რა ეამაყებოდა აკადემიკოსობაზე მეტად პეტრე ქავთარაძეს - გზაპრესი

რა ეამაყებოდა აკადემიკოსობაზე მეტად პეტრე ქავთარაძეს

აკადემიკოსი და მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე პეტრე ქავთარაძე ბავშვთა ნერვული დაავადებების შესწავლის პიონერად ითვლება საქართველოში. მისი ინციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით კურორტ ახტალაში გაიხსნა სპეციალური სანატორიუმი ბავშვთა დამბლის ახტალის ტალახით მკურნალობისათვის. მისი სამეცნიერო კვლევის დიაპაზონი ფართოა და ეხება კლინიკური ნევროლოგიისა და თერაპიის, კურორტოლოგიისა და სამკურნალო ფიზკულტურის, ბავშვთა ნევროპათოლოგიის, ზოგადი სამედიცინო თეორიის საკითხებს და გამოჩენილ ნევროპათოლოგთა ცხოვრება-მოღვაწეობის აღწერას. პეტრე ქავთარაძის კოლეგები და თანამედროვენი აღნიშნავდნენ, რომ ის იყო უაღრესად კულტურული და მოკრძალებული ადამიანი. სახელოვან მეცნიერს მისი შვილიშვილი გოგი ქავთარაძე გაიხსენებს.

ბაბუა

- 12-13 წლისა ვიქნებოდი, როცა ერთ დღეს ბაბუაჩემი - პეტრე ქავთარაძე უაღრესად აღელვებული დაბრუნდა შინ. მახსოვს, 1959 წლის მოსახლეობის საკავშირო აღწერა ახლოვდებოდა. ბებიასთან მისი საუბრიდან გაირკვა, რომ შეხვედრია თავის ძველ, ყმაწვილკაცობის დროინდელ მეგობარს, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ქართველ პროფესორს, რომელიც ასევე სამეგრელოდან იყო წარმომავლობით. მას ბაბუასთვის უკითხავს, აღწერისას რომელ ეროვნებად ჩაეწერებიო? პეტრე ვერ მიმხვდარა რას ეკითხებოდა და როდესაც მეგობარს განუმარტია "ქართველად თუ მეგრელადო", ბაბუას თავი ვერ შეუკავებია და მისთვის იქვე უთავაზებია. სახლში მოსული ძალიან შფოთავდა და რამდენიმე დღე აღელვებული დადიოდა. ეს იყო და ეს - მათ შორის არათუ მეგობრობა, უბრალო ნაცნობობაც კი საბოლოოდ გაწყდა.

ბაბუასაგან ხშირად მსმენია, "მე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში ვსწავლობდიო", რაც მას აკადემიკოსობასა და პროფესორობაზე უფრო ეამაყებოდა, ისევე როგორც ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში სწავლის წლები და იოსებ ოცხელის მოწაფეობა. ძალზე უყვარდა თავისი მშობლიური მხარე და იქაურები. სიკვდილამდე ემადლიერებოდა სოფლის მეურმეს, რომელსაც ნოსირიდან ფოთამდე ბარგიანად უსასყიდლოდ წაუყვანია (ოდესაში უნდა გამგზავრებულიყო) და უთქვამს: ეგ ფული უცხოობაში შენ უფრო გამოგადგება, ოღონდ კარგი და განათლებული კაცი გამოდიო. ბაბუა მეტად დახვეწილად საუბრობდა მეგრულად. ის მეგრული ინტონაცია, რომლითაც ბაბუა და ბებია საუბრობდნენ, მათ მერე აღარ მსმენია. სიკვდილამდე ნატრობდა, იქნებ დედაჩემის (მართა-ფეფინე კიზირია) საფლავზე ისეთი მაგნიტოფონის დაყენება შეიძლებოდეს, რომ ყოველი შებინდებისას ის მეგრული "ნანა" ისმოდეს, დედა დაძინებისას რომ მიმღეროდაო.

ბაბუა ახალგაზრდობაში ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. მის კალამს ეკუთვნის პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები და მოთხრობები, ლიტერატურული ნარკვევები და თარგმანები, რომლებიც საქართველოს პერიოდულ პრესაში "ნოსირელის", "ბარდღას", "ტეხურისპირელისა" და "კოლხიდელის" ფსევდონიმით ქვეყნდებოდა. სამწუხაროდ, მათი ძირითადი ნაწილი ჯერ ისევ მიუკვლეველია. ჩემი მეორე პაპის, გიორგი ლეონიძისგან გამიგონია: "ყმაწვილობისას არაერთხელ მომიკრავს თვალი "კოლხიდელისა" და "ტეხურისპირელის" ფსევდონიმით გამოქვეყნებული პუბლიკაციებისთვის და ყოველთვის მაინტერესებდა მათი ავტორის ვინაობა". რა იცოდა, რომ ამ წერილების ავტორი მომავალში მისი მძახალი და ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი გახდებოდა (გოგლას ქალიშვილი ნესტანი და პეტრეს ვაჟი ლეონი შეუღლდნენ).

ეპიზოდები ბიოგრაფიიდან

- ბაბუა ავტობიოგრაფიაში წერდა: "ბავშვობა გავატარე მშობლების ოჯახში, სოფელ ნოსირში, მდინარე ტეხურის პირას. ექვსი წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა და ჩემი აღზრდა უფროსმა ძმამ პლატონმა იკისრა. მან დამაწყებინა დედაენის კითხვა, მომამზადა და ძველი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელში შემიყვანა, რომლის დამთავრების შემდეგ უგამოცდოდ მიმიღეს ქუთაისის ქართული გიმნაზიის პირველ კლასში. პირველი წიგნი, რომელმაც ჩამახედა ცხოვრებაში, "ძია თომას ქოხი" იყო, რომელიც გიმნაზიის დირექტორმა იოსებ ოცხელმა მიუძღვნა წარწერით - "იყავ კეთილი და პატიოსანი. ი. ოცხელი".

ამ სიტყვებს ისეთი დაუვიწყარი გავლენა მოუხდენია მასზე, რომ 70 წლის ასაკში წერდა: "ეს წარწერა ჩემი შეგნებული ცხოვრების გზის მაჩვენებელი გახდა, ხოლო ოცხელის სახე სისუსტის საათებში სიმხნევეს მინერგავდა. ახლა ჩემი მოღვაწეობის მიწურულში შემიძლია ვთქვა, რომ კეთილი კაცის სახელი მართლაც დავიმსახურე, ხოლო რაც შეეხება პატიოსნებას, ვფიქრობ, არც ამისთვის მიღალატნია".

ბაბუას მამა - პავლე ქავთარაძე იყო სამხედრო პირი, რუსეთ-ომალეთის ომის მონაწილე 1877-1878 წლებში, გიორგის ჯვრის კავალერი. ის შემდეგში სოფლის მეურნეობას ეწეოდა. დედა - მართა კიზირია, დიასახლისი, იმ დროისათვის განათლებული ქალი იყო, წმინდა ნინოს სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული. პეტრეს სამი ძმა - პლატონი, ნიკოლოზი, ალექსანდრე და ერთი და - ნადეჟდა ჰყავდა. პეტრეს უმცროსი და იმდენად უყვარდა, რომ ავტობიოგრაფიაში დისწულებს თავისი ოჯახის წევრებად ასახელებდა. პეტრე დაქორწინდა 1918 წელს. ცხოვრების მეგობრად აირჩია ნეონილა სტეფანეს ასული თურქია, განათლებული, ოჯახისათვის თავდადებული და უაღრესად ერთგული ადამიანი. მათ სამი შვილი შეეძინათ: ლეილა, ლეონი და ნოდარი. ლეილა სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსზე სწავლობდა, როცა გარდაიცვალა. მამაჩემი ლეონი მათემატიკოსი გახდა, პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი იყო. ბიძაჩემი ნოდარი მამის კვალს გაჰყვა, წლების მანძილზე მუშაობდა სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე. პეტრე ქავთარაძის გვარს ორი შვილიშვილი აგრძელებს - მე და ჩემი ბიძაშვილი მერაბი, რომელიც ექიმი გახდა. ბაბუა იტყოდა ხოლმე: ექიმი მინდოდა გამოსულიყო გოგი, მაგრამ კარგი დარგი აირჩიაო (ისტორიკოსი ვარ). ამ სიტყვებს თითქოს სინანულის ტონი ემჩნეოდა.

ოდესის უნივერსიტეტში

- ქუთაისის ქართულმა გიმნაზიამ დიდი როლი შეასრულა მისი პროგრესული იდეების ჩამოყალიბებაში. პეტრე ბევრს კითხულობდა როგორც მხატვრულ, ისე პოლიტიკურ ლიტერატურას. მასზე დიდი გავლენა მოუხდენია პისარევის წერილებს ბუნებისმეტყველების შესახებ. 1905 წლის რევოლუციის დროს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა მოწაფეებსა და მოსახლეობასთან ერთად იცავდა ბარიკადებს შეიარაღებული პოლიციის თავდასხმისაგან. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ოდესაში, უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. მას პირველ ხანებში ყოველთვიურად 25 მანეთს უგზავნიდა და - ნადეჟდა. შემდეგ კი თავად ინახავდა თავს გაკვეთილებით და თარგმანიდან აღებული (რუსულიდან ქართულ ენაზე) ჰონორარით. პეტრე ქავთარაძე ოდესაში ჩავიდა 1909 წელს, იმ დროს უნივერსიტეტის პროფესურა ორ ბანაკად იყო გაყოფილი - მემარცხენეებად და მემარჯვენეებად. სტუდენტობაშიც გამოჩნდნენ მემარჯვენეები, ისინი თავს აკადემისტებს უწოდებდნენ და ამბობდნენ: ჩვენ უნივერსიტეტში მარტო სწავლისთვის შემოვედით, საგნებს უნდა დავეუფლოთ, შორს ჩვენგან პოლიტიკური მოღვაწეობაო. ბაბუა წერდა: "განხეთქილება ამ ორ ბანაკს შორის სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. ერთხელ სტუდენტთა საერთო კრებაზე, სადაც კრების დადგენილებას მე ვკითხულობდი, აკადემისტებმა იარაღიც კი იხმარეს, რომლის მსხვერპლი გახდა სტუდენტი იგლიცკი, ხუთი ადამიანი კი დაჭრეს, დანარჩენი კრების მონაწილე სტუდენტები დაგვატუსაღეს. ამ მდგომარეობამ დიდად ააღელვა რუსეთის მოწინავე საზოგადოება და სახელმწიფო სათათბირო".

პეტრე სტუდენტთა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის ორი წლით გარიცხეს უნივერსიტეტიდან და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ოდესაში მყოფი ქართველი სტუდენტები გაერთიანებული იყვნენ სათვისტომოში, რომელსაც გამგეობა ხელმძღვანელობდა. პეტრე ქავთარაძე ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს აქტიური წევრი იყო. სტუდენტობის პერიოდში დაინტერესდა ბიოლოგიით და მედიცინის თეორიული საკითხებით. მესამე კურსის სტუდენტმა ქართულ ენაზე დაწერა შრომა "ანაბიოზი", რომელიც ცალკე წიგნად დაიბეჭდა. როგორც პეტრე წერს, ამ ნაშრომის იდეა პროფესორ ბახმატიევის ბრწყინვალე ლექციების გავლენის შედეგი იყო.

petre-kolegastan-ertad-1698047317.jpg

დამშვიდობება

- პეტრე ქავთარაძის დაკრძალვაზე გიორგი ლეონიძის გამოსვლის ტექსტი (მცირე შემოკლებით): "ძვირფასო ძმაო, საყვარელო მეგობარო პეტრე! ამ შემზარავ, სამუდამო გაყრის ჟამს, მე გულისტკივილით აღსავსეს, ძალა არ შემწევს ვილაპარაკო შენს სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ დამსახურებაზე. მე მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, სახელდობრ იმას, რომ ყველას ენანები, ყველა მოგტირის, ყველა სამართლიანად გაერთიანებულია შენს სიყვარულში. ყველა იმეორებს შენზე პოეტის სიტყვებს - "კაცი იყო კაცობისა შესაფერი, შესატყვისი". ეს შენი სათაყვანო რუსთაველის სიტყვებია. მეტად მძიმეა, რომ გახარებულ, ხალისიან ადამიანს ბნელეთში გისტუმრებთ, მაგრამ შენი ღვაწლისა და საქმის ნათელი გაგინათებს გზას! ბედნიერი ხარ, რომ პირნათელი მიდიხარ ჩვენგან! ბედნიერი ხარ, რომ ხალხის ცრემლი გაცილებს! ეს ცრემლი წალეკავს სამარის წყვდიადს და ჩვენს გულში მუდამ იბრწყინებს შენი გულის გამონაფრქვევი ნათელი, სხივი შენი შრომისა და მოღვაწეობისა, შენი ადამიანური ღიმილი, შენი პირის ნათელი, ჭეშმარიტი რაინდული მოქალაქისა. დაე, ჩვენმა ახალგაზრდობამ აიღოს შენგან მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურონ ისინი მამულსა და მეცნიერებას. მშვიდობით, მშვიდობით, დაუვიწყარო, მუდამ ტკბილად და კეთილად მოსაგონებელო, ამაგდარო და საყვარელო, ჩვენო ტკბილო პეტრევ!"

ნანული ზოტიკიშვილი