ადამიანები, რომლებიც ომში ბრუნდებიან
"მთელი დღის მანძილზე ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვარ. საღამოს, როგორც კი ქართულ საინფორმაციოს ჩავუჯდები, პანიკა მეწყება, არც საქართველოდან წყდება ზარები და ა.შ. არადა, ამ ეტაპზე აქ ნორმალური სიტუაციაა და ამიტომაც არ მოვდივარ! თუ აუცილებლობა იქნება, არ წამოვალ კი არა, თვითმფრინავს გამოვასწრებ. დღეიდან ვინც დამაპანიკებს, დაიბლოკება! დასანქცირების კანდიდატთა სია დიდია", - ეს პოსტი ისრაელში მყოფ ქართველს, ცირა ხუბულავას ეკუთვნის. 6 წელია ის უკვე ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ნეთანიაში ცხოვრობს.
- ჯერჯერობით ჩვენ რკინის გუმბათი გვიცავს, მაგრამ ლიბანის მხრიდან საკმაოდ სერიოზული საფრთხე გვემუქრება. ალბათ იცით, რომ ტერორისტები ლიბანის მხრიდან უფრო გააქტიურდნენ. ნეთანია კი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშია, მაგრამ ლიბანის საზღვართან, ქალაქ ხაიფაზე უფრო ახლოს ვართ.
- საქართველოში რატომ არ ბრუნდებით?
- ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მშვიდად ვარ. მაქვს განცდა, რომ ისრაელის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ხალხის უსაფრთხოებისთვის. არადა, როგორც კი ქართულ საინფორმაციოებს ჩავრთავ, მართლა მეწყება მაშინ პანიკა!
- რატომ? ქართული საინფორმაციო გამოშვებები რაიმეს არასწორად გადმოსცემენ?
- არა, ტყუილს არაფერს ამბობენ, უბრალოდ... ერთ მაგალითს გეტყვით: გადის სიუჟეტი და გასდევს ტიტრები - ისრაელი დღეს. ეკრანზე კი ჩანს კიბუცების დარბევის პროცესი... გაგიჟდნენ ჩემი ოჯახის წევრები, ნათესავები, ზარებით ამიკლეს. მე ამ დროს გარეთ დავდივარ საყიდლებზე, სხვა საქმეებზე, თქვენ წარმოიდგინეთ, კაფეებშიც კი ზის ხალხი. აქაურებს აქვთ განწყობა, რომ რაც უნდა მოხდეს, მათ ხელისუფლება დაიცავს და შესაბამისად, არც პანიკაში ვარდებიან. მინდა გითხრათ, რომ ძალიან სასიამოვნო ყოფილა იმის განცდა, რომ სახელმწიფო გიცავს. მართალია, აქ საფრთხე ყოველდღიურად მატულობს, მაგრამ მეც ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას იმ ოჯახის მიმართ, სადაც მოხუცს ვუვლი. არ მინდა იფიქრონ, რომ აი, ომია და გავრბივარ. როდესაც სახელმწიფოსა და დამსაქმებლის მხრიდან ზრუნვას, ყურადღებას გრძნობ, შენც აღარ შეგიძლია სხვაგვარად მოქცევა. გუშინ საქართველოს საელჩომაც გამოგვიგზავნა ინტერნეტით სპეციალური ბმული, რომლის საშუალებითაც ლეგალებიც და არალეგალებიც, უწყებას ყველა ინფორმაციას ვაწვდით ჩვენი ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საელჩოზე მეტად, ქართველი ებრაელი მაია ჯიბღაშვილი, ნატო ჯიშკარიანი გვეხმარებიან. ვერ წარმოიდგენთ როგორ შრომობენ ჩვენ გამო. მაია ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტების საიტის ადმინისტრატორია და ყოველ საათში გვაწვდის ინფორმაციას, სად რა ხდება, რომელი ქალაქი დაიბომბა, რომელი ქალაქია რისკის ქვეშ, სად შეგვიძლია მშვიდად ყოფნა და ა.შ. ის ასევე იმ ქართველებს ეხმარება, ვისაც თვითმფრინავის ბილეთების შეძენა სურს და ა.შ. სხვათა შორის, ჩემი ერთი მეგობარი, 15 ოქტომბერს ჩამოვიდა ისრაელში.
- ისრაელში ჩავიდა საქართველოდან?
- დიახ, დაუმთავრდა შვებულების ვადა და დაბრუნდა. ასეთებიც ხდება. ისეთი ადამიანების წყალობით, როგორიც მაია და ნატო არიან, ჩვენ მშვიდად ვართ. ვიცით, რომ არ მიგვატოვებენ და ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალს გვაპოვნინებენ. ასე რომ, ამ ხალხს მინდობილი, მშვიდად ვასრულებ ჩემს მოვალეობას.
- როგორია ებრაელი ხალხის განწყობა? თუ უჩნდებათ კითხვა იმის შესახებ, როგორ გამოეპარა ლეგენდარულ "მოსადს" ასეთი დიდი სამხედრო ოპერაციის ორგანიზების პროცესი?
- ისრაელში ამბობენ, რომ ამ კითხვის დასმის დრო დადგება და ჩვენ აუცილებლად დაველოდებით პასუხს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, ახლა ბრძოლის დროა. ორი წელია, საპროტესტო აქციები არ განელებულა, ძალიან დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია იყო, მაგრამ ახლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საოცარი ერთსულოვნებაა. ქვეყნის გარეთ მცხოვრები, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ებრაელები დაბრუნდნენ; დასასვენებლად ვინც იყო და შეეძლო ომისთვის თავის არიდება, ისინიც ჩამოვიდნენ. ყველა მზად არის, იარაღი აიღოს ხელში და ბრძოლაში ჩაერთოს. ასეთი სასტიკი და ვერაგული ქიფურის ომიც კი არ ყოფილა, რომელიც 1973 წელს, ზუსტად 50 წლის წინ მოხდა. როგორც ახლა, მაშინაც რამდენიმე მხრიდან - ზღვიდან, ხმელეთიდან, ჰაერიდან ერთდროულად დაესხნენ თავს. ისრაელი მიჩვეულია ომს, თავდასხმას, მაგრამ როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ქვეყანას აქამდე მსგავსი არაფერი ახსოვს. ისრაელმა ერთ ღამეში დაკარგა 900 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ფეხმძიმე ქალები. "ჰამასის" ხალხი არაადამიანურად, ვანდალებივით მოიქცნენ. ცოტა ხნის წინ ტელევიზიით გატაცებული ბავშვების ფოტოები გვიჩვენეს, მათ შორის 6 თვის ბავშვი იყო. რამდენი დახოცეს და რამდენი აწამეს, ეს ხომ ყველამ იცის.
- საინტერესოა, რას ფიქრობთ თქვენ და თქვენ გარშემო მყოფი ებრაელი ხალხი იმ პალესტინელი ბავშვებისა და ქალების შესახებ, რომლებიც ასევე შეეწირნენ ამ საშინელ დაპირისპირებას?
- ამ კითხვაზე ყოფილი პრემიერის, გოლდა მეიერის სიტყვებით გაგცემთ პასუხს: "როდესაც მშვიდობა მოვა, ჩვენ დროთა განმავლობაში შევძლებთ არაბებს ვაპატიოთ ჩვენი შვილების მოკვლა, მაგრამ ჩვენთვის უფრო რთული იქნება მათ ვაპატიოთ, რომ გვაიძულებდნენ თავიანთი შვილების მოკვლას. მშვიდობა მაშინ იქნება, როცა არაბებს უფრო მეტად შეუყვარდებათ შვილები, ვიდრე ჩვენ". სული მეწვის უდანაშაულო ხალხის, განსაკუთრებით უსუსური ბავშვებისა და ქალების ტანჯვას რომ ვუყურებ. ატირებული პატარა, თუნდაც ის ტერორისტის შვილი იყოს, ჩემთვის, როგორც დედისთვის, მსოფლიო ტრაგედიაა, მაგრამ სად არის გამოსავალი, რა უნდა ვთქვა? "ჰამასის" წევრებს თავად ჰყავთ მძევლებად აყვანილი საკუთარი შვილები და ოჯახები. აი, ახლაც, ისრაელი აფრთხილებს მათ, დაცალონ ის ტერიტორია, შენობები, სადაც მიწის ქვეშ ტერორისტები არიან, მაგრამ "ჰამასმა" გზა გადაუკეტა ამ ხალხს, ცოცხალ ფარად იყენებენ საკუთარ მოსახლეობას, რაც ცხადია, დიდი ტრაგედიაა.
ხათუნა ბახტურიძე