ვერა ფაღავას "მდუმარე ქალაქები" - გზაპრესი

ვერა ფაღავას "მდუმარე ქალაქები"

საფრანგეთში ნამოღვაწარი ქართველი მხატვრის, ვერა ფაღავას (1907-1988) შესახებ შეიძლება ბევრს არ სმენია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოფენები არაერთ ქვეყანაში გაიმართა. ამ წერილით მკითხველს გავაცნობთ მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, რაშიც დაგვეხმარება მედიცინის დოქტორი ელისო ტარასაშვილი, რომელიც ჰპატრონობს მხატვრის ნამუშევრებს და ზრუნავს მის წარმოსაჩენად. საფრანგეთში მცხოვრები ქალბატონი ელისო ამჯერად იმიტომ ჩამოვიდა თბილისში, რომ მისი ძალისხმევით გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "მდუმარე ქალაქები", სადაც თავმოყრილია ვერა ფაღავას ის ნამუშევრები, რომელთა მთავარი თემა ქალაქები და არქიტექტურაა.

qoxx1pnze9ioq7qecmtcqpmjrhccvnelcbdthnjc-1697439286.jpg

- ვერა ფაღავა თანამშრომლობდა დედათქვენის - თამარ წულაძის მიერ დაარსებულ გალერეა "დარიალთან" და ისინი მეგობრობდნენ კიდეც. ამის შესახებ გვიამბეთ.

- დედაჩემი კარგად იცნობდა ვერას. ჩემი მშობლები საფრანგეთში 1925 წელს ჩავიდნენ, ჯერ ლევილში იყვნენ, მერე ხან სად და ხან - სად. პარიზში სანამ ბინას იშოვიდნენ, ერთხანს სწორედ ფაღავებთან ცხოვრობდნენ. ბავშვობიდან მახსოვს ვერა. პირდაპირი ადამიანი იყო, სათქმელს არ მიკიბ-მოკიბავდა, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. მრავალი საკითხით დაინტერესებულს, გონებაში მხოლოდ მუშაობა და ხატვა უტრიალებდა. ვერას ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა. ჯერ დედა გახდა ავად და 1946 წელს გარდაიცვალა, მერე მამა - 1950 წელს. ვერა თითქმის მთელი ცხოვრება საკუთარი ფერწერული ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხის იმედად იყო. მხატვარმა თავისი ნამუშევრები გარდაცვალებამდე გალერეა "დარიალს" გადასცა. ამჟამად ისინი ეკუთვნის "კულტურულ ასოციაცია - ვერა ფაღავას", რომელიც ჩემი დაარსებულია.

- თქვენ შესახებაც მოგვიყევით - საფრანგეთში დაიბადეთ და იქ ცხოვრობთ. ქართულად ბავშვობიდან საუბრობდით? ქართველი ემიგრანტებიდან ვინ მოდიოდა თქვენთან სტუმრად?

- მე დავიბადე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩემი უფროსი ტყუპი და - 1944 წელს. იმათ ქართულად დაიწყეს საუბარი, მე ფრანგულად იმიტომ, რომ დედ-მამა ფრანგულად ლაპარაკობდა. ქართული ენა ბებია-ბაბუასგან ვისწავლე. დედის მშობლები იყვნენ ვასო წულაძე (სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხაზინადარი) და მარგარიტა გორდელაძე. მთავრობის ყოფილი წევრებიდან ჩვენთან, ბაბუას სანახავად ყველაზე ხშირად მოდიოდა ევგენი გეგეჭკორი. ის კარგად მახსოვს, რადგან ახალუხი ეცვა. კიდევ მოდიოდა ნოე ცინცაძე. სიმპათიური კაცი იყო გრიშა უროტაძე, რომელიც ბავშვებს გამოგველაპარაკებოდა ხოლმე. ნოე ჟორდანია არ მახსოვს, მასთან ბაბუას მგონი, მიწერ-მოწერა ჰქონდა.

eliso-gamopenaze-tbilisshi-1697439302.jpg

- საქართველოში პირველად როდის ჩამოხვედით და როგორ გახსოვთ ის წლები?

- 20 წლის ვიყავი, როცა ჩამოვედი დედაჩემთან ერთად. მთელი ნათესავები თვითმფრინავის ტრაპთან დაგხვდნენ, დიდი ემოციები გვქონდა. საინტერესო ის იყო, რომ ამ ხალხს არ ვიცნობდი, მაგრამ ბებიაჩემი მათზე მუდმივად საუბრობდა. ორი წლის შემდეგ მარტო ჩამოვედი. მახსოვს, ბიძას, სერგი წულაძეს ვკითხე, - რას ფიქრობ, რომ თბილისში სამედიცინო სტაჟირება გავიარო-მეთქი? მიპასუხა, - შენი თაობა საფრანგეთში დაიბადა და სჯობს, იქ ისწავლოო.

- ვერა ფაღავას ბიოგრაფიის ეპიზოდები გაგვაცანით.

- ვერა თბილისში დაიბადა. 12 წლის იყო, როცა მამამისს ჯანმრთელობა შეერყა და ოჯახი შვეიცარიაში გაემგზავრა სამკურნალოდ, ეს იყო 1919 წელი. შემდგომ წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, ისინი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდნენ. 1923 წელს ოჯახი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. ვერა ფაღავამ 16 წლიდან დაიწყო სახელოვნებო განათლების მიღება და 1939 წლამდე არაერთ სამხატვრო სტუდიასა და სახელოსნოში სწავლობდა. იმ პერიოდში მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში მეგობრებთან ერთად. ვერა ფაღავას პირველი დიდი გამოფენა 1944 წელს, დორა მაართან ერთად გაიმართა ჟან ბუშეს გალერეაში. წარმატებული გამოფენის შემდეგ, ნამუშევრების გამოფენა განაგრძო როგორც საფრანგეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მრავალმხრივი ხელოვანი იყო. კარიერა დაიწყო, როგორც ფიგურაციულმა მხატვარმა. მუშაობის დროს იყენებდა სხვადასხვა მედიუმს: ზეთს ტილოზე, გრაფიკას, გუაშსა და აკვარელს ქაღალდზე, ვიტრაჟებს, დიზაინს ქსოვილზე. 30-იან წლებში ტექსტილზე მუშაობდა, რბილი ავეჯის ქსოვილის დიზაინს ქმნიდა ერთ-ერთი კომპანიისთვის. შეეძლო თავისუფლად ემუშავა სხვადასხვა ფორმაზე - ძველი ტექნიკა ახალ თემაზე გადმოეტანა და - პირიქით. 1958 წელს შეკვეთა მიიღო ვატიკანიდან და დიდი ფრესკა დაასრულა. წლების შემდეგ აღმოაჩინეს მისი ორი ღირსშესანიშნავი ნამუშევარი, დაკვეთით შესრულებული სკოლებისთვის პარიზის მე-20 ოლქში, რომლებიც ჯერ კიდევ სტუდენტობისას შეუსრულებია. მან შექმნა მსხვილმასშტაბიანი აბსტრაქტული ტრიპტიქი "ტელეკომის" შენობისათვის დიჟონში. უკანასკნელი დაკვეთა შეასრულა 1986 წელს, რომელიც მოიცავდა ვიტრაჟებს და ლიტურგიულ ავეჯს დიჟონის წმინდა ჟოზეფის ეკლესიისთვის.

marcxnidan-vera-eliso-tamar-culaze-1697439316.jpg

- ოჯახი არ შეუქმნია?

- მისი ახლო მეგობარი და ცხოვრების პარტნიორი იყო ემიგრანტი ვანო ენუქიძე. მასთან ურთიერთობას ვერა ფაღავა არ ახმაურებდა. თუმცა დროის უმეტეს ნაწილს ისინი ერთად ატარებდნენ. სწავლობდნენ ლიტერატურას, ფერწერას, ესწრებოდნენ გამოფენებს, ლექციებსა და სპექტაკლებს.

- გამოფენის სახელი თქვენ შეარჩიეთ?

- მხატვრის შემოქმედების მცოდნეები ხშირად ახასიათებდნენ მის "ქალაქებს", როგორც "მდუმარე არქიტექტურას" და აქედან გამომდინარე დაერქვა ასე. გამოფენაზე წარმოდგენილია 1950-დან 1980-იან წლებამდე შექმნილი ნამუშევრები. ეს გადამწყვეტი პერიოდი იყო მის შემოქმედებაში, როცა ის თანდათანობით გადადის ფერწერულ ტილოებზე ფორმების აბსტრაჰირებაზე.

- მხატვარი იშვიათად იძლეოდა ინტერვიუს; რით ხსნიდა ამას?

- ვერას არ უყვარდა საკუთარ ხელოვნებაზე ლაპარაკი. ის ამბობდა: "არ მიყვარს გადამეტება არაფერში. ერთადერთი, რაც მხატვარს უნდა აინტერესებდეს, ტილოსთან ურთიერთობაა".

asankjur6fv6ltxpdmhgb-1697439327.jpg

- მასთან დაკავშირებული რა გეგმები გაქვთ?

- პარიზში გალერეებთან მაქვს მოლაპარაკება და ვნახოთ, რა იქნება.

- საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ? რას უსურვებთ ქართველ ხალხს?

- თითქმის ყოველ წელს ჩამოვდივარ. ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ დაწყნარდნენ (იცინის)... დაწყნარდნენ, დამშვიდდნენ და ბედნიერები იყვნენ.

ნანული ზოტიკიშვილი