"ერთმანეთის გარეშე ჩვენი ცხოვრება ეს იგივეა, ძმა დაკარგო, გაგიუცხოვდეს ან სულაც, მოგიკვდეს" - გზაპრესი

"ერთმანეთის გარეშე ჩვენი ცხოვრება ეს იგივეა, ძმა დაკარგო, გაგიუცხოვდეს ან სულაც, მოგიკვდეს"

მასზე არაერთი ვიდეო და დოკუმენტური ჩანაწერი მინახავს, თუ როგორ მოწიწებითა და სიყვარულით საუბრობს ქართველებზე, საქართველოზე... იხსენებს იმ წლებს, როდესაც საბჭოთა სისტემა ერებს შორის შუღლის ფარულად გაღვივებას ცდილობდა, უმეტესად მიაღწია ჩანაფიქრს, მაგრამ ქართველებისა და ინგუშების შემთხვევაში - ვერ, რაზეც ინგუშების ეროვნული ლიდერი, ცნობილი მწერალი - ისა კოძოევი (კოაძოი) სიამაყით ამბობს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც წლების წინ ყველაზე მყარი კირქვით, გულწრფელი სიყვარულითა და მადლიერებით ნაშენები ურთიერთობა იმდენად მყარი აღმოჩნდა, რომ საბჭოთა სისტემამაც კი ვერ დაანგრია.

საუბრის დაწყებამდე მითხრა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ქართველთან ურთიერთობისთვის ძალას ყოველთვის პოულობს... ჟურნალი "გზა" მას ინგუშეთში დაუკავშირდა.

- ქართველებსა და ინგუშებს შორის მეგობრობა კი არა, ძმობა იყო. მეგობრობა მაინც, ზერელედ ნათქვამი მგონია - ჩვენმა ძმობამ საუკუნეების ქარტეხილებს, უამრავ პროვოკაციასა და განზრახ ჩამოგდებულ შუღლს გაუძლო. ორივე ერმა უმძიმე გზა გამოიარა, მაგრამ ყველაზე ძვირფასი, რაც შემოგვრჩა, ის სუფთა წარსული, ურთიერთობები და სიყვარულია.

ჩვენ ერთი წარმომავლობის ხალხი ვართ, სხვადასხვა რელიგიით, მაგრამ ერთნაირი სულითა და თვისებებით. ინგუშებმა წინაპრებისგან ვიცით, რომ ადრეულ წლებში, საუკუნეების წინ, საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში ვცხოვრობდით.

გვიანდელი, თამარ მეფის დროინდელი ისტორია ორი მოძმე ხალხის ურთიერთობაზე უფრო მეტს გვიყვება. ინგუშებში ასეთი გამოთქმა არსებობს, თამარ მეფე ჩვენი ნათესავიაო. ასევე გადმოცემით ვიცით, რომ ნებისმიერ ომში, რომელიც საქართველოში ან საქართველოსთან იყო, ინგუშები მონაწილეობდნენ. მეომართა ჯგუფი იკვრებოდა და ქართველ მებრძოლებს უერთდებოდნენ, ასე გრძელდებოდა მე-17 საუკუნემდე.

ამიტომაც ამბობენ ინგუშები, - საქართველოში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სამშობლოშიო. მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა, ოღონდ ზოგადი კი არა, გულითადი, მშობლიური. ისეთი, შენგან მოშორებით მცხოვრებ საკუთარი ოჯახის წევრს რომ მოიკითხავ... როდესაც მტერი თავს გვესხმოდა და გასასვლელებს გვიკეტავდა, მხოლოდ საქართველოსკენ გასასვლელი გზა გვრჩებოდა - ეს კი გადარჩენას ნიშნავდა, რადგან ქართველები ყოველთვის გვიწვდიდნენ დახმარების ხელს, მხარს გვიჭერდნენ ომსა და მშვიდობაში.

როდესაც ინგუშები თავდამსხმელებისგან თავიანთ მიწას ათავისუფლებდნენ, დახმარება სჭირდებოდათ, ჩვენების ერთ-ერთი მეთაური ხევსურეთში გადასულა და ადგილობრივები არა მარტო შეიარაღებით დაეხმარნენ, არამედ ცოცხალი ძალითაც... ეს ყველაფერი ახსოვთ ინგუშებს, ქართველებს "სისხლით გადარჩენილებს" ვეძახით.

- რას ნიშნავს ეს?

- მათ, ვინც ჩვენ გამო სისხლი დაღვარა და არც ჩვენ გვენანება მათთვის სიცოცხლე. ამიტომ ვთქვი, ჩვენი ურთიერთობა დრომ გამოცადა, საუკუნეებითაა გამყარებული.

ახლა ისეთ რამეს გეტყვით, შესაძლოა იფიქროთ, ეს ბერიკაცი რას ამბობსო? მაგრამ ქართველებსა და ინგუშებს, განსხვავებული რელიგიის მიუხედავად, ერთნაირად უყვართ ღმერთი. კავკასიაში ყველაზე ახლო ხალხები ჩვენ - ქართველები და ინგუშები ვართ. ერთნაირად გამოვიყურებით, ერთნაირი ტრადიციები გვაქვს, ერთნაირი თვისებები, ერთნაირი მენტალიტეტი და ჩვენს ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი ჩქეფს. ალბათ, ღმერთი, როცა ჩვენ გვქმნიდა, იცოდა, რასაც აკეთებდა.

ინგუშები ქრისტიანულ რელიგიას ქართველების გავლენით, მათი სიყვარულით სცემენ პატივს. ჩრდილოეთ კავკასიის გაქრისტიანებას გამუდმებით ცდილობდნენ, მაგრამ ეს არ გამოვიდა, სამაგიეროდ, მუსლიმან და ქრისტიან ერებს შორის სიყვარული და ნდობა ვერ მოშალეს.

ingusheti-copy-1698649676.jpg

- ამბობენ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ინგუშები შუა აზიაში გადაასახლეს, დაბრუნების შემდეგ, ქართველებმა მათ მოვლილი სახლ-კარი დაახვედრეს და უსიტყვოდ დაუთმესო.

- დიახ, ინგუში ხალხი 1944 წელს ყაზახეთში გადაასახლეს, მათ სახლებში კი ქართველები, დაღესტნელები, ოსები და სხვა ერის წარმომადგენლები შეასახლეს. ჩასახლებული ქართველებიდან, უმეტესად ხევსურები იყვნენ. ინგუშეთის მაღალმთიანი ნაწილი, ჩეჩნეთის ითუმ-ყალეს რაიონთან ერთად, საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში შეიყვანეს და ახალხევის რაიონი უწოდეს... ის პერიოდი ჩვენი ხალხისთვის ცალკე ტრაგედია იყო. თუმცა, სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1956 წლიდან ჩვენმა ხალხმა შუა აზიიდან დაბრუნება დაიწყო, მაგრამ უსახლკაროდ დარჩნენ. მათ სახლებში ხომ სხვები ცხოვრობდნენ და ვინმეს ძალით გამოსახლება აკრძალული ჰქონდათ. საერთო საცხოვრებლებსა და რაღაც შენობებში გამოუყვეს ფართობები. სხვებმა ძალიან რთულად, იარაღის მუქარის შედეგად დაგვიბრუნეს სახლები. ოსებმა, ფაქტობრივად, რამდენიმე რაიონი მიითვისეს. მახსოვს, ცხენოსანთა არმიით დაგვხvდნენ, - ხელისუფლებამ გვიბრძანა, სოფელში არ შემოგიშვათ. საიდანაც ჩამოხვედით, იქ დაბრუნდითო. თან მღეროდნენ... მაინც შევედით სოფელში, ჩვენს სახლებში.

თუმცა, ასევე მახსოვს და თავად მოწმე ვარ იმის, თუ როგორ მოიქცნენ ქართველები - ადამიანი რახან იბადება, ესე იგი, კვდება კიდეც, მაგრამ მისი სიტყვა რჩება და თაობებს გადაეცემა. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ამის თქმა მიწევს - სხვებისგან განსხვავებით, ქართველებმა, იმ სახლებში, სადაც 12 წელზე მეტი გაატარეს, დოვლათიც შექმნეს, სახლები გამართეს, საქონელი ჰყავდათ, შემოსავალს იღებდნენ, მაგრამ ნატანჯ და ნაწვალებ ინგუშებს თავიანთი ბარგი-ბარხანით აყრილები, ქუჩაშივე შეეგებნენ - დაუბრუნდით თქვენს მიწას და სახლებსო. ეს იყო 1957 წელი... ინგუშმა უხუცესებმა ქართველებს დარჩენა შესთავაზეს, მაგრამ მათ იუარეს, სამშობლოში დაბრუნება გვირჩევნიაო.

- გადასახლებაც გახსოვთ?

- დიახ. თებერვალი იყო, გამთენია. კარზე დააკაკუნეს, ჯარისკაცები იყვნენ. საბჭოთა ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მიტინგი უნდა ჩატარებულიყო. იმავე დღეს გამოგვიცხადეს, რომ გაგვასახლებდნენ, - თქვენი აქ ცხოვრება არ შეიძლება, პარტიამ ასე გადაწყვიტაო... ჩვენმა ხალხმა ემოციის გამოხატვა არ იცის. ოჯახის წევრები მდუმარედ შეხვდნენ ამ ამბავს. 9 წლის ვიყავი. ყველანი ერთად სატვირთო ვაგონებში ჩაგვსხეს და ორ კვირაზე მეტხანს გვატარეს. შემდეგ გავიგეთ, რომ შუა აზიაში მივყავდით...

სოფელ ადგუშტში პირველი ქართული დელეგაცია ჩამოვიდა, ჩვენს ხალხს შეხვდა, თბილად მოიკითხა და უთხრა, - თქვენს მიწაზე ჩვენ ვცხოვრობდით, მადლობა ღმერთს, რომ დაბრუნდით. თქვენს კერაში ცეცხლი არ ჩაგვიქრია, კერა რომ არ გაცივდეს, ერთმა პატრონმა მეორეს ცეცხლი უნდა გადასცესო... პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, წასვლის წინ ჩვენებურებს პირუტყვი, მეწველი ძროხები და ხარები დაუტოვეს, არსებობა ხომ გინდათო. როგორ შეიძლება ამის დავიწყება? ამის დავიწყებას ხომ ღმერთი არ გვაპატიებს... ეს ურთიერთობა უდიდესი განძი და სიმდიდრეა.

- ცნობილია, რომ 90-იან წლებში, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, აფხაზეთის ომში მონაწილეობაზე ინგუშებმა უარი თქვეს.

- დიახ, შემოთავაზება იყო, მაგრამ ბიჭებმა კატეგორიული უარი თქვეს, - ძმათა სისხლს არ დავღვრითო. მათგან სხვანაირ პასუხს არც ველოდი, ჩვენ სიკეთის დანახვა შეგვიძლია.

- ვიცი, რომ საქართველოში მეგობრები გყავთ. ხშირად ჩამოდიხართ?

- ადრე უფრო ხშირად დავდიოდი. ბოლო ხანებში იმდენად ხშირად ჩავდივარ, რამდენის შესაძლებლობასაც ჯანმრთელობა მომცემს. თუმცა, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი ჩამივარდება, ხელიდან არ ვუშვებ. ეს დაახლოებით ისეთია, ერთი სამშობლოდან მეორეში რომ იმოგზაურო. რეალობა განსხვავებულია, მაგრამ სიყვარული ერთნაირი... ამიტომ გული სულ საქართველოსკენ მიმიწევს.

იქ უამრავი მეგობარი მყავს. მათთან შეხვედრა მიყვარს. აქ, ჩემ გარშემო ყველას უყვარს საქართველო. შესაძლოა, არ იყოს ნამყოფი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?!.

inguseti2-copy-1698649665.jpg

- როგორც თქვით, ქართულ-ინგუშურმა მეგობრობამ დროს გაუძლო, ეს კი ნიშნავს, უფროსმა თაობამ შემდეგს გადასცა, ხომ?

- დიახ, უფროსები ნებისმიერ ტრადიციას უმცროსებს გადავცემთ. ქართველებთან ურთიერთობაც ასე შემოვინახეთ - თაობიდან თაობას გადავეცით. მე ჩემს შვილიშვილებს ვეუბნები, რომ კავკასიაში ყველაზე ახლო ხალხები ქართველები და ინგუშები ვართ. ერთნაირად გამოვიყურებით, ერთნაირი ტრადიციები, მენტალიტეტი გვაქვს. ჩვენს ძარღვებში ერთი და იგივე სისხლია. შემთხვევით არაფერი ხდება, ალბათ ღმერთმა ასე ისურვა, ამიტომაც უნდა გვიყვარდეს და პატივი ვცეთ ერთმანეთს, როდესაც საჭირო იქნება, უნდა დავეხმაროთ.

როდესაც საქართველოში ჩამოვდივართ, ინგუშეთის სატკივარით გულდამძიმებულს საქართველოშიც მხვდება გულსატკენი ამბები - ქართველები ემიგრაციაში მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან. რატომ?.. გული მტკივა. კახეთში ყოფნისას, სოფლებში არაერთი დაკეტილი სახლი ვნახე, ფანჯრებში შუქები ჩამქრალი იყო, ეზოებში ბავშვები არ ჟრიამულობდნენ. მითხრეს, ხალხი ემიგრაციაში მიდის, თან თითქმის ყოველდღე და რაც დრო გადის, უფრო მეტი სოფელი და რაიონი იცლებაო... ემიგრაცია 21-ე საუკუნის სენია, მაგრამ მაინც მინდა ჩემს ქართველებს გულითადად ვთხოვო - ნუ წახვალთ თქვენი სახლიდან, ნუ დაკეტავთ სახლის კარს, უცხო მიწაზე არ არის ბედნიერება. ღმერთმა ნუ ქნას, ერთ დღეს რომ დაბრუნდებით, თქვენს სახლში სხვა დაგხვდეთ ან სახლი აღარ იყოს...

ამის თხოვნის უფლებას ჩვენი წარსული და ძმური ურთიერთობა მაძლევს. ქართველების დახმარებით ჩვენი კულტურის უკვე დაკარგული ელემენტების აღდგენა შეიძლება, იმ მნიშვნელოვანი ტრადიციების და თვისებების, რაც დაგვაკარგვინეს ან ჩვენით დავკარგეთ. საქართველო ყოველთვის იყო კავკასიის მარგალიტი. მისგან ბევრი ერი იღებდა მაგალითს. ამბობდნენ, რომ საქართველო ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო. რაც ჩვენთან გაქრა, თქვენგან უნდა აიღოს ჩვენმა ახალგაზრდობამ. ჩვენი ერთმანეთის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი მგონია. ეს იგივეა, ძმა დაკარგო, გაგიუცხოვდეს ან სულაც, მოგიკვდეს. იმედია, ეს დღე აღარასდროს დადგება, ქართველებსა და ინგუშებს შორის მზედ ანთებული სიყვარული არასდროს ჩაქრება. ასაკოვანი კაცი ვარ, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და შეიძლება ხვალვე წავიდე იმ ქვეყნად, მაგრამ თუ ეს მოხდება და ერთმანეთი არ გვეყვარება, ნამდვილად მკვდარი მაშინ ვიქნები. იმედი მაქვს, ეს არასდროს მოხდება.

ლალი პაპასკირი