სამირა ბაირამოვა: "ისე მიყურებენ, თითქოს ამ სამართლიანი ბრძოლით საკუთარი თემი უფრო შევარცხვინე"
სამირა ბაირამოვა სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტია ქვემო ქართლიდან. ცდილობს რეგიონული პრობლემების გამოაშკარავებას და ცნობიერების ამაღლებას. ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო ნათქვამია, მაგრამ ბოლო წლებში საქართველოს აზერბაიჯანულ თემში სამოქალაქო აქტივობა სულ უფრო მატულობს. ჩვენ სამირა ბაირამოვას 14 წლის აითაჯ შახმაროვას გახმაურებული მკვლელობის დეტალებსა და ნაადრევი ქორწინების პრობლემაზე ვესაუბრეთ.
- ბავშვთა ქორწინების (კომპლექსური პრობლემის) რამდენიმე მიზეზი შეგვიძლია დავასახელოთ. დავიწყოთ ოჯახიდან: არ ვიცოდით რა პირობებში ცხოვრობდა და იზრდებოდა. უპირველესი პასუხისმგებლობა მშობლებზეა, მათ ზრუნვაზე და ა.შ. სამწუხაროდ, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება ვერ შესრულდა. მძიმე სოციალურმა პირობებმა, ადამიანების დაბალმა მსოფლმხედველობამ, ასევე ხალხში გავრცელებულმა მავნე დამოკიდებულებამ (ტრადიციას შეგნებულად არ ვამბობ) ბავშვის გათხოვება განაპირობა. ფიქრობდნენ, მათთვის ეს ერთ-ერთი გამოსავალი იყო.
მეორე ადგილზე სკოლაა. იქ იცოდნენ, რომ აითაჯი ჯერ კიდევ 13 წლის იყო დანიშნული. ნიშნობის შემდეგ გოგონამ კლასელებსა და მასწავლებლებს შოკოლადი მიუტანა, ასე აღნიშნა ნიშნობა. სკოლამ ამ უმსგავსობაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. აღმოჩნდა, რომ თვითონ დირექტორმაც თავისივე მოსწავლე მოიყვანა ცოლად პატარა ასაკში. როგორც ჩანს, ეს მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით, ხელს უწყობდნენ ნაადრევ ქორწინებას. აითაჯის გარდა, ამ სკოლაში სხვა ბავშვებიც ყოფილან, ვინც ნაადრევ ასაკში გაუთხოვებიათ.
ამ ფაქტორებს ფარავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. რატომ ცხოვრობენ ადამიანები მძიმე სოციალურ პირობებში, რატომ არ ხორციელდება პროექტები თემში, სოფელში მცხოვრებთა განსავითარებლად?.. საცხოვრებლად იქ რთული პირობებია, განვითარებისთვის, სოციალიზაციისთვის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. ელემენტარულად, სახელმწიფო ენა არ იციან. ისიც არ აინტერესებთ, თუნდაც სხვადასხვა ადგილას ექსკურსიებზე იარონ, გასართობ ცენტრებში მივიდნენ; სოფელში არ არსებობს პარკი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ადამიანი რომ გავიდეს და სხვაგან მაინც მიიღოს მსგავსი სერვისი. სოციალური პრობლემები, ჩაკეტილობა ხელს უწყობს მსგავს ტრაგედიებს.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სხვანაირადაც დგას: რატომ არ ევალება დირექტორს და მასწავლებელს, რომ არაფორმალურ განათლებაშიც ჩართული იყვნენ? აუცილებელი ინფორმაცია მიაწოდონ ბავშვებს, შესაბამის უწყებებს, თუ რა ხდება აღნიშნულ სკოლაში. ვსვამ კითხვას, რატომ არ მიაწოდეს ეს ინფორმაცია? ესეც პედაგოგის დაბალი მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობს.
საზოგადოებამაც იცოდა, რომ ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, მშობლებმა შვილი გაათხოვეს. ისიც ვიცით, ტრადიციულად სოფელში, თემში ისე ხდება, რომ მძიმე დანაშაულის შემთხვევაშიც კი არავინ ჩივის, პოლიციასთან თანამშრომლობისგან თავს იკავებენ: არ მინდა ზედმეტ შარში გავეხვიოო - დაკითხვა და სამართლებრივი პროცესი მათთვის ურთულესია. ამ ყველაფერს კი ბავშვის მკვლელობამდე მივყავართ...
მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ აითაჯის ოჯახშიც ყოფილა კონფლიქტი მშობლებს შორის, რაც განქორწინებით დამთავრებულა. როგორც ჩანს, გათხოვების მიზეზი ღარიბი ოჯახისთვის ყოფილა ის, რომ აითაჯი ქმართან უკეთეს პირობებში იცხოვრებდა. ბედნიერება მათთვის მხოლოდ ფინანსური შესაძლებლობით იზომება. არ ფიქრობენ, ბავშვს იმ ოჯახში ცხოვრება საერთოდ უნდა თუ არა, თანახმაა თუ არა სწავლა შეწყვიტოს. არავინ ეკითხება, რა სურს. ძალიან მკაცრი ადამიანი ყოფილა დედამისი. როგორც ჩანს, აითაჯს შიშისა და მუქარის ქვეშ უცხოვრია.
- სკოლის მხრიდანაც ხელშეწყობა ახსენეთ...
- დირექტორისთვის მისაღები აღმოჩნდა აითაჯის დანიშვნა, რადგან 2015 წელს, აქვე მასწავლებლად მუშაობისას, მას მოსწავლე მოუყვანია ცოლად. პარალელურად, ის დმანისის საკრებულოს წევრია და პრობლემის შემთხვევაში პოლიტიკურადაც შეუძლია საქმის მოგვარება. სკოლის დირექტორობა და დეპუტატობა მას ბევრი რამის უფლებას აძლევს. არც რესურსცენტრს, არც განათლების სამინისტროს და სხვა უწყებებს (სოციალურ მუშაკს) არ შეატყობინა მან მომხდარის შესახებ. მშობელთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რაც თანამდებობის ბოროტად გამოყენებაა. ბავშვი წლის განმავლობაში სკოლაში სულ ორჯერ მისულა.
- საზოგადოების პასუხისმგებლობაზე რაღას იტყვით?
- თუ მსგავსი ამბავი ხდება, სულ დამალვას ცდილობენ. ერთ სოფელში, თემში ცხოვრობენ, ერთმანეთის ნათესავები არიან, პრობლემა არ სჭირდებათ. კონფიდენციალურობის დაცვაშიც დარწმუნებული არ არიან. ეშინიათ, რომ მერე მათი სახელი გაჟღერდება. ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ. სოციალურად მძიმე პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის მთავარია იყოს ქორწილი და დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, ეს რა ასაკში ხდება. მთავარია, იყოს ბედნიერება, რაც ოჯახის შექმნასთან ასოცირდება.
- არასრულწლოვნების დაქორწინების შემთხვევები თუ მცირდება?
- დღევანდელი კანონმდებლობა სიმკაცრეს ნაკლებად ითვალისწინებს და შედეგიც სახეზეა. მეორე საკითხია, თვითონ მშობლები (თემიც) გამოძიების დაწყებისას არასწორ ინფორმაციას აწვდიან პოლიციას; მიდიან და ეუბნებიან, - კი გოგო დანიშნულია, მაგრამ ქორწილის გადახდას არ ვაპირებო. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ ქორწილს. ამის შემდეგ პოლიციას უკვე აღარავინ ატყობინებს, რომ ქორწილი უკვე გადაიხადეს.
- მეუღლის ოჯახის პასუხისმგებლობაზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა...
- ისინი ფიქრობენ, რადგან არასრულწლოვნის მშობელი, დედა თანახმაა, ვისი რა საქმეა? რადგან ბავშვი მისია, მთელი პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. თავად ურჩევნიათ, ოჯახში პატარა რძალი მოიყვანონ, რომ მერე დედამთილმა საკუთარი შეხედულებისამებრ აღზარდოს, რათა სამომავლოდ ოჯახის აბსოლუტურად მორჩილი რძალი იყოს.
- როცა ყველა დონეზე შეუგნებლობის პრობლემებია, სად ხედავთ გამოსავალს, რომ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს არ ჰქონდეს ადგილი?
- ურთულესი საკითხია. უკვე წლებია, ცნობიერების ამაღლებაზე ვმუშაობთ. თვითონ სამართალდამცველებიც მუშაობენ. ვფიქრობ, თუ ნიშნობა შედგება, მასში მონაწილეებსაც უნდა დაეკისროთ გარკვეული პასუხისმგებლობა. პასუხი უნდა აგოს სკოლის ადმინისტრაციამ, რომელიც რეალურად მალავს დანაშაულს. აღვნიშნე, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურ მხარდაჭერასაც იყენებენ. აქ მკაცრი პოლიტიკა გვჭირდება ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.
შეიძლება დღეს არასამთავრობო სექტორი გარკვეულ საქმეებს ვაკეთებთ, მაგრამ სახელმწიფოს პირდაპირი ჩართულობის გარეშე დიდი შედეგების მიღწევა რთულია. სამოქალაქო სექტორის პროექტები მუდმივი არ არის, მოკლევადიანია. მუდმივი უნდა იყოს პროცესში სახელმწიფოს ჩართულობაც, შედეგები რომ მივიღოთ. დღეს ბავშვები ინტერნეტით უყურებენ, რომ მათი თანატოლები უკეთეს პირობებში ცხოვრობენ და მათაც სურთ. ყველაფერი მაინც ადამიანის პიროვნულ განვითარებასთანაა დაკავშირებული. საჭიროა ყველა მონაწილისთვის პროპორციული პასუხისმგებლობის დაკისრება და ასეთ დანაშაულზე საპროცესო შეთანხმება არ უნდა ფორმდებოდეს. დამნაშავეები ფსიქიკური აშლილობის ცნობას იოლად აკეთებენ და ამ გზით მართლმსაჯულებას ხელიდან უსხლტებიან. გამოსავლის დანახვა პოტენციურ მოძალადეს აიმედებს, რომ მსგავს შემთხვევაში თვითონაც ასე მოიქცევა.
უთვალავი შეხვედრა გვაქვს ჩატარებული თვითონ არასრულწლოვნების, მათი მშობლების ცნობიერების ასამაღლებლად. უკვე აღარ ვიცი, ამ პირობებში კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, აზერბაიჯანელ გოგონებს ერთმანეთის მსგავსი ამბები გვაქვს თავს გადახდენილი. ბავშვობისას ბევრი სირთულე გავიარეთ, შიშისა და იძულების ქვეშ ვიყავით. გარკვეულ ასაკში თემი ჩვენსა და განათლებას შორის კავშირის გაწყვეტას ცდილობს, უფრო ოჯახის შექმნისკენ გვიბიძგებს და ზუსტად აქ გვიწევს ბრძოლა, რომ გადავრჩეთ, სხვებიც გადავარჩინოთ, რათა სწავლა-განვითარება არ შეწყვიტონ...
- როგორც უფლებადამცველს, ხელოვნური დაბრკოლებები ხომ არ გექმნებათ?
- სამოქალაქო აქტივიზმის დაწყების შემდეგ სულ მაქვს დიდი თუ მცირე პრობლემები. თუნდაც ახლა, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობისას ჩემ მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს. ისე მიყურებენ, თითქოს ამ სამართლიანი ბრძოლით საკუთარი თემი შევარცხვინე. სამწუხაროდ, პრობლემის შინაარსს ყურადღებას არ აქცევენ. აქცენტი იმაზეა, რომ ჩვენი თემის წარმომადგენლები მედიის ყურადღების ცენტრში არ უნდა მოხვდნენ. არადა, ეს ხომ მავნე პრაქტიკაა და ოდესმე უნდა დასრულდეს! ადამიანის, ბავშვის ცხოვრება მისი სიცოცხლის უფლებაა და აქ გაჩუმება გამორიცხულია! ამ დროს მართლა არ მაინტერესებს თემის "სახის გაფუჭება" და მისთანები. დღესაც ამ უმწეო ბავშვებს კლავენ და სხვა დანარჩენი ამ ფონზე მეორეხარისხოვანია.
ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს პრობლემა ჩემთან, როგორც აქტიურ მოქალაქესთან. ასევე, არიან სხვადასხვა რადიკალური ჯგუფები, მათთვისაც მიუღებელია საქართველოში ეთნიკური, რელიგიური, თუნდაც სექსუალური უმცირესობების არსებობა, თანაბარ უფლებებზე საუბარი.
ყველამ ერთად, მთავრობას ცხოვრების პირობების გაუმჯობესება უნდა მოვთხოვოთ. ასევე, უთანასწორობას, უსამართლობას, დისკრიმინაციას ვებრძოლოთ. ჩვენი ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს კარგი საბავშვო ბაღები, სკოლები, სოციალიზაციისთვის კულტურის სახლები, სხვადასხვა წრის არსებობა და ა.შ.
გიორგი მეფარიძე