ქოუჩი - მოდა თუ საკუთარი თავის პოვნის რეალური გზა
ცირა პატურაშვილის გზა წარმატებამდე და საკუთარი თავის აღიარებამდე მარტივი არ ყოფილა. მანამდე იყო უნივერსიტეტი, სამსახურები, ოჯახი, მუდმივი განვითარების, სიახლეების ძებნისა და საკუთარ თავზე დაუღალავი მუშაობის პროცესი, რამაც ის ქოუჩინგის აკადემიამდე მიიყვანა. ახლა ცირა ესპანეთში წარმატებული ქოუჩი (ტრანსფორმაციული, ასევე ფინანსური ქოუჩი) და გონების მართვის ექსპერტია. ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს საკუთარი თავის აღმოჩენაში და მის მხარდაჭერას განსაკუთრებით ემიგრანტები გრძნობენ. ეს არის ამბავი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც სხვებსაც არწმუნებს, თუ როგორი ძლიერები არიან. ცირა ასევე არის ავტორი წიგნისა "დაასრულე ჯოჯოხეთი, გახდი ბედნიერი".
- ვარ ემიგრანტი, მყავს ქართველი მეუღლე და პატარა გოგონა ელისაბედი, რომლის გამოც ღირს ჩემი ცხოვრება. ვარ ემიგრანტების ქოუჩი, სამოტივაციო ტრენერი, ჯერჯერობით ერთი წიგნის ავტორი, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მიღწევად ვთვლი.
- რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის ემიგრაციის გზა?
- ძალიან რთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ კარგ პირობებში ვმუშაობდი და კარგი ანაზღაურებაც მქონდა. იყო პერიოდი, როდესაც სულიერად გამოვიფიტე, დავსუსტდი, დავკარგე ენერგია, ერთ ნეგატიურ სიტუაციას მეორე ცვლიდა, პირადი ცხოვრება საერთოდ არ მქონდა, მხოლოდ გაუმართლებლობა. მოკლედ, ერთ ადგილას გავიყინე, თითქოს თავი დავკარგე. ხშირად ვადარებ ძველსა და ახალ ყოფას. ვამბობ, რომ გზა, რომელიც გავიარე, იყო ჯოჯოხეთის. ამიტომაც ჰქვია ჩემს წიგნს "დაასრულე ჯოჯოხეთი, გახდი ბედნიერი". მართალია, ბევრი ემიგრანტისგან განსხვავებით, ქუჩაში არ მიცხოვრია და მშიერი არ ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან გამიჭირდა ადაპტაცია აქაურობასთან. რთულია დატოვო ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, გარემო, რომელშიც იზრდები და ახალი ცხოვრება დაიწყო, თანაც ყველასგან შორს.
- როგორ დააღწიეთ თავი ამ "ჯოჯოხეთს", როგორც თქვენ ამბობთ?
- ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მარტივი არ იყო, თუმცა ერთ დღეს მივხვდი, რომ დროა ეს ცხოვრება დასრულდეს. ჩემი დამხმარე და მასწავლებელი საკუთარი თავის ძიების დროს აღმოჩნდა ლუიზა ჰეი. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე მისი აუდიოწიგნები. ეს გახლავთ ფსიქოლოგი, პოზიტიური აზროვნებისა და ქმედების საფუძველზე თვითდახმარების ტექნოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი. ლუიზა ჰეის აზროვნება ჩემთვის გახდა სტიმული, ახლებურად შემეხედა საკუთარი თავისთვის და პრობლემებისთვის. ამას მოჰყვა სხვა ავტორებიც, ისინი საუბრობდნენ, რომ ჩვენს ფიქრებს, ჩვენს სიტყვებს უდიდესი ძალა აქვს. როდესაც ეს გავიაზრე, მივხვდი, რომ აქამდე არასწორად ვფიქრობდი და ვცხოვრობდი. როდესაც ისწავლი, როგორ შეიცვალო, მაშინ შეცვლა ადვილია. ხვდები, რომ შენი ცხოვრების მთავარი ავტორი თავად ხარ, მთავარია იპოვო საკუთარი თავის შესწავლისა და შენი ფიქრების მართვის გზა.
- როგორც ემიგრანტების ქოუჩს, მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რა არის მათთვის ყველაზე რთული?
- ყველა ემიგრანტი დამეთანხმება, თუ როგორი რთულია, მოსწყდე საკუთარ ქვეყანას, ოჯახს, შვილებს, მეგობრებს, მიატოვო ყველა და ყველაფერი და ფაქტობრივად, სრულიად მარტომ დაიწყო ახალი ცხოვრება უცხო ქვეყანაში. ამას დიდი ენერგია, გამბედაობა და ძალისხმევა სჭირდება. იწყება მარტოობა, ფიქრი და ნერვიულობა ოჯახზე, ახლობლებზე, შეიძლება ბევრი დეპრესიამდეც კი მივიდეს. თითქოს ვეღარ ხედავ გამოსავალს და შეწირულის პოზიციაში ხარ. რთულია ემიგრანტობა, მაგრამ ტრანსფორმაცია და განვითარება ყოველთვის შესაძლებელია.
- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ქოუჩინგის სკოლაში სწავლის დაწყების შემდეგ და რამდენად კმაყოფილი ხართ იმით, რასაც ცხოვრებისაგან იღებთ?
- თავდაპირველად გეტყვით, რომ მხოლოდ ქოუჩი არ ვარ. რაც ამ სფეროში გახლავართ, ბევრი წელი არ არის, თუმცა საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანებთან ურთიერთობის ხიბლი, მათ თვალებში ნაპერწკლების დანახვის სიხარული შევიგრძნო. როცა ვხედავ, როგორ იზრდება ადამიანი ჩემ თვალწინ, როგორ ემატება თავდაჯერებულობა და აღარ ერიდება საკუთარ თავზე კარგის თქმა, როგორ ისახავს მიზანს და დგამს მისკენ მიმავალ ნაბიჯებს, ეს ყველაფერი სასიცოცხლო ენერგიით მმუხტავს. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც შეგიძლია ადამიანებს ასწავლო იოცნებონ და ირწმუნონ თავიანთი ძალის და შეცვალონ ფიქრები; როცა ფიქრებს შეცვლიან, საკუთარ თავთან დამოკიდებულებაც შეიცვლება და ეს ყოველივე ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. გაიაზრონ ჩემი მაგალითი. მე ხომ წლების წინ სრულიად დაკარგული ვიყავი, დღეს კი აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ, ვიპოვე საკუთარი თავი და ღმერთი ჩემს თავში; ღმერთი, ვისთანაც ყოველდღიური კავშირი მაქვს. დღეს მე აღარ ვიბრძვი სურვილებისთვის, ისინი თავის დროზე, თავისით მისრულდება.
- რა უნდა იყოს პირველი ეტაპი, როდესაც ცხოვრების შეცვლა გვსურს?
- უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი უნდა შევიყვაროთ. თუ საკუთარ თავს არ შევიყვარებთ და პატივს არ ვცემთ, არაფერი გამოვა. ხშირად იკარგებიან ქალები ოჯახის სიყვარულში და საკუთარ თავებს მეასეხარისხოვნად თვლიან. არა, ქალბატონებო! თუ თქვენ საკუთარ თავს ბოლო ადგილზე დააყენებთ, სხვები შეეცდებიან კიდევ უფრო უკან გადაგაჩოჩონ. მთავარია ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი და ხშირად ვკითხოთ საკუთარ თავს, რა გვსურს? როდესაც სეანსებზე ამ კითხვას ვსვამ, ბევრ მათგანს არ აქვს პასუხი, არ იციან რა სურთ. ეს განსაკუთრებით ემიგრანტ ქალბატონებს ეხება. ისინი ფიქრობენ, რომ დღეს მათ წინაშე არსებული პრობლემებიდან თავის დაღწევას ვერ შეძლებენ. ასეთებს სრული პასუხისმგებლობით ვურჩევ, რომ გამოსავალი ნამდვილად არსებობს და მე მზად ვარ დავეხმარო მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაში.
- რას ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობა, როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი?
- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რა გვინდა ცხოვრებისგან, რაზე ვოცნებობთ. პრობლემები ჩვენშია, ჩვენს მიდგომებსა და დამოკიდებულებებში, ისინი სხვა ადამიანებში თუ გარემოებებში არ უნდა ვეძებოთ. წარმატება და წინსვლაც მხოლოდ ჩვენშია. ჯერ პირად გამარჯვებას უნდა მიაღწიო, ე.ი. ჩაუღრმავდე საკუთარ თავს, დახარჯო ძალისხმევა, დაძლიო შიში, განამტკიცო საკუთარი თავის რწმენა და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის საზოგადოებრივი გამარჯვება. მნიშვნელოვანი ცვლილებები საკუთარი თავის შეცვლით უნდა დავიწყოთ. როცა გარემოს ან სხვა ადამიანების შეცვლა გვინდა, ჯერ საკუთარი თავი უნდა შევცვალოთ - ყველა ცვლილება იწყება ჩვენით, ეს შიგნიდან გარეთ ხდება და არა - გარედან შიგნით.
"ცვლილებები იწყება შენით" - ეს არის პიროვნული განვითარების კურსის დევიზი, რომელსაც უკვე წლებია ვუძღვები. ჩვენი განწყობა თუ დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, საბანკო ანგარიშს ჰგავს. იმის მიხედვით, თუ რას ვფიქრობთ, ვამბობთ ან ვაკეთებთ, ჩვენ შეგვიძლია, შევიტანოთ დეპოზიტები ან გამოვიტანოთ პირადი საბანკო ანგარიშიდან. საკუთარი თავის შეცნობა, გარკვეულწილად, იმასაც მოიცავს, დავფიქრდეთ, როგორია ჩვენი პირადი საბანკო ანგარიში.
ფიქრია რობაქიძე