არ ვიცნობდი. გადასაღებ მოედანზე ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ. ვხალისობთ და მეხმარება კიდეც: როცა ტექსტი მავიწყდება, მახსენებს (იცინის)... მიხარია, რომ მასთან ერთად მუშაობა მიწევს, რადგან გადაღებები მიმარტივდება - თავს თავისუფლად ვგრძნობ.

- როგორი გოგოა თქვენი პერსონაჟი - ნინი?

- როცა გოგო ზვიადის შეყვარებული ხარ, ე.ი. შენც ცოტათი შტერი ხარ (იცინის)... მოკლედ, ნინი შტერი, საყვარელი, "გაფანტული", ლაღი გოგოა.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ შორის რაიმე მსგავსება არის?

- სერიალში ამ გოგოს თვისებები მერე უფრო გამოჩნდება - ჯერ არ ჩანს, მაგრამ თავად ასეთი შტერი ნამდვილად არ ვარ... ალბათ, საყვარელი მეც გახლავართ (იღიმის). მოკლედ, ჩვენ შორის მსგავსება დიდად არაა.

- ხელის თხოვნის სცენა როგორ გადაიღეთ, გადასაღებ მოედანზე რა ხდებოდა?

- ეს ძალიან ცუდად მახსენდება, რადგან გადასაღებად უხერხული სცენა იყო: ექთანი ნინის გადასარჩენად მორბის, რომ გადაყლაპული ბეჭდის ამოღებაში დაეხმაროს, უკან ექაჩება... ცოტათი დავიტანჯე, მაგრამ ჩვენმა კარგმა მემონტაჟეებმა ისე დაამონტაჟეს, რომ ეს უხერხული სიტუაცია კადრში არ ჩანდა. თავად ძალიან ვნერვიულობდი. საბოლოო ჯამში, მგონი, ყველაფერი კარგად გამოვიდა.

- თავად თუ გყავთ რჩეული?

- კი, მეუღლე და 1 წლის და 8 თვის შვილი - მატეო მყავს. 5 წელია, მე და ჩემი რჩეული ერთად ვართ. აქედან 3 წელზე მეტია, რაც ერთად ვცხოვრობთ. ოფიციალურად დაოჯახებული არ ვარ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი არ არის, რომ აუცილებლად ფურცელზე გვქონდეს ხელი მოწერილი და ამით დასტურდებოდეს ჩვენი სიყვარული, ერთად ყოფნა და ცოლქმრობა. ჩვენთვის ესეც ცოლქმრობაა, რაც ახლა ხდება - ერთად ვცხოვრობთ და შვილს ვზრდით.

- პროფესიით ვინ ხართ?

- ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე (ტურიზმის განხრით) ჩავაბარე. რომ მკითხონ, ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გინანიათო? ალბათ ამ გადაწყვეტილებას დავასახელებ, რადგან რაც თავი მახსოვს, მსახიობობა მინდოდა - სხვა არაფერი მაინტერესებდა. გოგა პიპინაშვილის თეატრალურ წრეზეც დავდიოდი. მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე ჩემი ნათლიაა. სპექტაკლებს ვესწრებოდი... ვიცოდი, მსახიობი გავხდებოდი. შემდეგ მართლა არ ვიცი, ჩემს გონებაში რა გადატრიალდა... რაღაც მიზეზები არის, რის შესახებ ლაპარაკიც არ მინდა, მაგრამ აი, თეატრალურ უნივერსიტეტში არ ჩავაბარე... მიუხედავად ამისა, ალბათ, საქართველოში კასტინგი არ ჩატარებულა, სადაც არ ვყოფილვარ. სულ ვცდილობ, სადმე გამოვჩნდე... მაინც ვახერხებ, რომ ჩემი ჭია გავახარო და ის საქმე ვაკეთო, რაც მიყვარს. ერთადერთი, გული მწყდება, რომ თეატრის სცენაზე არ ვარ, მაგრამ ამასთან დაკავშირებითაც კარგი ამბები მაქვს. უბრალოდ, ახლა ვერ ვისაუბრებ. დიდი შანსია, რომ სპექტაკლში მონაწილეობა მივიღო - ჩემი ჭია გავახარო (იღიმის).

- თქვენი პროფესიით გიმუშავიათ?

- კახეთში, სასტუმროში ვმუშაობდი - მასპინძელი გახლდით: სტუმრებს ვიღებდი. ვუყვებოდი ისტორიას ღვინის, კახეთის, საქართველოს შესახებ, ასევე - ტურებს ვუგეგმავდი... ვერ ვიტყვი, ეს საქმე არ მომწონდა-მეთქი. უბრალოდ, საკუთარი თავი ვერსად ვიპოვე. ბევრი რამ ვცადე: ფინანსური მენეჯერიც ვიყავი, ოფისის მენეჯერიც... ჩემი პატარა ბიზნესის წამოწყებაც მიცდია... ვხვდები, რომ ის საქმე მინდა ვაკეთო, რასაც ახლა ვაკეთებ. ვიცი, მსახიობობით ფინანსურად გამართულად ყოფნა შეუძლებელია, რადგან გადაღებები ხან არის, ხან - არა. მხოლოდ ამაზე დამოკიდებული ვერ იქნები - გააზრებული მაქვს, რომ სხვა რამეც უნდა ვაკეთო. უბრალოდ მინდა ჩემს ცხოვრებაში ეს საქმეც იყოს, რომ ბედნიერი ვიყო...

- ნინის როლი თქვენთვის პირველი არ არის, ხომ?

- სარეკლამო რგოლებში ბავშვობიდან ვმონაწილეობ. ასევე "მაესტროზე", სერიალი - "ჩვენ გვერდით" გადიოდა, რომელშიც სალომეს როლს ვასრულებდი. თავდაპირველად, ერთჯერადი როლი მქონდა - უბრალოდ, 2 სერიაში უნდა გამოვჩენილიყავი. შემდეგ არ ვიცი, შემოქმედებით გუნდს მოვეწონე თუ უბრალოდ, პერსონაჟი დასჭირდათ, მაგრამ ჩემი გმირი მთელი სერიალის განმავლობაში დარჩა... მერე უკვე სერიალიდან - "შუა ქალაქში 10 წლის შემდეგ" დამირეკეს და კასტინგის გავლის შემდეგ, სოფოს როლზე ამიყვანეს. მთელ მეხუთე სეზონში ვთამაშობდი. ჩემი გმირი ირაკლი ჩხეიძესთან ერთად მუშაობდა - კარდიოლოგი გახლდათ. მას დღემდე ასე იხსენებენ: სოფო, უცნაური სიცილი რომ ახასიათებდაო (იცინის)... მგონია, სერიალი - "სიყვარულს მიღმა" საშუალებას მომცემს, ხალხმა უფრო მეტად გამიცნოს.

- მაყურებლებისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ?

- კარგ და ცუდ კომენტარებს ყველას უწერენ. კარგი კომენტარები მიხარია, ცუდებს - ყურადღებას არ ვაქცევ (იცინის).

- თქვენი საქმიანობის მიმართ მეუღლეს როგორი დამოკიდებულება აქვს?

- რა თქმა უნდა, ერთმანეთს ყველაფერში ვუწყობთ ხელს. ეს ჩვეულებრივი ამბავია - სხვაგვარად ადამიანთან ვერ იქნები. უბრალოდ, რჩევის სახით მეუბნება ხოლმე, - ცხოვრებაში სხვა საქმეც გჭირდებაო. ეს მართლა ასეა და თავადაც ვიცი. საერთოდ, ჩემი მეუღლე ქართულ სერიალებს არ უყურებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი მონაწილეობით გადაღებულ ეპიზოდებს თვალყურს ადევნებს და მირჩევს, რომელ სცენაში რა როგორ ჯობდა, რომ გამეკეთებინა. ვცდილობ, მისი რჩევები გავითვალისწინო.

- თავად რომელ სფეროში მუშაობს?

- საერთოდ, ბევრ რამეს აკეთებს. მისი ერთ-ერთი სამუშაო სფერო სარესტორნო ბიზნესია - მას და მის მეგობარს რესტორანი აქვთ, სადაც საკმაოდ გემრიელი კერძებია.

- კერძების მომზადება თავად თუ გიტაცებთ?

- არა, არ მიყვარს. შეიძლება უცებ რამის მომზადება მომინდეს, მაგრამ სამზარეულოში ტრიალი არ მიყვარს. მირჩევნია, ეს დედამ გააკეთოს, მე კი ვჭამო (იცინის). კერძების მომზადება ჩემს მეუღლეს აინტერესებს, რადგან ამ სფეროში მუშაობს. შინ საჭმლის მომზადებით თავს არც ერთი არ ვიკლავთ, მაგრამ მას ნიჭი აქვს: "იუთუბზე" 5-წუთიან რეცეპტს ნახავს და უგემრიელეს კერძს მოამზადებს ხოლმე.

- თქვენი შვილის შესახებაც გვიამბეთ...

- მას არაფერი აინტერესებს გარდა იმისა, რომ ქილას თავსახური მოაძროს და მთელი დღე ატრიალოს (იცინის).

- პატარას მარტო ზრდით თუ დამხმარეც გყავთ?

- 10 თვე მარტო ვზრდიდით, შემდეგ უკვე დამხმარე ძიძა ავიყვანე, რადგან რაღაცნაირად, უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი და საკუთარი თავისთვის დროის დათმობა, რაღაც სხვა საქმის კეთებაც მინდოდა. ჩვენი დამხმარე ძალიან კარგი ქალია. ყველაფერში მეხმარება: არა მხოლოდ ბავშვთან დაკავშირებით, არამედ - სახლში კერძებს გვიმზადებს, ჩვენზეც ზრუნავს... ნამდვილად ძალიან გამიმართლა.

382293829-1071317040905547-7006839951948029861-n-copy-1696842940.jpg

- თქვენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- რა თქმა უნდა, მშობლები. თან, დედისერთა ვარ და მათთვის მთავარია, კარგად ვიყო... ყველაფერში მხარში მიდგანან, მგულშემატკივრობენ. მამა მუსიკოსია. მისი პროფესიით ვამაყობ: ჯანსუღ კახიძის ორკესტრში პირველი ვიოლინო გახლავთ.

- მუსიკალური განათლება თავადაც ხომ არ გაქვთ?

- სამწუხაროდ - არა. ამის გამო, მართლა ძალიან მწყდება გული, თუმცა არ მინდა, ვიოლინოზე ვუკრავდე, რადგან ბავშვობიდან ლამის 24 საათი ვიოლინოს ხმა მესმოდა. ინტერესი არასოდეს გამომიჩენია, რომ თუნდაც ხემი ჩამომესვა... ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ფორტეპიანოზე ან გიტარაზე დაკვრა არ ვიცი. რა თქმა უნდა, მამას უნდოდა, ფორტეპიანოზე დაკვრა მესწავლა. გიტარაზე დაკვრის შესასწავლ წრეზეც შემიყვანეს, მაგრამ მაშინვე გამოვედი - დაინტერესებული არ ვიყავი. მშობლები იმ ტიპის ადამიანები არ არიან, რომ ჩემთვის რაღაც დაეძალებინათ. მგონია, დაძალების შემთხვევაში, საქმეს ვერც შეაყვარებ ადამიანს. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ თავად არ მქონდა ინტერესი...

- როცა ეკრანზე საკუთარ თავს ხედავთ, როგორი განცდა გეუფლებათ?

- ვნერვიულობ ხოლმე, ეს ბუნებრივია... მეუღლესთან ერთად ვუყურებ და რაც არ მომწონს, ვცდილობ, მომდევნო გადაღებაზე გამოვასწორო. აუცილებელია, ეკრანზე საკუთარ თავს უყურო, რომ მიხვდე, რა გაქვს გამოსასწორებელი, რა იყო კარგი და რა - ცუდი...

ეთო ყორღანაშვილი