ყველაზე გემრიელი, სასარგებლო და... სახიფათო პროდუქტი
- ეს იმ ნივთიერებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ყველასათვის საყვარელ საკვებში - ყველში. ყველს საქართველოში საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდნენ, ის დღესაც ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, თუმცა სათანადო წესების და ჰიგიენური ნორმების დაუცველობამ ეს უგემრიელესი საკვები შეიძლება საწამლავად აქციოს.
ვახტანგ კობალაძე, სტრატეგიული კვლევების ცენტრის მომხმარებელთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი:
- ყველი საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული საკვებია, რომელიც თითქმის ყველა ოჯახის რაციონში შედის. ეს პროდუქტი არაერთ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: ის მდიდარია ცილებით, ცხიმებით, მინერალური ნივთიერებებით და რაც მთავარია, კალციუმით: ამ მხრივ ყველი ლიდერია სასურსათო პროდუქტებს შორის. ის აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მოზარდებისთვის, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: თუ საეჭვო ხარისხის ყველს შევიძენთ, შეიძლება ჩვენს ოჯახს და ახლობლებს სარგებლობის ნაცვლად, ზიანი მოვუტანოთ.
- ცნობილია, რომ საეჭვო ხარისხის ყველის და რძის პროდუქტის გამო, ადამიანებს ბრუცელოზი და სხვა რთული დაავადებები უჩნდებათ. რა იწვევს ასეთ მძიმე შედეგს?
- პირველ ყოვლისა, ჰიგიენის და სურსათის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ბრუცელოზის აღმოჩენა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა რთულია და თუ ავადმყოფს სათანადო მკურნალობას არ ჩაუტარებენ, შეიძლება ქრონიკული ფორმაც მიიღოს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ეს საშიში დაავადება საქართველოში ჯერ კიდევ გავრცელებულია. ის ჯერ ცხოველს ემართება და მერე ადამიანზე გადადის რძის პროდუქტების ან ცხოველთან უშუალო კონტაქტის გზით. აქვე უნდა ითქვას, რომ ევროპაში ეს დაავადება უკვე დაამარცხეს. როგორ? - ჰიგიენური და ვეტერინარული წესების დაცვით და სახელმწიფო კონტროლის მაღალი დონით. ცხადია, ჩვენც ვცდილობთ, ქართულ ბაზარზე არსებული სიტუაცია გავაუმჯობესოთ. ამიტომ ჩვენმა ორგანიზაციამ, უცხოელი კოლეგების დახმარებით, გადაწყვიტა, ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქცია სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით შეისწავლოს. ეს პარამეტრებია: კოლიფრომები, სალმონელა და სტაფილოკოკი. სხვათა შორის, ესენი საკმაოდ გავრცელებული მიკრობებია, რომელიც ამ ნაწარმში ადრეც აღმოგვიჩენია. ამას ჰიგიენის წესების დაუცველობა იწვევს, როგორც ცხოველის მოვლის, ასევე - რძის გადამუშავების პროცესში. კვლევის შედეგებს ჩვენს საზოგადებას დაწვრილებით გავაცნობთ, თუმცა, წლებია ჩვენ უკვე ვაკვირდებით რძის ნაწარმში არსებულ დარღვევებს და ფალსიფიკაციის შემთხვევებს.
- ყველაზე გავრცელებული ფალსიფიკაციის რა ფორმაა?
- მცენარეული ცხიმის გამოყენება, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. მკითხველისთვის ადრეც მითქვამს, რომ პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეულით ან სხვა ინგრედიენტებით, არ არის რძის პროდუქტი და მის ეტიკეტზე ეს უნდა აღინიშნოს. ამ მოთხოვნის შესრულებას სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს. ეს უწყება წელიწადში რამდენიმე ათეულ ნიმუშს ამოწმებს და ეტიკეტირების წესების დარღვევის გამო, მეწარმეებს 200-დან 500 ლარამდე თანხით აჯარიმებს. რა თქმა უნდა, მეწარმემ დაზიანებული, უხარისხო პროდუქცია ქსელიდან უნდა ამოიღოს.
- გასაყიდად გამოტანილ რძის ნაწარმში ანტიბიოტიკებიც აღმოუჩენიათ. საინტერესოა, რატომ უნდა იყოს ყველში ანტიბიოტიკები?
- ეს იმის ბრალია, რომ დაავადებულ ცხოველებს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. ამ რამდენიმე წლის წინ, ჩვენმა ორგანიზაციამ ანტიბიოტიკები კვერცხშიც აღმოაჩინა. 2017 წელს, 320 ცხოველი გამოიკვლიეს და ყველას სისხლში აღმოაჩნდა არა მხოლოდ ანტიბიოტიკი, არამედ სხვა ანტიმიკრობული პრეპარატებიც. მთავარი პრობლემა იცით, რა არის? - ანტიბიოტიკებით ადამიანებსაც მკურნალობენ და მათი ხშირი გამოყენება აჩენს ორგანიზმის რეზისტენტულობას მათ მიმართ: ადამიანი ამ პრეპარატებს ეჩვევა და როცა მართლა დასჭირდება, თუნდაც ავადმყოფობის, ავარიის ან კრიტიკული სიტუაციის დროს, ეს პრეპარატები უკვე აღარ მოქმედებს. ამის გამო, გარდაცვალების არაერთი შემთხვევაა აღრიცხული. მაგალითად: 2019 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ანტიმიკრობული რეზისტენტულობა მილიონზე მეტი ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა. ცხადია, ეს საქართველოშიც სერიოზული პრობლემაა.
- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა?
- მხოლოდ ერთი გზით: ამ სფეროს სერიოზული კონტროლი სჭირდება. ვისაც ფერმა აქვს და ცხოველები ჰყავს, ისინი ვეტერინარის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჰყავდეს, რადგან მკურნალობის შემდეგ, პრეპარატები რძეში, ყველსა და კვერცხში გადადის. საჭიროა ამ პრეპარატების დოზირება, თანაც, მკურნალობის შემდეგ გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რომ ანტიბიოტიკებმა რძეში არ გადაინაცვლოს. ამის კონტროლი რთულია, რადგან ჩვენს ქვეყანაში უამრავი გლეხური მეურნეობაა და ეს სფერო ადამიანების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.
- კიდევ რა დარღვევებს გამოყოფთ, რომელიც ამ ბაზარზეა გავრცელებული?
- ფალსიფიკაციის კიდევ ერთი, გავრცელებული მეთოდია რძის ფხვნილის გამოყენება - ეს მეთოდიც აკრძალულია, მაგრამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომების მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ კანონით გათვალისწინებული სანქციები არ არის საკმარისი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. მომხმარებელი კი, ყველის და რძის ნაწარმის ნაცვლად, სულ სხვა რამეს ყიდულობს და მოტყუებული რჩება. რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის გამოვლენაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩართვამ რამდენადმე შეამცირა ამ დანაშაულის მასშტაბები, მაგრამ დასკვნების გამოტანა მაინც ნაადრევია.
- ამბობენ, რომ სულგუნი ჩვეულებრივ ყველთან შედარებით უვნებელია...
- ეს სიმართლეა, რადგან სულგუნი იხარშება და ხარშვის დროს ბევრი მავნე ნივთიერება თუ ბაქტერია კვდება.
- დაბოლოს, როგორ შეიძლება ამ სფეროში არსებული სიტუაციის გამოსწორება?
- იმისათვის, რომ მომხმარებლის ჯანმრთელობა დაცული იყოს, ერთი მხრივ, სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს კონტროლი და მეორე მხრივ, ფერმერები იყვნენ ყურადღებით: ჰიგიენის წესები ყველა საოჯახო მეურნეობამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას. თავის მხრივ, მომხმარებლებიც ფრთხილად და ფხიზლად უნდა იყვნენ: არ შეიძინონ პროდუქცია საეჭვო ადგილებში, საეჭვო ადამიანებისგან, მოერიდონ გარევაჭრობებს, სადაც ყველაფერი მზისგულზე, ქუჩაში იყიდება. სახელმწიფო უწყებების კონტროლი უფრო ეფექტიანი უნდა იყოს და ინფორმაციაც სისტემატურად ქვეყნდებოდეს... ჩვენც, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მომავალშიც გავაგრძელებთ საქმიანობას და საზოგადოების ინფორმირებას, თუ რამდენადაა დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში.
ცნობისათვის: როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ ყველი
ყველის არჩევისას რამდენიმე ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ:
* ხარისხიანი ქართული ყველი მაგარია, მშრალი და ამასთან, კარგად აქვს გამჯდარი მარილი.
* არ შეიძინოთ ყველი, რომელსაც კანზე ობი აქვს მოკიდებული, ან კანი ჩამოჭრილი აქვს.
* უცხოური ყველის მოხმარებისას გაითვალისწინეთ, რომ ყველის ზოგიერთი ობიანი სახეობა შეიძლება შეიცავდეს ბაქტერია ლისტერიას, რომელიც ფეხმძიმეებისთვის საშიშია: მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის პათოლოგიები, ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის დაღუპვაც კი... ამიტომ, ფეხმძიმე ქალებმა თავი უნდა შეიკავონ ე.წ. ობიანი ყველის მიღებისგან.
* თუკი ყველი დაახლოებით ერთი კვირა უნდა შეინახოთ, მოათავსეთ მშრალ, დახურულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში, ნაკლებად ცივ თაროზე.
* თუკი ერთ კვირაზე მეტხანს გინდათ შენახვა, ყველი წათხში უნდა მოათავსოთ. წათხის მომზადების ბევრი რეცეპტი არსებობს. თუ შენახვისას ყველის ზედაპირზე ობის თხელი ფენა გაჩნდა, ყველი გარეცხეთ, გააშრეთ, წაუსვით მარილი და შეეცადეთ სწრაფად მოიხმაროთ.
ხათუნა ჩიგოგიძე