"ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - გზაპრესი

"ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად გავიმარჯვებთ!"

7 ოქტომბერს "ჰამასმა" ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა დაიწყო, ამის პარალელურად მისი შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ. ტერორისტებმა ასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები უმოწყალოდ დახოცეს, ნაწილი მძევლად აიყვანეს და უმძიმესი სანახავია კადრები, რომლებიც ვრცელდება. ცნობილია, რომ რამდენიმე დღე დასჭირდა ისრაელის არმიას თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

უმძიმესია ამ ომის შედეგებიც, ისრაელში 1400-ზე მეტი მოქალაქეა დაღუპული, ხოლო ღაზის სექტორში 4600-ზე მეტი ადამიანი. ამ დრომდე "ჰამასის" ტყვეობაში რჩება ისევ 200-ზე მეტი ადამიანი და მათი ბედი უცნობია. როგორც გაეროს მონაცემებიდან ირკვევა, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლი იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა. ისრაელის ავიადარტყმებისა თუ ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე. ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი ისევ გრძელდება. როგორც ჩანს, ისრაელი უკან დახევას არ აპირებს და "ჰამასის" საბოლოო განადგურებით იმუქრება. 22 ოქტომბერსაც ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზის სექტორში იერიში 320-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა. დაარტყეს "ტერორისტულ ობიექტებს", მათ შორის გვირაბებს, სადაც "ჰამასის" წარმომადგენლები იმალებოდნენ. სამხედრო ბაზებს, სამეთვალყურეო პუნქტებსა და ათეულობით ოპერატიულ სამეთაურო ცენტრსაც, სადაც "ჰამასის" და "ისლამური ჯიჰადის" წევრები იმყოფებოდნენ. პარალელურად იერიში მიიტანეს იმ სამიზნეებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონში მყოფ მის ძალებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიას შესაძლოა ერთი, ორი ან სამი თვეც კი დასჭირდეს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფერს შედეგი ექნება და საბოლოოდ, "ჰამასი" აღარ იარსებებს. ისრაელი აცხადებს, რომ მძევლები ღაზაში არიან, მაგრამ მათი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია, რაც მათ გათავისუფლებას კიდევ უფრო ართულებს. მათი ვარაუდით, ბევრი მძევალი გადამალული უნდა ჰყავდეთ გვირაბებში. "ჰამასი" გამოვიდა შეთავაზებით, რომ მის მიერ აყვანილი მძევლები გაიცვალოს დაახლოებით იმ 6000 პალესტინელში, რომლებიც ისრაელის საპატიმროებში იმყოფებიან. "ჰამასი" აცხადებს, რომ მას 200 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი, ხოლო 50-ზე მეტი სექტორში მოქმედი სხვა გასამხედროებული ჯგუფების მძევალია. ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს ისრაელი. ქალაქში ისევ ისმის გამაფრთხილებელი სირენების ხმა და მოსახლეობასაც ხშირად უწევს თავშესაფარში შესვლა.

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას თქმით, ბოლო დღეებში 15 000-ზე მეტი ადამიანი გამოემგზავრა ისრაელიდან საქართველოში. თუმცა იქ ჯერ კიდევ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები.

მერი ამშიკაშვილი, ჟურნალისტი:

- ამ წუთებში ისრაელში ნაწილობრივ გაყინული სიმშვიდეა, რომელიც ყოველთვის მძიმე ომს უძღვის წინ. სამწუხაროდ, სიმშვიდე და სიწყნარე შორს არის. ჩვენ სერიოზული ომის წინაშე ვართ. „ჰამასისგან“ იყო მოწოდება, თუ ჩვენ შევწყვეტთ ღაზის სექტორის დაბომბვას, მაშინ ისინი ტყვეებს დაგვიბრუნებენ, მაგრამ ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთვის ეს მიუღებელია იმიტომ, რომ არავინ იცის რა მოხდება. პერიოდულად ისევ იბომბება ქალაქები, მათ შორის ის ადგილები, სადაც საქართველოდან წასული ებრაელები ცხოვრობენ. ამ ომის უმძიმესი, ენით აღუწერელი შედეგი სახეზეა. ძნელია ამ ყველაფერზე ემოციების გარეშე ისაუბრო. უმძიმესია დამწვარი, თავმოჭრილი მოზარდების ცხედრების ხილვა, რაც დღეს ყველას სატკივარია. სადაც ეს მოხდა, იმ ტერიტორიაზე დაკრძალული იყო ისრაელის ერთ-ერთი უძლიერესი თავდაცვის მინისტრი მოშე დაიანი, რომელიც თანამედროვე ისრაელის ბრძოლის სიმბოლოა. ბევრი ადამიანია დახოცილი იმ ადგილას, სადაც ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი. ოფიციალური მონაცემებით, 1400-ზე მეტი ადამიანია უმოწყალოდ მოკლული, მაგრამ ზუსტი ციფრი ჯერ არ ვიცით. უმძიმესი ვითარებაა, უდიდესი ტკივილია. უდიდესი მადლობა მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს მთავრობას, ქართველ ახალგაზრდებს, რომლებმაც სოლიდარობა გამოხატეს ჩვენი ერის მიმართ. აუცილებლად მექნება საზოგადოებასთან სათხოვარი, მაქსიმალურად გაავრცელოთ ის უმძიმესი კადრები, რაც აქ მოხდა, მთელმა მსოფლიომ რომ გაიგოს, როგორი ცივსისხლიანი მკვლელები არიან ჰამასელები. როგორ არ ინდობენ ჩვილებს, მოზარდებს, ქალებსა და მოხუცებს. არადა, ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, როცა სამთავრობო სექტორში ვმუშაობდი, ვხედავდი, რამდენი რამ გააკეთა ისრაელმა ღაზისთვის. ჩვენ ავუშენეთ მათ ყველაფერი. აქედან გადიოდა მილიონები, მილიარდები, ღაზა რომ აშენებულიყო. გვეგონა ეს ყველაფერი ნორმალურ, მშვიდობიან, მეზობლურ ცხოვრებას მოიტანდა, მაგრამ ამ ომმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ არ შეიძლება ტერორისტთან თანაცხოვრება. ჩვენ როცა ჰოლოკოსტის, ანუ ხსოვნის დღეს აღვნიშნავთ, ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს არ უნდა განმეორდეს, მაგრამ ვხედავთ ახლა რა მოხდა. ჩვენს ქვეყანაში მძიმე პროცესებია. განსაკუთრებით არ დაინდვეს ის მოხუცები, რომლებმაც ადრეულ წლებში გაიარეს მძიმე დღეები და ამის გამო დღეს ეტლებში სხედან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. ეს ადამიანები ამ დრომდე დაკარგულები არიან. მართლა უმძიმესი სურათია. ამბების მოყოლა მიჭირს. ბავშვთა სახლებში მყოფ ჩვილებსა და მოზარდებს თავები მოჰკვეთეს. სულისშემძვრელია ამ დღეებში აღმოჩენილი ერთი ოჯახის ამბავი. როგორც ჩანს, ოჯახი მანქანით თავდაცვისთვის გაემგზავრა. მშობლები ავარიაში მოყვნენ და ისინი დაღუპულები იპოვეს, ხოლო მათი სამი შვილი - 9, 10 და 11 წლის გოგონები პატივაყრილები, გაუპატიურებულები და ყელგამოჭრილები ნახეს. ამ უმძიმესი კადრების შესახებ უნდა იცოდეს მსოფლიომ, ეს უნდა გაიგოს ევროპამ, სადაც დიდი გამოსვლებია, სადაც აქციები იმართება და მხარს უჭერენ პალესტინელებს. ამ აქციებს ძირითადად პალესტინიდან გასული ადამიანები მართავენ. მთელი მსოფლიო ფეხზე უნდა დადგეს, რადგან შეუძლებელია მხარი დაუჭირო საზოგადოების განადგურებას.

f231007ei01-1-37288-copy-1698645657.jpg

- როგორც ვიცი, თქვენ საქართველოდან წლების წინ წახვედით. დიდი ხანია რადიოში მუშაობთ და ალბათ, ამ მძიმე ამბებს აშუქებთ. გვიამბეთ ჟურნალისტის თვალით დანახული რეალობა როგორია?

- დიახ, ისრაელში თბილისიდან 20 წლის წინ წავედი. თავდაპირველად უნივერსიტეტში ვმუშაობდი, შემდეგ გადავედი სახელმწიფო რადიო "კოლ ისრაელში". უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს, როდესაც ვამბობ, რომ ისრაელში, სადაც ბევრია საქართველოდან წასული ქართველი, ქართული ენის სიწმინდეს ვიცავ. მე ვარ როგორც პოლიტიკური, ასევე მთლიანად გადაცემის ხელმძღვანელი. გადაცემაში ხშირად ვიწვევ საქართველოდან წამოსულ წარმატებულ ებრაელებს. ეს არის ისრაელის ქართულენოვანი გადაცემა. აქ ჟურნალისტებს რამდენიმე დღეა, არც კი დაუძინიათ. ჩვენ ვნახეთ დიდი რაოდენობის იარაღი, რომელიც ბრინჯის ტომრებით არის შემოტანილი. როგორც ჩანს, ირანმა მიაწოდა მათ ეს იარაღი. ჩვენ არ ვიცით ოფიციალური რუსეთის პოზიცია, თუმცა ცხადია, რომ ის არ არის ჩვენთან ერთად. მათი პოზიციები გაურკვეველია, მიუხედავად იმისა, რომ 2 მილიონი რუსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს აქ... ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. აქ გადაცემები მიდის სხვადასხვა ენაზე და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობამ დაზუსტებული ინფორმაცია მიიღოს. დღეში 4-5-ჯერ ვაწვდი ინფორმაციას საზოგადოებას. ქალაქის ცენტრში, ჯვრის მონასტერთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ, აქ ნაკლებად, მაგრამ როცა სხვა ადგილები იბომბება და ჭურვები იყრება, შეუძლებელია ამას უყურებდე და მშვიდად იყო. ჟურნალისტებს უკვე რამდენი დღეა თვალები არ მოუხუჭავთ. რამდენიმე დღე დასჭირდათ ჩვენებს, რომ იმ ადგილებში შესულიყვნენ, რომელიც ტერორისტებმა აიღეს. ახალგაზრდები იყვნენ დღესასწაულზე, 3000-4000 ადამიანი გახლდათ შეკრებილი, როცა მათ თავს დაესხნენ. გატაცებულია ბევრი ახალგაზრდა. მათ შორის არის ქართული გვარის მქონე ადამიანი - კიკოზაშვილი. სამწუხაროდ, გარდაიცვალა პოლიციის ლეიტენანტი ბუზუკაშვილი, რომელიც ხშირად მეკონტაქტებოდა და ძალიან განიცდიდა შოვის ტრაგედიას. გვინდოდა დაგვეგეგმა ღონისძიება, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, რადგან ისრაელში დაძაბული ვითარება იყო. ამ ომში დაგვეღუპა ასევე მიხაელ მოშიაშვილი აშკელონიდან. ოჯახს 2017 წელს ჯარში ყოფნის დროს დაეღუპა ერთი შვილი, ახლა ამ ომში მეორე შვილიც მოუკვდათ. სამწუხაროდ, ბევრი ქართველი ებრაელია დაჭრილი. სამწუხარო ამბავი გავიგეთ ამ დღეებში, გარდაცვლილი იპოვეს თამარ გოლდბერგი, მას ოჯახი რამდენიმე დღე უშედეგოდ ეძებდა. ჩემთან გადაცემაში თამარის მამამ, ბატონმა გოჩამ ისაუბრა. თვითონ დაიარა ყველა სოფელი, ძალიან იმედიანად იყო, მაგრამ მერე ეს უმძიმესი ამბავი გაიგო. გოგონა მუსიკალურ ფესტივალზე იყო და მას შემდეგ ეძებდნენ. „ჰამასის“ ტერორისტებმა იმ საშინელი ხოცვა-ჟლეტის დროს თამარიც მოკლეს. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას. უმძიმესი დღეები გვიდგას, თითქმის 20 დღეა ვმარხავთ მიცვალებულებს. ყველაზე მძიმეა, როცა იგებ, რომ გატაცებულ ქალებს და ბავშვებსაც თავებს აჭრიდნენ, მსგავსი ბარბაროსობა არავის ახსოვს. ოჯახის წევრებს ცხედრების ამოცნობაც უჭირთ. ფაშისტების დროსაც არ ხდებოდა ეს. მთლიანად უნდა განადგურდნენ ტერორისტები, რომ მსგავსი რამ არასოდეს განმეორდეს...

ახლა მთავარი ტყვეების გათავისუფლებაა. ვერ წარმოიდგენთ, ჩვენთან დღეს რა ხდება. ფრონტის ხაზზე ქორწინდებიან, წყვილები ერთსაათიან პროცედურას გადიან და მერე ერთად მიდიან საბრძოლველად. არ შემიძლია გითხრათ, როდის შევლენ ისინი ღაზაში, მაგრამ ცალსახაა, ძირფესვიანად უნდა გავანადგუროთ ტერორისტების კვალი, რომ ხვალ და ზეგ ჩვენს ბავშვებს საშიშროება აღარ დაემუქროთ. ამ ომში ყველაზე მძიმე მოთამაშეა ჩართული - ირანი, რომელსაც შეუძლია სერიოზული შეიარაღება მიაწოდოს ტერორისტებს და მესამე ფრონტიც გახსნას.

- ისრაელში, სადაც უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ამდენმა ტერორისტმა როგორ შეაღწია? რა ვერსიები განიხილება, როგორ გამოეპარა ეს უშიშროებას?

- ისრაელს არ გამოეპარა, ისრაელი სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე იდგა. იმართებოდა აქციები ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ და სამოქალაქო დაძაბულობა რომ იგრძნობოდა, სწორედ ამ მომენტში შემოიჭრნენ ტერორისტები. როგორც ჩანს, შესუსტდა ყურადღება - ეს ჩემი აზრია, ამაზე დღეს ისრაელში არავინ ლაპარაკობს.

ghaza-w-h-copy-1698645643.jpg

- როგორი ძლიერია სამშობლოს სიყვარული და ქვეყნის დაცვის სურვილი, ეს ამ დღეებში გამოჩნდა, როცა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ათასობით ებრაელი ახალგაზრდა სამშობლოში დაბრუნდა, იარაღი აიღო ხელში და ბრძოლაში ჩაერთო...

- თითქმის მთელი მსოფლიოდან მოდიან ებრაeლები: ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ჰონკონგიდან და ა.შ. ამ დღეებში ერთ-ერთი ებრაელი გამოვიდა სატელევიზიო ეთერში და თქვა, რომ თითოეულ მძევალში ის მილიონ შეკელს ან 25.000 დოლარს გადაიხდის. ჩვენთან დოლარის ფასი ძალიან გაიზარდა და ის მზად არის ნებისმიერ ტყვეში გადაიხადოს თანხა, მაგრამ სამხედრო პირებმა მას სასწრაფოდ შეაწყვეტინეს ამაზე საუბარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ისრაელის მოსახლეობა, რომელიც გაბნეულია მსოფლიოში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტყვეები დაიხსნას და თავისი ხალხი გაათავისუფლოს. ჯარში მიდიან ქალებიც. ამაღელვებელი იყო ამბავი, როცა ერთმა სამხედრო გოგონამ, რომელმაც ორი კვირის წინ იმშობიარა, შვილი ოჯახს დაუტოვა და თვითონ საომრად წავიდა. არა მარტო მამაკაცები, ქალებიც საკმაოდ მომზადებულები არიან. განსაკუთრებით მომზადებული და მოტივირებულია ახალი თაობა. აქ ყველა სულით მებრძოლია. ბევრი ღირსეული ადამიანი დაიღუპა ამ შეტაკებებში, ნათელი მათ ხსოვნას, მართლა ყველა ქვეყანა დაიფაროს უფალმა ასეთი ტრაგედიებისგან.

როგორც აღვნიშნე, ბოლო დროს მძიმე ვითარება იყო ქვეყნის შიგნით, მაგრამ როგორც კი ეს მოვლენები დაიწყო, ნახევარ საათში ყველა ერთად დადგა ქვეყნის სადარაჯოზე. წარმატებას ვუსურვებ ჩემს საყვარელ ხალხს. ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად გავიმარჯვებთ!

თეა ხურცილავა