უცნაური თევზები - რეალური სახეობები და ზღაპრული ფიგურები - გზაპრესი

უცნაური თევზები - რეალური სახეობები და ზღაპრული ფიგურები

ლევან შალვა პაპალაშვილი პროფესიით ფიზიკოსი, ინფორმაციის მენეჯერი, ფოტოდოკუმენტალისტი და გრაფიკული დიზაინერია. ბოლო 2 წელია ორიგინალურ კოლაჟებს ქმნის წყლის ბინადრების თემაზე. თავდაპირველად თავისი ნამუშევრები სოციალურ ქსელში გამოფინა, შემდეგ უკვე გამოფენებზეც წარდგა. წელს თბილისობის დღესასწაულზე მისი ნაკეთობები ღვინის მუზეუმში, სინთეზურ გამოფენაზე „კულტურული რევოლიცია“ ვნახე, სადაც სხვადასხვა ხელოვანის შემოქმედება იყო წარმოდგენილი. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ლევან შალვა პაპალაშვილის თევზებს ეკავა, ამიტომ მისი პირადად და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა გადავწყვიტე.

- წლებია გრაფიკულ დიზაინში ვმუშაობ. წიგნებს გამოსაცემად ვამზადებთ - ამაში ტექსტისა და გარეკანის დიზაინს ვგულისხმობ. ასევე ვაკეთებ პოსტერებს, მისალოცებს, მოსაწვევებს და ა.შ. გატაცებული და დაკავებული ვარ ფოტოგრაფიით. როგორც ექსპოზიციონერს, მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა საგამოფენო პროექტში. ამ ყველაფერმა გარკვეული გავლენა იქონია, რომ ჩემი შესაძლებლობები ვიზუალური არტის სხვა მიმართულებითაც მეცადა, თან, ცნობისმოყვარე ვარ. გარდა ამისა, მამა ხატავდა ქვაზე, ტილოზე, საღებავებით, ფანქრით. ასე რომ, საღებავების სუნი და შემოქმედებითი ქაოსი სულ იყო ჩვენთან. გამოდის, ტრადიციას მეც ვაგრძელებ.

- რა ჰქვია იმ მიმართულებას, რომელსაც თქვენი ნამუშევრები ეკუთვნის?

- სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ამ მიმართულებას კრაფტსაც ეძახიან და სტიმპანკსაც. ასეთი ნამუშევრების კეთება 2021 წელს დავიწყე. უხეშად რომ გამოვითვალო, თვეში ერთს ვაკეთებ. კარგ ინსტრუმენტალისტს ჰკითხეს, რა ჰქვია იმ მიმართულებას, რომელშიც მუშაობთო? მან ასე უპასუხა: არ ვიცი, მე მხოლოდ მუსიკას ვუკრავო. ძალიან მომეწონა ეს პასუხი. მეც ასე ვიტყვი: მე მხოლოდ თევზებს ვამზადებ. არ მიყვარს სტატუსების მიწებება, მიმდინარეობების განსაზღვრა და ისიც კი მეხამუშება, როცა ხელოვანად მომიხსენიებენ.

3-copy-1697437702.jpg

- თუმცა, მე მაინც გიწოდებთ ხელოვანს. თქვენი კომპოზიციები თევზების თემაზე რა მასალით მზადდება და რატომ კონკრეტულად მხოლოდ წყლის ბინადრების სხვადასხვა სახეობა?..

- ჩემი ნამუშევრები დიდწილად მეორადი, გამოუსადეგარი მასალებისგან იქმნება. მზადდება ხისგან, მეტალის დეტალებისგან, ტყავისა და ნებისმიერი სხვა მასალისგან. ვიყენებ სხვადასხვა საღებავს და დაძველების ტექნიკას. თევზებს ვათავსებ ხის ან სხვა ტექნიკური მასალის ზედაპირზე. ნამუშევრების უმთავრესი ზომა დაახლოებით 60/40-ზეა.

რატომ თევზები? ამაზე ასე გიპასუხებთ: მაღალი რეგისტრის შეგრძნებების და განცდების გადმოცემა ხშირად ძნელია. მათი წაკითხვა თვალებიდან, სხეულის ენიდან, მიხრა-მოხრიდან და ჟესტებიდან უფრო მეტად ჩანს და ზუსტად წაკითხვა შეიძლება. ალბათ სწორედ ასეა ვიზუალური არტიც. თევზები ამის საუკეთესო მაგალითი მგონია, რადგან ისინი ხმასაც ვერ იღებენ. თავიანთი ვიზუალითა და მეტყველებით საიდუმლო კავშირს ამყარებენ მნახველთან.

- ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ბუნებაში ყოფნა ან თევზაობა გიყვართ. ასეა?

- არა, თევზაობა არ მიყვარს. თევზი იყოს იქ, სადაც არის და იცუროს (იღიმის). ადრეულ ყმაწვილობაში მითევზავია, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, არც ესთეტიკურად მომწონს და ვერც დიდ შინაარsს ვხედავ. თუმცა, მეგობრები რომ მიდიან, მივყვები, მაგრამ ბუნებაში ყოფნისას სხვა გატაცებები მაქვს: ტყეში გავდივარ, შეშას ვაგროვებ, ცეცხლს ვანთებ, სოკოების სახეობებს ვეცნობი, ვაგროვებ და ველოდები, როცა ღამით ბუ დაიჭყივლებს, ე.ი. ის საღამო შედგა.

1-copy-1697437716.jpg

- თქვენი თევზები ფანტაზიით იქმნება თუ თქვენს კომპოზიციებში კონკრეტული სახეობები გვხვდება?

- სხვადასხვაგვარად. რომელიმე თევზის ფორმას, მაგალითად ხმალთევზას, ქორჭილას ანდა თაღლითას, შესაბამის ხის ფორმას შევუსაბამებ, შემდეგ იწყება იმპროვიზაცია. როგორც ბავშვი უამრავი სათამაშოს გარემოცვაში ჩაჯდება და ღუღუნ-ღიღინით დაუგეგმავად იწყებს თამაშს, ასე ვარ მეც, შევდივარ ჩემს სახელოსნოში და მუშაობას ვიწყებ. საბოლოოდ არ ვიცი, ჩემი ნამუშევარი როგორი გამოვა, ხან ძალიან ზღაპრული გამოდის, ხანაც რეალურ თევზს ჰგავს.

- თავიდანვე იცოდით, რომ თქვენი გატაცება მხოლოდ თევზების თემას დაეთმობოდა?..

- პირველი თევზი რომ გავაკეთე, მოიხდინა ეს ტექნიკა. შემდეგ რამდენიმე სხვა ფორმა ვცადე: „წითელქუდას“ ზღაპრიდან, მგლისა და წითელქუდას ერთ-ერთი სცენა გავაკეთე. შემდეგ ქოხი, მზესუმზირებთან ერთად, მაგრამ ეს ტექნიკა თევზებმა უფრო შეიფერეს. თან მათი სამყარო იმდენად მრავალფეროვანია, თითქოს მეძახიან, აბა, ჩემი დრო როდის მოვაო (იღიმის)?!.

- როგორ ჩნდებიან ისინი წარმოსახვაში? ალბათ, ნამუშევრების შექმნამდე ვიდეოებს უყურებთ, ფოტოებს ათვალიერებთ...

- ცხადია. თვალსაწიერის გაფართოება სხვადასხვა ნამუშევრებისა თუ ფოტოების თვალიერებით ხდება. ამ სფეროში საქმიანობის დროს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზია. აღქმული შენში გროვდება, ილექება და შემდეგ შენი საკუთარი პროდუქტის სახით იძერწება.

- გამორჩეულად ძვირფასი ნამუშევარი თუ გაქვთ?

- დიახ... ავლაბარ-ჩუღურეთის საზღვარზე ვცხოვრობ, რომელსაც უწინ არსენალი ერქვა. იქ ძველი სამხედრო ნაწილი იყო. იმ ადგილას კონფლიქტური ტერიტორიებიდან ჩამოტანილ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ყრიდნენ. იქ ჩვენი სათამაშო ველი იყო, რომელიც ბევრი თინეიჯერისთვის ეგზოტიკურ ადგილს წარმოადგენდა. სულ ჭუჭყიან-ჟანგიანი ვბრუნდებოდით შინ. სწორედ ამ თემაზე მაქვს შექმნილი ნამუშევარი „ჟანგიანი“, რომელიც იმ პატარა, გასული საუკუნის 90-იანი წლების ხულიგან ბავშვს ჰგავს. ის კონკრეტულად მე არ ვარ, უბრალოდ, იმ პერიოდის ბიჭების განზოგადებული სახეა.

4-copy-1697437686.jpg

- ამ ტექნიკისა და თემის მიმართ რამდენად არის დაინტერესება, თქვენი ნამუშევრების შეძენის მსურველები არიან?

- დღემდე სამ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა და ჯამში რამდენიმე ნამუშევარი გაიყიდა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. გამოხმაურება ხშირია, გვწერენ და გამოფენის მიმდინარეობის დროსაც, ხშირად ინტერესდებიან შესრულების ტექნიკით, ღირებულებით და ბევრი აღნიშნავს, რომ ჩემს ნაკეთობას სიამოვნებით იქონიებდა შინ.

- ჩემი აზრით, თქვენს ნამუშევრებს სამზარეულოს ან საკვები ობიექტების, კერძოდ, თევზის ბარ-რესტორნების ინტერიერი მოიხდენს და თან, აგურის კედლები...

- დიახ, ამაზე მეც ნაფიქრი მაქვს და გმადლობ, რომ თქვენც ასე აღიქვით... ბოლოს დავამატებ: მნახველი ხშირად მეკითხება, ჩემს თევზებს ისტორიები თუ აქვთ? დიახ, ყველას აქვს თავის ამბავი. თუმცა, ეს დამთვალიერებლის იმპროვიზაციასა და ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. თევზები მე ჩემებურად მიყვებიან თავიანთ თავგადასავლებს და მათ - თავისებურად. საერთო ჯამში, ყველა თევზი სხვადასხვა ამბავგამოვლილი ვეირდოა, რომლებსაც თავისუფლება უყვართ.

ანა კალანდაძე