"მძიმე საფასურის გადახდა მოგვიწევს, მაგრამ ისრაელი აუცილებლად გაიმარჯვებს..." - გზაპრესი

"მძიმე საფასურის გადახდა მოგვიწევს, მაგრამ ისრაელი აუცილებლად გაიმარჯვებს..."

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმამ მსოფლიო შეძრა. ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 900-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია სულ მცირე 2506 ადამიანი, რაც ასევე დაუზუსტებელია (ინტერვიუ მომზადებულია 10 ოქტომბერს)... მთლიანობაში, ორივე მხარეს 4 ათასამდე დაზარალებული ჰყავს, რაც მხოლოდ პირველადი მონაცემია, რადგან ომი გრძელდება...

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი ნიკო ბელიაშვილი ჟურნალ "გზას" იქ არსებულ სიტუაციაზე უყვება.

- ისეთი მასშტაბური შეტევები იყო, რომ "რკინის გუმბათი" ვეღარ უძლებდა. ამას ემატება ისიც, რომ ახალი ტიპის რაკეტები აქვთ, რომლის განეიტრალება შეუძლებელია. სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება. ღაზის სექტორზე ასეთი მასირებული შეტევაა და პასუხის დაბრუნებას მაინც ახერხებენ - ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ძალიან კარგად არიან მომზადებული. ეტყობა, ამ შეტევებისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდნენ. საქმე ის არის, რომ ვერც ჩვენი ჯარი მოქმედებს ეფექტურად, რადგან შანტაჟის მსხვერპლი არიან - ცნობილია, რომ "ჰამასის" ტერორისტებს უამრავი ისრაელელი ჰყათ მძევლად, რაც ჩვენი ჯარისკაცების ეფექტურ და ძლიერ შეტევას აფერხებს.

ისრაელის სახელმწიფოსთვის თავისი მოქალაქეების სიცოცხლე ძალზე მნიშვნელოვანია და ეს იცის მტერმა... ამ ვითარებაში ისრაელის არმია, საჰაერო ძალები იძულებული არიან, წერტილოვანი დარტყმები დიდი სიზუსტით განახორციელონ. თუმცა, საქმე ის არის, რომ ტერორისტებს სამხედრო ობიექტები განთავსებული აქვთ საზოგადოებრივ დაწესებულებებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და მსგავს ადგილებში. ამიტომ ახლა ისრაელის სახელმწიფოს მთავარი მიზანია, პირველ რიგში, ის ადგილები გაათავისუფლონ, სადაც მძევლები იმყოფებიან. რამდენიმე ადგილი უკვე გათავისუფლებულია, მაგრამ ეს პროცესი ძალზე ფრთხილად უნდა გაგრძელდეს.

niko-belaisvili-1697436966.jpg

- ეს ალბათ ყველაზე რთული ნაწილია, არა?

- დიახ, ასეა. ღაზის სექტორში შესვლა და სამხედრო ინფრასტრუქტურის, "ჰამასის" ლიდერებისა და მათი მომხრეების განადგურება ჩვენი ქვეყნის არმიისთვის ისეთ პრობლემას არ წარმოადგენს, როგორიც მძევლების გამოხსნაა.

კიდევ ერთი პრობლემაა, ტერიტორიაზე შემოჭრილი და შემდეგ გაფანტული ტერორისტების სრულად განეიტრალება. ისრაელმა დამატებით 300 000 რეზერვისტის მობილიზება გამოაცხადა, რომლებიც გადამზადებას გადიან.

საზღვარი ორივე მხრიდან უკვე სრულყოფილად კონტროლდება და იმის საშიშროება, რომ ტერორისტები შემოვიდნენ, არ არსებობს. ახლა მთავარია, ისრაელში მყოფი ტერორისტების დროული ლიკვიდაცია მოხდეს.

"ჰამასმა" გაავრცელა განცხადება, რომ ისრაელიდან გატაცებული 130 ტყვე მთელი ღაზის ტერიტორიაზე ჰყავთ განთავსებული და მასობრივი დაბომბვის შემთხვევაში, მძევლებიც მოკვდებიან ან თავად მოკლავენ. ასეთი ვერაგი მტერი გვყავს.

ასევე არსებობს საფრთხე, რომ საბრძოლო მოქმედებებში, ტერორისტთა მხარეს ადგილობრივი არაბებიც ჩაერთვებიან. ღაზის სექტორში მოქმედებს ირანის მიერ კონტროლირებადი ერთი რადიკალური სამხედრო დაჯგუფება "ჰამასი", პალესტინის მეორე ნაწილში მოქმედებს ლიბანის მიერ მართული სამხედრო დაჯგუფება "ჰეზბოლა", რომლისგანაც ამ სიტუაციაში მონაწილეობას მოითხოვენ. ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი საფრთხე - ისრაელში მცხოვრები არაბები, რომლებმაც შესაძლოა "ჰამასს" აუბან მხარი, ანუ მეორე ფრონტის გახსნისა და შიდა არეულობის საფრთხის ზღვარზე ვდგავართ.

- მსგავსი მასშტაბის შეტევა ბოლო რამდენიმე ათეული წელია, არ ყოფილა, არა?

- დიახ, 1996 წლიდან აქ ვცხოვრობ და მსგავსი რამ არასდროს ყოფილა. ბევრი ომი და დაბომბვა გამოვიარეთ, მაგრამ ასეთი მასშტაბური შეტევა არ ყოფილა, ისრაელის სპეცსამსახურებს მსგავსი მარცხი არ განუცდიათ. ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო... თუმცა, ახლა ჩვენი არმია თანდათან გონს მოდის. გამარჯვება გარდაუვალია, ისრაელი არასდროს დამარცხდება, მაგრამ გამარჯვებისთვის ძალიან დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს, ათასამდე დაღუპული გვყავს, რამდენიმე ათასი დაჭრილი, მათ შორის მძიმედ დაჭრილები და რაც ყველაზე უარესია, ასობით ადამიანი ტყვედ ჰყავთ წაყვანილი.

- ამ ფონზე მოსახლეობის განწყობა როგორია?

- პანიკა არ არის. ეს ეხება როგორც ებრაელებს, ასევე ქართველ ემიგრანტებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ისრაელის სახელმწიფო დაზვერვამ სისუსტე გამოიჩინა და ასეთი დარტყმა მიიღო, მოსახლეობას მისი იმედი მაინც აქვს, რადგან იციან, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა - ეს ერთობაა. კითხვები აუცილებლად დაისმება, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ერისა და სახელმწიფოს პატრიოტული სულისკვეთება გვაძლევს იმედს, რომ ამ ეტაპსაც გადავლახავთ. ისრაელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

თუმცა, ეს პრობლემა წლებია გრძელდება და როგორც ახლანდელი, ასევე წინა ხელისუფლებების შეცდომაა ის, რომ საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანათ. ეს ყველაფერი მოიტანა ტერორისტებთან მოლაპარაკებებმა და დათმობებმა. საერთაშორისო ორგანიზაციები და ხელისუფლებები ისრაელს უფლებას არ აძლევდნენ, ტერორიზმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი და ხისტი ყოფილიყვნენ. "ჰამასის" წევრების ქმედებიდან ჩანს, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ და ეს გვაძლევს მიზეზს, რომ არც ისრაელმა უნდა დაუთმოს და ტერორიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

ისეთი პასუხი უნდა გასცენ, რომ სულ ცოტა 50 წლის განმავლობაში, ვერც ერთმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ვერ წამოყოს თავი. gvesmiს, რომ ეს არ იქნება იოლი და არც ხანმოკლე ბრძოლა. ამ მძიმე გზაზე საერთაშორისო საზოგადოების თანადგომა და თანაგრძნობაც დაგვჭირდება, რადგან მშვიდობისთვის ვიბრძვით.

hamasi1-1697436979.jpg

ბევრი წერს, მშვიდობა მალე იქნებაო - ასე არ არის, მალე ვერ იქნება. მშვიდობა გვექნება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ტერორისტული ორგანიზაციები აღარ იარსებებენ. მათ მიმართ ლოიალური და შემწყნარებელი რომ ვიყავით, იმიტომაც მივიღეთ ასეთი შედეგი და კიდევ ერთი მიზეზი შიდა პოლიტიკური კინკლაობაა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებულმა დაპირისპირებამ მთავარი საფრთხე დაგვავიწყა. ამასობაში ჯარი და სპეცსამსახურები ძველებურად ეფექტურად ვეღარ მუშაობდნენ. რაღაც ეჭვებიც გაჩნდა, რადგან ვფიქრობთ, ისრაელის სპეცსამსახურებს "ჰამასის" მიერ ასე მასშტაბურად დაგეგმილი მზადება არ უნდა გამოჰპაროდათ. ასეთი შეიარაღების მობილიზება ერთ და ორ დღეში ვერ მოხდებოდა. არ არსებობს გამართლება და ახსნა, რატომ არ ჰქონდა ამაზე ინფორმაცია "მოსადს". ამხელა მსხვერპლი ისრაელის სახელმწიფოს არც ერთ ომში არ მიუღია. ამდენი ადამიანის სიცოცხლე და ამდენი ოჯახის გამწარება ამ ხელისუფლებას არ შერჩება. უკვე აშკარაა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ათასს გადააჭარბებს, ეს კი არავის ეპატიება. თავდასხმის შემდეგ, ჯარი და ხელისუფლება გვიან მოეგნენ გონს, რაც მოსახლეობას არ გამოჰპარვია. ისინი არ ჰგავდნენ ძველებურად ეფექტურ და ყველაფრისთვის მზადყოფნაში მყოფ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ისრაელში თვალების საფშვნეტად არავის სცალია, ეს არ არის ევროპის შუაგულში მდებარე სახელმწიფო - მტრებით არის გარშემორტყმული.

- ბოლო დღეებში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ითქვა ისიც, რომ "ჰამასის" რიგებში "ვაგნერელებიც" იბრძვიან... ამის შესახებ თუ გსმენიათ?

- უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება, თუმცა ოფიციალურად არ დასტურდება. ითქვა ისიც, რომ "ვაგნერელების" გარდა, რუსეთის მონაწილეობაც სხვადასხვანაირად იკვეთება. ვიცით, რომ რუსეთი ამ ყველაფერში აქტიურად არის ჩართული, რათა ისრაელი, ახლო აღმოსავლეთი ცხელ წერტილად იქცეს, აშშ და ზოგადად დასავლეთი, ნაწილობრივ მაინც გადმოერთოს აქეთ და უკრაინა მხარდაჭერის გარეშე დარჩეს. გარდა ამისა, ისიც ითქვა, რომ გარკვეულმა უკრაინელმა არაკეთილსინდისიერმა ჯგუფებმა ტერორისტებს სამხედრო ფორმები, ამუნიცია და იარაღი მიჰყიდეს, რადგან გავრცელდა ცნობები, რომ მათ შორის მაღალი სტანდარტის უკრაინული ფორმები და იარაღი დაფიქსირდა. ეს ყველაფერი დაუდასტურებელი ინფორმაციაა და იმედია, სიმართლისგან შორს არის.

- რა ხდება თქვენ გარშემო?

- ქუჩებში ხალხი მოძრაობს, სავაჭრო ობიექტებიც მუშაობს, მაგრამ ისეთი ხალხმრავლობა არ არის, როგორიც ომამდე. რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მაგრამ ხალხი აუცილებლობის შემთხვევაში მაინც გამოდის გარეთ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მოსახლეობა შეკრული და ერთსულოვანია. ჯარისკაცებს, დაჭრილებს დახმარება სჭირდებათ და სისხლის ბანკებთან რიგები დგას.

- ქალაქის ქუჩებში პოლიციაა მობილიზებული, არა?

- დიახ, შემოწმება მიმდინარეობს. ზოგადად, აქ ჯარისკაცები იარაღით დადიან. ყველაფერი კონტროლდება, რადგან როგორც ვთქვი, არაერთი საფრთხე არსებობს. აშდოტსა და რამდენიმე ქალაქში აიყვანეს კიდეც ტერორისტები, რომლებიც შემოპარულები და ქალაქის ქუჩებში გაფანტულები იყვნენ. თავიდან პოლიციის მანქანებიც ჰყავდათ გატაცებული, ისრაელის ძალოვანების ფორმებში გადაცმულები ხალხს სახლებში უცვივდებოდნენ. მაგრამ მერე შს მინისტრმა განაცხადა, რომ ამას მასობრივი ხასიათი არ ჰქონდა და მხოლოდ ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა. გაჩნდა საფრთხე, რომ ადგილობრივი მოქალაქეები, იმის შიშით, რომ გადაცმული ტერორისტი არ ყოფილიყო, შეიძლებოდა პოლიციელს არ დამორჩილებოდა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი პოლიციელს უფლება აქვს ესროლოს, რადგან მასაც შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, რომ გაქცეული ტერორისტია. ახლა ეს პრობლემა თითქმის მოგვარდა.

- ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. ეს ნიშნავს, რომ დენის, წყლის, გაზისა და საწვავის გარეშე რჩებიან?

- დიახ, 2000-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზiს სექტორზე, როგორც სახელმწიფოებრივ სუბიექტზე უარი თქვა და პალესტინას გადასცა, საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება აიღო, რომ დენი, წყალი, გაზი, საწვავი უფასოდ მიეწოდებინა, რაც ერთგვარი გარანტიa იყო, კეთილმეზობლურად და მშვიდად რომ ეცხოვრათ. თუმცა ახლა ამ პირობას არღვევს. არადა, მსოფლიომ იცის, ამ წლების განმავლობაში რამდენჯერ განახორციელეს ტერორისტული აქტები და თავდასხმები, მაგრამ ისრაელი მაინც არ წყვეტდა ამ ოთხი, არსებობისთვის აუცილებელi კომპონენტის მათთვის მიწოდებას. ამას გარდა, მშვიდობიანი დაფინანსების გარანტიa იყო ე.წ. კატარის დაფინანსებაც.

- რას მოიცავს ეს?

- ჰუმანიტარულ დახმარებებს, რომელიც კატარიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან პალესტინაში შედიოდა, ისრაელი აფინანსებდა. ეს ყველაფერი დაიბლოკა.

ახლა ისრაელისთვის პრიორიტეტულია, ღაზის სექტორი "ჰამასის" ლიდერებისგან გაიწმინდოს და რომელ სახელმწიფოშიც უნდა გადავიდნენ, ლიკვიდაციას ექვემდებარებიან. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელის ჯარსა და სახელმწიფოს წინააღმდეგობას გაუწევს, ადგილზე განეიტრალდება, ამას დაემატება მაღალ დონეზე წარმოებული სადაზვერვო ოპერაცია... ძალიან ცუდია, რომ ეს ომი წაგებით დავიწყეთ, მაგრამ აუცილებლად მოვიგებთ.

აშშ-მა უკვე გამოგზავნა მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი, რაც ისრაელს დაიცავს. ლიბანმა და სხვა სახელმწიფოებმა თავი რომ არ წამოყონ, ეს კარგი ნაბიჯია, მაგრამ იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, კიდევ უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი ომი დაიწყოს. ამერიკის განცხადება, რომ ამ ომში ირანის ხელს ვერ ხედავს, ნიშნავს, რომ სიტუაციიდან ირანის გარიდებას ცდილობს, რათა ესკალაცია კიდევ უფრო არ გამწვავდეს.

- ისევ ისრაელის შიდა სიტუაციას მინდა დავუბრუნდე - ომს თან სდევს პროდუქტების გაძვირება. ეს უკვე იგრძნობა?

- არა, ეს ისრაელია, აქ ასეთი რამეeბი არ ხდება. ადგილობრივები ერთმანეთზე ხელს არასდროს მოითბობენ და თუ ვინმე ამას გააკეთებს, არ აპატიებენ. სახელმწიფო სულ ომშია, მოსახლეობას კი თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ასეთი რამის გაკეთება უბრალოდ სირცხვილი კი არა, ღალატი და შენი ქვეყნის შეურაცხყოფაა. პირიქით, დახმარებას გასცემენ, ვინმეს რამე თუ სჭირდება, უფასოდ ეხმარებიან - ეს ეხება ბიზნესმენებს, სურსათის მაღაზიებს... ვიცი, რაც ხდება სხვა ქვეყნებში, მაგრამ ისრაელის მოსახლეობას სხვა სულისკვეთება აქვს.

50 წლის ვარ, ომში არ გამიშვებენ, მაგრამ ვცდილობ, ჩემს ქვეყანას სხვანაირად ვემსახურო. სადაც გამიშვებენ, იქ წავალ, ამ ქვეყნის გამარჯვებაში ჩემი წვლილი რომ შევიტანო. ბევრი მირეკავს საქართველოდან, გამოარიდე ცოლ-შვილი სიტუაციას და ჩამოდიო. ამას ვერ გავაკეთებ. იცით, 2008 წელს გორში ვიყავი. მაშინ ისრაელის სახელმწიფომ შემომთავაზა, - წამოდი საქართველოდანო, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან საქართველოც ჩემი სამშობლოა. არც მე ვარ გამონაკლისი, ისრაელში ყველა ასე იქცევა, რადგან სხვანაირად მოქცევა სირცხვილად მიმაჩნია.

ლალი პაპასკირი