"ბევრი ქართველი მუშაობს აქ, "უბერზე" - გზაპრესი

"ბევრი ქართველი მუშაობს აქ, "უბერზე"

ნინა მალაევი 8 წლის იყო, როცა აშშ-ში ჩავიდა, გაიარა ყველა ეტაპი და ახლა ავტოავარიების პარალეგალი გახლავთ. ის როგორც საბუთიანებს, ასევე უსაბუთო ემიგრანტებს ეხმარება.

- უნივერსიტეტი აქ, ამერიკაში დავამთავრე, პარალეგალის სერტიფიკატიც ავიღე. მოგეხსენებათ, ამერიკაში მანქანის გარეშე ძნელია, რადგან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმი არ გვაძლევს შეჩერების შესაძლებლობას. ვიცი, ადამიანები დაზღვეულები არაფრისგან ვართ, ყველამ მწვანეზე ვიაროთ, მაგრამ როცა გაუთვალისწინებელი შემთხვევა ხდება, ვცდილობ ადამიანებს მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დავეხმარო. სამი ენა ვიცი და ესეც მეხმარება ხალხთან ურთიერთობაში.

- ამბობენ, რომ სტატისტიკის მიხედვით, ამერიკაში წელიწადში 100 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. პროფესიონალი კონსულტანტები რა სახის პრობლემების მოგვარებაში ეხმარებით ხალხს? რა შედის თქვენს მოვალეობაში?

- 10 წელია უკვე, ამ საქმეზე ვმუშაობ და ვეხმარები არა მარტო ქართველებს, არამედ რუსებს, მექსიკელებს... ადამიანები ავტოავარიის შემდეგ დაბნეულები არიან და არ იციან, საიდან დაიწყონ პრობლემების მოგვარება. ჩვენ მათ სიტუაციის დალაგებაში ვეხმარებით. პირველ რიგში, უნდა იცოდნენ, რომ დრო ძალიან არ გაწელონ, თორემ პრობლემების მოგვარება გართულდება. მაქსიმუმ 30-დღიანი შუალედია, მაგრამ ამდენხნიან უმოქმედობას არავის ვურჩევ.

- მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. არ აქვს მნიშვნელობა, დამნაშავე ვარ თუ არა, პირველ რიგში, რა უნდა გავაკეთო, რას მოითხოვს ჩემგან ამერიკის კანონმდებლობა?

- ცხადია, უნდა დარეკოთ 911-ზე. თუ შეგიძლიათ, მანქანიდან უნდა გადმოხვიდეთ და სიტუაციის ამსახველი სურათები გადაიღოთ. შეგიძლიაT დაურეკოთ ადვოკატს ან კონსულტანტს. იმწუთას შეიძლება ვერ გრძნობთ, რომ რაღაც იტკინეთ და ერთი ან რამდენიმე დღის შემდეგ გამოვლინდეს ჯანმრთელობის პრობლემა, მერე გაგიჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ ეს ავტოავარიის შედეგია. ამიტომ საჭიროა დროულად მიხვიდეთ საავადმყოფოში და თუ არაფერი გჭირთ, 24-საათიანი დაკვირვების მერე შინ გაგიშვებენ. ბევრი ქართველი მუშაობს აქ, "უბერზე" და ისინი ხშირად ინტერესდებიან, ავტოავარიის შემთხვევაში თუ ვინ იხდის სამედიცინო ხარჯებსო? მას ის კომპანია იხდის, სადაც ავტომობილი გყავთ დაზღვეული. აქვე, ბევრი გზა ვიცით საიმისოდ, რომ მძღოლებს დავეხმაროთ და არა აქვს მნიშვნელობა, საიდან შემოვიდნენ, ლეგალები არიან თუ არალეგალები. თუ ცალმხრივი დაზღვევა გაქვთ და თან, რაღაც დოზით თავადაც დამნაშავე ხართ, მაინც მხოლოდ ხარჯის 50 პროცენტს გადაიხდით, დანარჩენს თქვენი სადაზღვევო სააგენტო იკისრებს; თუ ორმაგი დაზღვევა გაქვთ, კომპანია მთლიანად დაფარავს თქვენს ხარჯებს და მერე თავადვე იზრუნებს, რომ კონკრეტული თანხა მეორე მხარეს გადაახდევინოს...

- საქართველოში ხშირია შემთხვევა, როცა ორ დაზარალებულს შორის მოლაპარაკება ადგილზევე ხდება... ალბათ ამერიკაშიც მოსულა ასეთი რამ...

- კი, მაგრამ, არაა გამორიცხული ამის მერე, ის ადამიანი ვეღარ იპოვონ. ამიტომ დიდია რისკი იმისა, რომ მოტყუებული დარჩნენ.

- თუ არ გაქვს დაზღვევა, ამ შემთხვევაში რა ხდება?

- აქ ეს უკვე არალეგალურია. თუ ავარია შეგემთხვა, კომპენსაციას ვერ მიიღებ და შესაძლოა, ამის გამო დაგაჯარიმონ კიდეც. აქ წესები კარგად უნდა იცოდე.