ჭაობში აღმოჩენილი ხელოვნება
ვაჟა ვერულიძე წლების განმავლობაში, ჭაობში, ბუნებისგან შექმნილ ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს პოულობდა: ე.წ. შავი ხის ფესვებში ქანდაკებას ხედავდა, მერე მათ გასუფთავებას თვეებს, ზოგჯერ წლებსაც ანდომებდა, რათა ამ ქანდაკებისთვის ბუნებრივი სახე არ დაეკარგა... ამჟამად ბატონი ვაჟა 83 წლის გახლავთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, საუბარი არ შეუძლია. ამიტომ ჭაობში აღმოჩენილი ხელოვნების შესახებ ბატონი ვაჟას შვილს - დავითს ვესაუბრეთ:
- მამა 16 წლის იყო, როცა ჭაობში პირველი ქანდაკება აღმოაჩინა და იქიდან იწყება მისი ხელოვნება... ყველა ხეს თავისი ფორმა აქვს, მაგალითად - მამაკაცის, ქალის სხეულის.... აქვს სიურრეალისტური, აბსტრაქტული ქანდაკებები... ბევრი მათგანი გააჩუქა... ხელოვან ხალხს თავისებური ხედვა აქვს. ე.წ. შავი ხის ფესვებს მამა ჭაობიდან იღებდა და იქიდან ხელოვნებას ქმნიდა იმის მიხედვით, რასაც ხის ფესვში ხედავდა (მაგალითად - სოკრატეს ქანდაკება). ნამუშევრების სანახავად, ხელოვანი ხალხი რომ შემოდიოდა, ახსნა არ სჭირდებოდათ, თუ რომელი ქანდაკება რა სახელწოდების იყო... მამამ პირველ ქანდაკებას "სამშობლო" უწოდა... ერთი ქანდაკება საუკეთესო მეგობრის მეუღლეს მიუძღვნა, რომელიც 9 აპრილს დაიღუპა... სხვათა შორის, ლადო გუდიაშვილი მამას ახლოს იცნობდა - დიდ პატივს სცემდა. სანამ ცოცხალი იყო, უყურადღებოდ წამითაც არ ტოვებდა.
- მათი ურთიერთობა როგორ დაიწყო?
- ჩვენი სახლის წინ ძველი, ე.წ. მეოთხე სამმართველო იყო. ცნობილი ხალხი ჩამოდიოდა: მსახიობები, ლიტერატურათმცოდნეები, მხატვრები... მოკლედ, მთელი ელიტა. ბატონმა ლადომ მამაჩემის ნახელავები რომ ნახა, აღფრთოვანდა და უთხრა: იცოდე, ერი შენი ხელოვნებისთვის მომზადებული არ არისო. მისი სიტყვები მამას აუსრულდა კიდეც... ლადო გუდიაშვილი სულ ცდილობდა, მამაჩემი უყურადღებოდ არ დაეტოვებინა, მის გვერდით ყოფილიყო და შეძლებისდაგვარად, როგორმე ხელი შეეწყო. მაშინ ტრანსპორტირებაც რთული იყო. ბატონი ლადო შეწუხდა - ქობულეთის გამგეობაში ხელმძღვანელობას შეხვდა და საქმის კურსში ჩააყენა - ეს ადამიანი უყურადღებოდ არ დამიტოვოთო... მამაჩემის ნამუშევრები არის საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, ამერიკაში... ბოლოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის - ბილ კლინტონის ბიძაშვილმა იყიდა... ჩვენთან ბევრი ცნობილი ხალხია ნამყოფი. გული სწყდებოდათ, რომ ამ ხელოვნების მიმართ სათანადო ყურადღებას არ იჩენდნენ.
- ეს უნიკალური ხელოვნებაა თუ არსებობს პრეცედენტი, რომ სხვასაც შეუქმნია ამ ტიპის ნამუშევრები?
- არა, ერთადერთია. ბუნებამ როგორც შექმნა, ნამუშევარი იმ სახითაა შენარჩუნებული.
- როგორ ხდებოდა ნამუშევრების აღმოჩენა?
- მამა ქანდაკებებს ჭაობში პოულობდა და იღებდა. ჯერ ქანდაკებას დანახვა ხომ უნდა, შინაარსი ხომ უნდა ჰქონდეს, არა? შემდეგ გასუფთავება სჭირდება, ეს კი რთული პროცესია - 2-3 თვე უნდა. იყო ქანდაკება, რომლის გასუფთავებასაც წლები დასჭირდა... მამას "ჩავარდნის" პერიოდებიც ჰქონდა, მერე ისევ ფორმაში დგებოდა.
- ქანდაკებებს დასუფთავებისთვის სპეციალური საშუალებები სჭირდება?
- არა, ხელით და რკინის ინსტრუმენტებით წმენდდა.
- შენახვის პირობებზე რას გვეტყვით?
- ისეთი ხეა, ნებისმიერ კლიმატს უძლებს. მაგალითად, ჩემი მეგობარი გიტარაზე უკრავს. იფიქრა, ამ შავი ხისგან გიტარის ტარი გაეკეთებინა, მაგრამ მისი დამუშავება ისეთი რთული იყო, ვეღარ გააკეთა... 44 წლის ვარ. წარმოიდგინეთ, ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ხე არ გამხმარა. ქართველმა მეცნიერებმა ქანდაკებები შეამოწმეს და გვითხრეს, - 10 ათასი წლის ხეაო. ქობულეთის ჭაობში ჰოლანდიელები და გერმანლები მუშაობდნენ. მათგან ვიცი, რომ იქ არსებული მცენარეები კიდევ მხოლოდ აფრიკაში, ჰოლანდიაში, ინდოეთში და მგონი, ბელორუსშია. "შავი ხე" ჩვენთან როგორ მოხვდა, არ ვიცი... ასევე, მამა ბზაზეც მუშაობდა: 2-3 ნამუშევარი აქვს. ბზის ხის ნაწილი აჩუქეს. მამამ შეხედა და, სასანთლე გააკეთა, ასევე - მაგიდის ფეხებიც და საბოლოო ჯამში, ძალიან ლამაზი მაგიდა გამოვიდა. ბზის ხეზე მუშაობა რთული და სპეციფიკურია.
- მამათქვენი პროფესიით ვინ არის?
- თვითნასწავლია. 16 წლიდან ამ ხელოვნებას მიუძღვნა ცხოვრება.
- 16 წლის მოზარდის ამ გატაცებას მისი მშობლები როგორ შეხვდნენ? არასერიოზულად ხომ არ მიიღეს?
- არა, სხვათა შორის, პირიქით - დადებითად შეხვდნენ, ძალიან მოეწონათ და აღფრთოვანდნენ. უბრალოდ, მათთვის მოულოდნელი იყო...
- მამას როგორი ხასიათი აქვს?
- ზოგჯერ - რთულიც, ზოგჯერ - კარგი... ხომ იცით, ხელოვანები რთული ხალხია... ისე, ყველასთან გულთბილი დამოკიდებულება აქვს. კომუნიკაბელურია. ლაღი, გულწრფელი ხალხი უყვარს. სულ მათთან ჰქონდა ურთიერთობა. როცა შეეძლო, ჩვენთან სულ მისვლა-მოსვლა იყო. ბევრი სასიამოვნო დღე მახსოვს და არასოდეს დამავიწყდება... მამა ყველაზე მეტად იმას განიცდის, რომ დღეს ბევრი მისი მეგობარი ცოცხალი აღარ არის...
- დაახლოებით რამდენი ნამუშევარი აქვს?
- ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით... უამრავი. ამჟამად, 30-მდე გვაქვს დარჩენილი.
- რომელიმე მათგანი განსაკუთრებულად თუ უყვარს, რომელსაც ვერ შეელია?
- სიმართლე გითხრათ, ვერც ერთს ვერ ელეოდა, მაგრამ გულუხვი კაცია. ვისაც პატივს სცემდა, ყველას ჩუქნიდა.
- მამათქვენის პირადი ცხოვრება როგორ აეწყო?
- 35 წლის იყო, როცა დაოჯახდა. დედა სამაჩაბლოდან არის. ერთმანეთი ქობულეთში გაიცნეს: პირველად დეიდა გათხოვდა. დეიდის მეუღლე მამაჩემის მეგობარი იყო. შემდეგ ჩემმა მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი, დამეგობრდნენ, დაახლოვდნენ და შეუღლდნენ. ერთი უფროსი ძმა მყავს.
- ამჟამად მამა თავს როგორ გრძნობს?
- მადლობა ღმერთს, კარგად არის. უბრალოდ, ვერ საუბრობს. 83 წლის არის. კორონა ვირუსის ვაქცინა რომ გაიკეთა, ამან ცოტათი "მოტეხა". სიარული გაუჭირდა, მაგრამ ისეთი შემართება აქვს, რომ არ ჩერდება. მართალია, ხელოვნების ნიმუშს ვეღარ ქმნის - ვეღარ მუშაობს, მაგრამ ქობულეთის პარკში არსებულ გალერეაში, სადაც მისი ნამუშევრებია გამოფენილი, ყოველდღე დადის. ხელოვანი ხალხის ერთ ადგილას გაჩერება შეუძლებელია, ხომ იცით, არა (იღიმის)?
- საუბარი რატომ არ შეუძლია?
- 10 წელზე მეტი იქნება, რაც ყელზე ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ონკოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა. ვეღარ საუბრობს, თუმცა ჩვეულებრივად ცხოვრობს, იკვებება...
- ამ სენის შესახებ ინფორმაციას როგორ შეხვდა?
- ყურადღება არ მიაქცია. მისმა მეგობარმა, ყელ-ყურის ცნობილმა ექიმმა - რეზო მითაგვარიამ უთხრა, - ყურადღება მიაქციე, პრობლემა გაქვსო, მაგრამ მამაჩემი თავისუფალი კაცია, ავადმყოფობისაც არ ეშინია. ყურადღება არ მიაქცია, გაუღიზიანდა და ონკოლოგიური ოპერაცია დასჭირდა... ახლა მამა ან მიწერს, ან - მიმიკებით მახვედრებს, რისი თქმაც უნდა... 4-5 წელია, რაც ვეღარ მუშაობს, ჭაობში სიარული აღარ შეუძლია...
- ალბათ მისი ნამუშევრების გამოფენები გამართულა, არა?
- კი, ბათუმსა და თბილისში... გულახდილად რომ ვთქვათ, საქართველოში ხელოვნებას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. კერძო პირები ინტერესდებიან მთელი მსოფლიოდან. ინგლისელებმა ქანდაკებების ფასი რომ გაიგეს, გვითხრეს, - ინგლისში ამ თანხას კიდევ რამდენიმე ნულს მიუწერდნენ, იქ უფრო მეტად დაფასებული იქნებოდაო...
- შეგიძლიათ ქანდაკებების ფასი გვითხრათ?
- 2.000 ლარიდან იწყება და 5.000-მდე ადის.
- მამის საქმიანობამ თქვენი სამუშაო სფეროს არჩევაზეც ხომ არ მოახდინა ზეგავლენა?
- არა. ადამიანმა ხელოვნება რომ შექმნა, ხელოვანის სული უნდა გქონდეს, ასეთად უნდა დაიბადო... უბრალოდ, ოჯახს ვემსახურები - მომიხუცდნენ მშობლები და ჩემი ვალია, ახლა მათ მე ვემსახურო...
ეთო ყორღანაშვილი