ქართული ორნამენტებით გაფორმებული ტყავის აქსესუარები - გზაპრესი

ქართული ორნამენტებით გაფორმებული ტყავის აქსესუარები

- ალბათ ის აქსესუარებია, რომლებიც ყველა ადამიანის აუცილებელ ნივთებს შორისაა და ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. დიზაინერი მარიამ მაღალაშვილი თავის პროდუქციაში ქართულ ორნამენტებს იყენებს, როგორც მეტალით გაფორმებული ნივთებისთვის, ასევე გრავირებული აქსესუარებისთვის. ეს მისთვის მნიშვნელოვანი დეტალი და ერთგვარი "სავიზიტო ბარათია". საქართველოში თუ საზღვარგარეთ გამოფენებში მონაწილეობის დროს, ქართული ორნამენტებით გაფორმებული ნივთები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მარიამ მაღალაშვილი საკუთარი ბრენდის დაარსებიდან დღემდე, მუდამ სიახლეების ძიებაშია, რადგან ახალშეძენილი მომხმარებელი თუ მუდმივი კლიენტები ყოველთვის სიახლეს ელოდებიან.

2-1698046904.jpg

მარიამ მაღალაშვილი:

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ბავშვობიდან ვქსოვდი, ვხატავდი, ხელოვნების სფეროთი ვიყავი დაინტერესებული. თუმცა, ხატვის წრეზე არ მივლია. პედაგოგებმა ჩემს მშობლებს ურჩიეს, ბავშვს ხელი რომ არ "გაუფუჭდეს", თავისი წარმოსახვით ხატოს და როცა უკვე სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას გადაწყვეტს, მაშინ მოამზადეთო. დიზაინერობა ყოველთვის მინდოდა. სამხატვრო აკადემიაში ტანსაცმლის მოდელირებისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მეორე კურსიდან კი ტყავის მიმართულება ავირჩიე. საერთოდ, ტყავის აქსესუარები ყოველთვის მომწონდა. ჩემი აზრით, ის ნებისმიერ ლუქს განსხვავებულ და დასრულებულ ელფერს ანიჭებს. ჩემთვის ასევე საინტერესო იყო ფეხსაცმელების შექმნა. მესამე კურსიდან გამოჩნდა ერთი ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც პრაქტიკაში დაგვეხმარა. მეგი გაბუნიამ საკუთარი ინიციატივით გამოთქვა სურვილი, სტუდენტებისთვის შეეწყო ხელი და მისი მადლიერი ვარ. მეოთხე კურსზე, უკვე დიპლომის დაცვისას, ჩემი ინსპირაცია "პინკ ფლოიდის" "კედელი" იყო, სადაც პრინტებიანი ჯინსის ქურთუკები, ფეხსაცმელი და სხვადასხვა აქსესუარი წარვადგინე.

4-1698046918.jpg

2017 წელს გადავწყვიტე საკუთარი ბრენდი გამეკეთებინა. თავდაპირველად მცირე ზომის ნივთებს: ბეჭდებს, სამაჯურებს, საბარათეებს ხელით ვკერავდი. "აწარმოე საქართველოში" მონაწილეობის შემდეგ დანადგარის შეძენის შესაძლებლობა მომეცა. გარაჟში სახელოსნო მოვაწყვე. ახლა გაცილებით მრავალფეროვან პროდუქციას ვკერავ და შედარებით დიდ ნივთებზეც გადავინაცვლე, ისეთებზე, როგორიცაა; ჩანთა, ქლაჩი, საფულეები. ამ უკანასკნელზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა და არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანი მაქვს. ასევე დიდ ინტერესს იწვევს გასაღების საკიდი, სათვალის ჩასადები, სამაჯური.

რადგან საქართველოში მრავლად გვაქვს ორნამენტი, კედლის მხატვრობა და სხვა დეტალები, გადავწყვიტე ტყავის აქსესუარები ქართული ორნამენტებით გამეფორმებინა. უწინ ჩანთებს სხვადასხვა ქართველი მხატვრის ნამუშევრების პრინტებით ვაწყობდი. ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის და სხვათა ნამუშევრების გარდა, მომხმარებელი არჩევანს პერსონალურადაც აკეთებდა. ვინაიდან ჩემი აქსესუარები უმთავრესად საჩუქრად უნდათ, ინიციალებს ან სხვადასხვა შინაარსის სამახსოვრო წარწერასაც ითხოვენ. რაც შეეხება ტყავის ფერებს, ჩვენი საზოგადოება რატომღაც მაინც მუქ ფერებს ანიჭებს უპირატესობას. ესენია: მუქი ლურჯი, მუქი ყავისფერი, აგურისფერი. ძალიან მიხარია, როცა ამანათის მიღების შემდეგ კმაყოფილი მომხმარებელი მწერს, რომ ნამუშევარი ძალიან ხარისხიანია და მოლოდინს გადააჭარბა.

5-1698046932.jpg

ზოგჯერ, როცა შეკვეთებს შორის რამდენიმე დღე მაქვს თავისუფალი, ვცდილობ ახალი ორნამენტი მოვიძიო და სხვადასხვა ნივთის ახალი დიზაინი შევქმნა, რადგან როგორც წესი, ყველა სიახლეს ელოდება, ამიტომ უახლოეს მომავალში ვაპირებ აქსესუარებს ახალი ორნამენტები დავამატო.

ანა კალანდაძე