პოლიტიკოსი ლევან სამუშია განსხვავებულ ამპლუაში - გზაპრესი

პოლიტიკოსი ლევან სამუშია განსხვავებულ ამპლუაში

ლევან სამუშიას ჩვენი საზოგადოება ემოციური, მწვავე გამოსვლებით იცნობს. როგორი იყო მისი გზა ადვოკატობიდან პოლიტიკამდე, ამაზე თავად გვიამბობს:

- ბავშვობა ყველაზე ლამაზი, გამორჩეული ხანაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ტკბილად ახსენდება. ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვარ. თბილისში დავიბადე, მაგრამ მამაჩემი პროკურორი იყო და საცხოვრებელ ადგილს ხშირად ვიცვლიდით, ამიტომ ჯერ ხობში ვსწავლობდი, მერე კი ფოთში. სკოლაც ამ ქალაქში დავამთავრე. სამწუხაროდ, ჩემი ბავშვობა ორ ეტაპად დაიყო: ძალიან თავისუფალი, ლაღი ბავშვი ვიყავი, სიცელქეც არ მაკლდა და მშობლებიც ხელს მიწყობდნენ, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონოდა, მაგრამ დაიწყო 90-იანი წლები და ყველაფერი შეიცვალა... ის წლები ჩემს თაობას მწარედ ახსენდება.

სამწუხაროდ, ჩემი მოზარდობის წლები სამოქალაქო ომს და ქართველთა დაპირისპირებას დაემთხვა, რომელიც შავ ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში. იმდროინდელი მოვლენები მეც ცუდად მახსენდება: მაგალითად, როგორ შემოვარდა ჩვენს სკოლაში ტყვია, როგორ არ ინდობდნენ ქართველები ერთმანეთს... ჩემი სურვილი და მოწოდებაა, მსგავსი რამ საქართველოში აღარ განმეორდეს და ამისათვის ყველაფერს ვიღონებ. დიახ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმა ერთმანეთს ტყვია აღარ ესროლონ!

რაც შეეხება ჩემს პროფესიას: თავიდანვე ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა და იურისტობა ამიტომ ავირჩიე, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემიც იურისტი იყო, ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე. მშობლები ჩემს არჩევანში არასდროს ჩარეულან, მამამ მხოლოდ ის მითხრა, რომ ძალიან საპასუხისმგებლო, რთულ საქმეს ვეჭიდებოდი. არჩევანი სავსებით გაცნობიერებულად გავაკეთე მაშინაც, როდესაც ადვოკატობა გადავწყვიტე.

- ეს არჩევანი არასდროს გინანიათ?

- ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, უკან რომ დამაბრუნა, დღესაც ამ გზას ავირჩევდი. 1997 წელს, თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. მარტივი პერიოდი არ იყო, მაგრამ სტუდენტობის წლები მაინც ტკბილად მახსენდება. დღევანდელ ახალგაზრდობას რომ ვუთხრა, შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა აუდიტორიაში თოვდა - შუშა იყო ჩამტვრეული, თოვლი და წვიმა თავისუფლად შემოდიოდა...

- ადვოკატს ზოგჯერ მკვლელის და მოძალადის დაცვაც უწევს, ეს დაბრკოლებას არ გიქმნიდათ?

- ვერ დაგეთანხმებით, რადგან ადვოკატობა ყველაზე საუკეთესო პროფესიაა: წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი საპყრობილეში ზის და მისი ერთადერთი იმედი ხარ, მისი უფლებები უნდა დაიცვა. მე ისეთი კლიენტებიც მყოლია, რომლებიც უსამართლოდ ჩასვეს. ყველაფერი ვიღონე, რომ მათი ხვედრი შემემსუბუქებინა, ამიტომ ვამბობ, რომ ყველაზე ჰუმანური, ყველაზე კარგი პროფესიის წარმომადგენელი ვარ. არაერთი პოლიტიკური საქმე მქონია ჩემი საადვოკატო პრაქტიკის განმავლობაში. როდესაც ხედავ, ადამიანი პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს, რომ მას არაფერი დაუშავებია, მისი დახმარების სურვილი გიმძაფრდება. არა აქვს მნიშვნელობა, წინა ხელისუფლების დროს იყო თუ ახლა, პოლიტპატიმრების და მათი ინტერესების დაცვა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. თანაც, ადვოკატი თავად ირჩევს საქმეს და სრული უფლება აქვს გადაწყვიტოს, დაიცავს თუ არა კონკრეტული ადამიანის ინტერესებს.

- საინტერესოა, როგორ ახერხებთ ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევას და დასვენებას?

- ძალიან მიყვარს სოფლად ყოფნა - იქ, სადაც ჩემი ნათესავები ცხოვრობენ. ჩემი დედულეთი აბაშის რაიონში მდებარეობს - სოფელი გაუწყინარი ულამაზესი ადგილია, რიონის პირას მდებარეობს, ხოლო მამაჩემი წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიადან იყო. ამ მშვენიერ სოფლებში გავატარე ბავშვობა. არდადეგების დროს ხან დედულეთში ვიყავი, ხან - მამაპაპისეულ სოფელში და ის დღეები ჩემი ბავშვობის ყველაზე ლამაზ მოგონებად რჩება! საერთოდ, საქართველო საოცარი ქვეყანაა. ხშირად მიფიქრია, რომ ქართველები სათანადოდ ვერ ვაფასებთ სამშობლოს.

ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევის ბევრი გზა არსებობს: მოგზაურობა, ლაშქრობა, თევზაობა, ნადირობა და ა.შ. ბუნებასთან სიახლოვე ჩვენს დაძაბულ დროში აუცილებელია, ის კარგი ანტიდეპრესანტია. თითქმის მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს და სულ ვიმეორებ, რომ ულამაზესი ქვეყანა გვაქვს, რომელსაც მეტი დაფასება და მოფრთხილება სჭირდება. მე და ჩემს მეგობრებს, ტყეში არაერთხელ შეგვიგროვებია სხვებისგან დატოვებული ნარჩენები. ამ ბოლო დროს ვაკვირდები და მიხარია, რომ სიტუაცია გამოსწორდა - ხალხი ბუნებაში ნარჩენებს იმდენად აღარ ტოვებს და ეს ტენდენცია მახარებს.

- თუ გაქვთ ჰობი, რომელსაც დიდ დროს უთმობთ?

- ძალიან მიყვარს ფეხბურთი და საქართველოში არ მეგულება გულშემატკივარი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშებს არ უყურებს. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მისი ერთი თამაშიც კი არ მაქვს გამოტოვებული. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თამაშსაც ყოველთვის ვუყურებ. ერთი სიტყვით, ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

- ვინ ალამაზებს თქვენს ცხოვრებას ყველაზე მეტად?

- ჩემი საფიცარი ადამიანი - ჩემი პატარა ძმისშვილი ქრისტინეა, რომელიც ჩემთვის ყველაფერია! როცა მას ვნახულობ, ის დღე უბედნიერესია!

- რა არის თქვენთვის სიყვარული?

- სიყვარული მრავალგვარია, მაგრამ ჩემი აზრით, სამშობლოს სიყვარული ყველაზე ლამაზი და ენით უთქმელი გრძნობაა. ადამიანისთვის უმთავრესი მისი ქვეყნის მომავალი უნდა იყოს... ჩემი ოცნებაა ფსოუს საზღვარზე ქართველი მესაზღვრე დავინახო, რა თქმა უნდა, ამას რომ ვნატრობ, სამაჩაბლოსაც ვგულისხმობ.

ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულს რაც შეეხება, აქ მთავარი ურთიერთპატივისცემა და ინტერესთა თანხვედრაა, რომელიც მერე სიყვარულში უნდა გადაიზარდოს. ამის გარეშე, ურთიერთობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებ. პირად საკითხებზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ერთი რამ თამამად შემიძლია ვთქვა: ყველაფერი ინდივიდუალურია და წინასწარ ძნელია განსაზღვრო, ვინ მოგეწონება და ვინ - არა... მგონი, ასეთი სტანდარტი არც არსებობს.

- ცნობილია, რომ დემოგრაფია ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. თუ "ლელო" ხელისუფლებაში მოვა, როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

- მინდა მადლობა გითხრათ ამ კითხვის დასმისთვის. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ამ საკითხზე მსჯელობა და საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. "მარშალის გეგმაც" ითვალისწინებს ამ პრობლემის მიხედვას. საერთოდ, ეს გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალურ გზას სახავს და კარგი იქნება, თუ ჩვენი ამომრჩეველი ყურადღებით წაიკითხავს. დემოგრაფია ჩვენთვის განსაკუთრებული, აქტუალური თემაა, განსაკუთრებით ახლა, როცა საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გადინება არ წყდება. მძიმე ეკონომიკური პირობების გამო სამშობლოდან გარბიან, ამავე დროს ვხედავთ, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების შემოსევაა! ჩვენი ხალხის ადგილს უცხოტომელები იკავებენ, უცხოეთში კი ვერ ნახავთ ადგილს, სადაც საქართველოს მოქალაქე არ შეგხვდება. ისინი კარგი ცხოვრების გამო ნამდვილად არ გადახვეწილან სამშობლოდან. ტრაგედიაა, როცა დედები შვილებს "სკაიპით" ზრდიან და მხოლოდ ინტერნეტით ურთიერთობენ. ეს უმძიმესი პრობლემაა. ამიტომ მთავარია, სამუშაო ადგილები შეიქმნას, ინვესტიციები მოვიზიდოთ, რომ ამ ხალხს სამშობლოში დაბრუნების სურვილი და შესაძლებლობა გაუჩნდეს. ჩვენს გუნდში არიან ადამიანები, რომლებსაც ინვესტიციების მოზიდვის და სამუშაო ადგილების შექმნის დიდი გამოცდილება აქვთ.

- ალბათ, ჩვენს მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა - რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?

- მე წინა ხელისუფლების დროსაც აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, არაერთი ადამიანის დაცვა მიწევდა, რადგან კარგად ვხედავდი უსამართლობას, რაც მაშინ ხდებოდა. ჩვენდა სამწუხაროდ, უსამართლობა ამ ხელისუფლების პირობებში უფრო მომძლავრდა და მაღალ ხარისხში ავიდა. შეგახსენებთ, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" დამფუძნებელი მეც ვიყავი ირაკლი ალასანიასთან და სხვებთან ერთად. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქვეყანას, სადაც სამართლიანი სასამართლო არ არის, წინსვლა გაუჭირდება. როცა დავინახე, "ოცნების" დროს სიტუაცია არ შეიცვალა, ისევ პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთე. რატომ? - თუ სამართლიანობა არ იქნება, ვერანაირი ინვესტორი და ინვესტიცია ქვეყანაში ვერ შემოვა. თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ყველაფერი სამართალsa და სამართლიანობაზეა მიბმული. ამის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და რუსული გავლენისგან გათავისუფლება. მიმაჩნია, რომ ახლა "ლელო" ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის რუსული ჭაობიდან ამოყვანა და ფეხზე დაყენება შეუძლია.

zmishvili-copy-1698650568.jpg

- თუმცა ოპონენტები მამუკა ხაზარაძეს და თქვენს გუნდს აკრიტიკებენ, რომ წალენჯიხის განვითარება დაიწყეს, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს...

- არ ვიცი ვინ გვაკრიტიკებს, რადგან ამ საკითხში ჩვენი გუნდის და მისი ლიდერის კრიტიკას მმართველი გუნდიც ვერ ბედავს. მამუკა ხაზარაძემ თქვა და ყველაფერს აკეთებს, რომ წალენჯიხა უფრო მოწინავე, კარგი რეგიონი გახდეს, რატომ მაინცდამაინც წალენჯიხა? - იმიტომ, რომ წალენჯიხელებმა გადაწყვიტეს თავიანთი ცხოვრება შეეცვალათ და არჩევნებზე ხმა კოალიციურ მმართველობას მისცეს. მამუკა ხაზარაძე მათ დაჰპირდა, რომ ცვლილებები დაიწყებოდა და დაიწყო კიდეც: თქვენ ოდესმე იფიქრებდით, რომ ისეთი გრანდი, როგორიც "იუვენტუსია", წალენჯიხაში თავის აკადემიას გახსნიდა? დღეს წალენჯიხელი ბავშვები უფასოდ ვარჯიშობენ "იუვენტუსის აკადემიაში". მამუკა ხაზარაძემ თქვა და ეს გააკეთა. იქ ბევრი პროექტი მიმდინარეობს ბავშვებისთვის, უცხო ენების სწავლებით დაწყებული, სხვადასხვა დისციპლინის შესწავლამდე... იქ არის ნიკო კვარაცხელიას სახელობის სკოლა, სადაც ბევრი ბავშვი სწავლობს და მომავალში კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდება. თუ ვინმე შემეკამათება და საყვედურს გამოთქვამს წალენჯიხაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სიამოვნებით ჩავერთვები მასთან დებატებში.

- დაბოლოს, საინტერესოა თქვენი აზრი: როგორ უნდა გახდეს ადამიანი თავის საქმეში წარმატებული? რა უფრო მნიშვნელოვანია ამისათვის - იღბალი, ნიჭი თუ შრომისმოყვარეობა?

- მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა პირველ ადგილზეა. შრომა აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს, ისწავლოს და განვითარდეს. უნებისყოფობა და სიზარმაცე კი ამ ყველაფრის მტერია. სხვათა შორის, ამის საუკეთესო მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დღევანდელი თაობისთვის მისაბაძი უნდა გახდეს. ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო. ის ჩემთვისაც მაგალითია, რადგან ამ პატარა ქვეყნის შვილი მსოფლიო ვარსკვლავად ჩამოყალიბდა - ეს დიდი შრომის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ნიჭიც საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ნიჭით დიდ წარმატებას ვერ მიაღწევ. ასეა ყველა პროფესიაში: ექიმი ხარ, მეცნიერი, სპორტსმენი თუ იურისტი... შრომის გარეშე წინ ვერ წახვალ, ვერ განვითარდები.

ხათუნა ჩიგოგიძე