როგორ იზრდებოდა საქართველოში ბავშვი საინგილოდან და რას ფიქრობს ის ჩვენს დღევანდელ ყოფაზე - გზაპრესი

როგორ იზრდებოდა საქართველოში ბავშვი საინგილოდან და რას ფიქრობს ის ჩვენს დღევანდელ ყოფაზე

საქართველოს დედაქალაქს ბევრი შეუფარებია და ცხოვრების გზაზე დაუყენებია. ალბათ ამიტომაც, თბილისი არის ურთიერთობა, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. აქ ერთხელ ჩამოსული ადამიანი მას ვეღარასოდეს ტოვებს, გეოგრაფიული დაშორიშორების მიუხედავად. ჩვენ ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულის (ჰერეთი, საინგილო) მკვიდრს, ბატონ რეზოს (გვარს მიზეზების გამო არ ვასახელებთ) ვესაუბრეთ.

- საინგილოდან თბილისში 1960 წლის სექტემბერში ჩამოვედი. 64 წელში დავამთავრე 57-ე საშუალო სკოლა, ხოლო 68-ში ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. მაშინდელი საზოგადოება სხვა მენტალიტეტით, ინტერესებით გამოირჩეოდა - ჩაცმულობიდან დაწყებული, ქცევებით დამთავრებული. უმცროს-უფროსობა არსებობდა, მეტი ურთიერთობა და პატივისცემა იყო, ვიდრე დღესაა.

ვაკის საბავშვო სახლში ვიზრდებოდით ოსებთან, აფხაზებთან, სხვადასხვა ეროვნების ბავშვებთან ერთად. ჩვენგან განსხვავებით, თითქმის ყველა მათგანი მშობლების გარეშე იყო დარჩენილი. თავიდანვე კარგად მიგვიღეს, მეგობრულად ვიზრდებოდით. მასწავლებლები ცოტა შორიდან ჩამოსულებს უფრო კარგად გვეპყრობოდნენ, მეტად ზრუნავდნენ ჩვენზე. მახსოვს აღმზრდელები მიხეილ კანდელაკი და თამარ დავითაშვილი. მე მესამე ჯგუფის მამასახლისი ვიყავი. სულ სამი ჯგუფი იყო, 15-20-კაციანი. რეჟიმით გვაცხოვრებდნენ. სასმელ-საჭმელი, გართობა არ გვაკლდა.

ხანდახან გაგვახსენდებოდა საინგილო, ჩვენი სოფელი და ოჯახი, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიეთ. ჯგუფებში ჩვენი აღმზრდელები იყვნენ ზინა ბზუკაშვილი, მარო ფაღავა, იმენა მარღიშვილი... დირექტორი ქუთათელაძე ჩვენთან ფეხბურთსაც კი თამაშობდა. პატარებს სულ გველაპარაკებოდა, ყურადღებას არ გვაკლებდა. მოგვიანებით, როცა ვაკის საბავშვო სახლი დიღმის მასივში გადაიტანეს, კიდევ ერთხელ შევხვდი ჩემს მასწავლებელს, უკვე ასაკოვან იმენა მარღიშვილს.

ენების შესწავლა სკოლაშივე დავიწყე და ბოლო კლასში ყოფნისას სამეურნეო ანგარიშით უცხო ენათა ინსტიტუტში კურსებზე დავდიოდი. გამოყოფილი ლიმიტის (მაშინ ინგილოებს შეღავათს გვიწევდნენ) მიუხედავად, კონკურსში გამიყვანეს და ჯგუფში მესამე ჩავირიცხე. სტუდენტობისას პროფკავშირის კომიტეტის წევრი ვიყავი. მიყვარდა სპორტი, თითქმის ყველა სახეობაში ვმონაწილეობდი.

ინსტიტუტში ვმეგობრობდი მწერალ და მთარგმნელ (პოლონურიდან) ჯემალ ჭელიძესთან. მერე ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა წლების განმავლობაში. მახსენდება მზია დარბაისელი (ჯგუფხელი), ცისანა საგინაშვილი, ციზო სარალიძე, გიული მოლაშვილი და ჟღენტი, რომლის სახელს ვეღარ ვიხსენებ. დეკანი ნელი კრავეიშვილი, თამარ და ისიდორე გვარჯალაძეები მასწავლიდნენ სპეციალობას და ენის სწავლების მეთოდიკას - ლონდონში გაზრდილი და-ძმა. ასევე, ლია გაბეჩავა, ლია კაპანიძე...

ინსტიტუტის დამთავრების წელს 22-სართულიანი სასტუმრო "ივერია" იხსნებოდა. დეკანმა მითხრა, გაგანაწილებ და თარჯიმნად იმუშავე; პირველ ხანებში ცოტა გაგიჭირდება, მერე ხელფასი მოგემატება და ბინასაც მოგცემენო. მაინც სოფელში დაბრუნება ვარჩიე. ძირითადად იმიტომ, რომ საინგილოში კადრების ნაკლებობა იყო, იქაურ სკოლაში ინგლისურს არავინ ასწავლიდა.

თბილისში პერიოდულად ჩამოვდიოდი, ვცდილობდი ურთიერთობები შემენარჩუნებინა. 9 აპრილის ტრაგედიის წლისთავზე დიდი მანქანით (კოლმეურნეობამ მოგვცა) ჩამოვედით თბილისში და ჩვენებური თხილი ჩამოვიტანეთ და თბილისის ერთ-ერთ სკოლას გადავეცით, ფილარმონიის მოპირდაპირე მხარეს, საიდანაც 9 აპრილს შეწირულები იყვნენ: თამრიკო ჭოველიძე და ნათია ბაშალეიშვილი. მაშინ ბაშალეიშვილის საფლავზეც ავედით, სადაც მამამისი დაგვხვდა...

შემდეგ იმ დღესვე მთავრობის სასახლის წინ მიტინგს დავესწარით. მახსოვს სიტყვით გამოვიდნენ: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები.

მერე ქვეყნად ყველაფერი შეიცვალა, უფრო სწორად, ძველი ფორმაცია დაინგრა... 90-იანებში აქ ჩამოსვლა უკვე საშიში გახდა - ავტომატის განუწყვეტელი კაკანი ისმოდა, მით უმეტეს, ღამღამობით და ამ ყველაფერმა ხალხის ფსიქიკა შეცვალა. ბევრჯერ შევსწრებივარ ავტობუსსა თუ ტროლეიბუსში ჩხუბს ე.წ. ზვიადისტებსა და შევარდნაძის მომხრეებს შორის. ქვეყანა აგრესიულ გარემოში გადაეშვა. ყველაფერი იმდენად შეიცვალა, რომ ვეღარ ვცნობდი აქაურობას, ხალხს.

სკოლაში 44-წლიანი მუშაობის განმავლობაში ვიყავი ორგანიზატორი, დირექტორი. 54 წლის შემდეგ ოჯახური მიზეზების გამო, დროებით ისევ თბილისში დავბრუნდი.

- სკოლაში თბილისის მხრიდან მხარდაჭერას რამდენად გრძნობდით?

- ადრე ძალიან გვეხმარებოდნენ. სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციიდან (მათ შორის ფიზკულტურის კომიტეტიდან) გვსტუმრობდნენ, ჩამოჰქონდათ სასკოლო წიგნები და ინვენტარი. მახსოვს თბილისელმა გულო ერისთავმა (ჩვენებური ზურაბ ერისთავის მეუღლემ) სულაც, გერმანული წარმოების როიალი გვაჩუქა, რომელიც სამასწავლებლოში ყველაზე თვალსაჩინო ადგილას გვედგა. მე, როგორც ხელმძღვანელი, ყველანაირად ხელს ვუწყობდი ქართული სექტორის, მთლიანად სკოლის გაძლიერებას.

მჭიდრო ურთიერთობა დავამყარეთ ქალაქ რუსთავის მეათე საშუალო სკოლასთან. იქიდან "საინგილოს დახმარების საზოგადოება", პირადად მისი თავმჯდომარე თამაზ კვარაცხელია აქტიურობდა. ასევე, ვმეგობრობდით დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედის (მდინარე ალაზანზე ჩვენი უშუალო მეზობლები არიან) სკოლასთან. მეზობელი ალიაბადი (ელისენი) ლაგოდეხის სოფელ ნინიგორს ემეგობრებოდა...

ახლა რამდენიმე თვით თბილისში ცხოვრებამ მომიწია. როგორც გითხარით, ახლანდელსა და მაშინდელ დროს შორის უზარმაზარი კონტრასტია. აზროვნება, ფსიქოლოგია, დამოკიდებულებები რადიკალურად შეიცვალა.

- ძირითად სხვაობას მაინც რაში ხედავთ?

- აქ ვასილ მჟავანაძის მმართველობიდან მოყოლებული მიცხოვრია, დღეს უკვე ღარიბაშვილია პრემიერი. სიმართლე გითხრათ, ადრინდელი ცხოვრება უფრო მოსაწონი იყო. დღეს ყველა და ყველაფერი გაუხეშებულია. ადამიანებს შორის უპატივცემულობა იგრძნობა. ხანდახან ვფიქრობ, გარემო ასე რადიკალურად რატომ უნდა შეცვლილიყო და პასუხი არ მაქვს. მესმის, ყოველ თაობას თავისი ნიშან-თვისებები აქვს, ადრინდელი რაც კარგი იყო, ისიც იკარგება.

ადრე მთავრობა არავის აინტერესებდა, ოპოზიცია საერთოდ არ არსებობდა. დღეს ტელევიზორს ვერ ჩართავ, ყველა ყველას ლანძღავს და აგინებს. რა თქმა უნდა, ოპოზიცია საჭირო და აუცილებელია, მაგრამ ამ დონის ურთიერთგადაკიდებაც მიუღებლად მიმაჩნია. ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივი ამბავი გახდა, როცა ჩემი პატარაობისას მსგავსი არც კი გვესმოდა.

მეორე მხრივ, აქ დღესაც რომ გაიგებენ, ინგილოები ვართ, თბილად გვიღებენ და ის ძველი პატივისცემა შენარჩუნებულია... ახალი თაობა უფრო მომთხოვნია, მეტი ინფორმაცია და გასაქანი აქვთ. ჩვენ დროს რამდენიმე გაზეთი გამოდიოდა და ჟურნალი "დროშა". ტელევიზორში მარტო საქართველოს პირველ პროგრამას ვუყურებდით, ახლა უამრავი არხი, ბეჭდვითი გამოცემაა. ყველას ხელში ტელეფონი უჭირავს, ადამიანები უკვე ერთმანეთის ნაცვლად ტექნიკას, ახალ ტექნოლოგიას ელაპარაკებიან. როცა ვინმე უკან მოგდევს, გგონია, სამ კაცს ელაპარაკება და ამ დროს მარტოა ტელეფონშია თავჩარგული.

tbilisi-1697439094.jpg

- პოზიტივს რაში ხედავთ?

- აქ ყველაფერი მინახავს: გაჭირვება, ლამის შიმშილი და ასე შემდეგ. იყო ისეთი დროც, პური არ გვქონდა; დავუშვათ, ასე ხრუშჩოვის დროს ხდებოდა. მარტო საბავშვო სახლს კი არა, მთელ მოსახლეობას უჭირდა, პურის რიგებში ვიდექით ხოლმე. ახლა ყველაფერი ბევრია: გინდა საკვები და გინდა ჩასაცმელი. მაშინდელ ფულსაც სხვა ძალა ჰქონდა, რომ იტყვიან, მანეთი მანეთობდა, ახლანდელ ლარს კი ნაკლები ძალა აქვს. თუ ადრე ათ კაპიკად ნახევარ პურს გვაძლევდნენ, დღეს ლარი და ოცდაათი თეთრი უნდა გადაიხადო. იმ ათკაპიკიან ნახევარ პურს ორნი ვჭამდით. იყო ხალხი, 2-3 კაპიკის პური ჰყოფნიდა.

მთლიანობაში კი, თუნდაც 90-იანებთან შედარებით, აქ მეტი სიმშვიდეა. შეგიძლია თავისუფლად იარო, ადამიანები ადრინდელივით ერთმანეთზე გადაკიდებულები აღარ არიან, უაზრო კონფლიქტში აღარ შედიან. ეს ალბათ საფუძველია, რომ ხვალ უკეთესობა იყოს ამ ქვეყანაში. 90-იანები აღარ უნდა მობრუნდეს, ადამიანების თუნდაც ეროვნების მიხედვით გაყოფა-დაპირისპირება არ უნდა ხდებოდეს. სწორი პოლიტიკით საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. ასევე, მეზობლებთან უნდა ვიყოთ კარგ ურთიერთობაში. სახელმწიფო ასე წინ წავა, განვითარდება.

და კიდევ, მეზობელ აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი უნდა გაიხსნას. კოვიდპანდემიის დაწყებიდან მეოთხე წელია ჩაკეტილია, რაც ხალხზე უარყოფითად მოქმედებს. ეს მაშინ ხდება, როცა სიტყვით საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. იმედია, საღი აზროვნება გაიმარჯვებს. მთლიანობაში, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

გიორგი მეფარიძე