ბატი-ტასიკო, ბიკენტი, აგრაფინა - ბიზნესად ქცეული პანდემიური გასართობი და ნივთებზე “გაცოცხლებული” სახალისო პერსონაჟები - გზაპრესი

ბატი-ტასიკო, ბიკენტი, აგრაფინა - ბიზნესად ქცეული პანდემიური გასართობი და ნივთებზე “გაცოცხლებული” სახალისო პერსონაჟები

“პანდემიის დროს, როცა ყველას დეპრესიული ფონი ჰქონდა, ვიფიქრე, მოდი, ხალხს ცოტა გავამხიარულებ-მეთქი და ონლაინ სივრცეში ჩემი პირველი “ბიკენტი” გამოვაქვეყნე. მერე, ჯერ წამწამები მივუხატე, ხალი, სასაცილო სახელებს ვარქმევდი და ხალხი კარგად გაერთო, კომენტარებში აქტიურობდნენ. მერე ბიკენტის აგრაფინა, დოდოლიკა, ჟუჟუნა დავუხატე და... ამ ხუმრობა-ხუმრობაში, “დავიხვეწე”, - გვიყვება თეო ფირანიშვილი, რომლის სახალისო პერსონაჟები სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამ ნამუშევრებისა, თეო თავისი მრავალფეროვანი საქმიანობების შესახებ გვესაუბრება, მათ შორის, ქალთა ორგანიზაციისა და იმ სერიოზული პრობლემის თაობაზე, რაც დღესდღეობით მარტოხელა დედებს ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს აწუხებთ.

თეო ფირანიშვილი:

- პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. რომ გითხრათ, ადრე ვხატავდი-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ სტუდენტობის პერიოდში, ლექციები სახვით ხელოვნებაშიც გვიტარდებოდა და იქ ვხატავდით ნატურმორტებს, პორტრეტებს და ა.შ. რაც შედიოდა იმ სალექციო კურსში. ამ კუთხით მთლად კარგი სტუდენტიც ვერ ვიყავი და ლექტორი დამცინოდა ხოლმე, შენგან არაფერი გამოვაო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, აღარც გამიგრძელებია და ჟურნალისტიკის მიმართულებით წავედი, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი.

იხვების და კვატების დახატვა ბავშვობისას მიყვარდა. პანდემიის დროს, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცები ცოტა შეფერხდა, რა საქმესაც ვაკეთებდი, იმ პერიოდში ყველაფერი დამეხურა და გარკვეულწილად, პესიმისტური განწყობა დამეუფლა, ისევ ძველი მასალების გადამეორება დავიწყე - ჩემი საყვარელი მხატვრების და ნელ-ნელა, ხატვაც დავიწყე.

teo-1698397443.jpg

მაშინ ყველას დეპრესიული ფონი ჰქონდა და ვიფიქრე, მოდი, ჩემი სასაცილო კვატებით ხალხს ცოტა გავამხიარულებ-მეთქი. ამიტომ, ეს ონლაინ სივრცე ავირჩიე, მაინც ყველა იქ ვიყავით 24 საათი და ჩემი პირველი “ბიკენტი” გამოვაქვეყნე. მერე, ჯერ წამწამები მივუხატე, ხალი, სასაცილო სახელებს ვარქმევდი და კომენტარებში მთელი ამბავი იყო, ხალხი აღფრთოვანდა და გაერთო. მერე ელოდებოდნენ ხოლმე, სხვა ვერსიებიც შემეთავაზებინა, მაგალითად, ბიკენტის გოგოც უნდოდა და აგრაფინა, დოდოლიკა, ჟუჟუნა დავუხატე (იცინის). ამ კვატების მერე, უცბად გოგონები დავხატე, ასე მიჰყვა და ამ ხუმრობა-ხუმრობაში, “დავიხვეწე”. რომ შემიქეს, ამან სტიმული მომცა. ბევრმა მითხრა, შენი ხასიათი ჩანსო, მე ხომ მხატვრობაზე არ მაქვს პრეტენზია, უბრალოდ, ვერთობი, ჩემს განწყობას, ემოციას გადმოვცემ და გულს ვიხარებ და როცა რაღაც გულით გინდა, ყოველთვის უნდა გააკეთო.

ერთ დღეს, ჩემმა მეგობარმა მითხრა, შენი ნახატი აუქციონზე დადეო, მე მომერიდა და თვითონ დაუდია ჩუმად. ძალიან შემრცხვა... რადგან იმ აუქციონში ისეთი მხატვრები მონაწილეობდნენ, რომ მე მათ გვერდით როგორ დავდგებოდი? ნახატის დადებიდან მალევე, ჩემი გვირილებიანი გოგონა მითითებულ დროში გაიყიდა. ეს მართლა ძალიან გამიხარდა. მერე სხვა ნახატებიც ავტვირთე და ჩემდა გასაკვირად, ყველა გაიყიდა. ახლა აღარც დამრჩა რაიმე, მხოლოდ ორი ნახატი მაქვს, რომლებსაც ვერ შეველევი და ჩემთვის დავიტოვე – უკრაინის ომი რომ დაიწყო, მაშინ დავხატე ქალი.

მერე ეს სახალისო პერსონაჟები ჩანთებზე გადავიტანე და მიხარია, რომ ესეც აიტაცეს. ამას მოჰყვა მაისურები, მაუსის პადები, მობილური ტელეფონების ქეისები, სხვადასხვა მოდელის, ზამბარიანი ბლოკნოტები და ა.შ.

საწვიმარი ლაბადების გამოშვებასაც ვაპირებ, ოღონდ მანამდე, რამდენიმე ნახატს ვხატავ, რადგან მინდა, რომ სიახლე იყოს და ყველაფერზე ერთი და იგივე არ გამოვსახო. თუმცა ბიკენტები და ბატი-ტასიკოები ალბათ კვლავაც იქნება, რადგან ბავშვებს ძალიან მოსწონთ და არა მხოლოდ მათ, ეს ხომ ჩვენი ბავშვობაა და დიდებიც გიჟდებიან მათზე.

bikenti-1698399242.jpg
ბიკენტი

- რა ტექნიკით მუშაობ?

- ზოგჯერ ტილოზე ვხატავ, ძირითადად, ზეთოვანი საღებავებით, გააჩნია და ასევე, აკრილით. ჩანთებზე ნახატები კეთდება სუბლიმაციური ბეჭდვის მეთოდით, რომელიც არ გადადის და შეგიძლია გარეცხო სარეცხის მანქანაში, გააუთოო, წვიმას, მზეს, ყველაფერს უძლებს. ეს არ არის პრინტი. მირჩევნია, ნაკლები წარმოება ჰქონდეს და ხარისხი იყოს კარგი. ასევეა პადები და ქეისები, საკმაოდ გამძლეა და ფერი არ გადადის.

დიდი მადლობა ჩემს მეგობარს - თეა ედიგარაშვილს, რომელიც საღებავებსა და ტილოებს მჩუქნის ხოლმე.

- როგორც ვიცი, შენი ბიკენტი და ბატი-ტასიკო ემიგრანტებთანაც გაემგზავრნენ და საზღვარგარეთაც დაიდეს ბინა, ერთ-ერთი ნიუ-იორკის ქუჩებშიც “დასეირნობს”.

- კი (იცინის), ბატი-ტასიკოები – ქეისი და ჩანთა სულ ახლახან წავიდნენ აშშ-ში, ერთი ბიკენტი პოლონეთში ცხოვრობს, მეორე – ბაქოში, ორი გოგონა – გერმანიაში, ასევე, ერევანში - მაუსპადები და კიდევ არაერთი შეკვეთა მაქვს. მოკლედ, ინტერესი მართლაც ძალიან გაზრდილია.

tasiko-1698399070.jpg

- საინტერესოა, იმ ქვეყნებში როგორი რეაქცია აქვთ უცხოელებს, როცა ამ სასაცილო პერსონაჟებს ხედავენ. ჩვენთვის ბავშვობის დროინდელი მულტფილმის გმირია და უცხო თვალი როგორ აღიქვამს?

- სხვათა შორის, ერთმა უკრაინელმა გოგონამ შეიძინა ბიკენტი, ინტერნეტით დამიკავშირდა, ძალიან მომეწონაო, ოღონდ ვერ გავიგე, კაცია, ქალი თუ რა გმირიაო (იცინის). ახლა ბატი-ტასიკოს გაგზავნაც მთხოვა და ალბათ, სახალისო პერსონაჟი რომ არის, იმიტომ მოეწონა, თორემ მულტფილმი ალბათ არ ექნება ნანახი.

- როგორ ფიქრობ, საავტორო უფლებების დაცვა არ არის საჭირო, როცა ამა თუ იმ მულტფილმის გმირს იყენებ?

- არა, რადგან ეს ხომ კოპირებული არ არის, მთელი თაობები აღიზარდნენ ამ პერსონაჟებზე, ეს ხომ ჩვენი ბავშვობაა, უბრალოდ, ჩემებურადაა დანახული და ტკბილ ბავშვობას მახსენებს. პლაგიატი არ ვარ, არავის უფლებებს არ ვარღვევ, ვხალისობ, ამაში საზოგადოებაც ამყვა და გულს მიხარებენ. ვამბობ ხოლმე, კიდევ უფრო დავრწმუნდი, ჩემს ნაცნობებს როგორ ვყვარებივარ, ამ ყველაფერს ამხელა სითბოთი რომ იღებენ-მეთქი.

taso-1698399119.jpg

- პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, რეგულარულად გიხდებოდა ურთიერთობა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან. რომელ მათგანთან გაკავშირებს ყველაზე ახლო ურთიერთობა?

- ბევრი ღონისძიება გამიკეთებია, გამოფენებს ვაწყობ, ზოგიერთ ტელევიზიასაც ვეხმარები ამ ადამიანებთან დაკავშირებაშიც და ა.შ. რომ ფართო საზოგადოებამ ეს მხატვრები კიდევ უფრო სხვა კუთხით გაიცნოს. ბევრ საინტერესო მხატვართან მაქვს კარგი და ახლო ურთიერთობა, მეგობრული და მადლობა მათ ნდობისთვის, რადგან ხელოვანები ფაქიზი სულის მქონე ადამიანები არიან და მათთან სხვანაირი მიდგომაა საჭირო, მე ვერც კი წარმომედგინა, თუ ამ დიდ ადამიანებს ასე დავუახლოვდებოდი - ანტონ ბალანჩივაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გოგი ჩაგელიშვილი და მისი შვილი - ოტია, თამაზ და ალექსანდრე ვარვარიძეები, გიორგი ნოქარიშვილი, ანი მაღლაკელიძე, გურამ ხეცურიანი და სხვები. ბევრთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, ზოგს კი მერე დავუმეგობრდი. პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენების გაკეთებისას, ყოველთვის მათ გვერდში ვარ, ერთად ვგეგმავთ ხოლმე.

ხელოვან ადამიანებთან ურთიერთობა დიდი ბედნიერებაა, რადგან მათგან ბევრ რამეს სწავლობ, სათუთი მიდგომაა საჭირო, სხვა განზომილების ხალხია.

ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, მცირე წვლილი რომ შევიტანე, როდესაც სოფო ფარჯიანმა მამაზე დიდი ღონისძიება გააკეთა.

padi-1698399215.jpg

- მახსოვს, ჩვენც ვრცლად გავაშუქეთ მაშინ ირაკლი ფარჯიანის შემოქმედება და ცხოვრებისეული ამბები. სულ ცოტა ხნის კი საზოგადოებამ მისი “სახარებები” იხილა, ამაზე რა შეგიძლია გვიამბო?

- ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების ქონა ნამდვილად დიდი ფუფუნებაა მათთვის, ვისაც ხელოვნება უყვარს და მისი სახარებები ნამდვილად უნიკალური საგანძურია. ეს იმდენად მაგარი რამაა, ჩემი ოცნებაა, რომ ეს სახარებები მეც მქონდეს. ირაკლი ფარჯიანი ჩემთვის უდიდესი მხატვარი და ძალიან საინტერესო პიროვნებაა, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან მქონდა მის მიმართ სხვა დამოკიდებულება. სხვათა შორის, სოფო ძალიან ჰგავს მამას, ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ.

- როგორც მახსოვს, ქალთა ორგანიზაციაც გაქვს, რომელიც მარტოხელა დედებს ეხმარება...

- კი, ახლაც მაქვს, თუმცა ბოლო პერიოდში, შემცირდა დახმარების მსურველი კომპანიების ჩართულობა, თავს იკავებენ, ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ გვაქვსო... მე რაც შემიძლია, ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩვენი ხელფასებიდან გარკვეულ თანხას გადავდებთ ხოლმე და ელემენტარულ ყურადღებას შეძლებისდაგვარად ვიჩენთ, სიმბოლურად. ცხადია, არსებობისთვის ეს არ ეყოფა მათ... ასეთი ოჯახი კი, დამიჯერეთ, ბევრია და ზუსტად ვიცი, რომ მართლა ესაჭიროებათ.

- საიდან გაჩნდა საჭიროება, ასეთი ტიპის ორგანიზაცია შეგექმნა? უშუალოდ რომელიმე დაზარალებულთან გქონდა შეხება?

- ეს ორგანიზაცია 2017 წელს დავაარსე, აიპი. აღსანიშნავია, რომ ამ სტატუსის მატარებელი დედები (და მამებიც არიან), პრივილეგიითაც არ სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან. ერთადერთი, ვინც მუშაობს, წელიწადში 3 000 ლარი არ ებეგრება, ამის ზემოთ – კი. სტატუსის რაოდენობრივი აღრიცხვიანობაც არ არის ბოლომდე მოგვარებული, იქაც დიდი მოუწესრიგებლობაა, არ არსებობს ერთიანი ნორმალური ბაზა, სადაც ამ ადამიანებს ნახავ. ზუსტი პროცენტულობა არ ვიცით. ახლა კანონი შეიცვალა და თუ ადრე მარტოხელა დედა ეწერა, ახლა – მშობელი, რადგან ისეთი მამებიც არიან, რომლებიც შვილებს მარტო ზრდიან. მათაც ვეხმარებოდით, მაგრამ ვერ გავწვდით, რადგან როდესაც დიდი ორგანიზაციები არ გიდგანან მხარში და არ გაფინანსებენ, შეუძლებელია. მე ერთგვარი შუამავალი ვარ ამ ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის. მიტოვებული ან მარჩენლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის დიდი მხარდაჭერა და შვებაა, როცა ვიღაც მხარში უდგათ.

ხშირად, მათ ოჯახის წევრებიც არ იღებენ, მომკითხავი არავინაა, რადგან მშობლებმა “მიბრუნებულის” სტატუსით შინაც არ შეუშვეს... ქუჩაში დარჩნენ. ძალიან მაგარი გოგონები არიან, ბევრ ქალთან მიწევს კომუნიკაცია, მათთან ვმეგობრობ და არ მახსოვს, ოდესმე ერთმანეთის წინ წასულიყვნენ, რამდენჯერ უთქვამთ, ამ თვეში მე ბევრი დამეხმარა და მოდი, ახლა სხვას მივცეთო. ზოგიერთი მუშაობს კიდეც, ოღონდ ძალიან დაბალ ხელფასზე, ხელგამოშვერილები კი არ დგანან, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ არ ჰყოფნით და ხელის წაშველება სჭირდებათ, რთული პერიოდებიც აქვთ.

teo2-1698397586.jpg

- არამხოლოდ ფინანსურად, ასეთი ეტაპები ხომ მორალურადაც რთული გადასალახია და სწორედ იმ პერიოდში სჭირდებათ ადამიანებს თანადგომა, თანაგრძნობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქმრის ძალადობას ან სხვა პრობლემას გამოქცეულები, მიტოვებულები, საკუთარი დედ-მამისგანაც უარყოფილები ხდებიან...

- რა თქმა უნდა. როცა პროფესია, სამსახური, პირადი შემოსავალი გაქვს, იქ უკვე პრობლემები ნაკლებადაა, მაგრამ როცა განათლების მიღებაც ვერ მოასწარი, არც სამსახურის შოვნაა ადვილი და შვილისთვის ელემენტარული არ გაქვს, რთულია. არ იცით, რამდენი გოგონაა, ბავშვთან ერთად დარჩენილი, რომელთა მშობლებს მათი ხსენებაც არ უნდათ...

ერთხელ, დილის 5-6 საათზე მირეკავს გოგონა განწირული ხმით, ტირილით, კივილ-წივილით, ქმარი სცემდა... 5 თვის ბავშვი ჰყავდათ. მიშველეთ, მკლავს და სახლიდან გამოვიქეციო. მე და ჩემი მეგობარი – სალომე კეთილაძე, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობაში მუშაობს, წავედით ამ გოგონას დასახმარებლად. როდესაც მის მშობელს დავურეკეთ, გვითხრა, რომ გაშორებულს არავითარ შემთხვევაში არ მივიღებო. მე შემეკითხა როცა მიყვებოდაო? ახლა აღარ მაინტერესებსო.

გოგონა თავშესაფარში წავიყვანეთ, ოღონდ აქაც პრობლემებია – თბილისში ადგილი არ იყო და მის გორში დაბინავებაში ქალბატონი რიმა ბერაძე დაგვეხმარა, პარლამენტარი.

სახელმწიფომ ამ ყველაფერზე ნამდვილად უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს. განა რამდენია ასეთი ქალი, ხომ? ახლა თავშესაფრებში დროც შემცირებულია, სამი თვის შემდეგ უნდა დატოვონ, რადგან სხვაც ელოდება... და სამი თვის მერე სად უნდა წავიდნენ? ქუჩაში ხომ ვერ დაიძინებენ? “თუ გცემს, უნდა აიტანო” - ხალხს ასეთი მიდგომა აქვს, სამწუხაროდ. ბევრი ქეისია, ეს მარტო მე რაც ვიცი და სხვები?..

ერთი გოგონა ჰყვებოდა, ქმარი ისე მირტყამდა, მასისხლიანებდა და გარეთაც არ მიშვებდაო, ფანჯარაში არ მახედებდაო... ეს პათოლოგიაა, იმიტომ ხდება მერე ამდენი მკვლელობა... ეს არის სერიოზული მენტალური პრობლემა, რომელზეც საზოგადოებამ ერთად უნდა იზრუნოს. ვინც ხმა ამოიღო, კი ვხედავთ, რაც მოხდა... ამიტომ, ბევრს ეშინია და არ ახმაურებს, მოძალადე ქმარს იტანს. თავიდან ხომ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ მერე ალბათ ვეღარ თავსდებიან, გემოვნება ეცვლებათ, სხვადასხვა მოთხოვნილებები აქვთ და ხომ შეიძლება ცივილურად დაშორდნენ? მაგრამ არა. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ვერ გამოვიდა “მეზობელი რას იტყვის” პოზიციიდან. აქედან გამომდინარე, საკუთარი შვილის გაწირვა ხდება იმის გამო, თუ რას იტყვის ვიღაც. აქ ხომ საკუთარი შვილისა და შვილიშვილის სიცოცხლეზეა საუბარი?

საკუთარი თავი უნდა დააყენო წინ, ისწავლო, იშრომო, ყველანაირი შრომა დასაფასებელია და როცა მყარად დგახარ ფეხზე, ეს შენი ოჯახის, ბავშვის ფსიქიკაზეც დადებითად აისახება.

მერიას ვთხოვე, რომ სტატუსმატერებელი მშობლებისთვის სატრანსპორტო შეღავათები მიეცათ, როგორც ეს სოციალურად დაუცველებს აქვთ და უარი მივიღე, არ დამიკმაყოფილეს... ასეთ დედებსა და მამებს არანაირი პრივილეგია არ აქვთ, მათ შორის, სამედიცინო კუთხით. ზოგან ერთჯერადად რაღაც დახმარებებს აძლევენ, თუმცა, სქემა დასალაგებელია და აღრიცხვიანობა გასაკეთებელი. სიამოვნებით ვითანამშრომლებდი სახელმწიფოსთან, რადგან ზედმიწევნით კარგად ვიცი ამ ადამიანების გასაჭირი.

- და ბოლოს, თეო, ისევ შენს საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ, რაიმე გამოფენის მოწყობას ხომ არ გეგმავ უახლოეს მომავალში?

- იცი, რა, ხშირად მეუბნებიან მეგობრები, მათ შორის, ჟურნალისტები, სულ სხვების გამოფენაზე რომ გვეპატიჟები, ერთხელ შენიც უნდა იყოსო და ვნახოთ, შეიძლება სალონური შეხვედრა მოვაწყო მეგობრებისთვის, ერთი ლამაზი საღამო, სადაც ძველი თაობის ჟურნალისტები შევიკრიბებით.

- ძალიან კარგი, წარმატებას გისურვებ შენს საქმიანობებში.

თამთა დადეშელი