ობოლი ბიჭის და შვილწართმეული დედის თავგადასავალი... - გზაპრესი

ობოლი ბიჭის და შვილწართმეული დედის თავგადასავალი...

საინტერესოდ მოსაუბრე ქალბატონი - მარგო ახვლედიანი - ჟურნალის "გზა" ერთგული მკითხველია. მასთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ მოვახერხე და არ შემეძლო, მისი მონათხრობი თქვენამდე არ მომეტანა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მას ლექსების რამდენიმე კრებული და წიგნად შეკრული თავგადასავლებიც კი აქვს გამოქვეყნებული...

- მამაჩემი ძალიან ღარიბ ოჯახში დაიბადა. როგორც თავის მემუარებში აღწერს, სოფელ აღვში და მის ახლომახლო სოფლებში მალარია მძვინვარებდა და ამ სენის გამო ბავშვები 15-18 წლამდე ვერ აღწევდნენ. სამი ძმა ერთ სახლში ცხოვრობდა. სახლი, უფრო სწორად ქოხი, ბურულით ყოფილა დახურული. ორ ძმას 8 შვილი გამოაცალა მალარიამ ხელიდან და უშვილოდ დარჩნენ. მეთოდე ბაბუას ანა ბებია მამაჩემზე ორსულად დაუტოვებია და ფულის საშოვნელად ჭიათურაში წასულა. მუშაობა მაღაროში დაუწყია, სადაც 10 თვის შემდეგ ბედმა უმუხთლა, გვირაბი ჩამოინგრა და სრულიად ახალგაზრდა დაიღუპა. გამწარებულ, დაქვრივებულ ანა ბებიას ძუძუც გაშრობია, მაგრამ ობოლი ღმერთმა არ გაწირა და გამოჩნდნენ მადლიანი ქალები, რომლებმაც ძუძუ აწოვეს. თუმცა, ბებიას გასაჭირი ამით არ დასრულებულა. მაზლები სულ სხვა სიურპრიზს უმზადებდნენ. ისინი ფიქრობდნენ, ორ ძმას 8 შვილი დაგვეხოცა და ეს ობოლიც ვერ გაიზრდება. ახალგაზრდა რძალი გათხოვდება და მისი ობლის ცხოვრება ჩვენ დაგვრჩებაო (არადა, რა ქონება გააჩნდათ? მიწა იყო მათი ქონება). ჩანაფიქრი მალე შეასრულეს, ერთი წლის ბავშვი დაატოვებინეს და რძალი სახლიდან გააგდეს, ობოლი დედის კალთას ჩამოაცილეს და თვითონ დაიტოვეს. უიმედოდ მყოფი დედა მკერდიდან მოგლეჯილი შვილის სიმწრით ატირებული, თავის ძმას, ვასილ ახვლედიანს შეეკედლა (ანა ბებიაც ახვლედიანი იყო, მაგრამ სხვა შტოდან).

ძმა მაზლების სახლიდან ნახევარ კილომეტრში ცხოვრობდა. გზა ტყიანი იყო. დედას თავისი უმწეო შვილი რომ მოენატრებოდა, გაიპარებოდა, მალულად მაინც რომ მოეკრა მისთვის თვალი. სახლში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ხშირად დაუნახავს თურმე, როგორ ეკავათ ბიცოლებს ხელში ატირებული ბავშვი. დედა გულს იჯერებდა ტირილით და გამობრუნდებოდა ძმის სახლში...

დედა-შვილის წამება 2 წელიწადს გაგრძელებულა. 1898 წელს ვიღაც მადლიანმა გამოურჩია ბებიას სოფელ ორხვში მცხოვრები, ორჯერ დაქვრივებული, უშვილო კაცი - პართენა ქვარიანი. ბებიასაც უფიქრია, პირველი ბედით და შვილის მოცილებით გულდათუთქული ვარ. ვინ იცის, იქნებ ობლისთვის ასე სჯობდესო და ქვარიანს ცოლად გაჰყოლია. ორი თვე ქვრივები ისე ცხოვრობდნენ, ბებიას ქმრისთვის არ უთქვამს, შვილი რომ ჰყავდა, შემდეგ კი ვერ მოუთმენია და მოკრძალებულად გაუმხელია ეს ამბავი. გახარებია პართენ ბაბუას, ჩემი უშვილობით უიმედოდ ვიყავი, ახლა იმედი გამოჩნდა. შენი შვილი ჩემიც იქნება, მოვიყვანოთ, ერთად გავზარდოთო. ამ თბილი სიტყვებით გახარებული ბებია ქმარს მუხლებზე შემოხვევია და უფლისთვის მადლობა შეუწირავს, მის შვილს მზრუნველი რომ გამოუჩნდა.

თურმე პართენა ბაბუა ახალგაზრდა თანმხლებთან ერთად ცხენზე ამხედრებული წასულა ობლის მოსაყვანად. როცა იქ მისულა, კუთხეში მდგარი გაფითრებული ბავშვი დაუნახავს, მალარიისგან გაყვითლებული. ბაბუამ მას ხელი მოხვია, გულში ჩაიკრა და საჩუქრები მისცა: ფოჩიანი კანფეტები, წითელი წაღები, ფლანელის ბლუზა და ჭრელი წინდები. ბავშვი მუხლებზე დაისვა ამ კეთილმა კაცმა და კანფეტის გახსნა ასწავლა. თან ეუბნებოდა: ეს დედიკომ გამოგიგზავნა და ხვალ მასთან წაგიყვანო.

თუმცა, სტუმრებმა მიზეზთა გამო ახვლედიანების ოჯახში ღამის გათევა გადაიფიქრეს და აჩქარდნენ, - ორხვში დაღამებაmდე უნდა ჩავიდეთ. ცუდი გზებია და თან ბავშვი მიგვყავსო.

ანა ბებიას შორიდანვე გაუგონია ქვიან გზაზე მომავალი ცხენების ფლოქვების ხმა და შესახვედრად გაქცეულა. ასე წერს მამა თავის მოგონებებში: "რაკი თვალი მოჰკრა ტანჯულმა დედამ ბავშვს, შესძახა: შვილიკო, დედიკო. მოდი, მოდი შენს დედიკოსთან! - და ჩაიკეცა". მგზავრებმა ბავშვი ძირს ჩამოსვეს და ღონემიხდილ ქალს ამხნევებდნენ. ბავშვი გაკვირვებული მისჩერებოდა ქალს, აკვირდებოდა დედის სახის მოხაზულობას. ასე გახდა ობოლი მამა აქვსენტ ახვლედიანი პართენა ქვარიანის შვილი, ვისი წყალობითაც ტანჯულმა დედა-შვილმა ერთმანეთი იპოვა სამუდამოდ. მან ნამდვილი მამობა გაუწია ობოლს... …

როგორ გადაარჩინა მამამ ხალხი დახვრეტას

- დედამ და მამამ 7 შვილი გაგვზარდეს - 2 ვაჟი და 5 ქალიშვილი. მამას 4 კლასის განათლება ჩვენსავე სოფლის სკოლაში მიუღია, ასწავლიდა ნიკო გაბიანი - სასულიერო პირი, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ codnas aZlevda ბავშვებს. მამა ნიჭიერი მოსწავლე ყოფილა, კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით კარგი კალიგრაფიით გამოირჩეოდა. როცა წამოიზარდა, ცოდნა გაიღრmავა. რუსულიც კარგად იცოდა და ყველა მასთან მიდიოდა წერილის ან განცხადების რუსულ ენაზე შესადგენად. ორატორობის ნიჭი ჰქონდა, კარგი თამადაც იყო. ალბათ ამიტომაც, მუდამ საპასუხისმგებლო პარტიულ თანამდებობაზე მუშაობდა. იმ პერიოდში ხალხმა წერა-კითხვა არ იცოდა და რა გასაკვირია, რომ მაშინდელმა მთავრობამ თანამდებობა შესთავაზა: ლეჩხუმში იყო რაიკომის მდივანი, ქუთაისის "ბავშვთა მეგობრის" დირექტორი, ქობულეთში ტორფის ქარხნის დირექტორი, ბაღდათში სოფელ მეორე ოფჩის საბჭოს თავმჯდომარე ომის პერიოდში და სხვა.

24-25 წლებში მამა ლეჩხუმში სათემო რაიკომის მდივანი რომ იყო, დიდი გამოსვლები ყოფილა. ბევრი უკანონობა ხდებოდა, თავად-აზნაურებს ხოცავდნენ, აკულაკებდნენ, ოჯახებს უწიოკებდნენ. მოგვიანებით მამა იტყოდა ხოლმე, დაურიგეს იარაღი ამ გაუნათლებელ გლეხებს და ისინიც დაერივნენ ხალხსო. ერთხელ "ზემოდან", მთავრობიდან მოსულა დასაპატიმრებელი 70 კაცის სია. ამ სიაში დედას ბიძა ეფრემა ჩარკვიანიც ეწერა. ეს სია ლეჩხუმელების, მათივე მეზობლების შედგენილი იქნებოდა, თორემ თბილისში რა იცოდნენ, ვინ იყო კარგი ოჯახის პატრონი ან ვის ჰქონდა ბევრი მიწა, ვინ იყო განათლებული თავადაზნაური?

დაერივნენ ამ ხალხს და შეყარეს სოფლის ერთ ფარდულში თუ ბოსელში. ეს მოხდა მამას არყოფნის დროს. როცა მამა მოსულა და ეს ამბავი მოუხსენებიათ, მას გაუცია განკარგულება, შეეჩერებინათ დახვრეტა. საცოდავი უდანაშაულო ხალხი ელოდა საზარელ განაჩენს. მამა სასწრაფოდ თბილისში ჩასულა და მოუთხოვია დაპატიმრებული ხალხის გასამართლება, სასწრაფო, სახელდახელო სასამართლო. სასამართლომ 70-დან 15-ს მაინც მიუსაუჯა დახვრეტა, დანარჩენები კი სიკვდილს გადაურჩნენ. ამ არეულობაში მამა როგორ გადარჩა, არ ვიცი. ის ხომ მუდამ მოვლენათა ეპიცენტრში იყო. ნებით თუ უნებურად, რეპრესიული მანქანის მონაწილე და შემსრულებელი გახლდათ.

მამა თავის დროზე პირველი მსოფლიო ომის მონაწილე იყო. იგონებდა ხოლმე პიატიგორსკში გატარებულ ჯარისკაცუr წლებს და გაჭირვებას; იმას, თუ როგორ ამცირებდნენ ქართველებს რუსები და ქართულს ძაღლის ენას უწოდებდნენ... მამა თურქეთთან ომის მონაწილეც იყო. ერთ-ერთ ბრძოლაში დაჭრილი მიწურ სანნაწილში გადაიყვანეს. იქ პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ჩასვეს ფურგონში და 9-დღიანი მგზავრობის შემდეგ ქალაქ სარაკამინის ლაზარეთში მიიყვანეს. იქ ექიმებმა მარჯვენა ხელის ამპუტაცია გადაწყვიტეს, მაგრამ მამა არ დათანხმდა. მალე მას ტემპერატურამ 41-მდე აუწია, 20 დღე უგონოდ იყო, მუცლის ტიფის დიაგნოზი დაუსვეს. ოდნავ რომ მოიკეთა, ერთი თვით შვებულებაში გაუშვეს. მამამ დიდი გაჭირვებით მიაღწია მშობლებამდე.

ანა ბებია კარგი ექიმბაში იყო. ვინ იცის, რამდენი ადამიანი იხსნა დამწვრობისა თუ სხვადასხვა სახის ჭრილობისგან. შვილიც ერთ თვეში განკურნა.

ანა ბებია - როგორც მკურნალი

- მახსოვს, როგორ ამზადებდა მალამოებს, ფხვნილებს. ვინაიდან ისინი სტერილურ ჭურჭელში უნდა მოემზადებინა და შეენახა, მაშინ კი ასეთი ჭურჭელი არ იშოვებოდა, სხვა საშუალება ჰქონდა გამოძებნილი: აიღებდა ნიგვზის კაკლებს, ჩაყრიდა მდუღარეში, შემდეგ დანით ფრთხილად გაჭრიდა შუაში, ამასაც მდუღარეში გაავლებდა და თავდაღმა დაალაგებდა. როცა გაშრებოდა, შიგ ჩადებდა მალამოს ან ფხვნილს და კაკლის ნაჭუჭს მეორე ნახევარს დაახურავდა, მერე ქათქათა ქსოვილისგან შეკერილ პატარა ტომსიკაში ჩაალაგებდა და მიჰქონდა ავადმყოფთან. ბებია ამ კეთილ საქმეს სრულიად უანგაროდ აკეთებდა.

ერთ ამბავს გავიხსნებ: ჩემი კლასელი ლიანა დედისერთა იყო. წლის და 2 თვისა რომ გახლდათ, დედამისს ბავშვი გადმობრუნებულ ტაბურეტში ჩაუსვამს, რომელიც ბუხრის წინ იდგა და თვითონ გარეთ გასულა. წაქცეულა ეს სკამი, ბავშვი მდუღარეში ჩავარდნილა თავით. ორივე ლოყა დაეწვა. კიდევ კარგი, დედამისმა შეუსწრო და ბავშვი სიკვდილს გადაურჩა. ლიანა ბებიაჩემმა მოარჩინა. დღესაც ცოცხალია, ორი ქალიშვილი ჰყავს და ორივე ლოყაზე ამჩნევია დამწვრობის ნაკვალევი.

395189927-1456411044905911-7106794939605510266-n-copy-1698648110.jpg

გლეხებისგან აწიოკებული ოჯახი

- დედა მექვენელი ასათიანი იყო, პლატონ ასათიანის ქალიშვილი. დედამისი, ჩემი ბებია სურუშელი ჩარკვიანის ქალიშვილი გახლდათ (ცნობილი პიროვნებების, კანდიდ, ავდიდ, ალიმი, თამარ და რაისა ჩარკვიანების მამიდა, ჯანსუღ ჩარკვიანი ბაბუდა)...

აქ დედას წინაპრების ისტორიას არ მოგითხრობთ, გრძელი ამბავია, შევეხები მხოლოდ მისი ბიძის, ბეგლარ ბერასათიანის მოკლე ამბავს, რომელზეც დედამ მიამბო. ბეგლარ ბაბუას ძალიან კარგი ოჯახი ჰყოლია, განათლებული შვილები. ასეთ ხალხზე ნადირობა იყო გამოცხადებული მაშინდელი მთავრობისგან. ერთ დღეს თავს შეიaრაღებული უწიგნური გლეხები დაესხნენ და ააწიოკეს ოჯახი. ყველანი შეიპყრეს, თოკებით გადააბეს და წაიყვანეს "გაურკვეველი მიმართულებით" - ეს გაურკვეველი მიმართულება ორპირის კლდეები აღმოჩნდა, სოფელ მექვანადან 10-15 კილომეტრში, იქ ხვრეტდნენ ხალხს და მერე რიონში ყრიდნენ. ეს ადგილი ახლაც შემზარავი დასანახია.

დედა ტირილით იხსნებდა: "ოჯახის ყველა წევრი ჩაუცმელ-დაუხურავი გამორეკეს, ატარეს როგორც საქონელი, თან დროდადრო მათრახს ურტყამდნენ. ბეგლარ ბიძიას ფუთქუნა თეთრი ხელები მათრახის ცემისგან დახეთქილი ჰქონდა და სისხლი სდიოდა. ულამაზესი გაუთხოვარი ქალიშვილები მშობლების თვალწინ ჯერ გააუპატიურეს, მერე დახოცეს და რიონში გადაყარეს. ბოლოს ბიცოლას და ბიძიას ჯერიც დადგა... ბეგლარ ბაბუას ოჯახს ეს არ აკმარეს და 1948 თუ 1950 წელს მისი გადარჩენილი შვილიშვილი ციმბირში გადაასახლეს ოჯახით. ერთი შვილიშვილი საფრანგეთში გაიქცა...

როგორ უმკლავდებოდნენ გაჭირვებას

- ხალხი შიმშილობდა. გაიგებდი ამბავს, ამა და ამ ოჯახში 2-3 დღეა, მჭადი არ გამომცხვარაო, პურზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. შევსწრებივარ, ოჯახში დიასახლისი ხის გობზე გადმოყრიდა ლობიოს, წააყრიდა მარილს და ოჯახის ყველა წევრი ფეხზე დამდგარი მადიანად შეექცეოდა ამ გემრიელ სადილს, მჭადისა და პურის გარეშე. რა თქმა უნდა, წყალტორას წყალზე ჩამწკრივებული წისქვილები დადუმებულიყვნენ და ვირთხები, თაგვები ამაოდ დაძვრებოდნენ ხვიმირაsa და ლაკორაში, შემორჩენილი ფქვილისა და სიმინდის მარცვლების საძებნელად...

საპონი არ იყო და დიასახლისები ნაცარწმენდილით რეცხავდნენ თეთრეულსა და ტანსაცმელს, თუ იმას თეთრეული ერქვა. ჭუჭყს კარგად აშორებდა, მაგრამ ყველაფერს აყვითლებდა. ნაცარწმენდილი ასე მზადდებოდა: აიღებდი 3-4 კილო ნაცარს (გაცრილს), დაასხამდი წყალს და აადუღებდი, გადაწურავდი, გააცალკევებდი წყალს, ნაცარს მოაშორებდი და ეს იყო სარეცხი საშუალება.

თავის დასაბანად ვიყენებდით თეთრ მიწას, კარგი რამე იყო. ნეტავ ახლაც მაშოვნინა ის მიწა, ტვიშში მოიპოვებოდა, მიწისქვედა ფენებში. დავალბობდით მას წყალში და ცოტა ძმარს დავუმატებდით. ის ისე აფუვდებოდა, უკეთესი შამპუნი არ შემხვედრია: თმას არბილებდა, ფუმფულას ხდიდა, მოცულობაში ზრდიდა...

სიმინდი რომ არ იშოვებოდა, მოსახლეობა სექტემბრიდან იწყებდა ჭყინტი სიმინდის ჭამას. გაარჩევდნენ მარცვალს დანით და როდინში ნაყავდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენც გვიჭამია ასეთი მჭადი, მაგრამ ჩვენ უფრო "კარგად" გვქონდა საქმე, ოჯახში ვიპოვეთ ხორცის საჭრელი ძველი მანქანა, თუმცა ვერ ვიხსენებ, იმაში ოდესმე ხორცი გაგვეტარებინოს... ვატარებდით ჭყინტ სიმინდს და ვაცხობდით თიხის კეცებზე. ცხელი გემრიელი იყო, მაგრამ უკვე გაცივებულს პირში ვერ ჩაიდებდი, ისე იყო გამაგრებული. თუმცა, ვინ გააცივებდა?.. გაიგეს მეზობლებმა, ეს მანქანა რომ გვქონდა და ყოველდღე რიგი იდგა ჩვენს სახლთან ისე, როგორც კარგ წლებში - წისქვილში.

395213982-1349105502478894-4197310870632626034-n-copy-1698648101.jpg

ეგზემა - მტანჯველი დაავადება

- ბავშვობიდან მშრალი კანი მქონდა. ზამთარში ხელები სულ მისკდებოდა და ნახეთქები მიჩნდებოდა. გურამ ახვლედიანი, ჩემი ბიძაშვილი მეუბნებოდა, შენ მამალი კანი გაქვს, ამ დაავადებას ასე ეძახიანო და შემარქვა მამალაკანი. მე კი მეგონა, ასე სიცივისგან მემართებოდა, ხელთათმანი მე არ მქონდა და პალტო პირველად მაშინ შემიკერეს, როცა მეათე კლასში ვიყავი. ისიც, თბილისში ჩამოვედი დეიდასთან და ტახტზე ლამაზი, კუბოკრული, რუხი, შავი და ყავისფერი უჯრებით გაფორმებული გადასაფარებელი დავინახე. დეიდას ვუთხარი, ამას ტახტისთვის როგორ აფუჭებთ, ამით კარგი პალტო გამოვა-მეთქი. მაშინვე გადააძრო ტახტს შალი, გარეცხა და ჩემთვის პალტო შეაკერვინა. ხელების დაბანა მიძნელდებოდა, მეწვოდა და მიწითლდებოდა. ზაფხულში კარგად ვიყავი, არაფერი მეტყობოდა. სიცივის ალერგიას ჰგავდა თავიდან. მეცხრე კლასში ძალიან გამიმწვავდა ხელის ტკივილი, ამის ნიადაგზე სიცხეც მქონდა და კანის ექიმთან წამიყვანეს ქუთაისში. მან დამისვა დიაგნოზი - ეგზემა, ალერგიული დავადება და გამომიწერა წამლები, მაგრამ დიდად შედეგიანი არ აღმოჩნდა...

მშობლებმა გაიგეს, რომ ქუთაისში ვიღაც ყოფილა ჩამოსული ამერიკიდან და ბალახეულით კურნავდა ეგზემას. მე და მამა წავედით მასთან. ჯერ ბინა არ მოგვეწონა, დაქირავებული ჰქონდა ერთი ოთახი პირველ სართულზე. პირდაპირ იატაკზე ეყარა რაღაც ბალახები და ხმელი ყვავილები. ერთ მხარეს ჭერამდე ეწყო მუყაოს ყუთები. ოთახში საშინელი ანტისანიტარია იყო. შემოვიდა "ექიმი", 30-35 წლის ახალგაზრდა კაცი, გრძელი, ჭუჭყისგან გაწებილი თმით, ბინძურად ჩაცმული. ლოთის შეხედულება ჰქონდა. მამამ უთხრა, აქ ექიმი მოგვასწავლეს, რომელიც ეგზემას კურნავს და მისამართი ხომ არ შეგვეშალაო? მან უპასუხა, ექიმი მე ვარო. ექიმბაში ყოფილა. მამამ ამის გაკეთებულ წამალს ბავშვს როგორ დავალევინებო და წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ იმ კაცმა შეაჩერა, დაიწყო ძალიან მშვიდი საუბარი, თან ისე, რომ მამაზე შთაბეჭდილება მოახდინა. მივხვდით, ის განათლებული, ნასწავლი ადამიანი იყო. ხელები სუფთა ჰქონდა, მართლა ექიმივით. ალბათ დანარჩენი ყველაფერი, რაც არ მოგვეწონა, ერთგვარი ნიღაბი იყო - მაშინ ხომ კერძო საქმიანობა აკრძალული გახლდათ. მამამ უთხრა, თუ მზად გაქვთ, მალამოს წავიღებ და ვნახავთ, როგორ მოუხდებაო. - რას ამბობთ, ეს დაავადება სისხლშია, დასალევმა წამალმა სისხლიდან "ხარახურა" უნდა გამოდევნოს და კანს მერე ვუმკურნალებო. გამოაღო კარადა, სადაც ძალიან ლამაზ, სუფთა კოლბებსა და შუშებში იყო კამკამა სითხე, მომაწოდა ცოტაოდენი და მითხრა, - შეიძლება რეაქცია მოგცეს და ჩემი თანდასწრებით უნდა მიიღო, ნუ გეშინიაო. დავლიე თუ არა, მაშინვე სისუსტე ვიგრძენი, გული ამიჩქარდა. ძალიან შეგვეშინდა მეც და მამასაც. მან დაგვამშვიდა: კარგია, ასე რომ მოხდა. ე.ი. წამალი მალე მოგარჩენსო. მოგვცა 2 დიდი ბოთლით წამალი, - ეს რომ დამთავრდება, მოდით და მალამოს გაგატანთო. წავედით სოფელში და დავიწყე ამ წამლის მიღება, რომელსაც ცუდად აღარ უმოქმედია, პირიქით, ძალიან მომიხდა. კანი რბილი და ფაფუკი გამიხდა. ამ წამლის დამთავრების შემდეგ იმ ექიმთან ისევ წავედით. სამწუხაროდ, როგორც მეზობლებმა გვითხრეს, ის ექიმი ვიღაცას მოუკლავს და მკვდარი უპოვიათ. დამენანა. ჯერ იმიტომ, რომ ახალგაზრდა კაცი იყო და მეორეც, ის ნამდვილად მოგვარჩენდა მეც და ბევრ ჩემნაირი პრობლემის მქონესაც.

P.S. რამდენიმე ნომრის შემდეგ ქალბატონი მარგოს საინტერესო თავგადასავალზე მოგითხრობთ...

ლიკა ქაჯაია