საქართველოს მაღალი მოდა - მიღწევები და გამოწვევები
საქართველოში ცოტა ხნის წინ მაღალი მოდის მორიგი კვირეული გაიხსნა... ჩვენებები ორი დღის განმავლობაში იყო წარმოდგენილი. კვირეულზე მონაწილეობა ათმა დიზაინერმა მიიღო საქართველოდან... ორი დღის განმავლობაში მოდის მოყვარულები ქართველი და უცხოელი დიზაინერების კოლექციებს გაეცნენ.
საქართველოს მაღალი მოდის კვირეულის დამფუძნებელი - თინათინ მაღალაშვილი შემდეგ ბრიუსელის მოდის კვირეულზე იყო მიწვეული და ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველის კოლექცია იქ წარადგინეს, - ამ ყველაფერზე თინათინ მაღალაშვილი თავად გვესაუბრა...
- წელს საქართველოს მაღალი მოდის კვირეულის მეორე სეზონი ჩატარდა, რომელიც საერთაშორისო ფორმატისაა... მონაწილეობდა საბერძნეთიდან საგანგებოდ მოწვეული იოანა, რომელიც ქართველია და წლებია, საბერძნეთში მუშაობს...
წლევანდელი მაღალი მოდის კვირეული დასამახსოვრებელი იყო იმ მხრივ, რომ მეორე სეზონიც ისევე პომპეზურად ჩავატარეთ, როგორც პირველი... ჩვენი მიზანია, მასში რაც შეიძლება მეტმა ქართველმა დიზაინერმა მიიღოს მონაწილეობა, რადგან მაღალ მოდას საქართველოში ჯერ კიდევ ფრთხილად, ეჭვის თვალით უყურებენ და ეს გამოსასწორებელია. მაღალი მოდა, როგორც რეკლამა, ბიზნესისთვის მუშაობს... ამჯერად ქართველი დიზაინერებიდან თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს: ჩვენმა ერთგულმა მეგობარმა ფატუნა ბუშიჰედმა, ლაშა ჯოხაძემ, იოანამ და ჩემი კოლექციაც გავიტანე...
საინტერესო ის იყო, რომ მუშაობა საერთაშორისო კუთხით, გაცვლით პროგრამებზე დავიწყეთ. არ ვატარებთ მაღალი მოდის კვირეულს იმისთვის, რომ უბრალოდ ჩვენება გავმართოთ. გვსურს, ის იყოს პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ქართველ დიზაინერებს დავეხმარებით, რათა გაიკვალონ გზა ევროპისა და აზიის მოდის კვირეულებისკენ. სხვათა შორის, ამ კუთხით დავიწყეთ დაკავშირება სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულების ორგანიზატორებთან... პირველი თანამშრომლობა იყო ბრიუსელის მოდის კვირეულზე. ჩვენი მიზანი იყო, საქართველოდან ერთი მონაწილე გაგვეგზავნა და შემდეგ სეზონზე ისინიც გამოგვიგზავნიან ერთ მონაწილეს. ასეთი თანამშრომლობა ჩვენთვის ხელსაყრელია, რადგან მოგეხსენებათ, მოდის კვირეულებში მონაწილეობა ფასიანია და საკმაოდ მაღალ თანხებზეა საუბარი, ევროპის მოდის კვირეულები ქართველი დიზაინერებისთვის ძვირად ღირებული ფუფუნებაა... საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული დიზაინერი კი გადასახადისგან თავისუფალია და ანალოგიურად, ჩვენც უფასოდ მივიღებთ დიზაინერს, რომელსაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოგვიგზავნიან...
ბრიუსელის მოდის კვირეულზე სამი ქეისი გავგზავნეთ: ფატუნა ბუშიჰედის, ლაშა ჯოხაძის და ჩემი... იმდენად მოეწონათ, სამივე მიგვიწვიეს. თუმცა, ფატუნამ და ლაშამ სხვა ღონისძიებების გამო წამოსვლა ვერ შეძლეს. ორი სხვა დიზაინერი დიდხანს ვეძებე, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ვერავინ ვიპოვე, ვინც წამოსვლას შეძლებდა: კოლექციები მზად არ ჰქონდათ და აქ არ იყო მაღალ მოდაზე საუბარი...
სულ მაქვს დიზაინერებთან კონტაქტი, ვმუშაობ, რომ მაქსიმალურად მომზადებულნი იყვნენ. ბევრი მოწვევა მოდის ჩვენს ორგანიზაციაში და შეგვიძლია დამწყებ დიზაინერებს ხელი შევუწყოთ, რომ ევროპისა და აზიის ბაზრებზე გავიდნენ... ახლა საუბარია ჩვენი ბუტიკის დაარსებაზე პარიზში, რომელიც საერთაშორისო ფორმატის იქნება.
- რით იყო ბრიუსელის მოდის კვირეული საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი?
- ქართველი დიზაინერის კოლექცია ბრიუსელში პირველად იქნა წარდგენილი... კარგია ისიც, რომ გამოხმაურება და მიწვევა გვაქვს ვენის მოდის კვირეულიდან...
მიწერილი გვაქვს აღმოსავლეთ ევროპის მოდის კვირეულების ორგანიზატორებთანაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პროექტი ნელ-ნელა განვითარდება. ჯერ მხოლოდ ორი სეზონი ჩავატარეთ, ნდობას კი დამსახურება სჭირდება. ხარისხი უკვე გვაქვს. წელს დიდი ინტერესი და გამოხმაურება იყო, პრესტიჟის მხრივ კი საქართველოს ბაზარზე ადგილს ნელ-ნელა ვიმკვიდრებთ...
აზამატ საინი - ყაზახი დიზაინერი ორი წლის მანძილზე გვთხოვდა მონაწილეობის ნება მიგვეცა, მაგრამ ჩვენ არ გვსურდა აღიარებული ფორმატი დაგვერღვია და დიდების, პროფესიონალური მოდის კვირეულზე ბავშვების კოლექციაც გვქონოდა. თუმცა, ამჯერად ექსპერიმენტის სახით გამონაკლისი დავუშვით და გულწრფელად გეტყვით, მათ პოდიუმზე სიცოცხლე შემოიტანეს. ეს ყველაფერი მოუხდა კიდეც ჩვენი მაღალი მოდის კვირეულს. თუმცა, ეს ერთჯერადი პრეცედენტი იყო და დარწმუნებული ვარ, ასეთ რამეს აღარ დავუშვებთ.
პროექტში მონაწილე უცხოელი დიზაინერების მხარდაჭერა საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსების მიერ ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მოვიწვიეთ: უკრაინის, ყაზახეთის, მოლდოვის, რუმინეთის, საბერძნეთის, სომხეთის საელჩოები...
საბერძნეთის იმიტომ, რომ ჩვენი ქართველი, უნიჭიერესი იოანა საბერძნეთს წარმოადგენდა... სამწუხაროდ, როცა მე ბრიუსელის მოდის კვირეულზე ვიმყოფებოდი, ჩემი კოლექციის ჩვენებაზე საქართველოს საელჩოდან მობრძანება არ იკადრეს, მიუხედავად იმისა, რომ მოვიწვიე... მინდა გითხრათ, რომ ულამაზესი კოლექცია წარვადგინე.
- უფრო ვრცლად რომ გვითხრათ ბრიუსელში თქვენი კოლექციის ჩვენების შესახებ...
- ძალიან ამაღელვებელი იყო და თქვენი ჟურნალის - "გზის" საშუალებით მინდა არაჩვეულებრივ მუსიკოსს - ნინო ბაშარულს უღრმესი მადლობა გადავუხადო. მან უფლება მომცა, რომ მის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი კომპოზიციის ფონზე წარმედგინა კოლექცია. მინდოდა უცხოელი მოდის მოყვარულებისთვის მაგიური ქართული სიმღერის ძალა მეჩვენებინა... ნინოს სიმღერა იმდენად ძლიერია, იმდენად სისხლში ატანს, რომ გულისცემა გიჩქარდება. მაგიური ხმა აქვს და სიმღერაც საოცარი გამოუვიდა.
პირველი სეზონი რომ დავხურეთ, ნინოს ეს სიმღერა ახალი ჩაწერილი ჰქონდა და როცა მომასმენინა, მას შემდეგ თავში მიტრიალებდა... ჩემი კოლექცია ყვავილების თემაზეა და ნინოს სიმღერა ინსპირაციად, შთაგონების წყაროდ იქცა. როცა საქართველოში ეს კოლექცია ვაჩვენე, ყველაფერი საოცრად ემოციური იყო. ვიცი, ხალხი დარბაზში ტიროდა. ეს საქართველოში არ გამკვირვებია, მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ბრიუსელშიც, ნინო ბაშარულის სიმღერაზე სტუმრებს ანალოგიური რეაქცია ჰქონდათ. ყველა ამბობდა, ჟრუანტელმა დაგვიარა, ცრემლებს ვერ ვიკავებდითო... ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ხელოვნებას ეროვნება, ბარიერი არ გააჩნია. სიმღერას, ხელოვნების ძალას ისევე გრძნობს უცხოელი, როგორც ქართველი. მსურს ასევე მადლობა გადავუხადო ანა ბალამწარაშვილს, რომელიც ბელგიაში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელია. მან პატივი დამდო, ჩემს ჩვენებაზე მობრძანდა და ამბობდა, დარბაზში ძალიან ამაყი ვიჯექი, რადგან ამაღელვებელი ჩვენება იყოო...
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- გაზაფხულზე კიდევ ერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. რთულია დიზაინერებისთვის წელიწადში მაღალი მოდის ორი კოლექცია შექმნან. ეს ყველაფერი ხელით მუშავდება. რამდენიმე კაბა არის, რომელიც ხელით შეიკერა და ქსოვილიც ხელით შექმნილია... შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ წელიწადში ერთხელ გაიმართოს მაღალი მოდის კვირეული. იმედი მაქვს, მომავალი სეზონი კიდევ უფრო მასშტაბური, საინტერესო, მრავალფეროვანი იქნება. კიდევ უფრო მყარად დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს ქართული მოდის ბიზნესში.
- როგორც ვიცი, წლევანდელი სეზონიდან განსაკუთრებული გასახსენებელიც გაქვთ...
- კურიოზები ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ღონისძიებას ამის გარეშე არ ჩაუვლია... ბრუნო მარსის ჩამოსვლა ჩვენი მოდის კვირეულს დაემთხვა, თან ისიც იმ სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც ჩვენება გვქონდა. ოღონდ ეს იყო თითქმის სახელმწიფო საიდუმლოების ტოლფასი და ამაზე საუბარი აკრძალული გვქონდა. "ჩვენ არ ვახსენებთ ბრუნოს" - ამ სიტყვებს ორი დღე ვუმეორებდით საკუთარ თავს (იცინის)... მერე იდეა გაგვიჩნდა, რომ მოსაწვევები გაგვეგზავნა და წარმოიდგინეთ დიალოგი ჩემს გოგოებს შორის: თამუნა გამწარებული ნომრავს მოსაწვევებს და პანიკაშია. ვეუბნები, ორი მოსაწვევი გადადე ბრუნოსთვის-მეთქი. თამუნამ დააწერა კონვერტს მისტერ ბრუნო და ქეთოს ეუბნება, - მაჩვენე ერთი, ბრუნო როგორ გამოიყურება, კარიდან არ გავაბრუნოო... ეთო ეძებს, უსმენს სიმღერიდან მონაკვეთს და მკვახე სახით კითხულობს: სულ ასეთ შტერ სიმღერებს მღერის ეს ბრუნოო? მოკლედ, მარსი აღარ დავპატიჟეთ, მაგრამ კარგად კი ვიცინეთ.
იოანა, საბერძნეთის მაღალი მოდის ქართველი წარმომადგენელი:
- ბედნიერი ვარ, ჩემს პირველ მთლიან ჩვენებას რომ უმასპინძლა თბილისის მაღალი მოდის კვირეულმა. ჩემთვის ეს ორმაგად საპასუხისმგებლო და ემოციური იყო. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი შემოქმედებით ჯგუფს და მის პრეზიდენტს, თინათინ მაღალაშვილს. ვფიქრობ, საქართველოს პირობებში მაქსიმალური გააკეთეს, რათა ეს მშვენიერი საღამო გამართულიყო. მე, როგორც რენესანსის ახალმა დიზაინერმა, მაქსიმალურად ვიშრომე, რომ თანამედროვე მოდა მეჩვენებინა და სიახლეები შემომეტანა ჩემს სამშობლოში. ვფიქრობ, მათი იმედები გავამართლე...
მსგავსი მოდის ჩვენებებზე მონაწილეობა დიდი პასუხისმგებლობაა. ვისურვებდი, საქართველოს მაღალი მოდის კვირეულს შეუერთდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდა დიზაინერებმა თანამედროვე იდეებითა და შეხედულებებით. ხომ იცით, სწორედ მაღალი მოდის პოდიუმზე ნაჩვენები კოლექციების მიხედვით ყალიბდება მოდის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც შემდეგ სწრაფად ვრცელდება და ყოველდღიურ სამოსშიც იმკვიდრებს ადგილს. ამიტომ მოხარული ვიქნები, თუ უფრო მეტი ახალგაზრდა და საინტერესო დიზაინერი შეემატება თბილისის მოდის კვირეულს.
მანანა გაბრიჭიძე