როგორია სასულიერო პირის თვალით დანახული თანამედროვე საქართველო
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (კოლხი) ყოველთვის დაუფარავად ამხელს იმ მანკიერებებს, რომელსაც ხედავს. ამას ჩვენი დღევანდელი ინტერვიუც ადასტურებს:
- მამა პეტრე, საქართველოში დატრიალებული სტიქიური უბედურებების შემდეგ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდა აზრმა, რომ ღმერთი გვსჯის, რომ მეორედ მოსვლა გვიახლოვდება... ამ მოსაზრებას თქვენც ეთანხმებით?
- ამ სამყაროში ყველაფერი უფლის ნებით ხდება, მაგრამ ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ადამიანების უბედურება, ტანჯვა-წამება და ტრაგედიები ღვთის ნება არ არის, ეს უფრო დაშვებაა, რაც გამოწვეულია არა ღვთის უშუალო ჩარევით, არამედ ადამიანთა ცხოვრების წესით, რის გამოც, უზენაესის წინაშე პასუხს ვაგებთ. დღეს ადამიანებმა ერთმანეთთან სასაუბრო ენა დაკარგეს, ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს, აბსოლუტური სიძულვილი, შური, ბოღმა და აგრესიაა დანერგილი საზოგადოებაში, რაც ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება. რა იწვევს კატაკლიზმებს და რატომ ვისჯებით? - ეს არ არის უფლის ბრალი, ეს ჩვენი შეცდომების და უსიყვარულობის ბრალია. ვის უნდა დავაბრალოთ, რომ ასე აგრესიულად ვექცევით ერთმანეთს და ერთი სული გვაქვს, ვინმე წაქცეული დავინახოთ, რომ ჩავწიხლოთ და გავანადგუროთ?! თუ გონს არ მოვეგებით, შეიძლება ეს პროცესი თითოეულ ჩვენგანს შეგვეხოს, რადგან რაც დრო გადის, სიტუაცია სულ უფრო მძიმდება. ადამიანები არასდროს სვამენ შეკითხვას - რაც ხდება, ჩემი ბრალი ხომ არ არისო? პირიქით, სხვებს განიკითხავენ და ადანაშაულებენ. სამწუხაროდ, სასულიერო პირებიც ასე იქცევიან: ყველაფერს სხვებს აბრალებენ. თურმე შეიძლება ვიღაცამ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩაატაროს და ამის გამო უფალი განარისხოს... მე მგონი, სასულიერო პირები უნდა დავფიქრდეთ, ვდგავართ კი მოწოდების სიმაღლეზე? რაც ხდება, ჩვენი ბრალი ხომ არ არის? გვაქვს კი სათანადო სინანული თუ უკვე დავკარგეთ ღმერთთან საერთო ენა და უფლის ადგილი ვერცხლისმოყვარეობას და პატივმოყვარეობას დავუთმეთ? მე ამას ვხედავ - სათანადო სიმაღლეზე არ ვდგავართ!
ოღონდ კონკრეტულ პირებს არ ვგულისხმობ, ზოგად ფონზე გესაუბრებით და ამ საერთო ფონის მიხედვით განვიხილავ საკუთარ თავსაც. მოსახლეობაში ჩვენ მიმართ ერთგვარი უკმაყოფილების გრძნობა იმიტომ გროვდება, რომ არ ვცდილობთ, იესოს დავუბრუნდეთ და ჩვენი მთავარი ღვთაება მხოლოდ იესო იყოს. პირველ მცნებაში ღმერთი პირდაპირ გვეუბნება: "მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე". სასულიერო პირებმა მთავარ ღმერთად რა გაიხადეს? - ვერცხლისმოყვარეობა, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა, ანგარება, ზიზილ-პიპილოები და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, ეს არის სრული აბსურდი და ფარისევლობა.
- ასე რატომ ფიქრობთ?
- იმიტომ, რომ ჩვენ სათანადო სინანული არა გვაქვს და თუ გვაქვს, ეს სინანულიც ზერელეა. წმინდა მამები ხომ გვასწავლიან, სხვისი კი არა, საკუთარი ცოდვები იგლოვეთო? გაოცებული ვარ იმ ადამიანების მსჯელობით, რომლებიც მუდმივად გვიკიჟინებენ, რომ ყველაზე მეტად მათ ესმით სახარების ენა, რომ ყველაზე მეტი წიგნი აქვთ წაკითხული... მსგავს სიტუაციაში ამბობენ - "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს". აბა, რატომ ცდილობენ ეს ადამიანები, რომ სხვისი ცოდვები დაითვალონ? წმინდა მამები სხვისი ცოდვების დათვლისკენ მოგვიწოდებენ თუ საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ, მანკიერი მხარეების აღმოჩენისა და მათთან ბრძოლისკენ? თუ ეს ადამიანები მართლა წმინდა მამათა გამოცდილებით ცხოვრობენ, მაშინ დაფიქრდნენ, იქნებ მათი უსიყვარულობის ბრალია, რაც ჩვენ გვემართება? არა მგონია, ღმერთი იმდენად მკაცრი მსაჯული იყოს, რომ 2 წლის ბავშვის ტრაგიკული დაღუპვა უნდოდეს. ეს ჩვენი ბრალია, ჩვენ არ ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე და კიდევ სხვას ვაბრალებთ ყველაფერ ცუდს, რაც ხდება. იქნებ ვინმემ საკუთარ თავს დაუსვას შეკითხვა - რაიმე ხომ არ დავაშავე, სადმე ხომ არ შევცდიო? ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი, ნებისმიერი ინტელექტუალი, ვისაც ოდნავი სულიერება აქვს, სხვის დადანაშაულებას კი არ დაიწყებდა, პირველ რიგში, საკუთარ თავს და თავის ცოდვებს ჩაუღრმავდებოდა.
- ერში კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა, აქ თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა შური, მტრობა და ინტრიგები. ისე ჩანს, რომ წარმატებულ ადამიანებს საქართველოში ვერ იტანენ.
- ამიტომაც, საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ მანკიერებები, რომლებმაც ადამიანური სახე დაგვაკარგვინა. ვეცადოთ მაინც, იქნებ გამოგვივიდეს. იქნებ ერთხელ მაინც, სათითაოდ ვაღიაროთ, რომ რაღაც ცოდვა ჩვენც გვაქვს ჩადენილი... იქნებ ამის შემდეგ მაინც გამოსწორდეს ყველაფერი. როდესაც ერთი ადამიანი, ლაფში ამოსვრილი, ჭაობში დგას და მეორეს ცხოვრების წესს უწუნებს, აქ სად ჩანს ან სულიერება, ან ღმერთი, ან ჯანსაღი აზროვნება? სიმართლე ისაა, რომ თავიდან ბოლომდე აბსოლუტურ ტყუილში ვცხოვრობთ, უნიჭო მსახიობები ვართ და უნიჭო სპექტაკლში ვმონაწილეობთ! ვიდრე ეს არ მოგვარდება, გამოსავალი არ გამოჩნდება და კიდევ უფრო დიდ ჩიხში შევალთ, სიტუაციაც კიდევ უფრო დამძიმდება. მე ყველაზე მეტად უდანაშაულო ბავშვები, მოზარდები მეცოდება! როცა მათზე იტყვი - დაისაჯნენ, რადგან კონცერტს დაესწრნენო, ე.ი. კანიბალი ხარ, ღმერთთან კავშირი არ გაქვს!
იცით, კიდევ რა არის სიმართლე? - ფარისევლები ვართ, ერიან-ბერიანად! ესეც პირდაპირ უნდა ვთქვათ, რადგან ეს სიცრუე და ფარისევლობა უკვე ყელში ამოვიდა! უფალს დავშორდით და ის კი არ გვსჯის, ჩვენი ცხოვრების წესით, თვითონ ვისჯით საკუთარ თავს. გამოსწორდება ჩვენი ცხოვრების წესი? - გამოსწორდება საერო და სასულიერო ფენის მდგომარეობაც; არ გამოსწორდება? - მაშინ კარგს ნურაფერს ველოდებით, რადგან თვითონ ვუმზადებთ საკუთარ თავს დიდ განსაცდელებს.
- როგორ ავირიდოთ თავიდან ეს განსაცდელები?
- ამ მდგომარეობაში ქრისტეს სახელს ამოფარებულმა მომხვეჭელობამ, ვერცხლისმოყვარეობამ და პატივმოყვარეობამ ჩაგვაგდო. სიტუაცია მაშინ გამოსწორდება, როცა ჩვენს ეკლესიაში ნამდვილი, ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას დავიწყებთ, რასაც დღეს არ ვაკეთებთ, სამწუხაროდ! ამის დასტურია თუნდაც, მრევლის სიმცირე: კვირას შედით დიდ ტაძრებში და ნახეთ, წირვას რამდენი ადამიანი ესწრება. ადრე ტაძრები ხალხით იყო გადაძეძგილი, ახლა კი 20-30 კაცი დგას. ჩნდება კითხვა: იქნებ ეს ამ ხალხის ბრალი სულაც არ არის? იქნებ ეს ხალხი დაბრკოლდა და ტაძარში ამიტომაც აღარ დადის? თუ საკითხს ასე მივუდგებით, თუ მწარე სიმართლეს თვალებში ჩავხედავთ, იქნებ უფალმა მართლა დაუშვას ჩვენზე მადლი და წყალობა! თუ არადა, ინერციით მივდივართ დაღუპვისკენ და ნურავის ექნება ილუზია, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქვეყანაა და ამის გამო გადავრჩებით! რომელი წილხვედრი? - თხემით ტერფამდე ჭაობში ვართ ჩაფლული. რატომ არ გვეზარება ამ ზღაპრების მოყოლა? უკვე რამდენი საუკუნეა, ამას ვყვებით და ღმერთს საერთოდ დავშორდით. დაასრულეთ ამ ზღაპრების მოყოლა და სიმართლე თქვით: ჩვენ გადაგვარჩენს მხოლოდ სწორი ცხოვრების წესი და ამაში ღმერთი დაგვეხმარება, მაგრამ საკუთარ თავს თუ არ ვუშველით, მაშინ ვერც ღმერთი გვიშველის!
- პოლიტიკოსებსაც ხომ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ? მათ ამ ქვეყნის ბედი აბარიათ.
- ღვთისმშობელი და უფალი იმას სწყალობს, ვინც სინანულშია. ჩვენ კი სინანულის ნატამალიც არა გვაქვს და ერთმანეთს მოვუწოდებთ, შენ შეინანეო... ეს ერსაც ეხება და ბერსაც. ერში, პირველ ყოვლისა, ხელისუფლების წარმომადგენლებს ვგულისხმობ. როცა შენ სათავეში დგახარ, სხვას ვერ მოსთხოვ იმაზე მეტს, ვიდრე საკუთარ თავს უნდა მოსთხოვო. თუ დიდი სინანული არ გვექნება, თუ არ დავფიქრდებით, რომ ჩვენი ხვალინდელი კეთილდღეობა ჩვენზეა დამოკიდებული, უფალი მართლაც არ დაუშვებს ჩვენზე სასწაულს. ალბათ ისიც დაიღალა ამდენი ფარისევლობით და არ გამიკვირდება, რომ საერთოდ ზურგი გვაქციოს. უზენაეს მსაჯულს იმდენად დავშორდით და იმდენად აბსურდულ სამყაროში გადავინაცვლეთ, რომ ასე დიდხანს ვერ გავაგრძელებთ! ქართველი საზოგადოებისთვის ძალიან სახიფათოა ის მდგომარეობა, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით.
ცხადია, ამ სიტუაციაში პოლიტიკოსებიც პასუხისმგებელნი არიან, რადგან ჩვენ ერთად ვქმნით დღევანდელობას. მერე კი, ყველა თანაბრად ვისჯებით და ვზარალდებით, რადგან დაშვებულ შეცდომებზე პასუხს ყველა თანაბრად აგებს. როდესაც შირმად სულიერებას მოირგებ, როცა მთელ ქვეყანას აჩვენებ, რომ ეროვნული ხარ, მაგრამ ამ დროს ეროვნულობის ნატამალი არ გცხია და ეს მხოლოდ ფასადია, რათა ადამიანების გრძნობებზე ითამაშო და არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვო, როცა ე.წ. პატრიოტიზმი და სულიერება მხოლოდ ანგარებას ემსახურება, ეს სხვა არაფერია, თუ არა - ყავლგასული და ვადაგასული ხრიკი. ხელისუფლება კი არა, ერთ დროს სამყაროც ამოწურავს თავის თავს და მეც სწორედ ამას ვამბობ: თუ ყველა ერთად არ დავფიქრდებით, მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით! გარანტირებული ხვალინდელი დღე არავის აქვს. ეს არის ის, რასაც ვერ დავგეგმავთ და ფულით ვერ ვიყიდით. ფულით შეიძლება ვიყიდოთ სანაპიროც, კუნძულიც, მთაც და სრა-სასახლეებიც, მაგრამ ხვალინდელ დღეს ვერ ვიყიდით - ეს ჩვენს ძალებს აღემატება. ამიტომ ყველა უნდა დავფიქრდეთ, ჩვენი დღევანდელი საქციელით მომავალს ხომ არ ვაზიანებთ?!.
ხათუნა ჩიგოგიძე