"ჩვენს მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ჰყავთ მეგობრები" - გზაპრესი

"ჩვენს მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ჰყავთ მეგობრები"

ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი, სალომე ზარქუა კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი გახდა, რაც გულისხმობს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლების უფლების მოპოვებას, ვისთვისაც ინგლისური მეორე ენაა. როგორც თავად აღნიშნა, ეს დიდი შრომით მიღწეული წარმატება გახლავთ.

სალომე ზარქუა 1986 წელს დაიბადა ქალაქ წალენჯიხაში, 2008 წელს წარჩინებით დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 2022 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული ენების ფაკულტეტი. 13 წელია, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ამჟამად მუშაობს სსიპ ქალაქ წალენჯიხის N1-ლ და სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის მე-4 საჯარო სკოლებში, წარმატებით თანამშრომლობს ბრიტანეთის საბჭოსა და ამერიკის საელჩოსთან. იგი ბრიტანეთის საბჭოს ინოვაციური პროექტების ფასილიტატორი და წალენჯიხის „ამერიკული თაროს“ კოორდინატორია.

საუბრისას აღნიშნა, რომ მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდ სიფრთხილეს, რუდუნებას მოითხოვს, განსაკუთრებით თანამედროვეობაში. იყო მასწავლებელი, ნიშნავს, იმსახურებდე პატივისცემას, შეგეძლოს უპირობო სიყვარული, იყო აღსავსე ჰუმანიზმით და რაც მთავარია, იყო პროფესიონალი, რადგანაც XXI საუკუნე გამოწვევებისაა და არ შეიძლება შეჩერდე, ანუ აუცილებლად უნდა იყო თანამედროვე, საინტერესო და მაძიებელი. უდავოა, რომ წარმატებას აღწევს ის, ვისაც თავისი საქმე უყვარს და მას ღირსეულად ემსახურება.

- სკოლის პერიოდიდანვე ძალიან მიყვარდა ინგლისური, რადგან საუკეთესო მასწავლებელი მყავდა, ქალბატონი ნინო კალანდია, გამორჩეული პედაგოგი, პროფესიონალი და ყოველივე ადამიანური თვისებებით შემკული. დამეთანხმებით, რომ გამორჩეული მასწავლებელი ხშირად ხდება მომავალი პროფესიის განმსაზღვრელი. მან ინგლისურ ენასთან ერთად, პედაგოგობაც შემაყვარა. დღეს ჩვენ კოლეგები ვართ და წარმატებით ვთანამშრომლობთ. არასოდეს მინანია ჩემი გადაწყვეტილება, პირიქით, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები მის სისწორეში. უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც გრძნობ, რომ უყვარხარ, გაფასებენ, გაღიარებენ და ეიმედები, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ სიყვარულს, აღიარებას დამსახურება სჭირდება. თუკი მოსწავლემ დაინახა, რომ გიყვარს, აღიარებ, აფასებ და გულწრფელი ხარ, შეუძლებელია ეს უკან არ დაგიბრუნდეს. ამიტომაც ვთვლი, რომ მოსწავლის გულის გასაღებს სწორედ მიმღებლობა, სიყვარულის გაცემა განაპირობებს. ყველა ჩემი მოსწავლე გამორჩეულია და განურჩევლად აკადემიური მოსწრებისა, თითოეული მათგანი ფასდაუდებელია...

- ალბათ გახსოვთ მასწავლებლობის პირველი დღე.

- სკოლაში მუშაობის დაწყების პირველ დღეს, მე-11 კლასში მომიწია შესვლამ. ვღელავდი და მეშინოდა კიდეც, რადგან უფროსკლასელები იყვნენ, მე კი სულ რაღაც 22 წლის ვიყავი, მაგრამ წარმატებით გავართვი თავი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ იქ იყო ჩემი ადგილი. ვცდილობ გამოწვევებს ფეხი ავუწყო, გავუმკლავდე სირთულეებს და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ვიმოქმედო.

- როგორ უნდა დააინტერესოს პედაგოგმა მოსწავლე?

- მოსწავლეს გააჩნია ნების თავისუფლება, პირველ რიგში, უნდა ასწავლო, რა უპირატესობა აქვს განათლებას, რას გვაძლევს ცოდნა. უდავოა, რომ მცოდნე კაცი სიკეთესთან ასოცირდება, განათლება ადამიანში ნათელის შემოსვლაა, რაც ათბობს და ამზიანებს. სწავლა იძულებით არ შეიძლება, უნდა აღუძრა ინტერესი. ბავშვებს მოსწონთ ინოვაციური მეთოდები, ამიტომ ვცდილობ დავნერგო და განვახორციელო ისინი ჩემს პრაქტიკაში. ხშირად ვიყენებ რეალიებს, ენერჯაიზერებს, სახალისო თამაშებს, ლექსიკური ერთეულების შესწავლისას სხვადასხვა მეთოდს. ვცდილობ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველას აზრი მისაღებია და ვცდილობ განვუვითარო მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ვიყენებ პრობლემებზე დაფუძნებულ სწავლებას, რაც ძალიან მოსწონთ, რადგან ისინი თავადვე არიან პრობლემის იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების ძიების მონაწილეები. როდესაც მოსწავლე ამ პროცესში უშუალოდ ჩაერთვება, მოტივაციაც ეზრდება და უფრო კონცენტრირებული ხდება. მართალია, პროცესი არ არის მარტივი, მაგრამ მოსწავლემ იცის, რომ წარმატების გარანტი ცოდნა და საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენა, რეალიზებაა.

წარმატებით ვთანამშრომლობ განათლების სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის ერთობლივ საერთაშორისო პროგრამა "ითვინინგთან", რომლის მეშვეობითაც მოსწავლეებისათვის შესაძლებლობების საზღვრები ფართოვდება. ისინი "ითვინინგსა" და სხვა საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობით ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენს მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ჰყავთ მეგობრები, რომლებთანაც ყოველდღიურად ურთიერთობენ.

მასწავლებელს უსაზღვროდ უნდა უყვარდეს ბავშვები და საგანი, რომელსაც ასწავლის; უნდა ჰქონდეს მოთმინების დიდი უნარი. ერთხელ მოსწავლემ მითხრა, - ნეტავ, დედაჩემი იყოთო... ვცდილობ, არასოდეს ვუთხრა მოსწავლეს ისეთი რამ, რაც გულს ატკენს. ამ პატივისცემასა და დამოკიდებულებას თვითონაც ხედავენ და აფასებენ. ჩემთვის მთავარია, მყავდეს კმაყოფილი მოსწავლე და მშობელი, მათთვის საიმედო მასწავლებელი მინდა ვიყო.

384531047-287162430788498-1711505309650013828-n-1697437494.jpg

- კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი გახდით, გილოცავთ ამ წარმატებას.

- კემბრიჯის სერტიფიკატის აღება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. კურსის ფარგლებში სავალდებულო დავალებების შესრულებისა და ინგლისური ენის დონის შემოწმების შემდეგ ჩავირიცხე კურსზე, რომლის ფარგლებშიც მომიწია 8 გაკვეთილის ჩატარებამ, 4 კვლევის ტიპის დავალებების შესრულებამ, სხვადასხვა ვიდეოგაკვეთილის განხილვამ. განსაკუთრებით შრომატევადი გახლდათ კემბრიჯის სტანდარტებზე მორგებული ჩასატარებელი გაკვეთილების გეგმების წერა, რომელიც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა, რისთვისაც ღამეების გათენებაც მიწევდა. გაკვეთილებს აკვირდებოდნენ კემბრიჯიდან მოწვეული და აქაური ტუტორები. საბოლოო პასუხის მისაღებად 3 კვირა იყო საჭირო და ლოდინს მღელვარება ახლდა. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, გამოვიყენებ თუ არა ამ სერტიფიკატს და წავალ თუ არა საზღვარგარეთ ინგლისური ენის პედაგოგად, მაგრამ მიღწეული წარმატება უფრო ამიმაღლებს მოტივაციას და სწავლების ახალი მეთოდოლოგიის საშუალებით კიდევ უფრო მეტად შევაყვარებ ჩემს მოსწავლეებს ინგლისურ ენას.

შრომა ყოველთვის ფასდება და ამის ნათელი მაგალითია, რომ 2022 წელს მინისტრისგან მომენიჭა განსაკუთრებული წესით მენტორი მასწავლებლის სტატუსი. ამჟამად კი, სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის მე-4 საჯარო სკოლიდან წარდგენილი ვარ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე. დიდი მადლობა ჩემს დირექტორებს, სასკოლო საზოგადოებას, რომლებიც ყოველთვის მგულშემატკივრობენ და მთელი გულით იზიარებენ ჩემს წარმატებებსა და სიხარულს. ამავე დროს არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს, რადგან შვილის წარმატებაში ლომის წილს მშობელი თამაშობს, ყველაზე მთავარი კი ჩემთვის ისაა, რომ შვილმა ჩემით იამაყოს და ვიყო მისთვის მაგალითი, მისაბაძი ადამიანი, რომელიც უჩვენებს, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა.

ნინო ჯავახიშვილი