"მიყვარს ღარიბი თეატრი და ღარიბი სცენის დიდებული მსახიობი" - გზაპრესი

"მიყვარს ღარიბი თეატრი და ღარიბი სცენის დიდებული მსახიობი"

რეჟისორი გიორგი გამყრელიძე, რომელმაც მშობლიურ ონში "პატარა თეატრი" დააარსა და იქაურებს ყოველდღიურობა გაუმრავალფეროვნა, გვესაუბრა თეატრის, ონში დადგმული სპექტაკლებისა და რაჭველების მთავარი სათქმელის შესახებ.

- დავიბადე 90-იანების თბილისში... სხვანაირ თბილისში! ბავშვობაც იმ სხვა ფერში გავატარე, ჩაბნელებული ქუჩის ისტორიაში, გაკვამლული ლამპის შუშაზე თითით დახატული გულის ისტორიაში, დღესაც იმავე ქუჩით ვბრუნდები იმავე სახლში, მაგრამ - განათებული ლამპიონით, შეღებილი მესერით, თუმცა ის ბავშვობა ისევ ლიცლიცებს თავის ფიქრებით გადაფერადებულ ქალაქში. რაჭა კი კაკლის ხის შრიალია, ფანჯარასთან მჯდარი ბებიას შემოხედვა, რომელიც ზაფხულში დაკეტილ ჭიშკარს უყურებს და გამუდმებით გველოდება მე და ჩემს უმცროს ძმებს. ეს მზერა მომყვება მთელი ჩემი ცხოვრება, მელოდება და მეც მისკენ მივიჩქარი!

- თეატრზე ვისაუბროთ...

- როდესაც ვიხსენებ ჩემს პირველ შეხებას თეატრთან, ყოველთვის თბილისის თოჯინების თეატრის ფოიეში გაყიდული ფენოვანი ხაჭაპური მახსენდება ან რუსთავის თეატრის აბონემენტი. პირველი მოგზაურობა კი რეზო გაბრიაძის სპექტაკლზე განვიცადე. თვეები ვეძებდი ჩიტს, რომელიც ადამიანივით ილანძღებოდა, და განვიცდიდი, რომ ვერ ვპოულობდი. ბოლოს ვიპოვე, ვიპოვე ჩემს პროფესიაში. აი, რაც შეეხება სტუდენტობას, ეს ძალიან დიდი ძიების პროცესია, გასვლა და შემოსვლა სამყაროში, წიგნები, ლექციები, დილამდე რეპეტიციები, თოვლი, ყინვა და საერთო საცხოვრებელში მოდუღებული უშაქრო ჩაი!

- პირველი სპექტაკლი გაიხსენეთ...

- პირველი სპექტაკლი სტუდენტობამდე წლებით ადრე ქალაქ ონში დავდგი - დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი". ვასუფთავებდით, განათებას ვკიდებდით და ერთი მსახიობის პირადი ავტობუსით დავდიოდით, სპექტაკლისთვის საჭირო მაგიდას, ფარდას, სკამს, ჭიქას, საკერავ მანქანას ადგილობრივებში ვეძებდი და მოგვქონდა კინოთეატრში, სადაც სცენა გვქონდა გაკეთებული.

- საზღვარგარეთ ცხოვრების შემდეგ რაჭაში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

- დაბრუნებაში თუ გულისხმობთ ონში ცხოვრებას, რაჭაში არ ვცხოვრობ, მაგრამ მთელი განვლილი ცხოვრების მანძილზე ვალაგებ გეგმას, როგორ უნდა ვიცხოვრო იქ და რა სარგებელი შევმატო პატარა ქალაქს!

394832664-1681044652302550-6151153125188710886-n-1698649124.jpg

- როგორ გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ონის "პატარა თეატრი"?

- ძალიან უცებ, ზედმეტი ფიქრისა და ანალიზის გარეშე, საჭიროებამ და შექმნილმა არასწორმა ვითარებამ მომენტალურად გახადა საჭირო, რომ ონში ყოფილიყო დამოუკიდებელი თეატრი, წყნარი და მშვიდი, მაყურებელზე ორიენტირებული, არაგეგმური თეატრი, რომელიც იქადაგებს სიყვარულზე, მეგობრობაზე და იბრძოლებს, რომ ქალაქიდან გააქროს ის აგრესია, ურთიერთგაუსაძლისობა და კიდევ უამრავი მავნე ჩვევა, რომელიც ამ სიყვარულით სავსე ქალაქში რაღაცამ ან ვიღაცებმა შემოიტანეს; ეს იქნება თეატრი, რომელიც საზოგადოებასთან ერთად დაიხვეწება და ნამდვილი ქალაქის ნამდვილ ურთიერთობებს შექმნის, თავისუფალს და პატივისცემაზე აშენებულს!

- გაგვაცანით თქვენი თეატრის სამოყვარულო დასი, ვინ არიან მსახიობები და როგორ დაითანხმეთ ისინი?

- მსახიობები არიან ონელები, რომლებიც დღის მანძილზე სხვადასხვა სექტორში მუშაობენ. ზოგიერთი დირექტორია, ზოგიერთი - საჯარო მოხელე, მაგრამ საღამოთი თითოეული მათგანი ემსახურება თეატრს ერთი მიზნით - არსებობდეს ქალაქში თეატრალური კულტურა. ზოგი პირველად ჩვენთან ეზიარა სცენას, ზოგმა 50 წელი გაატარა სცენაზე. სკოლის დირექტორი და მოსწავლე ერთად თამაშობენ, აქ ირღვევა პოლიტიკური შეხედულება, ირღვევა იერარქია და ურთიერთობები თეატრში შენდება სრულიად განსხვავებულად, სხვანაირად!

- როგორც ვიცი, თქვენი სპექტაკლები თანამედროვეობას ეხმაურება.

- ვერასდროს ვიგებ, რას ვეძახით თანამედროვეობას. თანამედროვეობა თუ დღეს ტრენდული სტილისტიკაა, სამწუხაროდ, ჩემთვის ვერასდროს გახდა ეს სტილისტიკა ინსპირაციის წყარო. მე მიყვარს თამაში, მოთამაშე მსახიობი, ორ სკამს შორის გაჭედილი ადამიანი, რომელსაც ვერ გაუგია, სად შეუძლია დაჯდეს, რომელი უკეთესია, მარჯვენა თუ მარცხენა მხარე. მე მიყვარს თამაში პრობლემის, რომელიც სიმარტივეში იბადება, მიყვარს ღარიბი თეატრი და ღარიბი სცენის დიდებული მსახიობი, რომელიც ბავშვივით უსუსური და გულწრფელია, და მძულს ელექტროტექნიკებში ჩაკარგული მისი ბუნება... რაც შეეხება პრობლემას, ე.წ. სათქმელს, პასუხი მხოლოდ ერთია: მთელი ცხოვრების მანძილზე ვეძებ ადამიანებს, კეთილ თვისებას ცხოვრების პარადოქსულ ვაკუუმში!

- როგორ ფიქრობთ - ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს თუ არა დღევანდელობას, უნდა ჩაგვახედოს თუ არა სარკეში და დაგვანახვოს რეალობა?

- ხელოვნება არ ემსახურება დროს და დღეებს. ის არ შეიძლება იყოს უბრალოდ სარკე, ხელოვნება მეტია, ვიდრე ეპოქალური ცვლადობა, ხელოვნება პაექარია ცის, ხელოვნება პრომეთეა და ის უფრო მეტია, ვიდრე დღევანდელობა!

394699558-1814973845591696-4478107163362423496-n-1698649111.jpg

- რამდენად მნიშვნელოვანია თეატრის არსებობა რეგიონისთვის?

- ჩვენ თუ გვინდა შევქმნათ რეგიონი და რეგიონში ბრბოს ნაცვლად არსებობდეს საზოგადოება, იბადებოდეს თავისუფალი ადამიანი და გამოხატავდეს ჯანსაღ პოზიციას, ამისთვის აუცილებელია რეგიონისავე წიაღში ჩასახული თეატრი, რომელიც სხვადასხვა პორტალში გადააწვდის ზუსტად ამ საზოგადოების ხმას და სიძლიერეს. საბედნიეროდ, ონში ყოველთვის არსებობს საზოგადოება!

- ამჟამად რომელ სპექტაკლზე მუშაობთ და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- ამჟამად ჩვენი სამუშაო პროცესი უფრო მეტად წააგავს სასწავლო პროცესს. ჩვენი სცენაც აუდიტორიის მსგავსია, ვეძებთ და ვიყენებთ ყველაფერს, რაშიც შეიძლება დაიბადოს თეატრი ანუ - თამაში... ჩვენ არ გვსურს პროფესიონალი მსახიობებისგან იქმნებოდეს სპექტაკლი, ჩვენ არ გვჭირდება ფინანსები დეკორაციებისთვის, ჩვენ სხვა რამეს ვაშენებთ... თვითონ ქალაქმა და სხვადასხვა სეგმენტმა უნდა შექმნას საერთო საქმე, კვლავ თითოეული ნივთი უნდა საუბრობდეს ონზე და ონის მოსახლეობაზე. ეს პროცესი დღეს არ დაბადებულა, ეს პროცესი საუკუნეზე მეტია არსებობს ამ ქალაქში და შევძლებთ, რომ საუკუნეებს გადავძახოთ!

ნინო ჯავახიშვილი