" ФСБ-ს თვალში" -  საქართველოში დასახლებული ფრანგი მწერალი "ბანდიტურ რუსეთზე" - გზაპრესი

" ФСБ-ს თვალში" -  საქართველოში დასახლებული ფრანგი მწერალი "ბანდიტურ რუსეთზე"

90-იანი წლების მიწურულს, როდესაც საბჭოთა კავშირი რამდენიმე წლის დაშლილი იყო, მაგრამ რუსეთი, როგორც მისი ღირსეული მემკვიდრე, საბჭოთა წყობიდან პირდაპირ "ბანდიტურ სამყაროში" გადაეშვა, ოჯახური ტრაგედიის ფონზე, საფრანგეთიდან რუსეთში ჩავიდა ფრანგი ბიზნესმენი ჟან მიშელი, როგორც თავად ამბობს, ახალი ცხოვრების დასაწყებად, განსხვავებული სამყაროსა და მძაფრი შეგრძნებების მისაღებად.

მეგობრობა და ახლობლობა მოუხდა ФСБ-ს გენერლებთან, რომლებსაც საბჭოთა წლებში სამხედრო საქმიანობა ევალებოდათ, თუმცა შემდეგ, "ახალ რუსეთსაც" აუწყვეს ფეხი და გავლენებიც შეინარჩუნეს. სწორედ ეს გახდა მისთვის შთაგონების წყარო, რომ დაეწერა წიგნი "ФСБ-ს თვალში", რომელიც თანამედროვე საფრანგეთსა და მთლიანად ევროპაში პოპულარული გახდა.

- ოჯახთან ერთად საფრანგეთში ვცხოვრობდი, ერთ-ერთი დიდი სარეკლამო კომპანიის გენერალური დირექტორი ვიყავი. მე და ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში ერთდროულად ნიუ-იორკსა და პარიზში ვცხოვრობდით. მუდმივად გზაში ვიყავით, ფაქტობრივად, თვითმფრინავში გვიწევდა ცხოვრება. თუმცა, 1996 წლის 17 ივლისს, TWA Flight 800-ის სახელწოდების სამგზავრო თვითმფრინავი აფეთქდა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. 230-ვე მგზავრი დაიღუპა, მათ შორის იყო ჩემი ცხოვრების ქალიც, მირიამი. ეს უდიდესი ტრავმა გახლდათ ჩემთვის. პარიზი და ნიუ-იორკი შემძულდა. რაღაც სხვა მჭირდებოდა. ჩემმა კარიერამ, აწყობილმა ცხოვრებამ ერთ დღეში აზრი დაკარგა. განსხვავებული რეალობა მჭირდებოდა და არჩევანი ელცინის მოწყობილ ქაოსში ჩაფლულ რუსეთზე შევაჩერე.

წარმოიდგინეთ, 1996 წლის რუსეთი - ნაცრისფერი, ხმაურიანი, სადაც ახალ წყობაზე გადასულ ადამიანებს გავლენებისთვის ცხოველი ნადირობა ჰქონდათ გაჩაღებული. მე კი პარიზში, შანზ-ელიზეზე ბინა დავკეტე და მოსკოვში ჩავფრინდი. ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები, სრული სიგიჟე ჩავიდინე, მაგრამ მაშინ ის მჭირდებოდა - პარიზული ბინიდან მოსკოვის ე.წ. კომუნალკაში გადმოვედი და ცხოვრება თავიდან დავიწყე.

- რუსული იცოდით?

- არა, რუსული არ ვიცოდი. სარეკლამო სივრცეში გამოცდილება კი მქონდა, მაგრამ რუსეთში ჩემზე არავინ იცოდა, თუმცა მაშინ სარეკლამო ბაზარი ჯერაც აუთვისებელი, გახსნილი და თავისუფალი იყო. ფული მქონდა და რესტორნების გახსნა გადავწყვიტე. რამდენიმე ღამის კლუბი და რესტორანი მქონდა, ასევე ვიყავი პოპულარული კლუბების დიზაინერი და დეკორატორი. უმწეო პენსიონერებისთვის საქველმოქმედო ფონდის გახსნაც მინდოდა, რადგან ძალიან კარგი შემოსავალი მქონდა. როდესაც სხვა ქვეყანაში ფულს "აკეთებ" და გადასახადებს არ იხდი, თანხა ასეთ საქმეებს უნდა მოახმარო. ასეც მოვიქეცი. სამი წლის განმავლობაში პენსიონერებს რამდენიმე ათეული ტონა საკვები გადავეცი. ადგილობრივ ეკლესიებსაც ვეხმარებოდი შესაწირით, სამშენებლო მასალებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად კათოლიკე ვიყავი, დედა კი ებრაელი მყავდა.

მოზარდი ვიყავი, როდესაც ებრაელები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, ჩემთვის კომუნისტებივით იყვნენ, პარტიზანულად იბრძოდნენ. ხელში სულ იარაღი ეჭირათ. დედაჩემიც თავისი ხალხის სულისკვეთებას მთლიანად იზიარებდა. მამა სხვა ყაიდის კაცი იყო. ერთი სიტყვით, დაშორდნენ. მაშინ 13 წლის ვიყავი... მამამ ლაოსელი ქალი მოიყვანა ცოლად და ოჯახში ბუდიზმის შესწავლა დავიწყეთ... ასეთ ინტერნაციონალურ ოჯახში გავიზარდე. ვფიქრობ, რომ ყველას ერთი ღმერთი გვყავს, მათ შორის ჩვენ და მუსლიმანებსაც, ოღონდ სხვადასხვა აღქმით... ხანდახან მედიტაციას მივეცემი, ეს განტვირთვაში მეხმარება, ისევე როგორც კითხვა.

ისევ რუსეთს დავუბრუნდები - დაახლოებით 25 წელი ვიცხოვრე იქ და დავინახე ყველაფერი, რისი წარმოდგენაც გაუჭირდება ადამიანს, რომელსაც მდიდარი ფანტაზია აქვს. ამის შესახებ დავწერე წიგნი - "24 წელი რუსეთში". მის პრეზენტაციას არ დავსწრებივარ, რადგან როგორც კი წიგნის შინაარსზე, ფრანგულ და გერმანულ ტელევიზიებში, ასევე ვლადიმირ პოზნერთან ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ვისაუბრე, დამაპატიმრეს და სამი კვირა იზოლატორში გავატარე.

სხვა საკითხებთან ერთად, იმაზეც ვისაუბრე, როგორც დანარჩენ სულელებს, ანუ ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს, მე და ჩემს ეროვნებით რუს გარემოცვასაც გვჯეროდა, რომ პუტინი ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლიდა. მე მის გაპრეზიდენტებამდე ვიყავი იქ და ვხედავდი, რა დღეში იყო რუსეთის ეკონომიკა, უსაფრთხოება. ქალაქის ქუჩებში ყველგან "ბანდიტური პეტერბურგი" გახლდათ. ამიტომ ეგონათ, რომ კარგი იქნებოდა, თუ დაძაბუნებული ელცინის შემდეგ ქვეყნის სათავეში ახალგაზრდა მმართველი მოვიდოდა, თან კა-გე-ბეს წარსულით, რაც რუსეთში ძალიან მოსწონთ, რადგან ასეთი პერსონა ძალასთან, მკაცრ ხელთან ასოცირდება და მიაჩნიათ, რომ ასეთი ადამიანები უფრო კარგი მმართველები არიან.

- თუმცა, პუტინი ტერაქტებით მოვიდა რუსეთის ხელისუფლებაში. მოსახლეობამ ეს არ იცოდა, არა?

- არა, იქ პროპაგანდა ყოველთვის კარგად მუშაობდა. ამაზეც მიწერია ჩემს წიგნში და ამიტომაც დამადგნენ შინ ФСБ-ს თანამშრომლები... ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, უდანაშაულო ადამიანების ხოცვა, პუტინის ხელწერაა...

პუტინის მოსვლის შემდეგ, პირველი კრიზისი თითქოს გადაილახა, კანონი გამკაცრდა, ნავთობის ფასმა იმატა, მაგრამ ჩამოყალიბდა პრივილეგირებულთა კასტა, "ზედა ფენა", რომლებიც გრანდიოზულ თანხებს სხვადასხვა ქვეყნის ბანკებში აბანდებდნენ, ოფშორულ ზონებში ინახავდნენ. მათ პოზიციები გაიმყარეს, მოსახლეობის საშუალო ფენას კი ნამცეცებს უყრიდნენ... ეს მიდგომა დღემდე გრძელდება. თუმცა, მოსახლეობის უმეტესობა მაინც კმაყოფილი იყო და ახლაც ასეა.

- ალბათ ხშირად გეკითხებიან, როგორც ცხოვრობდით საფრანგეთის მოქალაქე ასეთ ველურ ქვეყანაში?

- დიახ, ძალიან ხშირად და იუმორით ვპასუხობ, - მედიტაცია მეხმარებოდა-მეთქი. სინამდვილეში, მაფიოზურ რუსეთში ჩასულ ერთ უბრალო ფრანგს, ФСБ-ს უფროსი თაობის წარმომადგენლებთან კარგი კავშირები მქონდა. როგორც ვთქვი, 1996 წელს ჩავედი, ორმხრივი სროლები თითქმის შეწყვეტილი იყო, რადგან დიდ "ზვიგენებს" წილები და გავლენები უკვე გადანაწილებული ჰქონდათ. ასე ვთქვათ, ველური ბუნების კანონით, ძლიერები იმარჯვებენ - კლანებიც დალაგებული იყო, თუმცა ქაოსი მაინც იგრძნობოდა. ხანდახან ისეთი სიტუაცია იქმნება, როდესაც ცხოვრება გთავაზობს მოცემულობას და რაც უნდა სასტიკი იყოს ის, მაინც უნდა მიიღო, თუნდაც გამოცდილებისთვის.

ჩემი მოსკოვური ცხოვრებაც ასეთი იყო - ადგილობრივი მაფიის ბოსები, მილიციის მაღალი რანგის თანამშრომლები, ФСБ-სა და ГРУ-ს (სამხედრო დაზვერვა) თანამშრომლები, პარალელურად, ქალაქის ინტელიგენცია, უბრალო, განათლებული ადამიანები, მხატვრები, ხელოვანები, რომელთაც იმ ქაოსში თავის გატანა უჭირდათ - ასეთი იყო ჩემი გარემოცვა. ბნელი და საშიში პერსონების კვალდაკვალ, ვმეგობრობდი ძალიან კარგ ადამიანთან, ედუარდ ლიმონოვთან, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა... იყვნენ სხვა კეთილსინდიერი, სანდო ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ხელფასზე ცხოვრობდნენ. უშედეგოდ ცდილობდნენ ისინი თავიანთი საზოგადოების, ქვეყნის შეცვლას, მაგრამ უმრავლესობას მაინც პრიმიტიულ ტყუილში ცხოვრება ერჩივნა.

ასე თუ ისე, იქ ორ ათეულ წელზე მეტი ვიცხოვრე და კარგი მოგონებებიც დავაგროვე. მეგობრების დამსახურებით, ჩემი რამდენიმე გასართობი ობიექტი შეუფერხებლად მუშაობდა.

მათთან მეგობრობის გარეშე ვერ გადავრჩებოდი. ძალიან მარტივი სქემა იყო - მე მათ ე.წ. კრიშისთვის ფულს ვუხდიდი და დაცული ვიყავი. მაშინდელ რუსეთში ეს მიღებული იყო - ბიზნესმენი ფულს უხდიდა ძალოვანებს და ისინი "კრიშავდნენ". ასე ცხოვრობდნენ სხვა ბიზნესმენები, ბანკირები, ოლიგარქები, მათ შორის, ბერეზოვსკი, აბრამოვიჩი... ისინი მუშაობდნენ ФСБ-სთვის და ძალოვანებიც მათი უსაფრთხოების გარანტი იყვნენ.

რამდენიმესთან ვმეგობრობდი. მაგალითად, ФСБ-ს ანტიტერორისტული სამსახურის გენერალთან, რომელიც ძალზე ადეკვატური ადამიანი იყო.

გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი ჟორჟ პოლინსკთან, ფრანგული FM-ის პიონერთან, რომელმაც მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და დსთ-ის მაშინდელ ქვეყნებში პირველი დამოუკიდებელი რადიოსიხშირე ჩამოაყალიბა. მას რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. პირადად იცნობდა მიხეილ გორბაჩოვს, სანქტ-პეტერბურგის მაშინდელ მერს, ანატოლი სობჩაკს, მის გარემოცვას, უამრავ უცხოელ ინვესტორს, რომელთაც ვლადიმირ პუტინთან ჰქონდათ კავშირი. ისინი 90-იან წლებში გაიცნო, როდესაც კომპანია Europa Plus დააფუძნა. შემდეგ მან თავისი მფარველობის ქვეშ ამიყვანა და ГРУ-ს ერთი ოფიცერი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი გამაცნო, რომელიც შემდეგ, იმ სახიფათო ქვეყანაში, კონკრეტულად კი მეგაპოლისში ჩემი "მფარველი" და უსაფრთხოების გარანტი გახდა. ცნობისთვის, იმ წლებში ГРУ საკმაოდ დაფარულად და ეფექტურად მუშაობდა, ვიდრე დღეს.

გვარებს ვერ დავასახელებ. თუმცა, დავასახელებ პუტინის ФСБ-ს ხალხს, მაგალითად იგორ სეჩინს, ოლეგ ფეოკტისტოვს, რომელთა ფონზეც, ზოგიერთი ძალზე გავლენიანი მაფიოზიც კი მიამიტი ჩანდა. ძალიან მიკვირს, როდესაც პუტინის განხილვას პოლიტიკურ ჭრილში ცდილობენ - ის უფრო "ნათლია" რიგითი მაფიის ბოსია, ვიდრე პოლიტიკოსი ან "კაგებეშნიკი".

ვიღაც კადრები წინ წამოსწია, ვიღაცები, კრიმინალურ წრეებში "ნათლიებად" აღიარებული ადამიანები "რუხ კარდინალებად" დარჩნენ. მაგალითად, კრემლში, პუტინის გარემოცვის უახლოეს წევრად მიიჩნეოდა ილია ტრაბერი, ყოფილი საბჭოთა კადრი, შავ ბაზარზე ანტიკვარიატის ნივთებით მოვაჭრე, სანქტ-პეტერბურგში, ФСБ-სა და ტამბოვის ბანდას შორის შუამავალი, მაფიოზი ბოსების ბანკირი. ასეთები ბევრი იყვნენ, რომლებიც შემდეგ კრემლს დიდ სამსახურს უწევდნენ.

იქ ყველაფერი შესაძლებელი იყო - პროსტიტუციის ბიზნესს პოლიცია მართავდა, ყველა მსგავს დაწესებულებას აკონტროლებდნენ, ძალიან ბინძური რამეები ხდებოდა. შემდეგ თანდათან შეიცვალა სიტუაცია, ასეთი მიშვებული აღარც ვითარება იყო, დანაშაულებრივი ქმედებები შემცირდა, თუმცა არ გამქრალა.

ერთი სიტყვით, როგორც კი პუტინი და მისი გარემოცვა ხელისუფლებაში მოვიდნენ, ყველაფრის მისაკუთრება მოინდომეს - როგორც სხვისი, ისე ჩემი. სხვათა შორის, ვიღაცები, მათ შორის უფროსი თაობიდან, ახალმოსულებს გაურიგდნენ. იყვნენ ისეთები, ვინც უარი თქვა ამაზე და ერთ დღესაც, მათ ФСБ-ს თანამშრომლები მიადგნენ.

- თქვენც იყავით მათ შორის?

- დიახ, ათი თვე მომიწია "ბუტირკის" ციხეში ყოფნამ. როგორც მოსალოდნელი იყო, "დარღვევები" აღმომიჩინეს, შემდეგ ახლობლები ჩავრიე და სამაჯურის ტარების უფლებით გამომიშვეს, თუმცა რუსეთში ყველაფერი შეიძლება, თუკი გავლენიანი ადამიანები გყავს, მე კი ისინი მყავდა - სამაჯურს ვიხსნიდი, ზურგჩანთაში ვტოვებდი და ჩემს ნებაზე ვსეირნობდი.

ასეთი არანორმალური ცხოვრების რეჟიმის, რისკის, სტრესის ფონზე ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო. ერთხელ პნევმონია დამემართა და ჰოსპიტალში დამაწვინეს, რა დროსაც "მენტებმა" ჩემი ბინა გაძარცვეს. 120 ათასი ევრო, ძვირად ღირებული საათები წაიღეს... ეს ნიშნავდა, რომ ჩემი კონტაქტები და კავშირები სწრაფად "ბერდებოდნენ", მილიციას, ФСБ-სა ГРУ-ს შორის დაპირისპირება მწვავდებოდა. ახალი თაობის ФСБ-ს ხალხი სრული კონტროლის აღებას ცდილობდა. დიდი ქაოსი იწყებოდა, მე კი ძალიან დაღლილი ვიყავი, ჯანმრთელობა შერყეული მქონდა... ერთი სიტყვით, წასვლაზე უნდა მეფიქრა. ვიდრე ჩემი სანაცნობო წრე ჯერ კიდევ ინარჩუნებდა გავლენებს, ეს უნდა გამომეყენებინა.

zhan7-copy-1698048180.jpg

- ციხე მათი დახმარებით დატოვეთ?

- დიახ, სხვათა შორის, "ბუტირკის" ციხეში ჩემთან ერთად ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდებიც იყვნენ, რომლებიც სიმპათიით შემიძლია გავიხსენო. ერთ-ერთის სახელიც კი მახსოვს, ვახტანგი ერქვა, გვარები არც ვიცი, მაგრამ რომც ვიცოდე, თქმის უფლება არ მაქვს... იქაურობის ე.წ. მაყურებლები მუსლიმანები იყვნენ, ჩეჩნები და ინგუშები, მათ რაღაც მაქინაციებში გაბმა დამიპირეს, როგორც ციხეებში ხდება ხოლმე - აქ შენი პირადი მტერიც არის, ჩვენ მას შევხვდით და უნდა, რომ შენი ბიზნესი და ბინები გადაუფორმო. მისგან რომ დაგიხსნათ, 5 ათასი დოლარი უნდა გადაგვიხადოო. რა თქმა უნდა, არ დავიჯერე. იმდენი რამე მქონდა გამოვლილი, ასეთი რამეებით ვერ მოვტყუვდებოდი.

ამ დროს გამოჩნდა ის ქართველი, რომელიც ზემოთ ვახსენე - ვინ გითხრათ, თითქოს ვიღაც ქონების წართმევას გიპირებთო? - ვუთხარი, ინგუში ახმედი თუ იცით-მეთქი? - ვიცი და მივხედავო. მართლაც, მეორე დღეს დამირეკეს, - სალამი, შენ არავინ შეგეხებაო...

ციხე ამის გარეშეც საშინელება იყო - საზიზღარი საკვებით, მჟავე კომბოსტოს სალაფავით და, რაც მთავარია, ყოველ დილით რუსეთის სისხლიანი ჰიმნით... შემდეგ ადვოკატი ჩავრიე საქმეში და ჩემი გავლენებით საპატიმრო დავტოვე.

ერთი სიტყვით, რუსეთიდან ღამით ბელარუსში გადავედი, იქიდან კი საფრანგეთში წავედი. გარკვეული პერიოდი მაროკოშიც ვცხოვრობდი... შემდეგ ხმები მომივიდა, რომ ФСБ-ს ხალხი ძალიან გააბრაზა ჩემმა გაუჩინარებამ. მოგვიანებით "მენტებმა", პოლიციამ ჩემზე ძებნა გამოაცხადა. სახელმწიფო ტელევიზიის პირველმა არხმა მაშინვე მოამზადა ჩემზე "გამანადგურებელი სიუჟეტი", თანაც არაერთხელ - "სახიფათო ადამიანად" წარმომაჩინეს, როგორც ადგილობრივი პროპაგანდისთვის არის დამახასიათებელი.

ჩემი წამოსვლის შემდეგაც, რაც დრო გადიოდა, ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე, ჩემი სამეგობრო, ძველი ძალოვანები პუტინის წინააღმდეგი იყვნენ - ქვეყანას ანგრევსო. თუმცა, როდესაც ერთ-ერთ ახლობელ გენერალს სოციალური ქსელით, ახალი წელი მივულოცე, ვუთხარი, რით ვერ მოიშორეთ ეს პუტინი, რა გახდა-მეთქი? შეშფოთდა, - რას ამბობ, ეს რომ მოვიშოროთ, მერე რა უნდა ვქნათ? ამ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, კაპიტულაციას მოვაწეროთ ხელი. ეს ყირიმის, ლუგანსკის და დონეცკის დაკარგვას ნიშნავს, რაც არავის უნდაო. არსებობს ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტობა სურს ნიკოლაი პატრუშევსაც (რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი), რისიც არ მჯერა, რადგან პუტინისგან განსხვავებით, ის უფრო იდეოლოგი და მენტორია, პატარა ბანდიტი ქუჩიდან. პუტინმა ვითომ გეოპოლიტიკური გათვლებით დაიწყო ომი, თავისი კლანის დახმარება სურდა. კოვიდის შემდეგ, რუსეთის ეკონომიკაში დაღმასვლა იყო, რამაც ქვეყანაში პრობლემები შექმნა. მან და პატრუშევმა, როგორც სჩვევიათ, გამოსავალი ომში ნახეს - კარგად იციან რუსეთის მასების განწყობა. სხვა ქვეყანასთან ომი, ტერიტორიების გაფართოება ყველაფრის საპირწონეა, სიღარიბის, უუფლებობის. არადა, ძალიან მდიდარი ქვეყანაა და ნორმალური მმართველობის პირობებში, მოსახლეობა კარგად უნდა ცხოვრობდეს.

- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?

- იმიტომ, რომ აქ ჩემი დიდი ხნის ფრანგი მეგობარი ცხოვრობდა და დავინტერესდი. რუსული ჯოჯოხეთის შემდეგ, მან შემომთავაზა, ცოტა ხნით ჩამოდი, დაისვენებო. მეც ორი კვირით ჩამოვედი და სამუდამოდ დავრჩი... მეხუთე წელია აქ ვცხოვრობ. როდესაც პარიზში ჩავდივარ, ერთი სული მაქვს, მალევე გამოვიქცე, იმ საგიჟეთს ვერ ვუძლებ ან როგორ ვუძლებდი? ასეთი მძიმე წარსულის მიუხედავად, ქართველი ხალხი, საზოგადოება თავისი მულტიკულტურული წარსულითა და აწმყოთი, ძალიან ახლოს არის ჩემს ხასიათთან. როდესაც რუსულად დალაპარაკებას ვცდილობ, მაშინვე უკმეხად მპასუხობენ და მეც ინგლისურზე გადავდივარ. მესმის, რა ტკივილი მოგაყენათ რუსეთმა, მაგრამ საქართველო და რუსეთი მაინც მეზობლები არიან. პუტინი, ერთ დღეს აუცილებლად წავა და იმედია, რუსი ერიც პროგრესირდება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა რუსეთი ანტიპუტინისტებისგან თითქმის დაიცალა, მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ ერთ დღეს მათაც ეყოლებათ ადეკვატური მმართველი და ქართველ და რუს ხალხებს ერთმანეთის გვერდით მოუწევთ ცხოვრება. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემი და თქვენი საქართველოსთვის აუცილებელია მშვიდობა, სტაბილურობა და ევროპული მომავალი.

ლალი პაპასკირი