ბავშვები და მიზეზები, რომლის გამოც ისინი უცხო გარემოს ვერ ეგუებიან
არცთუ ისე ხშირად გვხვდებიან ბავშვები, რომლებიც ბაღსა და სკოლას ვერ ეგუებიან. ზოგიერთი მუდმივად ტირის, ღამე არ სძინავს... რა შეიძლება იყოს პატარების დისკომფორტის მიზეზი, როგორ შეიძლება ამ პრობლემის დაძლევა და რა უნდა გააკეთოს მშობელმა ასეთ შემთხვევებში? - ამ თემებზე სასაუბროდ ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ფსიქოლოგ ნანა ალექსიძეს მივმართე. ამ ფართო და კომპლექსური თემიდან შევეცადე უმთავრესი აქცენტები ამომეკრიბა.
- ყველა ბავშვს, ვინც ბაღში წასვლას განიცდის, საკუთარი მიზეზი აქვს. ყოველ სურვილს რაღაც მოთხოვნილება გააჩნია. ბავშვს თუ ბაღში წასვლა არ უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის ეს ბაღი კონკრეტული მოთხოვნილების დაკმაყოფილების დაბრკოლებაა. უნდა ჩავეძიოთ, რატომ არ უნდა წასვლა და რა საფრთხეებს ხედავს? მიზეზი ბავშვს უნდა ვკითხოთ, მაგრამ თუ ასაკით ძალიან პატარაა, მშობელმა შეიძლება ამ და სხვა მიზეზით პასუხი ვერც მიიღოს. თუმცა, რა ასაკისაც უნდა იყოს ბავშვი, როცა ის ტირის, დედა ყოველთვის გრძნობს, ეს შიმშილის გამო ხდება, ძილი უნდა თუ ყურადღების მიქცევას ცდილობს, ანუ დედისა და აღმზრდელისთვის ბავშვის ენა ყოველთვის ნაცნობია, ამიტომ ვეცადოთ მიზეზის გარკვევას, მაგრამ თუ ვერ ვიგებთ, მაშინ მასწავლებელთან გავარკვიოთ. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს დედის ემოციურ მდგომარეობას და იმასაც, თუ რატომ გადაწყვიტა ბავშვის ბაღში წაყვანა. მიზეზი ისაა, რომ სამსახურის გრაფიკი ააწყოს, შვილის განვითარებისთვის უნდა, აპირებს ძიძა გაუშვას, თუ იმიტომ, რომ ყველა ბავშვი დადის და მისმა შვილმაც უნდა იაროს?.. შეიძლება რამდენიმე მიზეზიც იყოს.
- ჰო, მაგრამ ბავშვისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?
- რა თქმა უნდა, რადგან ბავშვი დედის ემოციურ მდგომარეობას გრძნობს. ვთქვათ ერთი-ორჯერ ბაღში იტირა ან სანამ წავიდოდა, მანამდე გამოავლინა პროტესტი. დედას, რომელსაც წინასწარ აქვს გაწერილი ყველაფერი და ბავშვის ქცევა მის ჩანაფიქრს არღვევს, ჭირვეულობის განცდა უჩნდება და ნევროტული ხდება. მთავარია, მშობელმა თავისი გადაწყვეტილება შვილს სწორად მიაწოდოს. შეიძლება უთხრას, ყველა ბავშვი დადის და შენც უნდა იაროო, მაგრამ ემოციურად ისეთი გაღიზიანებული იყოს და ისეთი დირექტიული ტონით თქვას ეს ყველაფერი, რომ ბავშვს გაუჩნდეს განცდა, ეს დედის ბრძანებაა და სხვა არაფერი. ასევე, გაუჩნდეს შეგრძნება, რომ დედას მისი თავიდან მოშორება სურს. შეიძლება უხეშად ჟღერდეს, მაგრამ ასეთ დროს მშობელმა ქვეცნობიერად სწორედ ეს მესიჯი გასცა და ბავშვი თანატოლებთან ყოფნასა და დედასთან დარჩენას შორის, არჩევანს მშობელზე აკეთებს. სეპარაცია ისედაც მტკივნეულია, რაც 5 წლამდე უნდა დასრულდეს, მაგრამ ეს ეტაპი მშობელმა შვილთან ერთად უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ უნდა გაიაროს. ბაღში წასვლის თემა იმ ბავშვებისთვის არ არის მტკივნეული და არ უცხოობენ, ვინც ოჯახში არავისზე არ არის მიჯაჭვული. მათთვის არც ბაღია პრობლემა და არც ეზოში ყოფნა. მოდი, ასე დავალაგოთ: უნდა გავარკვიოთ მოტივი, თუ რატომ გადაწყვიტა მშობელმა ბავშვის ბაღში მიყვანა და ის მზად უნდა იყოს საიმისოდ, რომ შვილს მხარი დაუჭიროს უცხო გარემოსთან ადაპტაციის პროცესში. ეს საუბარი დირექტიული ტონითა და ბრძანებით თუ განავრცო, ბავშვი შეიძლება უარესად გაჯიუტდეს ან უეცრად მორჩილი გახდეს, მაგრამ აუცილებლად გამოავლენს ბაღში თავისი საქციელით - ან დაჩაგრული იქნება, ან აგრესიას გამოამჟღავნებს. ბავშვი, რომლის ხმა არავინ გაიგონა და თავისი სურვილი ვერ დაიკმაყოფილა, ალტერნატიულ გზას მოძებნის, რაც შეიძლება გამოიხატოს ასევე სხვის დაჩაგვრაში, მასწავლებლის კბენაში და ა.შ.
- შეიძლება ბავშვი უკვე გამართულად მეტყველებდეს, მაგრამ ზოგიერთი მშობელი ამბობს, რომ არის რაღაც, რაც მათ შვილს ბაღში არ მოსწონს და უბრალოდ, ამაზე საუბარი არ სურს, არ იხსნება. შეიძლება ასეთი ფაქტორიც იყოს?
- დიახ, მშობლის მხრიდან ეს შვილის ნდობის მოპოვებასა და დიალოგზეა დამოკიდებული. უკვე ვთქვი, რომ როცა ის ბაღში მიდის, მშობელი უნდა დაეხმაროს ადაპტაციაში, მაგრამ სანამ იქ მივიყვანთ, ბევრად ადრე უნდა დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, ვაჩვენოთ მულტფილმები, ვიდეოები, სკვერებსა და ეზოებში ბავშვებთან თამაშს მივაჩვიოთ. მოსამზადებელი პერიოდი მნიშვნელოვანია. პატარამ დაახლოებით უნდა იცოდეს, ბაღი რისი მსგავსია, ეზოში მეგობრებთან ერთად თამაშს შევადაროთ ან დაბადების დღის ცენტრში ყოფნას. ასევე შეიძლება წინასწარ მივიყვანოთ და ბაღი დავათვალიერებინოთ, მასწავლებელი გავაცნოთ და ა.შ.
- რამდენად სწორია ზოგიერთი მშობლის გადაწყვეტილება, როცა ბავშვი ბაღში მიჰყავს და მასთან ერთად იქვე 2-3 საათს ატარებს?
- ეს ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ თუ ერთი ბავშვის დედა ბაღში დარჩება და მეორესი წავა, ეს უკანასკნელი საფრთხეს იგრძნობს. იფიქრებს, თურმე სხვისი დედა აქ არის, თურმე ყოფილა მშობლის დარჩენის საშუალება, ე.ი. დედამ მიმატოვა. ამიტომ პირველი რამდენიმე დღე ეს გადაწყვეტილება ისე უნდა იყოს მიღებული, რომ მთელი ჯგუფის მშობლები, ყველა ერთად, ბაღში რამდენიმე საათით გაჩერდნენ, მათ შორის ისინიც, ვისი შვილიც არ ტირის, რადგან იმ ბავშვმაც უნდა გაიგოს, რომ ტირილი იმის საფუძველი კი არ არის, რომ მშობელი შენთან დაიტოვო, არამედ ის უბრალოდ არის შენთან. მან თუ დაინახა, რომ იტირებს და დედა მოვა, მაშინ სხვა ბავშვიც აჰყვება. თან, ასეთ დროს მშობლები ბაღში მხოლოდ კი არ უნდა ისხდნენ, არამედ ყველამ ერთად, რაღაც აქტივობა უნდა მოიფიქროს და ითამაშოს ისე, როგორც ეს მაგალითად, დაბადების დღის ცენტრებში ხდება. ასეთი ხელშეწყობის პირობებში, პირველი პერიოდი შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ არც ისეთი ტრავმული, მაგრამ თუ ბავშვმა პროტესტი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელა, მაშინ უკვე რაღაც სხვა, გაცილებით სერიოზულთან გვაქვს საქმე და ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩაერიოს ფსიქოლოგი...
- თუ შეგხვედრიათ ისეთი ბავშვები, რომლებიც არა მხოლოდ ბაღს, არამედ შემდეგ უკვე სკოლაში სიარულსაც ვერ ეგუებიან?
- დიახ. ბავშვისთვის სკოლა ბაღის გაგრძელებაა. თუ ბაღში არ უვლია, ის სკოლის არსს ვერ მიხვდება. ამიტომ მშობლისთვის ზუსტად იგივე ეტაპები იქნება გასავლელი, რაც ბაღში წასვლამდე მომზადებაზე გითხარით. ამიტომ, ბაღში სიარული საჭიროა, ეს წინასასკოლო ფსიქოემოციური მომზადებაა. ვთქვათ, ბავშვი ბაღში თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ სკოლაში არ უნდა და ტირის. ე.ი. შეიძლება ბაღში ისე მიეჯაჭვა ჯგუფელებსა და მასწავლებლებს, რომ ახლა უკვე ამისგან ჩახსნა უჭირს. პატარები დედის შემდეგ შეიძლება მასწავლებელს იოლად მიეკედლონ და ყველა ცვლილება მათთვის მეტად მტკივნეული აღარ იქნება, თუ ჩვენ იმ ეტაპებს გავივლით, რომელზეც უკვე ვისაუბრე.
- მგონი, ბიჭებს უფრო უჭირთ ბაღთან ადაპტაცია, ვიდრე გოგონებს. რაზეა ეს დამოკიდებული?
- საერთოდ, ქალისა და მამაკაცის ერთ-ერთი განმასხვავებელი თვისება ისაა, რომ ქალი მარტივად ადაპტირდება, ემოციურადაც უფრო მდგრადია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რაც შემდეგში ბიოლოგიურად ელოდება. გოგონა, რომელიც ბაღში შედის, სათამაშო მოედანს გადახედავს, უცბად გააბამს კომუნიკაციას, რაღაცებს გონებაში გადაამენეჯმენტებს, ბიჭი კი უფრო ხისტია. გოგონა შეიძლება ტიროდეს, მასწავლებელი მივიდეს, მოეფეროს და თავზე ხელი გადაუსვას, მაგრამ ბიჭს შეიძლება უთხრას, - "რატომ ტირი, ბიჭი არ ხარ?!" არადა, რეალურად ორივე ბავშვია. ნაადრევი ასაკიდან ბიჭზე ზედმეტი ტვირთის აკიდება ვიცით.
ათმა ქალმა რომ იტიროს და ერთმა კაცმა, ამ უკანასკნელის ემოცია რატომღაც უფრო მკვეთრად ჩანს და მერწმუნეთ, იმ ერთის ცრემლები უფრო თვალში მოგვხვდება. ეს ჩვენი კულტურის ტრაგედიაა, თითქოს კაცს ემოციის გამოხატვის უფლება არა აქვს. ხშირ შემთხვევაში, თუ ბიჭებს სქესთან დაკავშირებული პრობლემები ეწყებათ, ამის გამომწვევი მიზეზები ფსიქოტრავმებია. მათ აღარ უნდათ და ამძიმებთ თავიანთი სქესი (ცრემლი ეკრძალება, ბავშვობიდან კაცობას სთხოვენ), გოგონას ცხოვრება გაცილებით მარტივად ეჩვენებათ, მერე ბიჭების გარემოცვაში ყოფნის ეშინიათ, რათა არ დაჩაგრონ და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება გოგონად ყოფნა მოინდომონ მაშინაც კი, როცა არავითარი ბიოლოგიური პრობლემა არ აქვთ. ამიტომ მნიშვნელოვანია გოგონასაც და ბიჭსაც თავის ემოციაში მხარი დავუჭიროთ.
დაბოლოს, ერთსაც დავძენ: ოთხი შვილი მყავს. უფროსი 15 წლისაა, უმცროსი 6-ის. ჩემმა პროფესიამ და გამოცდილებამაც მიჩვენა, რომ ჩემს პატარას ძალიან დაეხმარა უფროსი და-ძმების მაგალითი. კარგია, თუ უფროსი დედმამიშვილები უმცროსებს თავის გამოცდილებას გაუზიარებენ, რადგან ბავშვისთვის უფრო მყარი ნდობის წყარო ასევე ბავშვია. აქ ისიც მნიშვნელოვანია, პატარა ოჯახში რიგით მერამდენეა და საერთოდ, დედმამიშვილი ჰყავს თუ არა. თუ მას და-ძმა ჰყავს, დაახლოებით თანატოლები, ასეთ პატარებს მეტ-ნაკლებად არ უჭირთ ბაღში წასვლა, რადგან მოდელი აქვთ და ყოველდღიურად უყურებენ დილით ყველა როგორ დგება და სადღაც მიდის. გარდა იმისა, რომ ჩემს უმცროს შვილს გარემო წინასწარ გავაცანი და ბაღის არსი ავუხსენი, მისთვის ეს ადგილი საშიშროებას უკვე აღარ წარმოადგენს: თუ ყველა მიდის, ე.ი. უსაფრთხო გარემოა, ამიტომ ისიც უპრობლემოდ ჯდება მანქანაში და რიტუალივით აქვს, რომ ყველანი ერთად მივდივართ და დღის ბოლოს ერთად ვბრუნდებით შინ.
ანა კალანდაძე