ვინ აგებს პასუხს 14 წლის გოგონას მკვლელობისთვის? - გზაპრესი

ვინ აგებს პასუხს 14 წლის გოგონას მკვლელობისთვის?

ის დმანისის სოფელ მამიშლოში დაკრძალეს. მკვლელობაში ბრალდებულ 28 წლის ალიმ ასლანოვ-სადიგოვს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, 9 ოქტომბერს დამნაშავე დააკავეს და ამის ამსახველი კადრები უწყებამ უკვე გაავრცელა. თუმცა უფლებადამცველები თვლიან, რომ მომხდარი უმძიმესი დანაშაულის გამო იმ პირთა პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, ვინც იცოდა გოგონას მოტაცების და მისი იძულებითი ქორწინების ამბავი და არაფერი გააკეთა მის დასაცავად.

ამ დრომდე პოლიციაში აქტიურად იკითხებიან მისი ოჯახის წევრები და ნათესავები. როგორც ირკვევა, მერვეკლასელი გოგონა ბრალდებულმა მოიტაცა და 2 თვეზე მეტხანს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, მის სახლში ცხოვრობდა, მაგრამ იძულებითი ქორწინების წინააღმდეგი ყოფილა და რამდენჯერმე უცდია სახლიდან გაქცევა. ერთი ვერსიით, იმ საბედისწერო დღესაც გაქცევას ცდილობდა, სწორედ ამ დროს მოძალადემ ცეცხლსასროლი იარაღიდან მისი მისამართით სამჯერ გაისროლა და გოგონა ადგილზევე მოკლა. ტრაგედია დამნაშავის ბიძის სახლში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში დატრიალდა. შემზარავ ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს. იქ ხალხი იყო შეკრებილი, რადგან ბიძის ოჯახი შვილის ქორწილისთვის ემზადებოდა, მეორე დღეს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძაშვილის ქორწილის სუფრა უნდა გაშლილიყო. იმასაც ამბობენ, რომ თავად ბრალდებულსაც ჰქონდა ქორწილი დაგეგმილი, რომელიც 15 დღეში უნდა გამართულიყო.

უკვე გამოჰკითხა პოლიციამ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ შეესწრო მკვლელობას. ბრალდებულის მამა და ბებია ირწმუნებიან, რომ წყვილს შორის კონფლიქტი არ მომხდარა: "მწყემსი ვარ, ძირითადად არ ვარ სახლში. დედაჩემი ამბობს, სახლში არ უჩხუბიათ, საჭმელი შეჭამეს და ერთად წავიდნენ ჩემი ძმის სახლში, სადაც ქორწილისთვის ემზადებოდნენ. რა მოხდა იქ, არ ვიცი, ან იარაღი საიდან ჰქონდა? ძალიან კარგი გოგო ჰყავდა დანიშნული, მისი ოჯახიც თანახმა იყო მათი ქორწინების, მერე მოიტაცა. კარგად იყვნენ აქ. მაგარი გოგო იყო, იქ რა მოხდა, არავინ იცის, ალბათ იარაღი იყიდა. პოლიცია ეძებს, ჩვენც ვეძებთ. ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს," - ამბობს მკვლელობაში ბრალდებულის მამა. "ერთმანეთი უყვარდათ და რა მოხდა, არ ვიცი. აქედან სიცილით წავიდნენ", - ამბობს ბრალდებულის ბებია.

ასლანოვების მეზობლები ამბობენ, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათი თქმით, ხშირია ადრეული ქორწინება და ამიტომ პოლიციისთვის მიმართვა არავის უცდია. 28 წლის ბიჭს დმანისიდან გოგო მოტაცებული რომ ჰყავდა, ეს იცოდა მერიის წარმომადგენელმა სოფელ ლამბალოში, თუმცა არც მას მიუმართავს პოლიციისთვის. დღეს ირწმუნება, რომ გოგონას ასაკი არ იცოდა.

"ლამბალოელია ეს ბიჭი, რომელმაც გოგო მოკლა. შორიდან ვიცნობდი. სამი თვე იქნება, რაც გავიგეთ, რომ გოგო მოიტაცა დმანისიდან. ისე, მოტაცებამდე ერთი თვით ადრე დანიშნა... რატომ მოხდა ეს, არავინ იცის. პატარა გოგო ყოფილა. არ ვიცოდი მისი ასაკი. ეს ამბავი არც პოლიციამ იცოდა და არც არავინ. როგორც ვიცი, გოგოს ოჯახი არ იყო ამ ქორწინების წინააღმდეგი, რადგან დანიშნულები იყვნენ... ბიჭი მწყემსი იყო, სოფელში ხალხთან დიდი ურთიერთობა არ ჰქონდა. მამა უფრო კომუნიკაბელური ადამიანია", - ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ ლამბალოში ალიხარ აბდულაევი.

მის არასრულწლოვან შვილს რომ უჭირდა და იქ დარჩენა არ უნდოდა, ეს გოგონას ოჯახმაც იცოდა, რომელმაც არაფერი გააკეთა შვილის დასაცავად. "ჩემი შვილი მოიტაცეს. ეს არ მომხდარა ოჯახის თანხმობით. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ასე მითხრა ბიჭმა, - აქ თუ ჩამოხვალ, შენც მოგკლავო. ახლა კი ხედავთ, რა უბედურებაც მოხდა. მან ჩემი შვილი იმიტომ მოკლა, რომ წამოსვლა უნდოდა იქიდან.... ჩემი გოგო მინდორში წავიდა ხბოს მოსაყვანად, ეს ბიჭი კი იქ დამალული ყოფილა. გოგომ გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირა და წიხლები ურტყა, მერე ხეზე მიაბა და ისე სცემა. ნაცემი წაიყვანა თავის სახლში, მოიტაცა. გოგომ უთხრა, მხოლოდ 14 წლის ვარ, არ მიყვარხარ, თავი დამანებე, თორემ 112-ში დავრეკავო. იმან კი ამოიღო იარაღი და მოკლა. ვითხოვ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ მკვლელს", - ამბობს მოკლულის დედა ჟურნალისტთან. რატომ არ მიმართა ოჯახმა პოლიციას? - ამ კითხვას დედა არ პასუხობს. სად იყო სკოლა? - ეს კითხვაც ამ დღეებში ბევრჯერ დაისვა. სკოლაში ირწმუნებიან, რომ გოგონას მოტაცების ამბავი არ იცოდნენ. "300 ბავშვია სკოლაში და თითოეულის სახლში რა ხდება, მე რა ვიცი", - ჟურნალისტებთან თქვა სკოლის დირექტორმა.

ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლის, მაია ხმალაძის თქმით, ოჯახმა დამალა შვილის გათხოვების ამბავი:

"15 სექტემბერს დაიწყო სკოლა. ამ სასწავლო წელს გოგონა არ მოსულა სკოლაში. როგორც დირექტორი ამბობს, 23 სექტემბერს დამრიგებელმა დაურეკა მშობელს, ის არ გამოდიოდა კონტაქტზე. მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც დაიბარეს. ეს იყო 5 ოქტომბერს. მაშინ თქვა, რომ 2 დღეში მოვიდოდა ბავშვი სკოლაში, რადგან გარდაბანში სტუმრად იყო წასული. გონივრული ეჭვიც კი არ ჰქონია არავის, არც სკოლამ იცოდა და არც ჩვენ ვიყავით საქმის კურსში. შარშან სასწავლო წელი ჩვეულებრივად დაამთავრა. ძალიან მოწესრიგებული და კარგი გოგონა იყო... თან ეს ბავშვი დადიოდა მეზობელ სოფელში, სოფელ ზემო ყარაბულახის საჯარო სკოლის მოსწავლეა. დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით სხვა სოფელში ცხოვრობდა. ჩემი ინფორმაციით, ეს ამბავი ოჯახს ძალიან გასაიდუმლოებული ჰქონდა. რა ინფორმაციაც მოდის ჩვენამდე, ჩვენ შესაბამის სამსახურს, პოლიციას, რეფერირებას, სოციალურ სამსახურს შეტყობინებას ვუგზავნით ან თავად სკოლები უგზავნიან. დირექტორმა ისიც კი მითხრა, მას შემდეგ, რაც დამიკავშირდა პოლიცია და გამოიკითხა, დადიოდა თუ არა ბავშვი სკოლაში და მკვლელობის ამბავი შევიტყვე, ისევ დავუკავშირდი მის მშობელს და ვკითხე, სად იყო ბავშვი? მკვლელობის მერეც მითხრა, ქორწილშია წასული ნათესავთანო. ვერაფერი ვუთხარი, ეტყობა, იმ დროს არ იცოდა მკვლელობის ამბავიო..."

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის თქმით, კვლავ პრობლემად რჩება როგორც ბავშვთა ქორწინების შემთხვევების, ასევე სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება: "შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი და საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ. მიუხედავად ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც ბავშვთა ქორწინების შემთხვევების, ასევე სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. სამწუხაროდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს..."

ამ დღეებში გამოჩნდა, რომ ბევრმა იცოდა, გოგონა სახლში დაბრუნებას რომ ცდილობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა ისეთი, ვინც მას ამაში დაეხმარებოდა. უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი წლების განმავლობაში ამ კუთხით მუშაობდა. იგი მიიჩნევს, რომ ბრალდებულთან ერთად, სხვებმაც უნდა აგონ პასუხი მომხდარზე:

- მოცემულმა საქმემ აჩვენა, რომ სახელმწიფო უწყების ვერც ერთმა რგოლმა ვერ იმუშავა ეფექტიანად, რომ დროულად გამოევლინა და აღეკვეთა ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტები. ეს მიუთითებს სახელმწიფო უწყებებს შორის ძალიან სუსტ კოორდინაციაზე. ასე რომ, ამ საქმეს არ ჰყავს მხოლოდ ერთი დამნაშავე. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა იმ პირს, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, რომელსაც ჰქონდა შეტყობინების ვალდებულება, მაგრამ გამოიჩინა გულგრილობა. მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრება არის ერთ-ერთი წინა პირობა იმისა, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში არ განმეორდეს. თუმცა თვითონვე აღნიშნეს, საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემებთან. ამიტომაც, მხოლოდ ერთი ან ორი პირის პასუხისგებაში მიცემაც ამ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის, თუ სახელმწიფო არსებულ პოლიტიკას და პრაქტიკას არ შეცვლის; არ ექნება ნება, რომ ებრძოლოს მსგავს შემთხვევებს. სახელმწიფო უწყებები ეთნიკურად დასახლებულ ადგილებში არაეფექტურად მუშაობენ. კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო არ ატარებს მკაცრ პოლიტიკას და სამართალდამცავები სტერეოტიპულად უყურებენ ამას; აქვთ მოლოდინი, რომ ოჯახებს შორის მორიგებით დასრულდება ამბავი და არ რეაგირებენ. ამიტომ აუცილებელია, ეს სტერეოტიპული განწყობები აღმოიფხვრას სამართალდამცავებსა და სხვა სპეციალისტებში, რათა რეაგირება იყოს ეფექტიანი. ასევე პრობლემად რჩება ასეთი შემთხვევების პრევენცია, დროული გამოვლენა. არადა, კანონმდებლობით განსაზღვრულია შესაბამისი პროცედურები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სპეციალისტები მაშინ, როდესაც ეჭვი უჩნდებათ, რომ ბავშვი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლია. 2016 წლის საქართველოს მთავრობის 437-ე დადგენილებაში განსაზღვრულია, თუ როგორ იქცევიან სპეციალისტები, როდესაც ბავშვი სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლია. შესაძლოა მან ამაზე არ ისაუბროს, მაგრამ სპეციალისტებს, მასწავლებელს, მანდატურის სამსახურს, სოციალურ სამსახურს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ვალდებულება აქვთ გამოიკვლიონ, ხომ არ არის ბავშვი ძალადობის მსხვერპლი. მაგალითად, თუ ის არ დადის ან არარეგულარულად დადის სკოლაში, ან ეტყობა რომ დათრგუნვილია, შესაძლოა ეს რაღაც პრობლემაზე მიუთითებდეს. დადგენილებაში პირდაპირ წერია, ვალდებულები არიან გადაამოწმონ, სახლში რა ხდება. ეს ვალდებულებები არ სრულდება, რეფერირების პროცედურების შესახებ ბევრს ინფორმაციაც კი არ აქვს, ან გულგრილობას იჩენენ და არ ატყობინებენ შესაბამის დანაყოფებს შს სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სამსახურში. არადა, ეს მათი პირდაპირი ვალდებულებაა. თუ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, სამომავლოდ ამას პრევენციული ეფექტი ექნება.

goga-xatiashvili-1697437226.jpg

- მშობლების შეგნების ასამაღლებლად რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

- აქ ცალსახად დგას მშობლების, ოჯახის წევრების პასუხისმგებლობა. როდესაც ვსაუბრობთ ინფორმირებულობაზე, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რამდენიმე პრობლემა იჩენს თავს. ხშირად ბავშვობის ასაკში ქორწინება გამოწვეულია არა მარტო მათი ტრადიციებით ან ჩამორჩენილობით, არამედ სიღარიბით, განათლებასთან დაკავშირებული პრობლემებით. სახელმწიფომ პირველ რიგში, ამ პრობლემების აღმოფხვრაზე უნდა იმუშაოს. არცთუ იშვიათად, მშობლები ფიქრობენ, რომ ადრეული ქორწინებით ბავშვს უკეთეს მომავალს შეუქმნიან. მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია შეგნების ამაღლება და იმის ახსნა, რომ არასრულწლოვნის ქორწინება მხოლოდ პრობლემის დასაწყისია, რადგან შემდგომში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები იჩენს თავს. მაღალია რისკები და არის ფაქტები არასრულწლოვნის გარდაცვალებისა ნაადრევი მშობიარობის გამო. ასევე იზრდება ოჯახში ძალადობის რისკებიც, განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ. კიდევ ერთი კომპონენტი, რაც არცთუ იშვიათია: მოსახლეობა არ ენდობა სახელმწიფო უწყებებს, არ მიმართავს მას დასახმარებლად, რადგან ფიქრობს, რომ ისინი რეაგირებას არ მოახდენენ. დამნაშავე სათანადოდ არ დაისჯება, თუ მათი უფლებები დაცული არ იქნება. ხედავენ პრაქტიკას, როდესაც დამნაშავეები სათანადოდ არ ისჯებიან. უკვე ვახსენე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პოლიცია ძალიან სტერეოტიპულად არის განწყობილი. არ ახდენენ რეაგირებას, რადგან ფიქრობენ, რომ ნაადრევი ქორწინება მათი ტრადიციის ნაწილია და ოჯახები მორიგდებიან. ბავშვთა ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ხშირად საპროცესო შეთანხმება ფორმდება. სასჯელის სახით გათვალისწინებულია პირობითი მსჯავრი, ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, რომელიც არ გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას. ამან წამახალისებელი სახე მიიღო: იხდიან ჯარიმას და პასუხს არ აგებენ. ეს პრაქტიკა ვეღარ უზრუნველყოფს შემთხვევების პრევენციას, ამიტომაც ასეთი პრაქტიკის ფონზე საზოგადოებას უკვე აღარ აქვს ნდობა უწყებების მიმართ.

- ამ ბოლო დროს ზედიზედ რამდენიმე ქალი მოკლა ქმარმა. ფემიციდის აღმოსაფხვრელად რა უნდა გაკეთდეს?

- სამწუხაროდ, ფემიციდი ყველაზე მძიმე ფორმა, დაუძლეველი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან სუსტია ქვეყანაში პრევენციული პოლიტიკა. არადა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მეექვსე მუხლში პირდაპირ ჩამოთვლილია, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ, პრევენციას რომ მიაღწიოს. პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს მათთანაც, ვინც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან. პრაქტიკაში ეს არ სრულდება, რაც პრობლემაა. ბოლო ხანებში სახელმწიფომ ძალიან შეასუსტა პოლიტიკა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე. იკვეთება არაეფექტიანი მუშაობა, რასაც საბოლოოდ ფემიციდამდე მივყავართ. ეს ეხება მართლმსაჯულების ყველა რგოლს: როგორც პოლიციას, ისე პროკურატურას და სასამართლოს. რამდენიმე დღის წინ კონსულტაცია გავუწიე ძალადობის მსხვერპლ ქალს და ცალსახად გამოჩნდა ხარვეზები. სერვისები და კანონმდებლობა ნამდვილად კარგი გვაქვს, მაგრამ არ არის მორგებული მოქალაქეზე. უფრო მეტად მსხვერპლმა უნდა იაქტიუროს, რომ მისი უფლებები და უსაფრთხოება დაიცვან, სახელმწიფო არ გამოირჩევა პროაქტიური შეთავაზებებით. არადა, ხშირად მსხვერპლმა არ იცის თავისი უფლება. მსხვერპლი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეკონომიკურად მოძალადეზე დამოკიდებულება არის ერთ-ერთი მიზეზი საიმისოდ, რომ შემდგომში მსხვერპლები უარს ამბობენ თანამშრომლობაზე, არ აძლევენ ჩვენებას სასამართლოში. ფინანსურად, მატერიალურად მოძალადეზეა დამოკიდებული, სარჩენი ჰყავს შვილები, არ აქვს შემოსავალი, არ აქვს საცხოვრებელი. ასევე გასაძლიერებელია მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამები, ეს მნიშვნელოვანია. რადგან სასჯელის მოხდის შემდგომაც შესაძლოა მოძალადემ ძალადობრივი ქცევა ისევ გაიმეოროს.

- დანაშაულები ხდება ცეცხლსასროლი იარაღით. ამ დღეებში იყო ფაქტი, როცა თავად მოქმედმა პოლიციელმა ტაბელური იარაღით მოკლა ცოლი და სიდედრი, არადა ირკვევა, რომ მანამდე უწყებაში შესული იყო შეტყობინება ძალადობაზე.

- როცა სამართალდამცავ ორგანოს მიმართავს მსხვერპლი ძალადობაზე, გაიცემა შემაკავებელი ორდერი, რომელსაც გამოსცემს პოლიცია ან დამცავი ორდერი, რომელსაც გამოსცემს სასამართლო. კანონი ასევე ითვალისწინებს იარაღის და მათ შორის საშტატო იარაღის ჩამორთმევის საჭიროებას. უფრო მეტსაც გეტყვით, იმის შესაძლებლობაც არის კანონში, რომ ამ ადამიანს აეკრძალოს იარაღის შეძენის ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვება. ასეთ დროს სამართალდამცავებმა წესით უნდა გადაამოწმონ, უფიქსირდება თუ არა მოძალადეს იარაღი პირად საკუთრებაში და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღონ, რადგან ეს მომეტებული საფრთხეა. როდესაც სამართალდამცველია ძალადობის ჩამდენი პირი, მასზე რომ გამოიცემა შემაკავებელი ან დამცავი ორდერი, მინისტრის ბრძანება არსებობს: მას აუცილებლად უნდა ჩამოერთვას იარაღი და მის უშუალო ხელმძღვანელს ეკისრება პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ეს აღასრულოს.

P.S. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დადგება თუ არა სხვების პასუხისმგებლობის საკითხი, ესეც მალე გამოჩნდება.

თეა ხურცილავა