"ის გახდება პირველი უცხოელი, რომელიც უკრაინის გმირის წოდებას მიიღებს" - გზაპრესი

"ის გახდება პირველი უცხოელი, რომელიც უკრაინის გმირის წოდებას მიიღებს"

მიშა ყაფლანიშვილი

რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლაში, უკრაინის ფრონტზე 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაეცა. ომის დაწყებიდან დღემდე გახმაურებული არაერთი ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინელებისთვის ქართველები საუკეთესო თანამებრძოლები არიან. მიშა ყაფლანიშვილი, რომლის წლისთავი ოჯახმა ორიოდე დღის წინ აღნიშნა, ერთ-ერთი მათგანია, რომლის გმირობაზე, ვაჟკაცობასა და თავგანწირვაზე უკრაინელები ლეგენდებს ჰყვებიან. ადამიანი, რომელსაც ევროპაში მიშა კაპლანის სახელითა და გვარით იცნობდნენ, ლუგანსკის ოლქში დაიღუპა. თანამებრძოლების ინფორმაციით, ერთ-ერთ სოფელში სადაზვერვო სამუშაოს ასრულებდა, როდესაც დაბომბვა დაიწყო და ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა. მიშა საერთაშორისო ლეგიონის, "ჩარლი 2"-ის წევრი იყო. როგორც ყაფლანიშვილის მეგობრები და თანამებრძოლები ამბობენ, უკრაინაში მარტის დამდეგს, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში წავიდა. წლების განმავლობაში გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და ბევრ ადამიანს ეხმარებოდა.

ცირა სამხარაძე, მიხეილ ყაფლანიშვილის მეუღლე:

- გერმანიაში ვიყავით, როცა უკრაინაში ომის დაწყების ამბავი შევიტყვეთ. რამდენიმე დღეში მითხრა, რომ მიდიოდა, - ასეა საჭირო საქართველოსთვისო. შემეშინდა, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. მხოლოდ ის ვთხოვე, რომ ფრთხილად ყოფილიყო. საკუთარზე მეტად, სხვის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ყველას გულშემატკივარი გახლდათ, სხვებზე ზრუნვა საკუთარ მოვალეობად მიაჩნდა. ძალიან რისკიანი იყო. რაც შექმნა, რაც ჰქონდა, ყველაფერი რისკის ფასად გააკეთა. ვიცოდი, იქაც არ დაზოგავდა თავს და ამიტომ ვეხვეწებოდი, სიფრთხილე გამოეჩინა. რამდენჯერაც დარეკავდა ან მესიჯს მომწერდა, ყოველ ჯერზე ვთხოვდი, - ცოცხალი დამიბრუნდი-მეთქი!.. არ დამიჯერა...

ნადიმ ხმალაძე, თანამებრძოლი:

- ჩემთვის ყველა თანამებრძოლის დაკარგვა მძიმე იყო, მაგრამ მიშამ განსაკუთრებულად დამწყვიტა გული. ჩვენ ერთმანეთი ჯერ კიდევ "კარვების ქალაქის" დროს გავიცანით. გამიკვირდა, უკრაინაში რომ დავინახე. ვუთხარი კიდეც: აქ რა გინდა, შენ ხომ გერმანიაში ბიზნესი გაქვს-მეთქი? შემეპასუხა, - ბიზნესი შენც გაქვს, რატომ წამოხვედიო? გული მწყდება, რომ ამბობენ, უკრაინაში ფულის გამო წავიდაო. მიშას ფულიც ჰქონდა და აწყობილი ბიზნესიც, აქეთ ეხმარებოდა სხვებს, მათ შორის, მისთვის უცნობ ადამიანებსაც. ომში წასვლის ერთადერთი მოტივი სამშობლოს სიყვარული იყო. სულ ამბობდა, რომ უკრაინის ომში საქართველოს ინტერესებსაც იცავდა, რომ ის იქ ქართველი მებრძოლის სახე იყო. სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა, უფრო მეტიც, უკრაინაში ჩამოსვლამდე იარაღიც კი არასდროს სჭერია ხელში. აქ საუკეთესო პროფესიონალი გახდა. კიევის გათავისუფლებაშიც მონაწილეობდა, ირპენის მიმართულებითაც იბრძოდა...

axvlediani-copy-1698645892.jpg

ნიკოლოზ ახვლედიანი

ნიკოლოზ ახვლედიანი უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში ბატალიონ "დიდგორის" სახელით იბრძოდა და დროებით ანექსირებული ბახმუტის სამხრეთით, კლიშევკასთან შეტაკების დროს დაიღუპა. როგორც თანამებრძოლები ამბობენ, ის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო და ცდილობდა, ეს სიყვარული სხვებისთვისაც გაეზიარებინა.

ნინო, ნიკოლოზ ახვლედიანის და:

- კეთილი, ალალი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი იყო. 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან ბრაზობდა რუსებზე. გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველი ვიდეო რომ ნახა, ძალიან განიცადა, ამ ნაძირალებს როგორ უნდა შერჩეთ ეს ყველაფერიო?! უკრაინაში რომ შეიჭრნენ, მაშინ თქვა: დროა ჩვენი ბიჭების გამო შური ვიძიოთო. რა თქმა უნდა, მის პატრიოტულ სულისკვეთებას ვაზიარებდით, მაგრამ არ გვინდოდა ომში წასულიყო, სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა და ამ დღის დადგომის გვეშინოდა. შეგვპირდა, არ წავალო, მაგრამ გაგვეპარა. ცხელი წერტილიდან გვამშვიდებდა, წინა ხაზზე არ ვარო. უკრაინელი საცოლე ჰყავდა, დაქორწინებას აპირებდა... მისი ერთადერთი ოცნება საქართველოს გაძლიერება იყო. არასდროს ლაპარაკობდა პირად კეთილდღეობაზე, ჩემს შვილებზე ძალიან ზრუნავდა. მეტყოდა ხოლმე, თუ მე და შენ ვერა, ესენი მაინც მოესწრონ გამთლიანებულ, წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრებასო.

გიორგი მიქელაძე, თანამებრძოლი:

- ნიკა ყოველთვის ცხელ წერტილში იყო. საკუთარზე მეტად სხვის სიცოცხლეს უფრთხილდებოდა. უკან დახევა არ იცოდა. უკრაინაში ჩამოსვლისთანავე გავიცანი. ერთხანს სხვადასხვა ადგილას ვიყავით, ბოლო პერიოდში კი ორივე ბატალიონ "დიდგორში" გახლდით. ნიკა და კიდევ ორი ბიჭი ლეგიონის ბიჭებთან ერთად, სულ 9 კაცი, დავალებაზე გაუშვეს. ისინი რუსების დრონმა აღმოაჩინა, 24 საათის განმავლობაში იბომბებოდნენ და ერთ-ერთი ჭურვი ზუსტად იქ ჩავარდა, სადაც ნიკა იყო ჩასაფრებული. გული მწყდება, რუსეთის დაცემას რომ ვერ მოესწრო. სულ იმაზე ლაპარაკობდა, რამდენი ხალხი დაგვიხოცეს რუსებმა, აფხაზეთში ჩვენი ქალები და ბავშვები აწამეს. ისეთი მანიაკები არიან, უკრაინა თუ დააჩოქეს, საქართველოშიც შემოვლენო. მირჩევნია, მე აქ მოვკვდე, ვიდრე ჩემი და, დისშვილები, ჩემი დეიდაშვილები, ნათესავები ამათ ხელში აღმოჩნდნენო. ლისიჩანსკში ერთ-ერთი ოპერაციის დროს ალყაში აღმოვჩნდით, ერთი კვირა განუწყვეტლივ გვბომბავდნენ, გადარჩენის შანსი თითქმის არ გვქონდა, მაგრამ ნიკას წარბი არ შეუხრია, მისი შეშინებული სახე არ მინახავს, პირიქით, ძალიან მშვიდად იყო და ჩვენც სტიმულს გვაძლევდა. მერე საფარიდან გამოსვლა გავრისკეთ. ცეცხლში მოგვიწია გავლამ, მაგრამ მანქანებამდე მივაღწიეთ. ნიკა მარტო ჩვენთვის კი არა, უკრაინელებისთვისაც დიდი დანაკარგია, გიჟებს ჰგვანან! ქართველები, უკრაინელები, ამერიკელებიც კი მირეკავდნენ და ნიკას ცხედრის გამოყვანის ოპერაციაში დახმარებას გვთავაზობდნენ. იმ ოპერაციაში, როცა ნიკა დაიღუპა, ჩვენი ბატალიონის მეთაურიც მონაწილეობდა, კონტუზია მიიღო და წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. ვერ მოისვენა, გაიპარა და ბიჭებთან ერთად ნიკას გამოსაყვანად ცხელ წერტილში შევიდა...

zura-odishvili-copy-1698645913.jpg

ზურაბ ოდიშვილი

"ხევის სინდის-ნამუსი, გულიანი, გამრჯე და მზრუნველი - ასე ახასიათებენ მეგობრები ზურაბ ოდიშვილს. ის ყაზბეგიდან იყო, უკრაინის დამცველებს 2022 წლის მარტის ბოლოს შეუერთდა. თავიდან "კავკასიის ლეგიონში" იბრძოდა, შემდეგ უკრაინის არმიის 93-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაში და ერთ-ერთ უშიშარ და საიმედო მებრძოლად მიიჩნეოდა. ყაზბეგში სახელოსნო ჰქონდა, ხეზე, რკინაზე, ლითონზე, მინანქარზე მუშაობდა და ხელობას რაიონის ბავშვებსაც ასწავლიდა. ბოლოს მარტო მთა აღარ ეყო მის დიდ გულს და თავისი ქვეყნის თავისუფლებას შეეწირა. მშვიდად განისვენე, მთის კაცო, მყინვარწვერი დაგირჩება დარაჯად!" - ამ სიტყვებით გამოემშვიდობნენ მეგობრები ხევში.

ლადო გამსახურდია, "კავკასიის ლეგიონის" მეთაური:

- ზურა უკრაინაში გავიცანი. ომი ახალი დაწყებული იყო. ორივე დონეცკის მიმართულებაზე მოვხვდით. ოცეულში ათი ქართველი, რამდენიმე აზერბაიჯანელი და კიდევ სხვები ვიყავით. პირველი შეტევა გამოგვივიდა, ერთად ავიღეთ ქართველი ბიჭების სისხლი. გამორჩეული მეომარი იყო. ერთ-ერთი შეტაკებისას მე დამჭრეს, რამდენიმემ კონტუზია მიიღო. საავადმყოფოში გადავწყვიტე "კავკასიური ლეგიონის" შექმნა. ზურა პირველი ადამიანი იყო, რომელიც გვერდით დამიდგა, მასთან ერთად ვხვდებოდი და ვესაუბრებოდი მეომრებს. შეიძლება ითქვას, ზურა ოდიშვილი "კავკასიური ლეგიონის" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. დინჯი, პირდაპირი და საიმედო. ყოველთვის მშვიდად ვიყავი, როდესაც ზურა გვერდით მეგულებოდა. ხელოვანი იყო, საოცარი ნამუშევრები და საინტერესო გეგმები ჰქონდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი შვილი დაკარგა საქართველომ ზურას სახით.

zakro-shubitize-copy-1698645934.jpg

ზაქრო შუბითიძე

"ქართული ლეგიონის" გული, საქართველოს და უკრაინის შვილი", - ამ სიტყვებით დაემშვიდობნენ ქართველი და უკრაინელი თანამებრძოლები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, თავისუფლებისათვის ბრძოლაში გმირულად დაცემულ ზაქრო შუბითიძეს.

ის "ქართული ლეგიონის" მე-4 ჯგუფის მეთაური იყო. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

მამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონის" მეთაური:

- ზაქრო ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, ვინც ამ ომის დროს გავიცანი. იშვიათად შემხვედრია მსგავსი პიროვნება. ის პოზიციები, სადაც სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა და ზაქრომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო... "ქართულ ლეგიონს" ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შემოუერთდა. ჯერ სნაიპერი იყო, შემდეგ ჯგუფის მეთაური. ის ჩვენ შორის მართლაც განსაკუთრებული იყო... ჩვენი ქვეყნის ისტორიას ზაქროს მსგავსი ადამიანები წერენ. დაახლოებით ორი კვირის წინ მან თავის ჯგუფთან ერთად უკრაინული ბრიგადის ბევრი მებრძოლი გადაარჩინა. უკრაინელი მეთაური ისეთი აღფრთოვანებული იყო, პირადად დამირეკა და მადლობა გადამიხადა. მისი ინიციატივით თავდაცვის სამინისტრომ დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტა. ფილმში ამბავს ჰყვება უკრაინული ბრიგადის მეთაური, რომელსაც "ქართული ლეგიონის" ბიჭები დაეხმარნენ ზაქროს მეთაურობით. რუსები თავს დაესხნენ უკრაინელების პოზიციებს, თავდასხმა მოულოდნელი იყო და ზაქროს ჯგუფმა სულზე მიუსწრო. სერიოზული ოპერაცია ჩაატარეს ჩვენმა ბიჭებმა - ზაქრო, კიდევ ერთი ჩვენი მებრძოლი და ექიმი დაიჭრნენ, მაგრამ ბრძოლის ველი არ დატოვეს, ბოლომდე იბრძოლეს, ბევრი ადამიანი გადაარჩინეს. ფილმისთვის ზაქროს კომენტარიც დასჭირდათ... გაუჭირდათ დათანხმება და ბოლოს, ორიოდე სიტყვა ძლივს ამოთქვა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ჩაწერეს. ფრაგმენტები უკვე მზად აქვთ, ძალიან შთამბეჭდავია, ფონად ქართული ლექსი გასდევს. ზაქრო ძალიან დააკლდება მის ცოლ-შვილსა და ძმას, ჩვენი ბიჭებიც დათრგუნვილი არიან. გადავწყვიტეთ მე-4 ჯგუფს, რომელსაც ზაქრო მეთაურობდა, მისი სახელი დავარქვათ, ასევე გამოვედით ინიციატივით, რომ მას უკრაინის გმირის წოდება მიენიჭოს. პეტიცია უკვე მზად არის. დარწმუნებული ვარ, ზაქრო შუბითიძე გახდება პირველი უცხოელი, რომელიც უკრაინის გმირის წოდებას მიიღებს.

ხათუნა ბახტურიძე